ბოლო ოთხი წელია სანდრო მის ბინაში უსაფრთხოდ გრძნობდა თავს. უბანშიც ყველა თითქოს შეჩვეული იყო მის ფერად, განსხვავებულ ჩაცმულობასა და საყურეებს. მას შემდეგ, რაც “ღირსების მარშის”- თბილისის პრაიდისთვის დაიწყო მზადება, ყველაფერი ამოყირავდა - სანდროს სახლის დატოვება და მეგობრებთან შეკედლება მოუწია. რამდენიმე დღის წინ მეგობრებთან ერთად მაღაზიაში იყო, როდესაც ჰომოფობი მოძალადე დაესხა თავს. თავდასხმები გაძლიერდა ტრანს-თემშიც, სადაც გახშირებული ძალადობის გამო, ტრანსგენდერი ადამიანების შემოსავლის ერთადერთი წყარო, სექს-სამუშაო სიცოცხლისთვის საშიში გახდა. ქვიარ ადამიანები რადიო თავისუფლებას უყვებიან, როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება ბოლო ერთი თვის განმავლობაში.
სანდრო (სახელი შეცვლილია) და მისი ორი მეგობარი ბიჭი - შეყვარებული წყვილი- მაღაზიაში სიგარეტის საყიდლად იყვნენ შესულები, როცა უცნობი კაცი დაესხათ თავს:
„დაგვიწყო გინება იმიტომ რომ ჩემ მეგობარს "ჩოკერი" ეკეთა. პიდარასტებო თქვენ მოგიტ*ნავთო, ყელს გამოგჭრითო, ეგრევე მუქარა დაიწყო. მერე რომ გამოვედით, ჩემ მეგობარს სთხოვა სიგარეტი და უარი რომ მიიღო, დაიწყო ჩხუბი ამათთან, რტყმა. ჩემი მეგობარი დავარდა, მეორე შუაში ჩაუდგა, იმის დახრჩობა სცადა. მოკლედ რაღაცნაირად გავერიდეთ ამ სიტუაციას და წავედით მეტროსკენ. არავინ ჩარეულა - ერთი ოცი კაცი იდგა და ურტყით ურტყითო იძახდნენ. არც მაღაზიის თანამშრომლები ჩარეულან. ძალიან უხაროდა ყველას. მეტროსკენ რომ წავედით, ეს ტიპი უკან მოგვდევდა, რაღაცებს გვაძახებდა... უცბად შევიდა სადარბაზოში და იქიდან ძალიან დიდი ქვით გამოვიდა. ქვაფენილის დიდი ნაწილი იყო და გამოგვეკიდა მაგით. ძალიან უნდოდა რომ ჩვენ გავქცეულიყავით, ჩვენი დამცირება უნდოდა.“
ბიჭები არ გაქცეულან, შეშინებულებმა ფეხს აუჩქარეს, - გარშემო მშველელი არავინ იყო. მხოლოდ ორი ტურისტი შეშფოთდა, ლოდი მათაც არ მოხვედროდათ, დანარჩენები კი, როგორც სანდრო იხსენებს, გულგრილად უყურებდნენ, როგორ აგინებდა და მოსდევდა მოძალადე. უკვე პატრულში რეკავდნენ, როცა რამდენიმე პოლიციელი თავად მიეშველათ. მოძალადე, რომელიც მათ მისდევდა, ქურდიც აღმოჩნდა - თავდასხმამდე მაღაზიიდან პროდუქტი მოუპარავს.
„ის ადამიანი არაადეკვატური იყო, მაგრამ ვიგრძენი, რომ იყო საზოგადოებისთვის მოსაწონი და ხალხისგან ემპათია ვიგრძენი მის მიმართ. მაგათ უფრო უღირთ, რომ ეგეთი მოქალაქე ჰყავდეთ, ვიდრე ჩვენ.“- ამბობს სანდრო.
Your browser doesn’t support HTML5
განსაკუთრებით მძიმე დღეები დაუდგა ტრანს-თემს - რომლის წევრებიც, ძირითადად სექს-სამუშაოთი ირჩენენ თავს. ტრანს ქალებზე ძალადობა აქამდეც ხშირი იყო, თუმცა ბოლო ათი დღის განმავლობაში იმდენად იმატა, რომ სამუშაოდ გასვლა ყოველ ჯერზე სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა.
„სამი დღის წინ შეუვარდნენ სახლში ტრანს ქალს და მეორემ მოიგერია მოძალადეები. ერთ ტრანს ქალს ცირკთან მანქანა დააჯახეს, მეორეს ცემის მცდელობა იყო და მიეშველნენ გოგოები. კიდევ ერთი ჩემი დაქალი სექს სამუშაოშია ჩართული და სცემეს ორთაჭალაში…“ - ნატა ტალიკიშვილი მხოლოდ ხუთი ივლისის შემდეგ მომხდარ შემთხვევებს მითვლის. ნატა ტრანს-თემის წარმომადგენელი, აქტივისტი და უფლებადამცველია, რომელიც თემს ეხმარება. მისი თქმით, ტრანსგენდერი ქალები, ახლა სახლსაც ვერ ტოვებენ.
„ეს ფსიქოლოგიური ტრავმები იმდენად ძლიერია, რომ სახლიდან ვერ გამოდიან, ეშინიათ. პეკინზე ჩემ დაქალს სახლის კარზე უბრახუნებენ მთელი ღამე, კლიენტიც ვერ მიუღია შიშით.“
„სახლშიც მეშინია“- როცა ლტოლვილი ხარ შენივე ქვეყანაში
5 ივლისის მერე, მადონა კიპაროიძე, ტრანს აქტივისტი, სახლიდან სულ ორჯერ გავიდა. საჭმელს კურიერით იძახებს, ნაგვის გადასაყრელად კი ღამის პირველ-ორ საათზე გადის, როცა უბნის “ბირჟა” უკვე დაშლილია. გეგმებს აწყობს, როგორ გადახტება ფანჯრიდან, თუ მოძალადე კარს შეუმტვრევს.
„ერთი-ორჯერ მომიწია დღისით გასვლა იმიტომ რომ სხვა გზა არ იყო. მართალია არაფერი მომხდარა, მაგრამ განცდა მაქვს რომ ხალხი შეცვლილია ჩემ მიმართ, უფრო მტრულად არიან განწყობილები. ადრე, რადიო თავისუფლებაში გადაცემის მერე, ხალხი ქუჩაშიც მამხნევებდა ხოლმე, მეხუტებოდნენ, მიღიმოდნენ. ამ დღემ [5-მა ივლისმა] რადიკალურად შეცვალა სიტუაცია - მაღაზიაში, ქუჩაში. ვგრძნობ რომ ის თბილი გარემო აღარ არსებობს, რაც მქონდა. სიმართლე რომ გითხრა, სახლშიც მეშინია.“
მადონა ყვება შემთხვევაზე, როცა ორ ტრანსგენდერ ქალს მოძალადე სახლშივე დაესხა თავს. „18-19 წლის გოგოები არიან, ჩიტის წონა, ორნი რომ არ ყოფილიყვნენ, კლიენტი დაახრჩობდა აუცილებლად.“
სანდროს ის სახლი, სადაც ოთხი წელი უსაფრთხოდ გაატარა, პრაიდის კვირეულის გამოცხადების შემდეგ დაატოვებინეს. პრაიდის კვირეულამდე მეზობლებმა, რომელიც შეჩვეული იყვნენ მის განსხვავებულ ჩაცმულობას და სამკაულებს, უეცრად გამოუცხადეს, რომ მოკლავდნენ, “ისევ ისეთი” თუ იქნებოდა.
Your browser doesn’t support HTML5
„ერთ საღამოს მოვდიოდი და დამხვდნენ - დამიწყეს გინება, ჩამომითვალეს რა როდის მეცვა, რა ფრად როდის მქონდა თმები, როგორი საყურე მეკეთა. მეორე დღეს ერთ-ერთი ტიპი შემხვდა იმათგან და მითხრა, შენთან სახლში მოვალო, დავლიოთო, კაცობა უნდა გასწავლოო. დარწმუნებული ვიყავი რომ ძალადობის სურვილი ჰქონდა - არ ვიცი, ფიზიკურის თუ სექსუალურის. ძალიან შემეშინდა და ჩემ მეგობართან გადავედი ერთი კვირით. მერე დავბრუნდი, მეგონა რომ ჩამქრალი იქნებოდა ეგ კონფლიქტი, და სახლიდან მეტრომდე გზაზე რომ გავიარე, ერთი ოცი ადამიანი შემხვდა, რომელიც ქეთინოს მეძახდა, მაფურთხებდა, პირზე დაგაჯვიო და ეგეთ რაღაცებს მეუბნებოდნენ - შოკში ვიყავი.“
სანდრო მეგობრებს შეეკედლა, მერე ახალი ბინაც იქირავა, თუმცა იქ ყოველდღე ვერ მიდის. თუ მიდის, გვიან საღამოს, ტაქსით, პირდაპირ სადარბაზოს წინ აჩერებს ტაქსის. „აღარ მაქვს იმის ფუფუნება, რომ ოცი მეტრი გავიარო ჩემ სახლთან. ახლა ბოლო რამდენიმე დღე მინდა რომ დავრჩე სახლში მაინც. პრინციპის ამბავია - ეს ხომ საშინელებაა როცა სახლში არ ხარ საფრთხის გამო, როცა ლტოლვილი ხარ შენივე ქვეყანაში.“
ღირსების მარშის ნაცვლად ნახტომი უკან?
სანდროს ერთი მეგობარი ჯერაც ვერ დადის- კოჭი აქვს გასივებული. მეორეს კისერზე დახრჩობის მცდელობის კვალი დღემდე ეტყობა და სუნთქვის პრობლემები აქვს. სანდრო კი ფიქრობს, პრაიდის კვირეულის კვალი კიდევ უფრო მასშტაბურია და დიდხანს გაყვება ქვიარ-თემს.
„ჩემი აზრით, ის რომ პრაიდის ჩატარებას ბოლომდე "მიაწვნენ", დანაშაული იყო ქვიარ ადამიანების წინაშე. ახლაც რაც ხდება პროტესტებზე, ისევ ადასტურებს, რომ ქვიარ ადამიანების უფლებები აუცილებლად შეეწირებოდა ამ პროცესებს. გუშინაც ვიდექი [ჟურნალისტების] აქციაზე და "ქვიარ-ადამიანებს" რომ იძახდნენ, რცხვენოდათ. ამ პრაიდთან დაკავშირებით არანაირი იმედები არ მქონია. ასე მძიმეც არ მეგონა ოღონდ, რომ თავზე დამემხობოდა ამხელა გასაჭირი.“
სანდროს იმ შეტაკებაში ფიზიკური დაზიანება არ მიუღია, მაგრამ მომავალს უიმედოდ უყურებს და ქვეყნიდან წასვლაზე ფიქრობს.
„მგონია რომ ერთი ნაბიჯი გვრჩება იქამდე, რომ ქვიარ-ადამიანები კედელზე დაგვკიდონ. აი იმ ჯვარს [პარლამენტის წინ] ძალიან მოვუხდებით ალბათ, დაგვკიდებენ უბრალოდ მაგაზე.“
ტრანს აქტივისტები ამტკიცებენ, რომ ისინი 6 ივლისის აქციაზე, ძალადობის გაპროტესტებისთვის დაისაჯნენ. „6 ივლისის მერე ესკორტის საიტები გაითიშა - გოგოებს შემოსავლის წყარო არ აქვთ, აქტივიზმისთვის დავისაჯეთ“ - ამბობს ნატა ტალიკიშვილი.
ნატა ამბობს, რომ ტრანს აქტივისტებმა 5 ივლისის შემდეგ არაერთხელ მიმართეს ტელევიზიებსაც, თუმცა უშედეგოდ. “შეუმჩნევლები ვრჩებით, ისინიც გასაჭირში არიან და ვერ მივაწვდინეთ ჩვენი ხმა” - ამბობს ნატა.
იგივეს ადასტურებს ტრანს აქტივისტი მადონა კიპაროიძეც.
„ისეთი დროება მოვიდა, ვერავინ ვეღარ გაგვაშუქებს - ტელევიზიას აღარ აქვს ამდენის ძალა, თვითონ არიან დარბეულები. ბევრს მივწერეთ, რომ დაეთმოთ რამდენიმე წუთი მაგრამ ფრთხილობენ ჩვენს გამოჩენას. აქ დამნაშავეა პრაიდიც, საპატრიარქოც, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც. ყველა ერთმანეთს ჯინში ჩაუდგა და საბოლოოდ შევეწირეთ ჩვენ და მედია. როცა პრაიდი უნდა ჩატარებულიყო ჩვენ ვთქვით რომ ამის დრო არ არის, რომ ამას საშინელებები მოჰყვება. მომხრე ვიყავით, რომ გვქონოდა ხუთწლიანი გეგმა ცნობიერების შეცვლის მიმართულებით. არ დაგვიჯერეს და მეწყინა, ამიტომ გადავწყვიტე არ გავსულიყავი პრაიდზე. დღეს სირცხვილის გრძნობაც მაქვს იმის გამო, რომ მთელი ეს ძალადობა ლგბტ თემს დაუკავშირდა’’.
ლგბტქ თემის წევრები ამბობენ, რომ 5 ივლისის მოვლენებმა თემი ათი წლით უკან გადააგდო. მაგალითად, თუ ტრანსგენდერი ადამიანები აქამდე გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის იბრძოდნენ, ახლა თვითგადარჩენის პრობლემები დაუდგათ.
„ყოველდღიური გამოწვევა შეიცვალა - თუ ადრე ვლაპარაკობდით სამუშაოზე და სწავლა-განათლებაზე, ახლა ისევ იმ სიტუაციაში დავბრუნდით სადაც გამოწვევა უსაფრთხოება და საჭმლის ყიდვაა. თვითგადარჩენაზე ვართ გადასულები.“ - ამბობს მადონა.
მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მოსახლეობის 95% პრაიდის ჩატარების წინააღმდეგია და დასრულდა დრო, „როცა უმცირესობა წყვეტდა ყოველთვის უმრავლესობის ბედს, როცა ძალადობრივი ხელწერით ნებისმიერ გადაწყვეტილებას იღებდნენ საქართველოში“, თემის წევრები მხოლოდ ჰომოფობიის სამიზნე აღარ არიან - პრემიერმა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში, ძალადობის გამოწვევაში მათაც დასდო ბრალი.
„სახელმწიფომ ფაქტობრივად ძალადობაზე ნება დართო ადამიანებს. ღარიბაშვილმა გამოგვაცხადა ანარქისტებად - ანუ ჰომოფობიას დაემატა ისიც, რომ ბუნტი ავტეხეთ და ქაოსი შემოვიტანეთ.“- ამბობს მადონა კიპაროიძე.
თბილისი პრაიდის ერთ-ერთი აქტივისტი და ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი ამბობს რომ ხილვადობის აქტს ყოველთვის ახლავს აგრესია და ეს წარსულშიც არაერთხელ მომხდარა. ის ამბობს, რომ აგრესია ზოგადად მაისი-ივნისის პერიოდში წლების განმავლობაში უფრო იზრდება, რადგან ამ პერიოდში ქვიარ თემი უფრო ხილვადი ხდება.
„მე არ ვთვლი რომ პრაიდის ბრალია ის ძალადობა რაც ქუჩებში მოხდა - ჩვენ ჩვენი კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობას ვცდილობდით და მოძალადე ჯგუფები რომ დაორგანიზდნენ ეს ირიბად შეიძლება კავშირშია, მაგრამ პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს.“
ასევე ნახეთ "თბილისი პრაიდი": ორი დაპირისპირებული მხარე, რომელზეც ღარიბაშვილი საუბრობს, არ არსებობს
გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ ზარალის მასშტაბის შეფასება ჯერ-ჯერობით ნაადრევია, რადგან პრაიდის შემდეგ ძალიან ცოტა დრო არის გასული, პროტესტი კი ქვიარ-თემს გასცდა. „ახლა ექსპრესიულად განსხვავებულ ადამიანებზეც, რომლებიც არ არიან თემის წევრები მაგრამ გამოირჩევიან სხვებისგან, შეიძლება იყოს ძალადობა. იმედი მაქვს რომ დროებითია, რადგან წარსულშიც, როცა ჩვენი ჯგუფი ხილვადი ხდებოდა, ამას მოსდევდა ძალადობა. რა მასშტაბზეა ამჟამად საუბარი, ამას ვერ ვიტყვით ახლა.“