კოლუმბიაში, ბოგოტაში გამართულ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრი ლაშა ტალახაძე მეექვსედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.
ლაშა ტალახაძემ ატაცში 208/215 კილოგრამი დაძლია და ოქროს მედალს დაეუფლა. ასევე უმაღლესი სინჯის მედალს დაეუფლა ის აკვრაში დაძლეული 245/251 კილოგრამითაც. ორჭიდის ჯამში მოგროვილი 466 კილოგრამითაც ლაშა ტალახაძე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა:
„ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გულშემატკივრებს. რთული ჩემპიონატი იყო, მაგრამ მაინც შევძელი და მოვიპოვე სამი ოქროს მედალი. შევინარჩუნე მსოფლიო ჩემპიონის ტიტული“, - თქვა ლაშა ტალახაძემ ასპარეზობის დასრულების შემდეგ.
გარდა ჩემპიონობისა, მსოფლიოს უძლიერესმა ძალოსანმა პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიისთვის მნიშვნელოვანი ქულებიც მოიპოვა.