რადიო თავისუფლების 53 კითხვა აერთიანებს ადამიანის უფლებების, ბიუჯეტის განაწილების, საგარეო პოლიტიკის, განათლებისა და კულტურის, სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებს - მიზანი ამომრჩევლისთვის პარტიების ხედვების გაცნობაა. კითხვარის მარტივი ვერსიის შევსებას 10 წუთზე ნაკლები დრო, სრული ვერსიის შევსებას კი - დაახლოებით 30 წუთი სჭირდება.
კითხვები უფრო დეტალურია, ვიდრე პარტიების წინასაარჩევნო პროგრამები.
თვე-ნახევრის განმავლობაში საბოლოოდ რადიო თავისუფლების კითხვებს მხოლოდ გირჩმა (36 ნომერი) და ძლიერმა საქართველომ (9 ნომერი) უპასუხეს.
იმის მიუხედავად, რომ ეს ორი პარტია როგორც სტრუქტურულად, ასევე იდეოლოგიურად ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულია, მათი პოზიციები სრულიად იდენტურია თავდაცვის ბიუჯეტთან, ერთნაირსქესიან ადამიანთა ქორწინებასა და ეკლესიის მფლობელობაში არსებული ბიზნესის დაბეგვრასთან დაკავშირებით.
რომელ გადასახადებს შეამცირებდით?
ძლიერი საქართველო: “ძლიერი საქართველო” გეგმავს ქონების გადასახადის დაკისრებისთვის დაწესებული წლიური შემოსავლის მინიმალური ზღვრის, გასულ წლებში ინფლაციის გათვალისწინებით, გადახედვას და გაზრდას, რაც შეამცირებს გადასახადის გადამხდელების ჯამურ რაოდენობას და მოქალაქეების გარკვეულ რაოდენობას გაათავისუფლებს ქონების გადასახადისგან.
„ძლიერი საქართველო“ ასევე გეგმავს სტუდენტებისთვის და ვეტერანებისთვის საგადასახადო ტვირთის შემსუბუქებას.
გირჩი: გადასახადები უნდა იყოს, რაც შეიძლება უფრო დაბალი. იდეალურ შემთხვევაში, მაქსიმუმ მშპ-ს 10%. ამიტომ ჩვენ შევამცირებთ ყველა გადასახადს, რომლის შემცირება შეგვიძლია, თუმცა, თუ არჩევანის წინ დავდგებით, პრიორიტეტს რეგრესულ გადასახადებს (ანუ ისეთს, რომელიც პირველ რიგში ღარიბებს ბეგრავს, მაგალითად, აქციზები) შევამცირებთ.
რომელ გადასახადებს გაზრდიდით?
ძლიერი საქართველო: „ძლიერი საქართველო“ გეგმავს აზარტული თამაშებისთვის დაწესებული გადასახადების (მოსაკრებლების) გაზრდას.
გირჩი: არასდროს დავუჭერთ მხარს გადასახადების ზრდას.
როგორ გეგმავთ უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებლის შემცირებას?
ძლიერი საქართველო: ,,ქართული ოცნების“ პირობებში, საქართველოს 200,000-ით ნაკლები სამუშაო ადგილი აქვს, ვიდრე უნდა ჰქონოდა ნორმალური დასაქმების პოლიტიკის პირობებში. სიღარიბის დაძლევის მთავარი გზა არის სამუშაო ადგილების შექმნა. „ძლიერი საქართველო“ გეგმავს, ანაკლიის პორტის და სხვა ეკონომიკური მეგაპროექტების განხორციელების გზით შექმნას 200,000 სამუშაო ადგილი. „ძლიერი საქართველო“ გეგმავს ღირსეული ანაზღაურების მინიმალური ხელფასის ზღვრის დადგენას, რაც ასევე იქნება სიღარიბის დაძლევისკენ მიმართული ნაბიჯი. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების შეთავაზება ასევე დაძლევს სიღარიბეს ახალგაზრდებში.
გირჩი: საყოველთაო საბაზისო შემოსავალი - რომლის მეშვეობით ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება უკიდურესი სიღარიბე.
საყოველთაო საბაზისო შემოსავალი — სისტემაა, რომელშიც ყველა მოქალაქე, მიუხედავად მისი შემოსავლების, სოციალური სტატუსისა და ასაკისა, იღებს ყოველთვიურ ფიქსირებულ თანხას მთავრობისგან. სანაცვლოდ კი უქმდება ყველა სუბსიდიების, სოციალური დახმარების, განათლებისა და ჯანდაცვის პროგრამების დიდი ნაწილი, ასევე სავალდებულო საპენსიო სისტემა და ამით დაზოგილი მთელი თანხა თანაბრად ნაწილდება ყველა მოქალაქეზე. რადგან მსგავსი სისტემა უკიდურესად მარტივია ადმინისტრირებისათვის და მოითხოვს სულ რამდენიმე ადამიანს ათასობით ბიუროკრატის ნაცვლად, საყოველთაო საბაზისო შემოსავლის ამოქმედება ზრდის ფულის გადანაწილების ეფექტიანობას. შედეგად, ფორმირდება სისტემა, რომლის მეშვეობით ჩვენს ქვეყანაში არავინ იქნება უკიდურეს სიღარიბეში.
საქართველოს დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით, შესაძლებელია ყოველთვიურად თითოეული მოქალაქე 500 ლარით დავაფინანსოთ. თუ გაინტერესებს დეტალები, იხილე ჩვენი პროექტი „საყოველთაო ბაზისური შემოსავალი“.
რა გეგმა გაქვთ ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის და როგორ შეამცირებთ ქალებსა და კაცებს შორის სახელფასო სხვაობას?
ძლიერი საქართველო: ქალთა სიღარიბის დაძლევისთვის განხორციელდება შესაბამისი ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამები: შრომით კოდექსში თანაბარი შრომისთვის თანასწორი ანაზღაურების პრინციპების რეგულირება ევროკავშირის რეკომენდაციების გათვალისწინებით; შრომის ბაზარზე გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად ცნობიერების ამაღლება და ქალებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა (ბაგა-ბაღები, გახანგრძლივებული სასწავლებლები, შშმ ბავშვების და მოზარდების დღის ცენტრები). ანტიდისკრიმინაციული ღონისძიებების უზრუნველყოფა შრომის ბაზარზე უთანასწორო გარემოს გაუმჯობესებისთვის და შრომის პირობების ინსპექტირებისთვის. ქვეყნის სავაჭრო-საექსპორტო პოლიტიკის პრიორიტეტების ჰარმონიზაციას საგრანტო პროგრამებთან და პროდუქციის რეალიზაციის არხების და შესაძლებლობების გაზრდას: გენდერულად სენსიტიური სახელმწიფო შესყიდვების კვოტის შემოღება, გასაღების ბაზრების მოძიებაში დახმარება, საერთაშორისო პლატფორმებზე წვდომის ხელშეწყობა, საგადასახადო პოლიტიკაში ქალი მეწარმეებისათვის 6-თვიანი საშეღავათო პერიოდის შემოღება და სხვა ხელშემწყობი ღონისძიებების გატარება.
გირჩი: ჩვენ არ ვარჩევთ ადამიანებს სქესის, რწმენის თუ რაიმე სხვა კრიტერიუმით. ყველა თანაბარი უნდა იყოს უფლებრივად. ხოლო, ხელფასის საკითხი უნდა წყდებოდეს კონტრაქტით და რაზეც შეთანხმდება დამსაქმებელი და დასაქმებული, ის არის სწორი. არავინაა უფლებამოსილი, კონტრაქტის თავისუფლებაში ჩაერიოს.
შეამცირებთ თუ არა რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას და თუ კი, როგორ?
ძლიერი საქართველო: „ძლიერი საქართველო“ დაასრულებს ხელისუფლებას, რომელიც ემსახურება რუსეთს! ჩვენ შევამცირებთ სოფლის მეურნეობის იმპორტირებულ პროდუქციაზე დამოკიდებულებას და ხელს შევუწყობთ ადგილობრივ წარმოებას. მაგალითად, ხორბლის პროდუქტიულობის ზრდით, რაც გულისხმობს ნაცვლად დღევანდელი 1 ჰა 1.7-2 ტონა მოსავლიანობისა, 1 ჰა 4.5-5 ტონა ხორბლის მოყვანას, საქართველოს რუსულ ხორბალზე დამოკიდებულება 90%-დან შემცირდება 40-50%-მდე. ასეთივე სტრატეგია შემუშავდება სოფლის მეურნეობის სხვა დარგებშიც, რომლებშიც ადგილობრივი წარმოების განვითარების პერსპექტივა არსებობს.
საქართველოს მეზობლებთან არსებული სავაჭრო რეჟიმი შენარჩუნდება. რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება შემცირდება მხოლოდ სხვა პარტნიორებთან სავაჭრო ბრუნვის ზრდით და ადამიანებისთვის უკეთესი სავაჭრო ალტერნატივების შეთავაზებით.
„ძლიერი საქართველო“ გეგმავს სამიზნე ბაზრების დივერსიფიკაციას: ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების უკეთ ათვისებას, ასევე აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას, რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების შემცირებას, არსებული ბაზრებიდან ტურისტული ნაკადის გაზრდას, ახალი სამიზნე ბაზრების იდენტიფიცირებასა და ინტენსიური მარკეტინგული კამპანიების მეშვეობით მაღალმხარჯველიანი სეგმენტების მოზიდვას. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ევროკავშირის, აშშ-ს და სხვა საერთაშორისო პროგრამებს ავითვისებთ და მათი შედეგიანობის ეფექტურობას გავზრდით.
გირჩი: ჩვენ არ შევზღუდავთ ხელოვნურად ვაჭრობას რომელიმე ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთთან, თუ ეს რაიმე საერთაშორისო ვალდებულებით არ იქნება გათვალისწინებული. ამასთან, ჩვენს ეკონომიკაში რუსეთის წილი ბუნებრივად შემცირდება ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად, ამიტომ სწრაფი ეკონომიკური განვითარება არის მათ შორის ამ გარემოების ცვლილების რეცეპტი.
თქვენი ხედვა სახელმწიფო საწარმოების განვითარების შესახებ
ძლიერი საქართველო: სახელმწიფო საწარმოების და სახელმწიფო ქონების მნიშვნელოვანი წილის პრივატიზაცია არა მხოლოდ გააჯანსაღებს და განავითარებს ეკონომიკას, არამედ ამ საწარმოების და ქონების მართვის პროცესში ჩართულ საჯარო დაწესებულებებსა და საჯარო მოხელეებსაც გაათავისუფლებს მათთვის უჩვეულო და მაღალი კორუფციული რისკების შემცველი საქმიანობიდან. "ძლიერ საქართველოს" სჯერა, რომ იმ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების, რომელთა პრივატიზაცია არ არის რეკომენდებული, მართვის გადაცემა მიზანშეწონილია კერძო უწყებებისთვის, მათი მართვის და მომგებიანობის გასაუმჯობესებლად. სახელმწიფოს ჩარევა ქვეყნის ეკონომიკის და სახელმწიფო საწარმოების მართვაში უნდა იყოს მინიმალური.
გირჩი: "სახელმწიფოს" საქმე არაა, აკეთოს ბიზნესი. ყველა სახელმწიფო საწარმო ან დასახურია, ან პრივატიზაციის ფარგლებში ხალხისთვის გადასაცემი.
როგორ განავითარებთ ტურიზმს?
ძლიერი საქართველო: რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების შემცირება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, არსებული ბაზრებიდან ტურისტული ნაკადის გაზრდასთან ერთად, უნდა მოხდეს ახალი სამიზნე ბაზრების იდენტიფიცირება და ინტენსიური მარკეტინგული კამპანიების მეშვეობით მაღალმხარჯველიანი სეგმენტების მოზიდვა. ტურისტული პროდუქტების განვითარება: საქართველოს ისტორიული, კულტურული და ბუნებრივი რესურსებიდან გამომდინარე, ქვეყანას გააჩნია მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები: კულტურული ტურიზმი, მთის და სათავგადასავლო ტურიზმი, გასტრონომიული და ღვინის ტურიზმი, ეკოტურიზმი, MICE ტურიზმი (ფესტივალები, ღონისძიებები და საქმიანი ვიზიტები). ტურისტული შეთავაზებების დივერსიფიცირება და განვითარება რეგიონების მიხედვით, რეგიონული კლასტერებისა და მარშრუტების იდენტიფიცირება და რესურსების მის გარშემო კონცენტრირება. პრიორიტეტული იქნება ქვეყნის უნიკალური და ავთენტური შეთავაზებების განვითარება.
გირჩი: მთავრობის საქმე არაა რომელიმე კონკრეტულ სექტორზე ზრუნვა. მთავარია მოვაწყოთ სწორი წესრიგი, სამართლიანი სასამართლოთი, დაცული საკუთრების უფლებით, მინიმალური რეგულირებებით და გადასახადით, და მერე ჩვენმა მოსახლეობამ გადაწყვიტოს, თუ რომელი ბიზნესი განავითარონ, რომელ სექტორში განახორციელონ ინვესტიცია და ა.შ.
ემხრობით თუ არა საქართველოში დიდი ჰესების, მათ შორის ნამახვანჰესის მშენებლობას და თუ კი, რა ფორმით უნდა მონაწილეობდეს სახელმწიფო ამ პროცესში?
ძლიერი საქართველო: საქართველო არის ჰიდროელექტრორესურსების თვალსაზრისით უმდიდრესი ქვეყანა და, შესაბამისად, მათ შორის მწვანე ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, ჰიდროელექტრორესურსების განვითარება იქნება პრიორიტეტი. ნამახვანჰესი უნდა აშენდეს არა ისე, როგორც ეს ხდებოდა „ქართული ოცნების“ პირობებში, არა ძალადობის და დაპირისპირების ფონზე, არამედ იმგვარად, როცა ეს პირველ რიგში ადამიანებზე და მათ კეთილდღეობაზეა ორიენტირებული, მაღალი საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.
გირჩი: ჩვენ არ ვემხრობით არავითარი ბიზნესის განვითარებას, რომლისთვის საჭიროა სახელმწიფო სუბსიდიები და სხვა ტიპის პროტექცია. თუ მიწა კერძო საკუთრებაშია და კერძო მესაკუთრე გადაწყვეტს ააშენოს იქ ჰესი, მშვენიერი, თუკი იქ პარკინგის აშენება მოუნდება, ესეც მისი საქმეა. ჩვენ წინააღმდეგი ვართ იმ კომუნისტური ხედვისა, რომ მთავრობა უნდა გეგმავდეს, თუ რომელი სექტორი როგორ უნდა ვითარდებოდეს. კომუნიზმი და სოციალიზმის ყველა სხვა ნაირსახეობა ბოროტებაა და ჩვენ ბოროტების მხარეს არასდროს დავდგებით.
მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) რამდენი % უნდა იხარჯებოდეს:
ძლიერი საქართველო |
გირჩი | |
თავდაცვაზე |
2% |
2% |
განათლებაზე |
5% |
1% |
სოციალურ პროგრამებზე |
10% |
1% |
გარემოს დაცვაზე |
1% |
1% |
საყოველთაო ჯანდაცვაზე |
7% |
1% |
ინფრასტრუქტურის განვითარებაზე |
6% |
1% |
ეფექტური სახელმწიფო მმართველობის შესაქმნელად საჭიროა თუ არა სახელმწიფო მოხელეთა აპარატისა და ხარჯების შემცირება?
ძლიერი საქართველო: შესაძლებელია ოპტიმიზაცია
გირჩი: აუცილებლად შევამცირებთ
უნდა გაგრძელდეს თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება?
ძლიერი საქართველო: უნდა გაგრძელდეს, მაგრამ გამჭვირვალობის პირობით
გირჩი: არა
უნდა დაიბეგროს თუ არა საპატრიარქოს ბიზნესსაქმიანობა ისევე, როგორც ყველა სხვა ბიზნესი იბეგრება?
ძლიერი საქართველო: კი
გირჩი: კი
დაგროვებითი პენსიის სისტემაში მონაწილეობა კვლავ სავალდებულო უნდა იყოს?
ძლიერი საქართველო: კი
გირჩი: არა
თქვენი პოზიცია საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით
ძლიერი საქართველო: უნდა გაგრძელდეს
გირჩი: უნდა გაუქმდეს
თუ ხედავთ საკონსტიტუციო ცვლილებების საჭიროებას და რა მიმართულებით?
ძლიერი საქართველო: მოკლე დროშია აღსადგენი კონსტიტუციური სტატუსის მქონე ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, რომელიც იქნება მუდმივმოქმედი ორგანო, მისი აპარატის შესაბამისი საკადრო/საექსპერტო, საინფორმაციო და სხვა სახის უზრუნველყოფით. უსაფრთხოების სფეროში კანონმდებლობის მოწესრიგების შედეგად, უნდა გამოირიცხოს ფუნქციების დუბლირება და პარალელიზმი, მკაფიოდ დადგინდეს და გაიმიჯნოს კომპეტენციები, ვალდებულებები და პასუხისმგებლობა.
განხორციელდება იუსტიციის საბჭოს უფლებამოსილების, დაკომპლექტების და საქმიანობის წესის ცვლილება იმისათვის, რომ საბჭომ რეალურად შეასრულოს კონსტიტუციით დაკისრებული ფუნქცია - უზრუნველყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა.
განხორციელდება საკონსტიტუციო მართლმსაჯულების რეფორმა, გაიზრდება საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენცია და ეფექტიანობა.
გენერალური პროკურორის არჩევა უნდა მოხდეს კვალიფიციური უმრავლესობით.
საარჩევნო ბარიერი უნდა შემცირდეს.
გირჩი: ჩვენი კონსტიტუცია მთლიანად გასაუქმებელია და უნდა დაიწეროს ისეთი კონსტიტუცია, რომელიც იცავს ადამიანის თავისუფლებას და არა ძალადობრივ სისტემას.
პოზიცია ვეტინგის სისტემასთან დაკავშირებით
ძლიერი საქართველო: ვემხრობით
გირჩი: არ ვემხრობით
პოზიცია ნაფიცი მსაჯულების სისტემის შესახებ
ძლიერი საქართველო: უცვლელად დავტოვებთ ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობას მართლმსაჯულებაში
გირჩი: ვემხრობით ნაფიცი მსაჯულების განსახილველი საქმეების კრიტერიუმების გაფართოებას
პოზიცია მოსამართლეების უვადოდ დანიშვნაზე
ძლიერი საქართველო: მოქმედმა მოსამართლეებმა უნდა გაიარონ “ვეტინგი”
გირჩი: უნდა შეწყდეს ახალი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა
პოზიცია კორუფციაში ბრალდების გამო სანქცირებულ მოსამართლეებზე
ძლიერი საქართველო: გამოვიძიებთ როგორც მათ, ასევე სხვა მოსამართლეების სავარაუდო კანონდარღვევებს, რაზეც არსებობს კითხვის ნიშნები საზოგადოებაში
გირჩი: სასამართლო სისტემის რეფორმირებას ანგარიშსწორების გარეშე გავატარებთ
რა კანონებს მიიღებთ ქალთა გაძლიერებისთვის?
ძლიერი საქართველო: ძლიერი ქალი - ძლიერი საქართველოსთვის! ქალთა სიღარიბის დაძლევა ეკონომიკური გაძლიერებით, თანაბარი სახელფასო განაკვეთით და ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით; ქალთა მიმართ საზოგადოებასა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა საკანონმდებლო და აღმასრულებელი გარანტიების უზრუნველყოფით; ქალთა პოლიტიკური გაძლიერება - მეტი ქალი ქვეყნის მართვის სადავეებთან, მათ შორის კვოტების სისტემის გამოყენებით.
გირჩი: ჩვენ არ ვარჩევთ ადამიანებს სქესის, რწმენის თუ რაიმე სხვა კრიტერიუმით. ყველა თანაბარი უნდა იყოს უფლებრივად. დაუშვებელია ხელოვნური პრივილეგიების დაწესება.
როგორ უზრუნველყოფთ საკანონმდებლო ინიციატივებით უმცირესობების უფლებების დაცვას?
ძლიერი საქართველო: პოლიტიკური გაძლიერების ხელშეწყობით უმცირესობების ჯგუფების წარმომადგენლობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღებისა და აღსრულების პროცესში; ქართული ენის სწავლების გაძლიერება და ხელმისაწვდომობის გაზრდა სახელმწიფო დაფინანსებით და მრავალფეროვანი სერვისების მიწოდებით; მრავალეთნიკური რელიგიურ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება საერთო ეროვნული ღირებულების მინიჭებით. ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ მუნიციპალიტეტებში საბავშვო ბაღების რაოდენობის ზრდა. სახელმწიფო ენის სწავლება, სწავლისა და დასაქმების ხელშეწყობა 1+4 პროგრამაზე ქართულის უფასოდ სწავლებითა და სახელმწიფოს მიერ უფასოდ გამოცხადებულ ფაკულტეტებზე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტების უფასოდ სწავლების უზრუნველყოფით; ასევე, მნიშვნელოვანია, რომ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინაციის ქვეშ არსებული 1+4 პროგრამის სტაჟირების პროგრამის მიზნებში, საჯარო სამსახურში დასაქმების კომპონენტიც გაჩნდეს. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სადაც გამოწვევაა სახელმწიფო ენის ცოდნა, მუნიციპალიტეტმა მოქალაქეებს შესთავაზოს სათარჯიმნო სერვისი, განცხადებების შეტანისა თუ სხვა ტიპის კომუნიკაციის პროცესში; ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში პროგრამების შესახებ დოკუმენტაციის ორ ენაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
გირჩი: ჩვენ არ ვარჩევთ ადამიანებს სქესის, რწმენის თუ რაიმე სხვა კრიტერიუმით. ყველა თანაბარი უნდა იყოს უფლებრივად. დაუშვებელია ხელოვნური პრივილეგიების დაწესება.
ლგბტქ ადამიანების უფლებას როგორ დაიცავთ?
ძლიერი საქართველო: საქართველოს კანონმდებლობა ადგენს შესაბამის ჩარჩოს, რაც შეეხება დისკრიმინაციის აკრძალვას, ჩვენ დავიცავთ კანონის აღსრულებას. უკომპრომისოები ვიქნებით ნებისმიერი ტიპის დისკრიმინაციის წინააღმდეგ შესაბამისი ზომების გატარებისას.
გირჩი: ჩვენ არ ვარჩევთ ადამიანებს სქესის, რწმენის თუ რაიმე სხვა კრიტერიუმით. ყველა თანაბარი უნდა იყოს უფლებრივად. დაუშვებელია ხელოვნური პრივილეგიების დაწესება.
უნდა ჰქონდეთ თუ არა ერთნაირსქესიან ადამიანებს სამოქალაქო ქორწინების უფლება?
ძლიერი საქართველო: არა
გირჩი: არა
სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია
ძლიერი საქართველო: ჩვენი მოდელია ექვსთვიანი სავალდებულო სამხედრო სამსახური მხოლოდ თავდაცვის ძალებში. საკუთარი არჩევანით ახალგაზრდა გაივლის ექვსთვიან სამხედრო სამსახურს თავდაცვის ძალებში, ან ექვსთვიან პროფესიულ სტაჟირებას თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ქვედანაყოფებში, რის შემდეგაც ჩაირიცხება თავდაცვის რეზერვში.
გირჩი: გასაუქმებელია
თქვენი პოზიცია იარაღის ტარების უფლებასთან დაკავშირებით
ძლიერი საქართველო: იარაღის ტარებასთან დაკავშირებით აუცილებელია გამკაცრდეს შესაბამისი კანონმდებლობა.
გირჩი: იარაღის ტარების უფლება - პოლიტიკურად თავისუფალი ადამიანის აუცილებელი უფლებაა, ამიტომ იარაღის ტარების უფლება უნდა ლეგალური იყოს.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სისტემაში რომელ ხარჯებს მიიჩნევთ გაუმართლებლად, რაც დღეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხარჯება?
ძლიერი საქართველო: სახელოვნებო სფეროს პროგრამული დაფინანსების სრულად დელეგირება დარგობრივი ფონდებისთვის სფეროს დამოუკიდებელი აქტორებისთვის (შემოქმედებითი ინდუსტრიები, საინიციატივო ჯგუფები, ხელოვანები) კონკურენტულ გარემოში დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას შეუწყობს ხელს. საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო ორგანიზაციების და შემოქმედებითი ჯგუფების და ინიციატივების მხარდაჭერა: სახელმწიფო სახელოვნებო ორგანიზაციების თანამონაწილეობით შესაბამისი დარგობრივი სამოქმედო გეგმების შემუშავება ორგანიზაციების წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირების და გადაჭრის გზების განსაზღვრის საფუძველზე (თეატრები, მუზეუმები, მუსიკალური ცენტრები, ანსამბლები, სახელოვნებო განათლების ორგანიზაციები, სხვა კულტურულ-სამეცნიერო ორგანიზაციები). ასევე, სახელოვნებო დარგების და დამოუკიდებელი შემოქმედებითი ჯგუფების ხელშეწყობის მიზნით დარგობრივი ფონდების დაფუძნება მართვის დემოკრატიული და გამჭვირვალე მოდელებით. პროფესიული და საექსპერტო წრეების ჩართულობით მმართველი ორგანოების შექმნა (სამეთვალყურეო საბჭოები და აღმასრულებელი რგოლები).
გირჩი: კულტურაში სახელმწიფო საერთოდ არ უნდა ერეოდეს და არ უნდა ხარჯავდეს ფულს. ამიტომ იდეალურ შემთხვევაში, ყველა ხარჯი გაუმართლებელია. პრაქტიკაში, ცხადია, რომ რაღაც ტიპის ძეგლების პრივატიზაცია შეიძლება არ მოხდეს სწრაფად, ამიტომ ისტორიული მემკვიდრეობის რაღაც ნაწილის დროებითი დაფინანსება, შეიძლება, პირობითად გამართლებულად იყოს მიჩნეული.
რა მექანიზმებს ხედავთ კულტურაში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოსაზიდად და ხელოვნების ცენზურისგან დასაცავად?
ძლიერი საქართველო: ჩვენ გვჭირდება კულტურის ახალი სტრატეგია, რომელიც საშუალებას მოგვცემს გავატაროთ მყისიერი და ეფექტური ღონისძიებები და შევქმნათ სათანადო გარემო, სადაც ჩვენი საზოგადოების თითოეულ წევრს თვითგამოხატვის საშუალება და შემოქმედებით სფეროში მიმდინარე პროცესებზე აქტიური წვდომის შესაძლებლობა მიეცემა. ჩვენ გვჭირდება კულტურის ახალი სტრატეგია, რომელიც დაეფუძნება სფეროში არსებული გამოწვევების ანალიზს, საერთაშორისო გამოცდილებას და ნაკისრ ვალდებულებებს და უზრუნველყოფს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას. კულტურის განვითარების ხედვა და სტრატეგია შეუძლებელია შემუშავდეს ქვეყანაში დემოკრატიული გარემოს არქონის პირობებში, რადგანაც კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება და წარმატება სრულად არის დამოკიდებული თავისუფალ შემოქმედებით პროცესზე, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზე, თანასწორობასა და მრავალფეროვნებაზე. ხოლო, გრძელვადიანი და მოკლევადიანი სამოქმედო გეგმების და ხედვების არარსებობა დარგების წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის დამაბრკოლებელი ფაქტორებია.
გირჩი: მთავარია, რომ კულტურაში მთავრობა აღარ ერეოდეს. მაშინ იქ გაჩნდება მოთხოვნა კვალიფიციურ კადრებზე.
მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის რა ინიციატივები გაქვთ?
ძლიერი საქართველო: მასწავლებლების სკოლის ბაზაზე განვითარების პროგრამების დანერგვა. მასწავლებლების მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამების განვითარება. კვლევების დაკვეთა სახელმწიფოს მხრიდან, პრაქტიკის კვლევების წახალისება: მაგ. სკოლისა და უნივერსიტეტის კავშირი მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებაში.
გირჩი: სკოლების პრივატიზაცია და ერთიანი სასწავლო გეგმის გაუქმება, რომ ქვეყანაში გაჩნდეს მოთხოვნა განათლებაზე. ახლა სკოლები შინაარსობრივად ასრულებენ ძიძის ფუნქციას და ამიტომ არ უზრუნველყოფენ განათლების მიწოდებას. მანამ, სანამ სკოლები სახელმწიფო საკუთრებაში იქნება და მანამ, სანამ ყველა სკოლა ერთიან სასწავლო გეგმას ემორჩილება, ეს პრობლემა ვერ მოგვარდება.
როგორ წარმოგიდგენიათ სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება?
ძლიერი საქართველო: სკოლების ინფრასტრუქტურის თანამედროვე სასკოლო ინვენტარითა და დანადგარებით აღჭურვა. სასწავლო ტექნოლოგიური პლატფორმების, ვირტუალური ლაბორატორიების ჩამოყალიბება ყველა საგნისა და კლასისთვის. თანამედროვე IT სკოლები ყველა რეგიონში (როგორც ეს გაკეთდა წალენჯიხაში). ინფრასტრუქტურის განვითარების გრძელვადიანი, პროგნოზირებადი და გამჭვირვალე გეგმის შემუშავება. დისტანციური განათლების დანერგვა.
გირჩი: სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ზოგადად სასკოლო განათლება - მთავრობის საქმე არაა. სკოლები კერძო საკუთრება უნდა იყოს და სკოლის მფლობელი იფიქრებს ინფრასტრუქტურაზე.
რა პოზიცია გაქვთ სკოლაში უფასო კვების დანერგვის შესახებ და თუკი საჭიროდ მიიჩნევთ, როგორ ხედავთ ამ პროცესის განხორციელების გზას?
ძლიერი საქართველო: "ძლიერი საქართველო" ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ზოგადი განათლების სფეროში სასკოლო კვების დანერგვას მიიჩნევს. დანერგვა შესაძლებელია ეტაპობრივად, მუნიციპალიტეტების ჩართვით მართვის, მიწოდებისა და ხარისხის კონტროლის საკითხებში. სასკოლო კვების დანერგვისას მნიშვნელოვანია ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოყენება, რაც ხელს შეუწყობს ფერმერებისა და მცირე მეწარმეების განვითარებას.
გირჩი: წინააღმდეგი ვართ და ზოგადად, სამყაროში არაფერია უფასო. ამიტომ გაუგებარია, თუ ვინაა ვალდებული ამ ქვეყანაში ჩემი შვილის კვების ფული გადაიხადოს.
როგორ განსაზღვრავდით სკოლის დირექტორების არჩევის წესს?
ძლიერი საქართველო: სკოლების „დეპოლიტიზაციისთვის“: სკოლის დირექტორების შერჩევის სისტემის ცვლილება (ცენტრალურ დონეზე გასაუბრების ეტაპის გაუქმება).
გირჩი: სკოლის მესაკუთრემ უნდა აირჩიოს ის დირექტორი, რომელიც მას სურს.
როგორ მოაგვარებთ მიუსაფარი ცხოველების პრობლემას?
ძლიერი საქართველო: ადამიანის და ცხოველის ჰარმონიული თანაარსებობის უზრუნველყოფა ქმედითი საკანონმდებლო და აღმასრულებელი მექანიზმების შექმნით; პოპულაციის სისტემური მართვა-გამრავლების კონტროლითა და სტერილიზაციის თანამედროვე სახელმწიფო პროგრამებით; ცოფისა და სხვა საშიში დაავადებების გავრცელების პრევენცია თანმიმდევრული მიდგომით. ახალი კანონმდებლობით, რომელიც სფეროს აქტიური ჩართულობით უნდა შემუშავდეს, უზრუნველყოფილი იყოს: ადამიანის და ცხოველების უფლებების დაცვა, მოქალაქეების და ცხოველების კეთილდღეობა და ჰარმონიული თანაარსებობა და კომუნიკაცია, კინოლოგიური, ფელინოლოგიური და ვეტერინარული დაწესებულებების უფლებების გათვალისწინება და მათი როლის გაზრდა ცხოველთა პოპულაციის მართვის პროცესში და მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის შემცირება და ცხოველების გაჩუქების ქმედითი პროგრამების შემუშავება.
გირჩი: ცხოველს უნდა ჰყავდეს პატრონი, ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, რომ ქუჩაში არ იყოს ძაღლი თუ კატა, რომელსაც არ ჰყავს პატრონი.
როგორ გადაჭრით საქალაქთაშორისო ტრანსპორტისა და გაუმართავი ავტოსადგურების პრობლემას?
ძლიერი საქართველო: საქართველოს რკინიგზის რეფორმის განხორციელების და ინფრასტრუქტურული დაფინანსების გაზრდის გზით, „ძლიერი საქართველო“ ხელს შეუწყობს კონკურენტული გარემოს შექმნას და აღმოფხვრის ამ დარგში ფავორიტიზმსა და კორუფციას.
გირჩი: გავაუქმებთ ყველა სახელმწიფო რეგულაციებს ამ სფეროში, რათა კერძო კომპანიებს ჰქონდეთ თავისუფლება, მოაწყონ მარშრუტები თუ სადგურები ისე, როგორც ეს მათ მომხმარებელს სჭირდება.
რა ღონისძიებების გატარებას მიიჩნევთ საჭიროდ მწირი მწვანე სივრცეების პრობლემის გადასაჭრელად ურბანულ დასახლებებში?
ძლიერი საქართველო: „მწვანე“ პოლიტიკის გატარება, ეკოსისტემების მკაცრი დაცვა სავალდებულო იქნება ყველა დონის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. „ძლიერი საქართველო“ მეგაპროექტებს განახორციელებს ადამიანების ინტერესებსა და გარემოზე მორგებული, თანამედროვე, ევროპული „მწვანე“ სამშენებლო პრაქტიკის გამოყენებით, რომელიც გულისხმობს გამჭვირვალე სატენდერო პირობებს და ქართული კომპანიების დახმარებას, რათა ისინი იყვნენ ეფექტიანი, დაიცვან გარემო და უზრუნველყონ ხალხის უსაფრთხოება.
გირჩი: ეს არ არის საკითხი, რომელიც უნდა შედიოდეს პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგში. მწვანე სივრცეებზე უნდა ზრუნავდეს კერძო მესაკუთრე ან უკიდურეს შემთხვევაში ადგილობრივი ხელისუფლება. პარლამენტის საქმე კი ისაა, რომ ამისთვის აუცილებელი პირობები შექმნას.
როგორ მოაგვარებთ რეგიონებში უწყვეტი წყალმომარაგების და სუფთა წყლის პრობლემას?
ძლიერი საქართველო: ინფრასტრუქტურის სისტემების განვითარების თვალსაზრისით არსებული კორუფციული პრობლემების აღმოფხვრა და აღნიშნული სერვისის მიწოდებაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. დაცული ტერიტორიების მოცულობის გაფართოება, დეგრადირებული ტყის აღდგენა, ზღვის, მდინარეების, ტბების, წყალსაცავების დაცვა და განვითარება.
გირჩი: ეს არ არის საკითხი, რომელიც უნდა შედიოდეს პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგში. წყლის მომარაგების თუ სუფთა წყლის უზრუნველყოფა კერძო ბიზნესის ან, უკიდურეს, ძალიან სპეციფიკურ შემთხვევაში ადგილობრივი ხელისუფლების საქმე უნდა. პარლამენტის საქმე კი ისაა, რომ ამისთვის აუცილებელი უფლებამოსილების დელეგირება და შემზღუდავი რეგულაციების გაუქმება განახორციელოს.
აპირებთ თუ არა სპეციალური პოლიტიკის გატარებას, რის შედეგადაც ქვეყანაში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება გაუმჯობესდება?
ძლიერი საქართველო: „ძლიერი საქართველო“ აპირებს დაფინანსების სტაბილური სისტემის ჩამოყალიბებას, სტატისტიკის ელექტრონული სისტემის დახვეწას და უწყებებს შორის მჭიდრო კოორდინაციის ხელშეწყობას.
პერმანენტული სოციალური კამპანია მძღოლებისთვის, ქვეითებისთვის, ველო/მოტო მომხმარებლებისთვის და სხვა; აღსრულების გაძლიერება სიჩქარის გადაჭარბებაზე, ალკოჰოლური თრობის ქვეშ ტრანსპორტის მართვაზე, მართვის დროს მობილურის გამოყენებაზე, უსაფრთხოების ღვედების გამოყენებაზე და ა.შ. საკანონმდებლო ბაზის დახვეწა - ქულათა სისტემის ეფექტურობისთვის, უკანა სავარძელზე უსაფრთხოების ღვედების გამოყენება, საბავშვო სამგზავრო სავარძლები და სხვა; მართვის მოწმობის ნაწილში სასწავლო პროგრამების შექმნა მძღოლობის კანდიდატებისთვის და ავტოსკოლების ლიცენზირება. უსაფრთხო საგზაო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა - შავი წერტილების იდენტიფიცირება და მისი აღმოფხვრის სისტემის შექმნა და უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისწინება გზების მშენებლობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესება - ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების სისტემის დახვეწა, ტექინსპექტირებაზე აღსრულების მექანიზმის გაუმჯობესება, ავტოპარკის გაახალგაზრდავება, ეკომეგობრული ტრანსპორტის წახალისება, მძღოლებისთვის შრომის და დასვენების რეჟიმების, სახიფათო ტვირთების გადაზიდვის და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების გამოყენების რეგულირება.
გირჩი: ვაპირებთ.
როგორ უნდა განვითარდეს მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტი?
ძლიერი საქართველო: ეკოლოგიურად უსაფრთხო ტრანსპორტის გამოყენების წამახალისებელი ღონისძიებების გატარება; ინფრასტრუქტურული დაფინანსების გაზრდა და კორუფციის აღმოფხვრა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით ეკოლოგიურად მაღალი სტანდარტის საზოგადოებრივი ტრანსპორტის პროექტების განხორციელება და კერძო მანქანებით სარგებლობაზე უარის თქმის წამახალისებელი პროგრამების შემოღება.
გირჩი: ისე, როგორც მუნიციპალიტეტებს მოუნდება. ერთიანი პოლიტიკის დაწესება არ იქნება სწორი. თუმცა იდეალურ შემთხვევაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ უნდა არსებობდეს და ხალხის გადაზიდვა კერძო ბიზნესმა უნდა უზრუნველყოს.
საჭიროდ თვლით თუ არა რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებას?
ძლიერი საქართველო: კი
გირჩი: არა
რა მიმართულებით უნდა განვითარდეს რუსეთთან ურთიერთობები?
ძლიერი საქართველო: "ქართულმა ოცნებამ“ დაუშვა რუსი ემიგრანტების უკონტროლო შემოსვლა, რომლებმაც იყიდეს მიწები და უძრავი ქონება, გახსნეს ბიზნესები და გაზარდეს ფასები, ჩვენი ქალაქები გაივსო რუსებით და სამუშაო ადგილებზეც ბევრგან ჩაანაცვლეს ქართველები. ამ უკონტროლო ვითარებას დაასრულებს ჩვენ მიერ მომზადებული „საქართველოს დაცვის აქტის“ ამოქმედება. რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეგულაციის დაწესება. დასაქმების ბაზრის დაცვა, მიწის გაყიდვის შეზღუდვა რუსეთის მოქალაქეებისთვის, რუსული სანომრენიშნიანი მანქანების აკრძალვა, რუსული კომპანიებისთვის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის აკრძალვა, რუსული ბიზნესისთვის საოკუპაციო მოსაკრებლის დაწესება - ჩვენ გვსურს, ყველა მუნიციპალიტეტში საოკუპაციო მოსაკრებელი დავაწესოთ, რომლის გადახდაც რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაში არსებულ ბიზნესს მოუწევს. მოსაკრებლიდან შემოსული თანხები კი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს მოხმარდება. ფრენების აკრძალვა - ჩვენ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აკრძალვას ვითხოვთ. რუსული სატელევიზიო არხების მაუწყებლობის აკრძალვა - საქართველოში აიკრძალოს რუსული პროპაგანდისტული არხების უკონტროლოდ მაუწყებლობა. რუსული ფონდების აკრძალვა - აიკრძალოს რუსული ფონდების საქმიანობა საქართველოში, რომლებიც კრემლის საოკუპაციო პოლიტიკას ემსახურებიან.
გირჩი: დეოკუპაციის საკითხი არის საკვანძო, ამიტომ სანამ ეს საკითხი არ მოგვარდება, რაიმე პოლიტიკური ურთიერთობები არ უნდა იყოს დღის წესრიგში.
რა მიმართულებით უნდა განვითარდეს უკრაინასთან ურთიერთობები?
ძლიერი საქართველო: უკრაინა საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეა, უკრაინის მიერ საკუთარი სუვერენული ინტერესების წარმატებული დაცვა პირდაპირ აისახება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებზე. შესაბამისად, საერთაშორისო ასპარეზზე და ყველა შესაბამის ფორუმზე უკრაინას ექნება საქართველოს სტრატეგიული და ტაქტიკური მხარდაჭერა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი მჭიდროდ იქნება კოორდინირებული უკრაინასთან და უკრაინის სწრაფი გაწევრიანება ევროკავშირში მიგვაჩნია საქართველოსთვის მნიშვნელოვან ინტერესად. შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების ფორმატების ფარგლებში ასევე პრიორიტეტულია უკრაინასთან საერთო უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებზე მუშაობა. რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება ახალ შესაძლებლობებს შექმნის უკრაინასთან სტრატეგიული ეკონომიკური ურთიერთობების გასავითარებლად. გირჩი: ყველა ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან შეძლებისდაგვარად კარგი ურთიერთობები უნდა გვქონდეს.
რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ჩინეთთან ურთიერთობები?
ძლიერი საქართველო: ჩინეთი არის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის და მიგვაჩნია, რომ ჩინეთთან ეკონომიკური შესაძლებლობების სრულად ათვისება საქართველოს ინტერესებშია. მივესალმებით ჩინეთის მიერ არაღიარების პოლიტიკის გატარებას ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ამავე დროს, შესაძლებელია ჩინეთთან პოლიტიკური დიალოგის გაგრძელება იმისთვის, რომ მიღწეულ იქნას მეტი მხარდაჭერა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა დაბრუნების მხარდამჭერი რეზოლუციის მხარდაჭერისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე უფრო ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.
გირჩი: ჩინეთი ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტარული ქვეყანაა, ამიტომ პოლიტიკური ურთიერთობები მაქსიმალურად სიფრთხილით უნდა ავაწყოთ. ხოლო, ეკონომიკურ ნაწილში, ჩვენ ზოგადად მხარს ვუჭერთ თავისუფალ ვაჭრობას ყველა ქვეყანასთან, მათ შორის ჩინეთთან.
რა მიმართულებით უნდა განვითარდეს აშშ-თან ურთიერთობები?
ძლიერი საქართველო: "მეგობარი აქტი," რომელიც განიხილება აშშ-ის კონგრესის მიერ, ახალ შესაძლებლობებს შექმნის საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად. ჩვენ სრულად ვაპირებთ ავითვისოთ ეს ახალი შესაძლებლობები. პირველ რიგში, ეს არის უვიზო მიმოსვლისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შეთანხმებების გაფორმება. ასევე, გაღრმავდება პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა როგორც თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ეფექტური მექანიზმების შესაქმნელად, როგორიცაა ერთობლივი წვრთნები, როტაციული ძალები და ა.შ, ასევე უსაფრთხოების მიმართულებით სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე - კიბერუსაფრთხოება, საინფორმაციო უსაფრთხოება და სხვა მიმართულებები.
გირჩი: აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენი ურთიერთობა უნდა იყოს იმგვარი, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორებს შეეფერება. ამასთან, ჩვენ ყველაზე პროამერიკული პარტია ვართ და გვინდა, რომ მათ შორის ამერიკელების დახმარებით ამ ქვეყანაში იყოს მიღწეული ამერიკის მსგავსი სამართლიანი სასამართლო, კერძო საკუთრების დაცულობა, სიტყვის თავისუფლება და ა.შ.
როგორ განაახლებთ ევროკავშირთან შეჩერებულ მოლაპარაკების პროცესს გაწევრიანებასთან დაკავშირებით?
ძლიერი საქართველო: „ძლიერ საქართველოს“ აქვს დეტალური გეგმა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მოკლე დროში უზრუნველყოფს. ჩვენი გეგმით ევროკავშირის 9 რეკომენდაცია სწრაფად შესრულდება. საქართველო გახსნის და ეფექტიანად განახორციელებს მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. საქართველო იქნება ევროკავშირის გაფართოების ტალღის ლიდერი ქვეყანა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენის გზით და ევროკავშირის მოთხოვნების სწრაფად შესრულების შედეგად. ჩვენ ხელი მოვაწერეთ პრეზიდენტის ,,ქართულ ქარტიას”, რომელიც სწორედ ამ მიზნისკენ მიმართულ მრავალპარტიულ შეთანხმებას წარმოადგენს.
გირჩი: დავიწყებთ სასამართლო და სხვა რეფორმების ჩატარებას და გავაუქმებთ იმ მავნებლურ კანონებს, რომლებიც ევროინტეგრაციას უშლის ხელს. პარალელურად, ჩამოვაყალიბებთ პრინციპულ პოზიციას, რომ მოლაპარაკებების დროს ჩვენთვის მაქსიმალურად მომგებიანი პირობები გამოვივაჭროთ და ბრმად არ დავაკოპიროთ წესები, რომლებსაც ევრობიუროკრატია შემოგვთავაზებს.
როგორ დაიცავთ თავს რუსეთის შესაძლო სამხედრო აგრესიისგან?
ძლიერი საქართველო: „ძლიერ საქართველოს“ მტკიცედ სჯერა მშვიდობისა და სტაბილურობის ნებისმიერ დროს დაცვის ვალდებულებაში. საქართველოს თავდაცვითი სამხედრო შესაძლებლობები და უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავების უნარი საგრძნობლად უნდა გაიზარდოს. მთლიანად ქვეყნის უსაფრთხოების სისტემა უნდა აიგოს ნატოს საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე საქართველოს ადგილმდებარეობის, მისი ტერიტორიების ნაწილის ოკუპაციის, საყოველთაო და სპეციფიკური რისკისა და გამოწვევების გათვალისწინებით. მოკლე დროშია აღსადგენი კონსტიტუციური სტატუსის მქონე ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, რომელიც იქნება მუდმივმოქმედი ორგანო, მისი აპარატის შესაბამისი საკადრო/საექსპერტო, საინფორმაციო და სხვა სახის უზრუნველყოფით. უსაფრთხოების სფეროში კანონმდებლობის მოწესრიგების შედეგად, უნდა გამოირიცხოს ფუნქციების დუბლირება და პარალელიზმი, მკაფიოდ დადგინდეს და გაიმიჯნოს კომპეტენციები, ვალდებულებები და პასუხისმგებლობა. გაღრმავდება პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა ნატოსთან საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში სწრაფი გაწევრიანების და თავსებადობის უზრუნველსაყოფად. შეკავების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით დაიწყება დიალოგი პარტნიორებთან, პირველ რიგში ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ეფექტური მექანიზმების შესაქმნელად, როგორიცაა ერთობლივი წვრთნები, როტაციული ძალები და ა.შ. თავდაცვითი შეიარაღების ახალი სისტემების გრძელვადიანი შესყიდვების განხორციელება. ეროვნული გვარდიის ბაზაზე შეიქმნება ტერიტორიული თავდაცვის ძალები მთელი ქვეყნის მასშტაბით და მოხდება მოხალისეთა ორგანიზაციების ერთიან ოპერატიულ სურათში ინტეგრირება. სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირები პერსონალურად და სისტემატურად უნდა მონაწილეობდნენ წვრთნებსა და იმიტაციურ ვარჯიშებში, რომ შეიძინონ ექსტრემალურ (საგანგებო და საომარი მდგომარეობა) და არაორდინარულ (ე.წ. ჰიბრიდული ომის გამოვლინებები) ვითარებაში გადაწყვეტილებების ოპერატიულად მიღება-აღსრულების უნარ-ჩვევები.
გირჩი: ჩვენი უსაფრთხოების გარანტია - აშშ და დასავლეთია და არ არსებობს მოკლევადიან პერიოდში ისეთი რეფორმა, რომელიც ჩვენს თავდაცვისუნარიანობას პრინციპულად აამაღლებს. ამიტომ მოკლევადიან პერსპექტივაში აშშ-თან ურთიერთობის დალაგება არის ამ ნაწილში პრიორიტეტი. თუმცა გრძელვადიანად, სავალდებულო გაწვევის გაუქმებით, სამხედრო ბიუჯეტის ზრდით და დასავლეთთან მჭიდრო პარტნიორობით, შესაძლებელია ისეთი ჯარის შექმნა, რომლის პირობებში რუსეთი ვერ გაბედავს ომის დაწყებას.
უნდა ააშენოს თუ არა ანაკლიის პორტი ჩინურმა სახელმწიფო კომპანიებმა და თუ კი, რა პირობებით?
ძლიერი საქართველო: „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში 12-წლიანი ცრუ და ცარიელი დაპირებების შემდეგ, სადაც 200,000 სამუშაო ადგილი აღმოიფხვრა, ჩვენ მზად ვართ, ეს სამუშაოები რეალობად ვაქციოთ - დაწყებული ანაკლიის პორტის განვითარებით, რაც ნამდვილად რეალური და მიღწევადი მიზანია ამ პრობლემის გადასაჭრელად. ანაკლიის პორტის მშენებლობა უნდა განხორციელდეს ძირითადად დასავლური ქვეყნების თანამონაწილეობით, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ მისი ეკონომიკური დატვირთვის გათვალისწინებით, ჩინეთსაც მიეცეს პროექტში გარკვეული თანამონაწილეობის უფლება. ამავე დროს, როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, ჩინური სახელმწიფო კომპანიებისათვის პორტის მშენებლობის უფლების ექსკლუზიურად გადაცემა იწვევს მთელ რიგ პრობლემებს. ეს შეეხება როგორც სახელმწიფო ვალის გაზრდას, ე.წ. ჩინური ვალის ხაფანგს, ასევე კორუფციულ საფრთხეებს, პრობლემებს სამუშაოს ხარისხისა და ვადების დაცვის თვალსაზრისით. მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია აშშ-ის მიერ სანქცირებული ჩინური კამპანიების მიერ ანაკლიის პორტის მშენებლობა, რაც სტრატეგიულ გამოწვევებს შეუქმნის როგორც პორტის ფუნქციონირებას, ასევე საქართველოს ინტერესებს. ანაკლიის პორტის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ის უნდა აშენდეს საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეების - აშშ-ის და ევროკავშირის ქვეყნების თანამონაწილეობით და საქართველოს სუვერენული ინტერესების სრული დაცვით.
გირჩი: მთავრობის საქმე არაა, თუ სად და ვინ აშენებს პორტს. ეს მიწა უნდა გადაეცეს კერძო მესაკუთრეს და რაც უნდა, ის ააშენოს იქ, გინდ პორტი, გინდ სასტუმრო.