გმირობა, სიხარული, იმედგაცრუება და უიღბლობა - ქართული სპორტი 2022

მეშვიდე წელია, ქართული სპორტისთვის, სეზონის დამაგვირგვინებელი გამარჯვება ძალოსან ლაშა ტალახაძეს მოაქვს. თანამედროვე მსოფლიო ძალოსნობის ქართველი ლიდერი ორი კვირის წინ, ბოგოტაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე უკვე მეექვსედ დაეუფლა ტიტულს, რომელსაც 2015 წლიდან მოყოლებული, ახლოს არავის აკარებს. ქართული სპორტის 2022 წლის შეჯამება სწორედ ტალახაძით უნდა დავიწყოთ, ევროპისა და მსოფლიოს უკვე ექვს-ექვსგზის და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონით.

ასევე ნახეთ ძალოსანი ლაშა ტალახაძე მეექვსედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი

2021 წელს ლაშა ორჭიდის ჯამში მოგროვებული 492 კილოგრამით და მსოფლიოს ორი ახალი რეკორდით ჩემპიონი გახდა. წელს კი თავის შესაძლებლობებთან შედარებით, გაცილებით დაბალი მაჩვენებელი - 466 კილოგრამი ეყო მიზნის მისაღწევად და მიუხედავად იმისა, რომ კვლავ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა, გულშემატკივრები გვარიანად აანერვიულა. 29 წლის ქართველი გოლიათის ოქროს მედლებს ხალხი ისე შეეჩვია, რომ თუ ჩემპიონობას რეკორდიც არ ახლავს, ქომაგებს უკმაყოფილების გრძნობა რჩებათ.

ორი „ოქროს დუბლი“

იმ წლებში, როდესაც ოლიმპიური თამაშები არ ტარდება, ყველაზე ძვირად კონტინენტურ და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მიღწეული გამარჯვებები ფასობს. 2022 წლის შეჯამებისას, საუკეთესო სპორტსმენის შესარჩევად სწორედ ამ ორი შეჯიბრების შედეგების გათვალისწინებით, წლის საუკეთესო სპორტსმენის ნომინაციაში ორი კანდიდატია გამოსარჩევი - ლაშა ტალახაძე და ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი. წლეულს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატი ორივემ ოქროს მედლით ჩაამთავრა.

გრიგალაშვილმა ორივე ტიტული 22 წლის ასაკში მოიპოვა. ერთი კვირის წინ კი (უკვე 23 წლისამ), ამ ორ ჯილდოს ერთი ოქროს მედალიც მიამატა - ტოკიოში გამართულ მსოფლიოს მასტერსზე, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოს რეიტინგის მხოლოდ მოწინავე ძიუდოისტები იღებდნენ.

ასევე ნახეთ ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

ტატო გრიგალაშვილი 2022 წელს ძიუდოისტთა მსოფლიოს რეიტინგის აბსოლუტური ლიდერის რანგში ასრულებს - 81 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც საუკეთესოა და შვიდივე წონითი კატეგორიის გაერთიანებულ რეიტინგ-ცხრილშიც.

2022 წელს „ოქროს დუბლამდე“ ერთადერთი ნაბიჯი დააკლდა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლერი აბულაძეს. ევროპის ჩემპიონატზე ყველა მეტოქეს აჯობა და უმაღლეს ტიტულს დაეუფლა. მსოფლიოს კონკურენციაში კი ფინალში დამარცხდა.

საუკეთესოები გუნდური სახეობებიდან

საქართველოს 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენის ნომინანტთა შორის აუცილებლად უნდა მოხვდეს ხვიჩა კვარაცხელია და დავით ნინიაშვილი.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და იტალიის „ნაპოლის“ ქართველი ლიდერი სერია A-ში საოცარ სეზონს ატარებს, უეფას ჩემპიონთა ლიგაზეც ბრწყინავს და მსოფლიოს ცნობილი სპორტული გამოცემები მის ქებაში ერთმანეთს ეჯიბრებიან.

დავით ნინიაშვილი ჯერ 20 წლისაა, მაგრამ უკვე მოასწრო დიდ რაგბიში დამკვიდრება და სახელის მოხვეჭა. წლეულს, გაზაფხულზე, საფრანგეთის კლუბ „ლიონთან“ ერთად ნინიაშვილმა „ჩელენჯ თასი“ მოიპოვა და მალევე, ამ პრესტიჟული ტურნირის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანეს. საქართველოს ნაკრების რიგებში კი არაერთი დასამახსოვრებელი თამაში ჩაატარა, რომელთა შორისაც გამორჩეულია გასულ ზაფხულს გამართული მატჩი იტალიის ნაკრებთან. იმ მატჩის ბედი მნიშვნელოვანწილად სწორედ დავით ნინიაშვილის ბრწყინვალე თამაშმა გადაწყვიტა.

სამი ისტორიული გამარჯვება

10 ივლისს ბათუმში ბორჯღალოსნებმა საოცარი თამაში ჩაატარეს - ევროპის ექვსი ერის მონაწილე იტალიის ნაკრები ტესტ-მატჩში ცხრაქულიანი უპირატესობით დაამარცხეს და მსოფლიოს სარაგბო სამყარო აალაპარაკეს. კიდევ უფრო აქტიურად დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ქართველებისთვის ექვსი ერის კარი ბოლოს და ბოლოს აუცილებლად უნდა გაიღოს.

ასევე ნახეთ ისტორიული გამარჯვება - საქართველოს სარაგბო ნაკრებმა იტალიას მოუგო

იტალიასთან მოგებიდან ოთხ თვეში საქართველოს ნაკრებმა კიდევ უფრო ხმაურიანი გამარჯვება იზეიმა - ასევე ექვსი ერის მონაწილე უელსთან, თან სტუმრად, კარდიფში, „მილენიუმზე“.

ბორჯღალოსნებს 2022 წლამდე, ტიერ1-ის გუნდებთან ერთი მოგებაც არ ჰქონდათ. 2022 წელს კი ეს ორჯერ შეძლეს.

წლის ყველაზე დასამახსოვრებელ მოგებებს შორის, მორაგბეების ორ მატჩთან ერთად აუცილებლად უნდა ვახსენოთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მიერ მოპოვებული ერთი ისტორიული გამარჯვება.

ასევე ნახეთ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთი დაამარცხა

ქართველმა კალათბურთელებმა 4 ივლისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრაში, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონს ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლეს და ოვერტაიმში სძლიეს.

იმედგაცრუება

ესპანეთთან მოპოვებული სენსაციური გამარჯვებიდან ორ თვეში, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა გულშემატკივრებს ისე დაწყვიტა გული, იქამდე მინიჭებული ყველა სიხარული გააუფერულა. ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, თბილისში გამართული ხუთი თამაშიდან, ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა მხოლოდ ერთი მოიგო და ექვსგუნდიან ჯგუფში დაკავებული ბოლო ადგილით გამოეთიშა ევრობასკეტს.

სადაც იმედგაცრუებაზე და წარუმატებლობაზე ვსაუბრობთ, გვერდს ვერ ავუვლით ქართულ საკლუბო ფეხბურთს. საქართველოს კლუბების ევროპის საკლუბო ტურნირების ჯგუფურ ეტაპზე გაღწევა კვლავ აუსრულებელ ოცნებად გვრჩება. ჩვენთვის ევროსეზონი რომ სრულდება, ევროპის ბევრი წამყვანი კლუბს ჯერ პირველი თამაშიც არ აქვს ხოლმე ჩატარებული.

წლის უიღბლობა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატს უდიდესი დანაკლისით შეხვდა. შეჯიბრების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე გამოცხადდა, რომ გუნდი უმნიშვნელოვანეს თამაშებს კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გარეშე ჩაატარებდა.

ასევე ნახეთ თორნიკე შენგელია ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

ნაკრების ლიდერმა მხრის მძიმე ტრავმა 24 აგვისტოს მიიღო, ნიდერლანდებთან მატჩის მესამე პერიოდში. ევრობასკეტი კი 1 სექტემბერს დაიწყო.

უნდი ჩემპიონატის სტარტის წინ საკვანძო მოთამაშის დაკარგვამ ძალიან არია. ბევრი სპეციალისტის აზრით, ჯგუფური ეტაპის მასპინძელი ნაკრების წარუმატებლობის მიზეზი სწორედ ეს უიღბლობა გახდა. ევრობასკეტი გამოტოვა კალათბურთელმა, რომელსაც შეეძლო ტურნირის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა გამხდარიყო.