საქართველოს პარლამენტის და „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი ნონა მამულაშვილი გამოეხმაურა მისი და მისი ძმის, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის" მეთაურის, მამუკა მამულაშვილის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას. ყოფილი დეპუტატი უარყოფს ყოველგვარ კავშირს მამუკა მამულაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას" შორის.
„მინდა გამოვეხმაურო ზნედაცემული ე.წ. პრემიერ-მინისტრის განცხადებას. მას შემდეგ, რაც დაღუპულ ქართველ მებრძოლებს „საცოდავები” უწოდა და ოპოზიციასთან დააკავშირა, დღეს უკვე ჩემი ძმა, „ქართული ლეგიონის” მეთაური, მამუკა მამულაშვილი, ჩემი გავლით, დააკავშირა „ნაციონალურ მოძრაობას".
ყველა ნორმალური ადამიანისთვის, ყოველგვარი ახსნა-განმარტება ზედმეტია, თუმცა, მაინც მინდა ვთქვა, რომ „ქართული ლეგიონი” არის უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ქვეშ მოქმედი საბრძოლო ერთეული. რომელიც 2014 წლიდან იბრძვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინაში. მანამდე, საქართველოს იცავდნენ ყველა რუსული შემოტევის დროს.
ხაზგასმით ვამბობ, ჩემს ძმას არაფერი აკავშირებს არც „ნაციონალურ მოძრაობასთან" და არც სხვა რომელიმე პარტიასთან, ის არის პატრიოტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტრის წინააღმდეგ 14 წლიდან იბრძვის.
რაც შეეხება ღარიბაშვილს, ის ამ ქვეყნის, მისი ხალხის და მისი ისტორიის სირცხვილია, რის კომპენსირებასაც სწორედ ჩემი ძმა და მისი მსგავსი ათასობით ღირსეული ქართველი ახერხებს უკრაინაში", - წერს ნონა მამულაშვილი „ფეისბუკის" გვერდზე.
ნონა მამულაშვილმა საქართველოს პარლამენტი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 2022 წლის ნოემბერს დატოვა.
7 დეკემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა მამუკა მამულაშვილის „ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ მისი და იყო დეპუტატი ამ პარტიიდან.
„არის რამდენიმე ათეული ადამიანი, სააკაშვილის ომის პარტიის, იმ პარტიის, ვინც ჩვენი ტერიტორიები დაკარგა და ჩააბარა რუს ოკუპანტს და ომის შემდეგ გადასცა სტრატეგიული ობიექტები, მათ მიერ წაყვანილი და ორგანიზებული. ზოგიერთი მათგანი არის დღესაც პარტიის მოქმედი წევრი. მაგალითად, მამულაშვილი, რომელიც არის სააკაშვილის ძალიან დიდი მხარდამჭერი. მისი და იყო „ნაცმოძრაობიდან“ პარლამენტის წევრი. ეს ადამიანი ერთვება საერთაშორისო კონფერენციებს, ამბობს, რომ იქ ომობს და ა.შ. ჯერ მე ასე მესმის, მინდა მივმართო ამ ადამიანს, მამულაშვილს და მისნაირებს, პოლიტიკურად ანგაჟირებულებს: ღმერთმა მოგცეს საშუალება, რომ იომე, მაგრამ ეს პარტიული ჩართვები და მით უმეტეს, რამდენიმე ადამიანის პოლიტიკური ჩართვები მოვისმინე თქვენს ტელევიზიებში. პოლიტიკური განცხადებების გაკეთება ომის ფრონტიდან, მე არ ვიცი, რა სტილია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.