მმართველი პარტია "ქართული ლეგიონის" მიერ მეომართა რეკრუტირების პროცესში "ნაციონალური მოძრაობის" მონაწილეობაზე ალაპარაკდა; ხოლო როდესაც ჟურნალისტებმა "ოცნების" თავმჯდომარეს ჰკითხეს, არიან თუ არა უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომრები გმირები, კობახიძემ უპასუხა, რომ ვინც „ენთუზიაზმით" იბრძვის იდეისთვის, "პატივი უნდა ვცეთ.. ვინც ფულის სანაცვლოდ აკეთებს ამას იქ, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები არის".
კობახიძის და "ოცნების" სხვა წარმომადგენელთა განცხადებებმა უკრაინაში მებრძოლი ქართველები აღაშფოთა.
რადიო თავისუფლება შეეცადა, დაედგინა - რა სამართლებრივ საფუძველზე იბრძვიან უცხოელები და მათ შორის - ქართველები უკრაინაში? ვინ უხდის მათ ხელფასს?
კანონიერია თუ არა?
უკრაინული წყაროების თანახმად, უცხოელი მოხალისე მებრძოლების აღრიცხვისა და ლეგალიზების პროცესი უკრაინაში 2015 წელს დაიწყო, როცა პრეზიდენტი ჯერ კიდევ პეტრო პოროშენკო იყო. ახალმა საკანონმდებლო ნორმებმა საშუალება მისცეს უკრაინის მოქალაქეობის არმქონე უცხოელებს გაეფორმებინათ კონტრაქტები და უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესულიყვნენ.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტს, "ქართულმა ლეგიონმა", ერთ-ერთმა პირველმა, 2016 წელს მოაწერა ხელი. ეს დასტურდება უკრაინული წყაროებითაც. მეთაური, მამუკა მამულაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დღეს "ქართული ლეგიონი" 1300 სამხედროს აერთიანებს და ის უკრაინული ჯარის "ყველაზე დიდი უცხოური დანაყოფია". კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, "ქართული ლეგიონი" 54-ე ბრიგადის შემადგენლობაში მსახურობდა, რომელიც 2017 წლის დეკემბერში ხელმძღვანელებთან შეუთანხმებლობისა და პროტესტის ნიშნად დატოვა. ამჟამად “ქართული ლეგიონი”, როგორც აცხადებენ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ექვემდებარება.
"ქართული ლეგიონის" შემადგენლობაში, ქართველებთან ერთად, უცხოელებიც იბრძვიან - აშშ-დან თუ დიდი ბრიტანეთიდან. ფრონტის არაერთ მონაკვეთზე სპეციალური საბრძოლო ამოცანების შესრულების გარდა, ლეგიონის ერთ-ერთი ამოცანაა გამოცდილი მეომრების რეკრუტირება. ქართველი სამხედროები წვრთნიან შედარებით გამოუცდელებსაც.
ასევე ნახეთ მამუკა მამულაშვილი: აქ ყველა კონცენტრირებულია ბრძოლაზე და არა საბუთების კეთებაზეკონტრაქტების გაფორმების შემდეგ, უკრაინაში მებრძოლ უცხოელებს სახელმწიფომ ოფიციალურად დაურიგა იარაღი და მათი სამხედრო ბილეთები ბინადრობის მოწმობასთან გაათანაბრა.
თუმცა უკრაინული მედია იმ წლებში ფართოდ აშუქებდა პრობლემებს, რომლებიც უცხოელ მეომრებს კვლავ ექმნებოდათ, მაგალითად, საზღვარის გადაკვეთის დროს. ასევე, მათ უწევდათ ჯარიმების გადახდაც. ამ პრობლემებზე ღიად ლაპარაკობდა თავად მამუკა მამულაშვილიც. იუწყებოდნენ, რომ პრეზიდენტმა პოროშენკომ არ შეასრულა დაპირება - უცხოელ მებრძოლებს, რომლებსაც ოფიციალური კონტრაქტი ჰქონდათ, რეალურად არ გაუმარტივდათ მოქალაქეობის მიღების პროცედურა.
უცხო ქვეყნების მეომართა ლეგალიზების მეორე ტალღა 2019 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტად ვოლოდიმირ ზელენსკი აირჩიეს. "ქართული ლეგიონი" შეუერთდა საკანონმდებლო ცვლილებების მხარდამჭერ აქციას, 2019 წლის ივნისში, როცა რადაში მეომართა სტატუსის ლეგალიზების ახალ ნორმებს განიხილავდნენ. ამის შემდეგ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ, გამარტივებული წესით, უკრაინის მოქალაქეობა არაერთ მებრძოლს მიანიჭა, მათ შორის - ქართველებს.
ქართველები სხვა შენაერთებში
ქართველები უკრაინაში მხოლოდ "ქართულ ლეგიონში" არ მსახურობენ - ისინი უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა სტრუქტურაში არიან გაერთიანებული.
რუსეთის არმიასთან ბრძოლის ბევრი მსურველი უკავშირდება ლადო გამსახურდიასაც - „კავკასიის ლეგიონის“ მეთაურს, რომელიც ასევე ორგანიზაცია „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი კავკასიის“ თავმჯდომარეა. ლეგიონი უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალურ სტრუქტურას წარმოადგენს და კავკასიის ხალხებს აერთიანებს. გამსახურდია ამბობს, რომ კავკასიელები უკრაინის, საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის თავისუფლებისთვის იბრძვიან.
რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, გამსახურდამ ასევე თქვა, რომ კავშირი აქვს „გამოცდილი ბიჭებთან" "ქართული ლეგიონიდან". "მეამაყება, რომ ისინი არიან ჩემი ქვეყნიდან“, - თქვა გამსახურდიამ.
აქვთ თუ არა ანაზღაურება უცხოელ მეომრებს?
შეიარაღებულ ძალებთან თუ გვარდიასთან ოფიციალური კონტრაქტის გაფორმებამდე, ქვეყანაში საბრძოლველად ჩასულ ყველა მსურველს თავად უკრაინის ხელისუფლება ამოწმებს. კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, მოხალისე მებრძოლებს, ისევე როგორც უკრაინის მოქალაქეებს ოფიციალურ ანაზღაურებას უხდიან. ეს მხოლოდ ქართველების შემთხვევაში არ ხდება და არც მხოლოდ უკრაინაში.
ასევე ნახეთ უკრაინის მხარეზე მებრძოლი ჩეჩნები და მათი ქართველი მეკავშირეხდება ისეც, რომ უკრაინის დასახმარებლად ჩადიან მოხალისე მებრძოლები, რომლებმაც სამუშაო ადგილები დატოვეს და უკრაინაში აღებული ხელფასი მათთვის და მათი ოჯახებისთვის საარსებო წყაროს წარმოადგენს. მაგრამ არცთუ იშვიათად, ხელფასი ისევ ომის საჭიროებებს ხმარდება.
სპეცდანიშნულების რაზმ „ობონის“ სადივერსიო-სადაზვერვო ჯგუფის მეთაური, ჩეჩნეთის მკვიდრი ხუსეინ ჯამბეტოვი ამბობს, რომ უკრაინული ხელფასი მას დაახლოებით 10 დღეს თუ ჰყოფნის, მათ შორის ამ ფულით ყიდულობს ბენზინს მანქანისთვის.
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალებისა თუ გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების ხელფასი 2022 წლის 1 მარტიდან გაიზარდა; მინიმალურო ხელფასი და დანამატი დამოკიდებულია სამსახურის ტიპზე, სამხედროს ჩინსა და თანამდებობაზე. კრიტერიუმები ღიაა; პრობლემების მოსაგვარებლად მუშაობს ცხელი ხაზი.
2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივით, ახალი, "საერთაშორისო ლეგიონი" ჩამოყალიბდა. ის მთელი მსოფლიოს მებრძოლებს უკრაინისა და თავისუფლების მხარდაჭერისკენ, სამხედრო დახმარებისკენ მოუწოდებს. ოფიციალურ ვებსაიტზე ახსნილია, თუ როგორ უნდა მოხვდნენ მეომრები უკრაინაში.
ასევე ნახეთ უცხოელი მოხალისეებისთვის ზელენსკიმ უვიზო რეჟიმი შემოიღო
"საერთაშორისო ლეგიონის" ოფიციალურ გვერდზე ხელფასის რაოდენობა მითითებული არ არის. ივნისში "ნიუ-იორკ ტაიმსი" წერდა, რომ "საერთაშორისო ლეგიონში" ჩარიცხულებს უხდიან იმდენივეს, რასაც უკრაინელ მებრძოლებს. გამოცემის წყაროს ცნობით, ისინი ყიველთვიურად იღებენ საბაზისო 630$-ის ექვივალენტს გრივნებში და ბონუსებს - "რამაც შეიძლება თვეში რამდენიმე ათასი დოლარიც შეადგინოს“.
"ქართული ლეგიონის" მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მათ უარი აქვთ ნათქვამი უამრავი მსურველისთვის, რომლებიც ბრძოლაში ჩართვაზე ლაპარაკს ხელფასის რაოდენობის გარკვევით იწყებდნენ.
"კომერციული მიზნები" - რას და რატომ ამბობს "ოცნება"?
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 5 დეკემბერს თქვა, რომ მებრძოლები უკრაინაში „ომის პარტიას“ მიჰყავს, ხოლო შემდეგ, 7 დეკემბერს, შეასწორა - „ნაციონალურ მოძრაობის“ წაყვანილი იქ მხოლოდ ნაწილიაო.
ერთი დღის შემდეგ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საეჭვოა გმირობა, „როდესაც ხდება კომერციული მიზნებით ადამიანების ომისთვის რეკრუტირება და აქედან კომერციული მოგების მიღება“; ხოლო გმირია, „თუ ადამიანი ენთუზიაზმით იდეისთვის იბრძვის და ამ იდეას ეწირება“.
"ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებმა ლაპარაკი დაიწყეს ასევე უკრაინაში მებრძოლებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლების შესახებ.
ასევე ნახეთ ღარიბაშვილმა განმარტა, რატომ უწოდა „საწყალი ბიჭები" უკრაინაში დაღუპულ ქართველ მეომრებს ასევე ნახეთ მდინარაძე: პირი საქართველოს მოქალაქეობას კარგავს, თუ დადასტურდა, რომ ის სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებში ჩაირიცხახელისუფლების წარმომადგენლები საკუთარი განცხადებების დასტურად ახსენებდნენ ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეული მოძრაობის - „ხალხის ძალის“ მედიაპლატფორმის, ტელეკომპანია „POS TV“-ს "ექსპერიმენტს", რომლის დროსაც, ჟურნალისტი ომში წასვლის მსურველად გაეცნო, სავარაუდოდ, უკრაინაში მოქმედი "ქართული ლეგიონის" წარმომადგენელს და შემდეგ, მიმოწერა გამოაქვეყნა.
"POS TV"-ის წარმომადგენელი, სავარაუდოდ, უკრაინაში მყოფ სამხედროს სწერს და ანაზღაურების ოდენობის შესახებაც ეკითხება. პასუხი ასეთია: „ხელფასი 45 000 გრივნაა“, ასევე „საბრძოლო მოქმედებების ცალკეა“ და ეს „2000 დოლარზე მეტია, საბრძოლოიანად“. "ომში წასვლის მსურველს" ეკითხებიან საბრძოლო გამოცდილებაზეც.
"მიმოწერის დროს დაგვიდასტურეს, რომ ეგრედწოდებული „ლეგიონი“ ნამდვილად სთავაზობს ქართველებს უკრაინაში, საომარ მოქმედებებში ჩართვას, თანაც თანხის სანაცვლოდ", - "POS TV" "ქართულ ლეგიონს" დაჯგუფებად მოიხსენიებს და ასევე ხაზს უსვამს, რომ მას "ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნონა მამულაშვილის ძმა, მამუკა მამულაშვილი ხელმძღვანელობს“.
ასევე ნახეთ ნონა მამულაშვილი პრემიერს: ჩემს ძმას არაფერი აკავშირებს „ნაციონალურ მოძრაობასთან"8 დეკემბერს ნონა მამულაშვილი პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმაც ახსენა. ყოფილმა დეპუტატმა კი უპასუხა, რომ მის ძმას, მამუკა მამულაშვილს არანაირი კავშირი არა აქვს "ნაციონალურ მოძრაობასთან" ანდა რომელიმე სხვა პოლიტიკურ პარტიასთან; ხოლო პრემიერი "ამ ქვეყნის, მისი ხალხის და მისი ისტორიის სირცხვილია, რის კომპენსირებასაც სწორედ ჩემი ძმა და მისი მსგავსი ათასობით ღირსეული ქართველი ახერხებს უკრაინაში".
პარტიულ კავშირებს უარყოფს თავად "ქართული ლეგიონი", 8 დეკემბერს ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ საგანგებო განცხადებაში. გასულ კვირაში უკრაინაში მებრძოლთა არაერთი განცხადება და ვიდეოკომენტარი გამოქვეყნდა, სადაც ისინი აკრიტიკებენ ხელისუფლების განცხადებებს.