გერმანელი პოლიტიკოსის, ურზულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურა ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე ახალი ვადით დაამტკიცეს. ამის შესახებ გამოცემა Politico ევროკავშირის ხელმძღვანელობაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტს დაიკავებს ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, რომელიც ჟოზეპ ბორელს შეცვლის. ევროპული საბჭოს ახალი პრეზიდენტი იქნება პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანტონიუ კოშტა. მანამდე ეს პოსტი ბელგიელ პოლიტიკოს შარლ მიშელს ეკავა.
27 ივნისს ბრიუსელის სამიტზე ურზულა ფონ დერ ლაიენის, კაია კალასისა და ანტონიუ კოშტას კანდიდატურები ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყველა ლიდერს წარედგინება.
- ევროპარლამენტის 6-9 ივნისს გამართულ არჩევნებში ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) გაიმარჯვა. ამ არჩევნების შედეგად, ფონ დერ ლაიენს, რომელიც ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) წარმომადგენელია, (CDU არის EPP-ის ნაწილი), უფლება მიეცა კიდევ ხუთი წლით უხელმძღვანელოს კავშირის აღმასრულებელ ინსტიტუტს.
ფორუმი