Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მოქმედებს ექსტრემალური სიცხე ადამიანზე და როგორ გავუმკლავდეთ მას – აგიხსნით მარტივად


ქალი იწმენდს ოფლს შუბლზე თბილისის ქუჩებში, სადაც ტემპერატურამ განსაკუთრებით მაღალ ნიშნულს მიაღწია.
ქალი იწმენდს ოფლს შუბლზე თბილისის ქუჩებში, სადაც ტემპერატურამ განსაკუთრებით მაღალ ნიშნულს მიაღწია.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმდინარე კვირაში სასტიკი სიცხეა. დასავლეთ საქართველოში ზოგიერთ დღეს ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა, 37-39 გრადუსს მიაღწიოს. აღმოსავლეთ საქართველოში - კი 41-ს.

როგორ მოქმედებს ეს ადამიანზე?

განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა პირდაპირ მოქმედებს ჯანმრთელობაზე - აჩენს ახალ დაავადებებს და ამწვავებს არსებულს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ძლიერი სიცხისას ხშირდება გულისცემა, რთულდება სუნთქვა, იზრდება სითბური გამოფიტვისა და სითბური დაკვრის შესაძლებლობა.

ძლიერი სიცხე, შესაძლოა, სასიკვდილოც კი გამოდგეს. გასულ ზაფხულში ევროპაში 60 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა სიცხისგან.

სიცხე განსაკუთრებით საშიშია მოხუცებისთვის, მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ და ბავშვებისთვის.

როგორ დავიცვათ თავი?

დღისით ოთახის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32 გრადუს ცელსიუსს.

თუ კონდიციონერი არ გაქვთ, სახლში სიცხის შეღწევის შემცირებისთვის დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები, ჩამოაფარეთ ფარდები, განსაკუთრებით მზის მხარეს.

ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები. ეს გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს.

დალიეთ ბევრი სითხე.

ქუჩაში ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი. დაიხურეთ ქუდი, კეპი ან ქოლგა, გაიკეთეთ სათვალე, წაისვით მზისგან დამცავი კრემი სახესა და სხეულზე.

მიმდინარე თბური ტალღები ევროპასა და ამერიკაში დაკავშირებულია კლიმატის კრიზისთან?

ადამიანების მიერ წიაღისეული საწვავის წვითა და ბუნების განადგურებით, პლანეტა 1,2 გრადუსით გათბა. საშუალო ტემპერატურამ მთელ პლანეტაზე მოიმატა და თბური ტალღებიც უფრო ცხელი და ხშირი გახადა.

მეცნიერები ადასტურებენ, რომ ივლისი ყველაზე ცხელი თვე იყო მსოფლიოს ისტორიაში. გასულ თვეში საშუალო ტემპერატურა 1.5 ცელსიუსით უფრო მაღალი იყო, ვიდრე 1850-1900 წლებში და 0.72 ცელსიუსით უფრო მეტი, ვიდრე 1991-2020 წლებში.

კიდევ უფრო დაცხება მომავალში?

1980-იან წლებში, როდესაც პლანეტა 0,5 ცელსიუსით უფრო ცხელი იყო, ვიდრე ინდუსტრიულ რევოლუციამდე, ევროპაში თბური ტალღების მოქმედება ყოველწლიურად მხოლოდ ხუთ-შვიდ დღეს გრძელდებოდა. ახლა ეს რიცხვი გაორმაგებულია, რადგან პლანეტა უკვე 1 გრადუსით უფრო ცხელია.

თუ პლანეტა გაცხელდება 2 გრადუსით, თბური ტალღების საშუალო რაოდენობა სამჯერ გაიზრდება ჩრდილოეთ ევროპაში და ექვსჯერ - სამხრეთ ევროპაში.

როგორც გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა თქვა გასულ თვეში, გლობალური დათბობის ეპოქა დასრულდა და დაიწყო გლობალური დუღილის ეპოქა.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

XS
SM
MD
LG