„გუშინ, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ “ქართულ ოცნებას” ქვეყანაში ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს. ასიათასობით ადამიანი იყო გამოსული“, - უთხრა ჟურნალისტებს მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ. ევროკავშირის მხარდამჭერ აქციაზე კი - „ოცნებამ“ მხოლოდ 14-16 ათასი ადამიანი დათვალა.
სხვადასხვა ინფორმაციით, 20 ოქტომბერს, ევროკავშირის მსვლელობა/აქციაში 100 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
- რა განასხვავებდა ერთმანეთისგან 20 და 23 ოქტომბრის ღონისძიებებს?
„ოცნება“ თავისუფლების მოედანზე
„ეს იყო 2012 წლის ემოცია, თავისი ბოლოს ბერას სიმღერით დამთავრებული... ეს იყო უპრეცედენტო რაოდენობა ადამიანებისა“, - თქვა „ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, 23 ოქტომბერს, პროსახელისუფლებო „იმედზე“ სტუმრობისას.
მდინარაძის ინფორმაციით, რეგიონებიდან თბილისში ჩამოსვლაში ყველა მსურველს დაეხმარნენ; თავდაპირველად 120 ათას ადამიანზე ჰქონდათ „დაორგანიზებული“ - „პარტიულ აქტივსა და მის გარშემო მყოფებზე“, - მაგრამ „გაცილებით მეტი, ადამიანი მოვიდა“. ამის მოლოდინი ჩვენც კი არ გვქონდაო, - თქვა მამუკა მდინარაძემ.
მან ტექნიკური პრობლემებით ახსნა, რომ ხალხის ნაწილი შეკრების არეალს ტოვებდა.
„მოვიდა იმდენი ხალხი, რომ ვერანაირად ვერ გავთვალეთ, დინამიკები სადამდე უნდა დაგვემონტაჟებინა - იმის იქით იდგა ათობით ათასი [ადამიანი], ანუ სადაც აღარ იყო არც ეკრანი, არც დინამიკი და ხმაც არ წვდებოდა, იმის იქით ათეულობით ათასი ადამიანი დარჩა - ზოგი მიბრუნდა, ზოგი მაინც იდგა და ცდილობდა მოესმინა, თუმცა აღარ ისმოდა... გვეუბნებოდნენ - ძალიან ცუდი რაღაც დაგვემართაო - იმდენი ხალხი მოვიდაო, რომ იქ აღარ ისმის უკვეო და ვიღაცეები ამიტომ ბრუნდებიანო“, - თქვა მდინარაძემ „იმედზე“.
იმას, რომ ხალხი შეკრების ადგილს ტოვებდა „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის გამოსვლისას, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გამოქვეყნებული არაერთი ვიდეომასალაც ადასტურებს.
ფეისბუკში გავრცელებული ერთ-ერთი ვიდეოს მიხედვით - თავისუფლების მოედანთან ძალიან ახლოს - კოლმეურნეობის მოედნისკენ, დაღმართზე, სწრაფად გადაადგილდება ადამიანების მსხვილი ნაკადი - ამ დროს კი სცენიდან აუდიტორიას ბიძინა ივანიშვილი მიმართავს.
გავრცელებული ვიდეომასალები ადასტურებენ იმ ფაქტსაც, რომ სამარშრუტო ტაქსებითა თუ ავტობუსებით თბილისში ჩამოყვანილი ხალხის ნაწილი კომენტარის გაკეთებისგან იკავებს თავს, იმალება, თავზე პლედებსაც იფარებს. ზოგი კი ჟურნალისტებს ეუბნება, რომ აქციაზე არ არის ჩამოსული და არავის მოსმენას არ გეგმავს.
მამუკა მდინარაძეს პასუხები ამ შემთხვევაშიც აქვს - იხსენებს შემთხვევას, როდესაც, ადვოკატობის დროს, კამერასთან პირველად მდგომს - მუხლები უკანკალებდა და განმარტავს, რომ ყველა ადამიანს არ შეუძლია „დალაგებულად“ თქმა - „მშვიდობით და ღირსებით და კეთილდღეობით მინდა ევროპაშიო“.
„ასობით ათასი გულწრფელი ადამიანიდან სამ-ოთხს ნახავენ, ვისაც ან დააბნევენ ან რაღაცას წამოაცდენინებენ... როგორ ისტერიულად დასდევდნენ ამ ხალხს... ადამიანური თემებიც ხომ არის. უკაცრავად, უნდა ვთქვა, შეიძლება ძალიან არაეთიკური იყოს - ვიღაცა საპირფარეშოში გადის, ვიღაც წყლის დასალევად გადის“, - მამუკა მდინარაძის თქმით, თავისუფლების მოედანზე ადამიანები თავიანთი მტკიცე ნებით შეიკრიბნენ და ისინი „მაგრად და სწორად დგანან თავიანთი სამშობლოს გვერდით“.
„ოცნება“ აცხადებს, რომ 23 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე თბილისელებიც მრავლად იყვნენ. ყოფილი თანაგუნდელი, იურისტი და პოლიტიკოსი ეკა ბესელია კი - სწორედ მხარდამჭერების სიმცირით ხსნის რეგიონებიდან ხალხის მასობრივ ჩამოყვანას.
„თბილისი ავტოპარკად გადაიქცა [23 ოქტომბერს]. რეგიონიდან აქციისთვის ამდენი მანქანა ალბათ ჯერ არასდროს ჩამოსულა. როდესაც მმართველ პარტიას, არჩევნებამდე სამი დღით ადრე, არ შეუძლია 2-მილიონიან დედაქალაქში გამოიყვანოს საკუთარი მომხრეები, ეს ნიშნავს იმას, რომ არჩევნებს ვერანაირად ვერ იგებს... რეგიონებიდან მოჰყავთ ხალხი დედაქალაქში და ფულს უხდიან, რომ აქციაზე დადგნენ“, - ეუბნება ეკა ბესელია რადიო თავისუფლებას. მან „გამოსამშვიდობებელი“ უწოდა ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებული სცენიდან, სადაც ის კვლავ დაჯავშნილი შუშის მიღმა გამოჩნდა.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული კიდევ ერთი აუდიოჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ - საბავშვო ბაღის პედაგოგებს - სავარაუდოდ, მათი ზემდგომი თბილისში წასვლას აძალებს და წინააღმდეგ შემთხვევაში, ემუქრება, რომ სამომავლოდ - მისგან ლმობიერებასა და შეღავათებს არ უნდა მოელოდნენ.
რა განსხვავებაა?
პოლიტიკის ექსპერტი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ - 20 და 23 ოქტომბრის ღონისძიებებს შორის მსგავსება მხოლოდ ადგილია - თავისუფლების მოედანი.
„ევროკავშირის მხარდამჭერ აქციაზე ადამიანების მისვლა იყო თავისუფალი და ნებაყოფლობითი - ვისაც უნდოდა, მივიდოდა და ვისაც არ უნდოდა, არავითარი პრობლემა არ იყო. სახელისუფლებო აქციაზე კი - მისვლა თავისუფალი არ არის, სახელისუფლებო ღონისძიება - სავალდებულოდ ითვლება და საქართველოში ეს ასე იყო წარსულშიც. ასეთ ღონისძიებებზე მისული ხალხის ნაწილი, როგორც წესი, ხელისუფლებას არ აძლევს ხმას“, - ვახტანგ ძაბირაძე იხსენებს, რომ 2012 წელს, არჩევნების წინ, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიამ სტადიონიც კი გაავსო, მაგრამ ხალხმა დროზე ადრე დაიწყო დაშლა.
ძაბირაძეს არ უკვირს, რომ რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანები კამერებთან სახეს მალავდნენ, რადგან - „ხელისუფლების კრიზისის დროს, მის აქციაზე ყოფნის გამო, ადამიანი შესაძლოა უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდეს - თავის სანაცნობო წრესთანაც კი“. „არავის მოსწონს თავის მართლება“, - ეუბნება ვახტანგ ძაბირაძე რადიო თავისუფლებას.
„საქართველოს მმართველი პარტია მართავს მასობრივ აქციას გადამწყვეტი არჩევნების წინ“, - ამ სათაურით სტატიას, 24 ოქტომბერს, BBC აქვეყნებს და 20 ოქტომბრის აქციასაც იხსენებს და დროშების განსხვავებულ სპექტრზეც ამახვილებს ყურადღებას:
„გასულ კვირას ოპოზიციამ მომხრეებით გაავსო თავისუფლების მოედანი და მიმდებარე ქუჩები, საქართველოსა და ევროკავშირის დროშების ფრიალით. ახლა „ქართული ოცნების“ ჯერი დადგა - როდესაც მათი მხარდამჭერების ჯგუფი, საქართველოსა და პარტიული დროშების ფრიალით, სცენის მიმართულებით დაიძრა, შეძახილებით - „გაუმარჯოს ქართულ ოცნებას“.
BBC-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლების პოლიტიკის გამო ევროკავშირმა გაყინა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, თუმცა „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ მისი კურსი კვლავ ევროკავშირში გაწევრიანებაა. სტატიის ავტორს არც ის გამორჩენია, რომ კახა კალაძემ მოახლოებულ არჩევნებში ჩარევაში „საქართველოს ე.წ. მეგობრები“ დაადანაშაულა.
ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერად
20 ოქტომბრის აქციის შესახებ საერთაშორისო მედიაში აღნიშნავდნენ, რომ თბილისში ათობით ათასმა ადამიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპულ ოჯახში გაწევრიანების სურვილი, ქვეყნის ბედის გადამწყვეტი არჩევნების წინ.
„ფრანს-24“ წერს, რომ ათობით ათასი ადამიანი ქუჩაში გამოვიდა „ერთი კვირით ადრე არჩევნებამდე, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ევროპულ გზას“ და, რომ ეს არჩევნები ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ტესტს წარმოადგენს.
„2012 წლიდან ქვეყნის სათავეში მყოფი პარტია [„ქართული ოცნება“] თავდაპირველად ატარებდა პროდასავლურ ლიბერალურ პოლიტიკას, მაგრამ ბოლო ორი წლის განმავლობაში მან შეცვალა კურსი და მოსკოვთან დაახლოებაში ადანაშაულებენ“, - წერია ტექსტში.
„ოპოზიციურ აქციაზე საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის მხარდამჭერი მესიჯი გაავრცელა, არჩევნების მიჯნაზე“, - წერს სააგენტო „როიტერსი“ და მომავალ არჩევნებს ასევე განიხილავს ტესტად, რომელმაც უნდა განსაზღვროს - „დაბრუნდება საქართველო რუსეთის ორბიტაზე თუ შეინარჩუნებს პროდასავლურ ორიენტაციას“.
„დიდი სიყვარულით, დიდი ემოციით“ მისალმების შემდეგ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ადამიანებს უთხრა, რომ 20 ოქტომბერი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ დასამახსოვრებელ დღედ დარჩება შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის და, რომ ქვეყნის მომავლის მხარდასაჭერად თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ თავისუფალი ადამიანები, ყოველგვარი ძალდატანებისა და დაშინების წნეხის გარეშე.
„ყველაფერი ნათელია, აქ უკვე გამარჯვებულია საქართველო და გამარჯვებულია მისი მომავალი“, - პრეზიდენტმა ხალხს უთხრა, რომ გამარჯვებაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს.
„არაფერი არ არის უფრო ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება, არაფერი არ არის უფრო ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება და მშვიდობა“, - ესეც სალომე ზურაბიშვილის სიტყვებია. აქციის მონაწილეებმა მას შვილიშვილის დაბადება დიდი ოვაციებითა და შეძახილებით მიულოცეს.
„მადლობა გუშინ გამართული მარშის ყველა მონაწილეს. გუშინ, ჩვენ, ქართველმა ხალხმა, კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი მკაფიო ხედვა - ჩვენ ვირჩევთ ევროკავშირს!“, - 21 ოქტომბერს, ხალხს მადლობა გადაუხადა კოალიციამ „ჩვენი ხმა ევროკავშირს“, აქციის ერთ-ერთმა მთავარმა ორგანიზატორმა.
„აქციაზე 100 ათასზე მეტი ადამიანი იყო - ძალიან მასშტაბური იყო არა მარტო ევროპისთვის, არამედ ამერიკისთვისაც კი. იქ იყვნენ სხვადასხვა თაობის, სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის წარმომადგენლები - ეს იყო საერთო-სახალხო დღესასწაული იმისთვის, რომ ქართველ ხალხს ძალიან მტკიცედ ეთქვა საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, რომ ჩვენი გზა სწორედ ევროპისკენ მიდის“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ ხელმძღვანელი, ქეთი ხუციშვილი. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ აქციას შემოუერთდნენ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები - მუსიკოსები, მსახიობები. თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ადამიანებისთვის - პოპულარულმა ჯგუფებმა კონცერტი გამართეს.
ასევე ნახეთ ევროკავშირის ელჩის თქმით, 20 ოქტომბრის პროევროპული აქცია თბილისში იყო "სიხარულის და ბედნიერების დღე""ოცნება" თავების დათვლას შეუდგა.
„ხალხი მთელი საქართველოდან ჩამოიყვანეს, ოთხი პარტია და მთელი მდიდარი ენჯეოსექტორი აორგანიზებდა“, - დაწერა სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, 20 ოქტომბერს.
მდინარაძის სიტყვები - „ოპოზიციამ არჩევნები არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე წააგო“ - 21 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაიმეორა.
პრემიერმა ასევე თქვა, რომ „რადიკალური ოპოზიციის პარტიები მანამდე კამპანიას ჭკვიანურად ატარებდნენ, არ ატარებდნენ ასეთ შეკრებებს, ან სკამებს დგამდნენ, რაც სწორი, პრაგმატული გადაწყვეტილება იყო. სკამებით 2500 კაცი შეგიძლია ისე დასვა, რომ წარმოაჩინო, თითქოს იქ 15 000 კაცია შეკრებილი“, - ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ურჩია, რომ დასახელებული რაოდენობა 100 ათასი 6-7-ზე გაყონ და ეს იქნება რეალური რიცხვი - რაც მხოლოდ 14-16 ათასს უტოლდება.
თავისუფლების მოედანზე შეკრებილთა შორის რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანებიც იდგნენ, თუმცა პარტიებს, სამარშრუტო ტაქსებითა თუ ავტობუსებით, ორგანიზებულად ხალხი არ ჩამოუყვანიათ. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობაშიც“ დაუდასტურეს.
ქეთი ხუციშვილი გვეუბნება, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მარშს შეუერთდნენ, თუმცა ორგანიზებისა და დაგეგმვის პროცესში არ იყვნენ ჩართული და ამ მიზნით არც ერთობლივი შეხვედრები გამართულა.
მარშის მონაწილეები ხუთი სხვადასხვა ადგილიდან დაიძრნენ და 19:00 საათისთვის თავისუფლების მოედანზე მოიყარეს თავი. გავრცელებულ ვიდეომასალებში კარგად ჩანს, რომ აქციის პიკში თავისუფლების მოედანიც სავსე იყო და ხალხის დიდი ნაწილი რუსთაველის გამზირზეც იდგა.
ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ 20 ოქტომბრის მარშზე ბევრად მეტი ადამიანი მივიდა, ვიდრე „ქართული ოცნების“ მთავარ მიტინგზე - 2012 წელს. მათთვის 20 ოქტომბრის აქცია იყო ევროკავშირში ინტეგრაციის მკაფიო დემონსტრირება და მზადყოფნა არჩევნებში გამარჯვებისთვის.
და რას ხედავენ რუსეთში?
20 ოქტომბრის აქციაზე რუსეთიდან მხოლოდ „რამდენიმე ათასი ადამიანი“ დაითვალეს.
„ისინი [აქციის მონაწილეები] გამოდიან ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად და ბრალს სდებენ [საქართველოს] მოქმედ ხელისუფლებას საგარეო-პოლიტიკური კურსის შეცვლისთვის და ევროკავშირისკენ ქვეყნის სვლის შეფერხებისთვის“, - წერს რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“. აღნიშნავს ასევე, რომ აქცია - მშვიდად, პოლიციელების მეგზურობით მიმდინარეობდა.
აქციამდე ერთი დღით ადრე კი, 19 ოქტომბერს, რუსეთის სახელმწიფო ტელეარხ „როსია-24“-ზე აჩვენეს 40-წუთიანი სპეციალური რეპორტაჟი - „ახალი ქართული ოცნება“. რომლის ძირითადი აქცენტებიც - საქართველოს შიდა საქმეებში დასავლეთის ჩარევა, მაიდანის მომზადების მცდელობა და ომის გაჩაღებაში ქართული მხარის დადანაშაულებაა.
ერთ-ერთი რესპონდენტი - პროკრემლისტური პარტიის, „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერი, მიხეილ ჟღენტი ამბობს, რომ აფხაზეთის რეგიონში შეჭრა და სისხლის დაღვრა თბილისს ამერიკელებმა აიძულეს და, რომ ახლა „ქართულ ოცნებას“ სუვერენიტეტის დაცვის გამო უტევენ და თუკი ხალხის პროტესტი გაგრძელდება - „რუსეთის გუბერნიად გახდომა ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება [საქართველოსთვის]“.
2024 წლის ივლისში, მიხეილ ჟღენტმა, კრემლის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემა - „სოლოვიოვ live“-ის ეთერში, რუსეთს დახმარება სთხოვა, რათა „მეზობელმა“ არ დაუშვას დასავლეთის ხელშეწყობილი „სისხლისღვრა და სამოქალაქო ომი“ საქართველოში. რუსეთის პრეზიდენტს მიმართეთო, - დაამშვიდა ჟღენტი გადაცემის წამყვანმა. ჟღენტმა მაშინ რუსეთ-საქართველოს ომზეც ილაპარაკა და 2008 წლის აგვისტოს ომში აშშ დაადანაშაულა.
2023 წელს, ჟღენტის პარტიამ სთხოვა რუსეთის პრეზიდენტს - სავიზო რეჟიმის გაუქმება და პირდაპირი ფრენების აღდგენა. ეს ყველაფერი შარშან მაისში პუტინის პირადი გადაწყვეტილებით აღსრულდა.
რუსეთის სახელმწიფო არხის სპეციალურ რეპორტაჟში პრორუსულად განწყობილი რესპონდენტები ამბობენ, რომ თბილისში მაიდანი მზადდება. „უცხოელები ჩამოდიან, ამზადებენ ლიბერალებს - თუ როგორ მოამზადონ მოლოტოვის კოქტეილები, როგორ დაწვან ქუჩები, მანქანები“, - ამბობს, მაგალითად, ჟურნალისტი ლალი მოროშკინა.
გადაცემის წამყვანი იხსენებს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილს ორ დაპირებას - ოპონენტების გასამართლებას არჩევნების შემდეგ და ბოდიშის მოხდას ოსებისთვის. „ეს არის პირველი ოფიციალური აღიარება, რომ ომი დაიწყო ქართულმა მხარემ“ და „პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაადასტურა ხელისუფლების რიტორიკის ცვლილება“, - ამბობს ავტორი. სიუჟეტის ბოლოს კი აღნიშნავს, რომ მომავალი არჩევნები საბედისწეროა საქართველოსთვის და, რომ „ომსა და მშვიდობას შორის არჩევანი აშკარაა ყველა ქართველისთვის“.
„ომსა და მშვიდობას“ შორის არჩევანს ამომრჩეველს „ქართული ოცნება“ სთავაზობს.
ასევე ნახეთ რუსი პროპაგანდისტები არჩევნებში “ქართულ ოცნებას” გულშემატკივრობენ