10 ფილმი, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ თბილისის კინოფესტივალზე

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 26 ნოემბერს დაიწყება.

თბილისში კინოს მოყვარულები ზამთრის მოსვლას სიხარულით ხვდებიან ხოლმე - იხსნება საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც წლებია უკვე ნიშნავს მაღალ ხარისხს, სიახლეს, მრავალფეროვნებას, საინტერესო შეხვედრებს.

პირატული ინტერნეტსაიტების დაბლოკვამ კიდევ უფრო გაზარდა კინოს ამ მთავარი ფორუმის მნიშვნელობა - თბილისის ფესტივალის პროგრამებში ჩართული ფილმები შეიძლება უბრალოდ „დაგვეკარგოს“. სხვათა შორის, მათი უმრავლესობა იმ კინოკრიტიკოსებსაც არ გვინახავს, ვინც წელს „ა“ კლასის კინოფორუმებს დავესწარით. მე, მაგალითად, ძალიან მაინტერესებს წლევანდელ ფესტივალზე წარმოდგენილი „ბევრს ნუ ელით სამყაროს დასასრულისგან“ (რეჟისორი რადუ ჯუდე), „როგორ დავკავდეთ სექსით“ (რეჟისორი მოლი ვოლკერი), „აღდგომის კუნძულის გოლიათები“ (რეჟისორი დოვერ ქოსაშვილი“), „ყველაფრის ახსნა“ (რეჟისორი გაბორ რეისი)... ასევე საინტერესოა ქართული პროგრამა, დოკუმენტური ფილმების პროგრამა (განსაკუთრებით, კლერ სიმონის „ჩვენი სხეული“). პროგრამაში არის აღიარებული, მაგრამ, ვფიქრობ, ძალიან საშუალო ფილმები, როგორიცაა, მაგალითად, კანის წლევანდელი ფესტივალის გამარჯვებული, ჟუსტინ ტრიეს „დაცემის ანატომია“, ვიმ ვენდერსის „იდეალური დღეები“, კენ ლოუჩის „ბებერი მუხა“, მარი ამაშუკელის „ჩემი გლორია“. კრისტიან პეტცოლდის „ალმოდებული ცა“. ჩემს რეკომენდაციაში ამ ფილმების აუცილებელი ნახვა არ შედის. რაც შეეხება ქვემოთ ჩამოთვლილ სურათებს, მათ გირჩევდით მნიშვნელობის მიხედვით. დავიწყოთ საუკეთესოებით. არ გამოგრჩეთ!

1. Fallen Leaves (ჩამოცვენილი ფოთლები) – Aki Kaurismäki

შესაძლებელია ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეჟისორი თანამედროვე კინოში, ისევ ემიჯნება მოდას გაუთავებელ თხრობაზე, სამ და ოთხსაათიან ფილმებზე და იღებს პატარა ბრილიანტს, რომელსაც უყურებ და ნატრობ, რომ კიდევ დიდხანს არ დასრულდეს. კაურისმიაკის აქვს უნარი, მოგანდომოს თავისი ფილმის რამდენჯერმე ნახვა, რათა ხელახლა ეზიარო ბედნიერებას, რასაც დიდი ხელოვნება ჰქვია. ამ კაცს მართლა ყველაფერი უყვარს, რაც თუნდაც ერთი წამით გაიელვებს მის კადრებში. არადა, უცნაურია - იშვიათია რეჟისორი ასეთი სოციალური ემპათიით, უსამართლობის ასეთი ძლიერი განცდით, ასეთი სევდით.

წელი იწურება, მაგრამ ვერც ერთმა სხვა ფილმმა ვერ გადაფარა ის ემოცია, რომელიც ძმები ლიუმიერების 3 000-კაციან დარბაზს ჰქონდა წელს კანში, „ჩამოცვენილი ფოთლების“ (ჩემი აზრით, მაინც „მკვდარი ფოთლების“) პრემიერაზე. ოვაციები ისმოდა მთელი ფილმის მსვლელობის მანძილზე, როგორც ოპერაში, რომელიმე არიის ვირტუოზული შესრულების შემდეგ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად ასეთი რეაქცია ექნება ქართველ მაყურებელს.

2. Evil Does Not Exist (ბოროტება არ არსებობს) – Ryusuke Hamaguchi

კიდევ ერთი უნიკალური ფილმი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამაში. იმის ფონზე, რაც დღეს ხდება რაჭაში, ყაზბეგში, აჭარაში, ჰამაგუჩის ეკოლოგიური შედევრი ორმაგად ძლიერად იმოქმედებს. „ინვესტორი და ბუნება“ გლობალური პრობლემაა, თუმცა ჰამაგუჩი ახერხებს ველურ კაპიტალიზმს დაუპირისპირდეს არა პუბლიცისტური პათოსით, არამედ სულისშემკვრელი სილამაზით, მარადიულის განცდით, უმაღლესი პოეზიით. რა კარგია, რომ იაპონური კინოს ამ ჯადოსნურ ფრესკას, რომელიც ამერიკულ „ოსკარზეა“ წარდგენილი, ჩვენი მაყურებელი დიდ ეკრანზე იხილავს! როცა ბოროტება ბანალურია და ისევ მსხვერპლს მოითხოვს, ადამიანის დამცველის როლში დიდი ხელოვნება მოგვევლინება ხოლმე.

3. O Lucky Man! (იღბლიანი) – Lindsey Anderson

ეს „რეკორდსმენი ფილმია“ კინოცენზურის ისტორიაში. „იღბლიანი“, როგორც „კაპიტალისტური მორალის მხილება“, უჩვენეს საბჭოთა ეკრანებზე ისე, რომ მთელი 45 წუთი ამოჭრეს. თუმცა დიდი ბრიტანელი რეჟისორის შედევრის ზემოქმედების ძალაზე ამას არსებითად არ უმოქმედია - ლინდსეი ანდერსონის ფილმზე ჩვენში მთელი თაობა გაიზარდა: ჩვენ ვმღეროდით ალან პრაისის სიმღერებს, ვაღმერთებდით მთავარი როლის შემსრულებელს, მალკოლმ მაკდოუელს და საათობით ვმსჯელობდით ფილმის მთავარ გზავნილზე - ფარისეველი, უთანასწორო და უსამართლო სისტემასთან დაპირისპირება მხოლოდ შემოქმედებით შეიძლება.

მერე კი, როცა „მექანიკური ფორთოხალი“ ვნახეთ, მივხვდით, რომ არსებითად „იღბლიანი“ სტენლი კუბრიკის ფილმის ალტერნატივაა, ერთი დიდი მსახიობის ორი სახე, ნიღბის და ბალ-მასკარადის კულტი, სოციალური სატირა, რომელიც არსად გადაიზრდება ადამიანის სიძულვილსა და მორალიზმში.

4. Silk Stockings (აბრეშუმის წინდები) – Rouben Mamoulian

თბილისში დაბადებული კლასიკოსის რეტროსპექტივა წლევანდელი ფესტივალის მნიშვნელოვანი სექციაა. რუბენ მამულიანის ყველა ფილმის ნახვას გირჩევდით (როგორც მითხრეს, შესაძლებლობა გვეძლევა გავეცნოთ ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ავტორის ნამუშევრების აღდგენილ ვერსიებს), თუმცა „აბრეშუმის წინდები“ მაინც ტიპური მამულიანია - მსუბუქი, იუმორით, კადრის და მონტაჟის დიდებული ფლობით. ერთხანს ითვლებოდა, რომ ეს ანტისაბჭოთა ფილმი მეტისმეტად გულუბყვილოა იმისათვის, რომ „პოლიტიკური“ ვუწოდოთ. მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ზუსტადაც რომ ეხმაურება ჩვენს საზარელ დროს. მეტიც, ერთგვარი წინასწარმეტყველებაა, წარმოდგენილი მიუზიკლის ჟანრში, განუმეორებელი ფრედ ასტერით.

5. Red Island (წითელი კუნძული) – Robin Campillo

კოლონიალიზმის თემაზე გადაღებული ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი, რომელიც ბოლო დროს მინახავს. რეჟისორი, რომლის „120 დარტყმა წუთში“ წლების წინ კინაღამ „ოქროს პალმით“ აღინიშნა კანის ფესტივალზე, მადაგასკარის დეკოლონიზაციის პროცესს ბავშვის თვალით ასახავს. არავითარი ეგზოტიზაცია, „აფრიკული სამოთხის“ პეიზაჟები და ტურისტებისთვის განკუთვნილი რეკლამის სტილი. ბავშვებმა არ იციან, რას ნიშნავს სამყაროს დაყოფა ჩამორჩენილად და განვითარებულად. შესაბამისად, ამ ფილმში ყველაფერი უკიდურესად მთლიანია - თხრობის სტილი, გამოსახულება, ხმა. „წითელ კუნძულში“ კოლონიზაციის დასასრული მთავარი გმირის ცხოვრებაში უმანკოების ხანასთან განშორებას ემთხვევა. ასე იქმნება კონტრაპუნქტი, რომელიც სრულიად ანთავისუფლებს ფილმს სწორხაზოვნებისა და დიდაქტიკისგან.

6. Music (მუსიკა) – Angela Schanelec

თანამედროვე გერმანული კინოს თაყვანისმცემელი არა ვარ, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ანგელა შანელეკის ეს ფილმი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ბერლინის წლევანდელი ფესტივალის კონკურსში. „ბერლინური სკოლის“ ლიდერმა, რომელსაც რადიკალური იდეებისა და გამომწვევად პირობითი კინოენის გამო, ბევრი ოპონენტი ჰყავს, ამჯერად ოიდიპოსის მითის ინტერპრეტაციას მიმართა. შანელეკი, როგორც თავის სხვა ფილმებში, აქაც ანთავისუფლებს კინოს დროის და სივრცის ჩარჩოებისგან. ოიდიპოს მეფის ისტორია ჯერ თანამედროვე საბერძნეთში თამაშდება, შემდეგ კი ბერლინში. თანაც, თითქმის უსიტყვოდ. ყველაფერი აგებულია ჟესტსა და დეტალებზე, მიმიკასა და ხმაურებზე. ესაა მუსიკა, უფრო სწორად, კინომუსიკა, რომელმაც თანამედროვე სამყარო ადრეისტორიული წარსულის ხილვად უნდა აქციოს.

7. Colossal Youth (კოლოსალური ახალგაზრდობა) – Pedro Costa

დიდი პორტუგალიელი რეჟისორის რეტროსპექტივაში, რომელსაც წელს გვთავაზობს თბილისის კინოფესტივალი, ვფიქრობ, სწორედ ეს სურათი გამოხატავს ყველაზე მეტად პედრო კოსტას რეჟისურის თავისებურებებს. იშვიათია ასეთი სიძლიერის ასკეტიზმი თანამედროვე კინოში. თანაც, რამდენად უცნაურადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, „კოლოსალურ ახალგაზრდობაში“ ემოცია სწორედ მაშინ ჩნდება, როცა გამომსახველობით საშუალებათა „სიმშრალე“ უკიდურესობას აღწევს. „კოლოსალური ახალგაზრდობის“ უკვე ასაკში შესული გმირი, ვენტურა, ლისაბონის ერთი ღარიბი რაიონის მცხოვრებლებს „შვილებს“ უწოდებს, თავად კი ერთგვარი მესიაა, რომელმაც კამერასთან ერთად უნდა გაამთლიანოს რეალობა და ხილვა, დოკუმენტური და გათამაშებული. ამ კინომ ბეკეტი, ოძუ, შტრაუბი... რემბრანდტიც კი შეიძლება გაგახსენოთ. ხოლო თუ რეტროსპექტივის პროგრამაში ჩართულ კოსტას სხვა ფილმებსაც ნახავთ, გარწმუნებთ, თანამედროვე კინოხელოვნების უდიდეს ავტორს აღმოაჩენთ.

8. Blue Jean (სევდიანი ჯინი) - Georgia Oakley

ტეთჩერის ეპოქის ბრიტანეთი და ჰომოფობია, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში ჯერ კიდევ ვერ გადალახა დასავლეთმა, დღევანდელი ევროპისთვის შესაძლოა მხოლოდ „რეტროა“, მაგრამ ჩვენთვის „სევდიანი ჯინი“, ამბავი ლესბოსელ ქალზე, რომელიც ფიზკულტურის მასწავლებლად მუშაობს საშუალო სკოლაში, უაღრესად თანამედროვეა. მე პირადად „სევდიანი ჯინით“ შევიტყვე, რომ ტეთჩერის ეპოქაში „ჰომოსექსუალობის პროპაგანდა“ კანონით ისჯებოდა და აქტივისტებს, შიდსის ეპიდემიის ფონზე, დიდი ძალისხმევა დასჭირდათ ადამიანთა სტიგმატიზაციის წინააღმდეგ საბრძოლველად. მთავარი როლის შემსრულებელი როზი მაკივენი ბრიტანული დამოუკიდებელი კინოს პრემიის ლაურეატი გახდა, როგორც წლის საუკეთესო მსახიობი ქალი.

9. About Dry Grasses (ხმელი ბალახის შესახებ) – Nuri Bilge Ceylan

თურქი რეჟისორისთვის ტიპური ფილმი, გრძელი სტატიკური კადრებით, პრეტენზიულობით განსხვავებულობაზე და, ამავე დროს, ტარკოვსკის გაცოცხლების ვნებით. მაგრამ ფილმის პირველი ნაწილი მაინც მომნუსხველია, ანატოლიის პეიზაჟები გადაღებულია უფაქიზესი ნიუანსებით, კამერის მოულოდნელი და მართლაც რომ „ქორეოგრაფიული“ მოძრაობებით. „ხმელი ბალახის“ ცენტრალური სცენა კი, მთავარი გმირის, სოფლის მასწავლებლის (მას მოსწავლე გოგონას მიმართ ძალადობაში ადანაშაულებენ) ვახშამი კოლეგასთან, ნურაისთან ერთად (ამ პერსონაჟისთვის მერვე დიზდარი ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლად აღიარეს კანის კინოფესტივალზე), კინემატოგრაფიული შედევრია. თუნდაც ამ სცენისთვის ღირს უყურო სამსაათნახევრიან ფილმს, რომელშიც ჯეილანი ისეთ განსხვავებულ თემებს ეხება, როგორიცაა კორუფცია, ნეპოტიზმი, ბულინგი, სხეულის მიმართ დამოკიდებულება, ტერორიზმი და ბუნების მშვენიერება.

10. Scrapper (ურჩი) – Charlotte Ragan

თუკი გსურთ აზიაროთ თქვენს ბავშვებს კინოფესტივალის ატმოსფერო, ეს ფილმი არ უნდა გამოგრჩეთ. დებიუტანტი რეჟისორი, რომელიც „ურჩისთვის“ სანდენსის კინოფესტივალის პრიზით დაჯილდოვდა, დამაჯერებლად ახერხებს დაიცვას ბალანსი სისასტიკესა და სინაზეს შორის - თუკი რეალობა ისევ ისეთია, როგორც „ველოსიპედის გამტაცებლებში“ (მთავარი გმირი მოპარული ველოსიპედების გაყიდვით ირჩენს თავს), ბავშვების ოცნება ისევ „ფერადია“ და ჰგავს სიზმარში ნანახ შოკოლადის ფილას, რომელსაც დროებით მაინც შეუძლია გაახალისოს 12 წლის ობოლი გოგონას ცხოვრება.