ყველაზე ცხელი ზაფხული მსოფლიოს მეხსიერებაში

ხანძარი კალიფორნიაში

უახლესი ისტორიის მანძილზე 22 ივლისი მსოფლიოში ყველაზე ცხელი დღე იყო. ზოგადად მთელი წელი უფრო თბილი იყო შარშანდელზე, რაც კლიმატის ცვლილების კატასტროფულ შედეგებზე მიანიშნებს.

წელს რეკორდული სიცხეებია იაპონიის, ინდონეზიის, ჩინეთის ქალაქებში.

პაკისტანის ყველაზე დიდ ქალაქში, კარაჩში, სადაც დაახლოებით 20 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ტემპერატურამ 3 ივლისს 55 გრადუსს მიაღწია. სიცხის გამო საავადმყოფოები ხალხით გადაივსო. გარდაიცვალა 50-ზე მეტი ადამიანი.

1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ხაჯის დროს საუდის არაბეთში. ჰაჯის მრავალი რიტუალი, მათ შორის ქააბის წმინდა ქვის შემოვლა და ასვლა არაფატის მთაზე, მთელი დღე მზის გულზე ყოფნას მოითხოვს.

შარშან, როდესაც ჰაჯი ასევე ივნისს დაემთხვა, სიცხის გამო მინიმუმ 240 ადამიანი გარდაიცვალა.

მომლოცველები მექაში, 2022 წელი.

მაღალმა სიცხემ ელექტროენერგიის გარეშე დატოვა 600 ათასი ადამიანი სამხრეთ რუსეთში. იაკუტიაში 123-მა ხანძარმა იფეთქა, რომელიც მთლიანობაში 308 ათას ჰექტარზე გავრცელდა. „არანორმალურად ცხელი ზაფხული და 40-გრადუსიანი სიცხე აიძულებს მოსახლეობას ჩართოს გამაგრილებელი სისტემები, რაც მხოლოდ ზრდის ქსელების დატვირთვას. რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ კონტროლზე აიყვანა სიტუაცია სამხრეთში მომხდარი blackout-ის შემდეგ“, - აქვეყნებს რუსული გამოცემა, ყუბანის გუბერნატორის ვენიამინ კონდრატიევის სიტყვებს.

ასევე ნახეთ უდენობა, უწყლობა... - რუსეთის სამხრეთი „კომუნალური რევოლუციის“ ზღვარზე

2023 წლის ივლისის შემდეგ ყოველი თვე წინა წლის შესაბამის პერიოდზე უფრო ცხელი იყო. Ბიბისი წერს, რომ ამგვარი მოვლენა პლანეტაზე უკვე ათასწლეულებია არ დაფიქსირებულა.

შარშან გაეროს მეტეოროლოგებმა გლობალური დათბობა კლიმატის ანთროპოლოგიურ ცვლილებას დაუკავშირეს, ასევე ელ-ნინიოს (წყნარი ოკეანის ეკვატორულ წყლებში ტემპერატურის მატება). ვარაუდობდნენ კიდეც, რომ 2024 წელი კიდევ უფრო ცხელი იქნებოდა, ელ-ნინიოს შემდეგი წელი ზოგადად უფრო ცხელია ხოლმე. 2023 წელს ტემპერატურამ 1,45 გრადუსს მიაღწია, 1,5 გრადუსი კი უკვე კრიტიკული ნიშნულია.

„მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია მთელ მსოფლიოში განგაშის წითელ დონეს აცხადებს“, - თქვა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა სელესტა საულომ. ყველაზე მძიმე ფაქტებად მან ოკეანის უპრეცედენტო დათბობა, მყინვარებისა და ზღვის ყინულის დნობა დაასახელა.

„ოკეანის გაცხელება განსაკუთრებით საშიშია, რადგან ეს თითქმის შეუქცევადი პროცესია და სტაბილური გაგრილებისთვის დედამიწას შესაძლოა ათასწლეულები დასჭირდეს“, - თქვა სელესტა საულომ.

კლიმატის ცვლილებას პლანეტაზე დაგროვილი ჭარბი რაოდენობის სათბურის გაზები იწვევს, უმეტესად ნახშირორჟანგი, მეთანი და აზოტი. ისინი პლანეტის გარშემო ერთგვარ გარსს ქმნიან, რაც საბოლოოდ სათბურის ეფექტს იძლევა და დედამიწაზე ტემპერატურა მატულობს.

1986-2015 წლების პერიოდში საქართველოში ტემპერატურამ საშუალოდ ნახევარი გრადუსით მოიმატა.

სათბურის გაზები ძირითადად წიაღისეული საწვავის: ნავთობის, ნახშირის მოპოვებისას და წვისას წარმოიქმნება, ასევე, მეთანი წარმოიქმნება ნაგავსაყრელებზე ნარჩენების ხრწნის შედეგად.

კლიმატის ცვლილების შედეგების შესარბილებლად, სხვადასხვა ქვეყანას მთელი რიგი ვალდებულებები აქვს აღებული. მიზანია, რომ დედამიწაზე საშუალო ტემპერატურამ 1.5-2 გრადუსზე მეტად არ მოიმატოს. მიიჩნევა, რომ უფრო მეტის მომატების შემთხვევაში პლანეტაზე შეუქცევადი პროცესები განვითარდება.