Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილმა განმარტა, რატომ უწოდა „საწყალი ბიჭები" უკრაინაში დაღუპულ ქართველ მეომრებს


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ომში ქართველი მეომრების დაღუპვის შემდეგ გაკეთებული განცხადება თავად განმარტა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ბოლო ორი დღეა, მე მინდა საზოგადოებას განვუმარტო და მათ შორის ყველას, ვინც შესაძლოა, უსმენდა ამ არასწორ ინტერპრეტაციებს ჩემი ნათქვამის. მგონი ყველამ ძალიან კარგად გაიგო და კიდევ ერთხელ მინდა, რომ განვმარტო ჩემი ნათქვამი. პირველ რიგში, მე მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გულწრფელად, ჩემი გულისტკივილი გამოვთქვა და მივუსამძიმრო უკრაინის ომში ყველა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს. ეს არის ტრაგედია, ეს არის დიდი დანაკლისი. ჩვენ ყველანი ამას განვიცდით. მე ვთქვი, რომ სახელმწიფო, რაც შეუძლია, ყველაფერს აკეთებს ამ ადამიანების ღირსეულად გადმოსასვენებლად და შემდეგ სამხედრო პატივით ყველა ეს ადამიანი მიებარა მიწას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა განმარტა კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ეხებოდა „ომის პარტიის" მიერ უკრაინაში ქართველების საომრად წაყვანას.

„ახლა მეორე თემა მინდა გითხრათ, რომ საერთოდ ყველამ და მე მინდა ვთხოვო რადიკალურ, ყველაზე მეტად დეგრადირებულ, ამორალურ ოპოზიციას, რომ ისეთ საკითხებზე, რომელიც ეხება ადამიანის გარდაცვალებას, მით უმეტეს, განსაცდელში, ომში მყოფი ადამიანის გარდაცვალებას, ამ თემით სპეკულირება არის ყოვლად ამორალური, უზნეობა და ფარისევლობა.

რაც შეეხება ჩემს განცხადებას, მე ვინც მიცნობს, იცის ჩემი დამოკიდებულება ფორმიანების მიმართ. ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და ორჯერ პრემიერ-მინისტრი ვარ. ჩემი დამოკიდებულება, პატივისცემა და ჩემი, ზოგადად, ყურადღება ყველასთვის ცნობილია - როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი და ჩვენი ვეტერანებისთვის, ჩვენი გმირი სამხედროების ოჯახების მიმართ.

ჩემი ნათქვამი იქნა გაგებული არასწორად, ეს თქვენი [ჟურნალისტების] „დამსახურებაა“, რომ ინტერპრეტირება არასწორად მოახდინეთ. ყველა იმ ადამიანს, ვინც უკრაინაში ომობს, თითქოს მე ვუწოდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რაც დიდი სიცრუეა. მე ვთქვი შემდეგი: უნდა გაიმიჯნოს, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ კონკრეტული გვარები დაასახელეს ამ ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა მედიასაშუალებების მეშვეობით. არიან ადამიანები კონკრეტული გვარებით და სახელებით, რომლებიც არიან პირდაპირ დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და სააკაშვილთან. არიან ადამიანები, ყოფილი პოლიციელები, ყოფილი სამხედროები, მოქალაქეები, რომლებიც თავისი მრწამსით, სულისკვეთებით, თავისი იდეალისტური დამოკიდებულებით წავიდნენ და ომობენ. მე მათზე არ მითქვამს, რომ ყველა ეს ადამიანი არის წაყვანილი „ნაცმოძრაობის“. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, უნდა გაიმიჯნოს - არის რამდენიმე ათეული ადამიანი, სააკაშვილის ომის პარტიის, იმ პარტიის, ვინც ჩვენი ტერიტორიები დაკარგა და ჩააბარა რუს ოკუპანტს და ომის შემდეგ გადასცა სტრატეგიული ობიექტები, მათ მიერ წაყვანილი და ორგანიზებული. ზოგიერთი მათგანი არის დღესაც პარტიის მოქმედი წევრი. მაგალითად, მამულაშვილი, რომელიც არის სააკაშვილის ძალიან დიდი მხარდამჭერი. მისი და იყო „ნაცმოძრაობიდან“ პარლამენტის წევრი. ეს ადამიანი ერთვება საერთაშორისო კონფერენციებს, ამბობს, რომ იქ ომობს და ა.შ. ჯერ მე ასე მესმის, მინდა მივმართო ამ ადამიანს, მამულაშვილს და მისნაირებს, პოლიტიკურად ანგაჟირებულებს: ღმერთმა მოგცეს საშუალება, რომ იომე, მაგრამ ეს პარტიული ჩართვები და მით უმეტეს, რამდენიმე ადამიანის პოლიტიკური ჩართვები მოვისმინე თქვენს ტელევიზიებში. პოლიტიკური განცხადებების გაკეთება ომის ფრონტიდან, მე არ ვიცი, რა სტილია, - თქვა პრემიერ-მინისტრმა და დაამატა, - მე მინდა ყველას, ჩვენს მოქალაქეს, რომელიც უკრაინაში წავიდა და ომობს, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, ვუსურვო ჯანმრთელობა და მშვიდობიანი დაბრუნება თავის ოჯახებში, ჩვენთან საქართველოში. ეს არის ჩვენი მთავარი გულწრფელი სურვილი".

ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი კიდევ ერთი განცხადება განმარტა: „ტერმინი „საწყალი“ - ხშირად ვიყენებ ამ სიტყვას ადამიანზე, რომელიც შეგეცოდება, გარდაიცვლება, ახლობელი იქნება თუ სხვა, ხშირად შეიძლება გამოიყენო უბრალოდ ეს ტერმინი, რომ შეგეცოდოს. ადამიანი, რომელიც დაიღუპება, შეიძლება შეგეცოდოს და გამოიყენო ეს სიტყვა. ემოციის გამოხატვაზე ადამიანს უთხრა, რატომ თქვი, არ ვიცი..."

უკრაინაში 5 ქართველი მებრძოლის დაღუპვიდან მესამე დღეს, 5 დეკემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და იქვე თქვა, რომ ქართველები უკრაინაში საბრძოლველად "ომის პარტიას" მიჰყავს.

განცხადება პრემიერ-მინისტრმა გააკეთა მთავრობის კანცელარიაში, მთავრობის სხდომის დაწყების წინ. მან თქვა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს დაღუპული მებრძოლების პატივსაცემად, ფარავს მათი სამშობლოში გადმოსვენების ხარჯებს და სამხედრო პატივით კრძალავს, "ფარისეველი" ოპოზიცია კი ადამიანების სიკვდილით ცდილობს "ყალბი დივიდენდების მიღებას". ამასთან, პრემიერმა დაღუპულ მეომრებს „საწყალი ბიჭები" უწოდა.

5 ქართველი მებრძოლი უკრაინაში, დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტში 3 დეკემბერს დაიღუპა, დაჭრილია მეთაური, გრძელდება ბრძოლა დაღუპულების ცხედრების გამოსაყვანად. გარდაცვლილის ოჯახებს 4 დეკემბერს სამძიმარი ქართულ ენაზე გამოუცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა.

მოძრაობა "სირცხვილია" 6 დეკემბრის გლოვის დღეს გამოცხადებას ითხოვდა.

XS
SM
MD
LG