უკრაინის დამცველებმა შეძლეს მოწინააღმდეგის შეტევის შეჩერება და ამჟამად აქტიური თავდაცვითი ბრძოლებით ცდილობენ რუსეთის არმიის საშტურმო-მოიერიშე პოტენციალის განადგურებას, - ამის თაობაზე რადიო თავისუფლების პირდაპირ ეთერში ისაუბრა ატამან ივან სირკოს სახელობის 92-ე ცალკეული ბრიგადის მოიერიშე დრონების ასეულის მეთაურმა, იური ფედერენკომ.
არანაკლებ რთული ვითარებაა ხარკოვი-ლუგანსკის მიმართულებით, კრემენაია-რუბეჟნოეს ხაზზე, სადაც „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ (ISW) ბოლო მოხსენებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლებმა მცირე წარმატებებს მიაღწიეს. კერძოდ, უკრაინულმა ძალებმა დაიბრუნეს რამდენიმე პოზიცია ბელოგოროვკასთან ახლოს და აგრძელებენ რუსული ლოგისტიკური კვანძების დაბომბვას ოკუპირებული ლუგანსკის რეგიონში მდებარე მოწინააღმდეგის ზურგში.
სწორედ ამ მიმართულებაზე, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებს შორის მდებარე ტყეებში უკავიათ თავდაცვა უკრაინის შეიარაღებული ძალების 63-ე ბრიგადის მებრძოლებს, რომლებსაც რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროექტ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ გადამღები ჯგუფი მორიგი საბრძოლო დავალების წინ შეხვდა.
„კრემენაიაში მყოფი სამხედროები კონტრშეტევაზე ბრძანებას ელოდებიან“
უკრაინის შეიარაღებული ძალების 63-ე ბრიგადის მებრძოლები დეკემბერსა და იანვარში ჯერ ბახმუტში იბრძოდნენ, მაგრამ შემდეგ ისინი კრემენაიას (უკრაინულად კრემინა - რედ.) ტერიტორიაზე გადაიყვანეს, სადაც მათ მთავარ ამოცანას პლაცდარმის გაძლიერება და რუსეთის სამხედრო ძალების წინსვლის შეჩერება წარმოადგენს.
ამ ამოცანით ე.წ. პირველ ეშელონში დაკავებულია ბრიგადის სადაზვერვო ჯგუფი, რომლებიც ყველაზე მეტად მოწინააღმდეგის დრონებს უფრთხიან. ამიტომ საბრძოლო დავალებაზე გასვლის წინ მებრძოლები ცას უყურებენ და ამბობენ, რომ მოღრუბლული ამინდი მათთვის კარგია, ვინაიდან ასეთი ხილვადობის პირობებში, რუსული უპილოტო თვითმფრინავებისთვის გაცილებით რთული იქნება მათი მოძრაობის დაფიქსირება. მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, რაზმი მაინც ღრმა ხევს მიუყვება, რაც დრონებისგან თავის დაცვის ბუნებრივი საშუალებაა.
„თუ არის გასროლა, აუცილებელია მიწაზე მაქსიმალურად დაწოლა. იმიტომ, რომ რაკეტის მოხვედრას და აფეთქებას თავისი კუთხე აქვს. და სასურველია, რა თქმა უნდა, გადაადგილება ისე, რომ მტერი არ გხედავდეთ. ანუ, მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, რომ ეს არ იყოს ღია ადგილი“, - ასეთი ინსტრუქტაჟი ჩაუტარეს უკრაინელმა სამხედროებმა ჩვენი რადიოს გადამღებ ჯგუფს, რომელიც ამ დღეებში სწორედ კრემენაიას რაიონში იმყოფებოდა.
ელიტური ბრიგადის მებრძოლებმა ერთ-ერთი ოპერაციის წინ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ გადამღებ ჯგუფს ზოგიერთი პოზიციის გადაღების უფლება მისცეს და თავიანთი მოსაზრებაც გაუზიარეს, საკუთარ მოტივაციაზე, მოწინააღმდეგე მხარის არმიის ფსიქოლოგიურ და საბრძოლო მომზადებაზე.
„ყოველღამე ისინი (რუსები) ცდილობენ ჩვენი პოზიციების გარღვევას. მაგრამ ჩვენ გვყავს გამოცდილი ბიჭები, ისეთები, რომლებიც აქ წელიწადზე მეტია იბრძვიან. ასე რომ, უკრაინა საიმედოა ხელშია“, - ამბობს ვიქტორი ირპენიდან. ომის პირველ დღეებში, მან რუსეთის არმიის მიერ მშობლიური ქალაქის დაბომბვის შემდეგ, ცოლი და ქალიშვილი ქალაქიდან გაიყვანა, თავად კი საომრად წავიდა.
„როდესაც ეს ყველაფერი ვნახე, რაც მათ ირპენსა და ბუჩაში ჩაიდინეს, საკუთარ თავს ვკითხე: თუ ჩვენ არა, მაშინ ვინ-მეთქი? როდესაც სახლში ვიჯექი და ჩემ ზემოთ ყველაფერი ფეთქდებოდა, უბრალოდ სურვილი მქონდა, რომ, პირველ ყოვლისა, ჩემი ოჯახი და ჩემი ახლობლები დამეცვა. მხოლოდ დამეცვა. ესაა სწორედ მოტივაცია. გარდა ამისა, მე ხომ მათთვის ჯერ არ მიპატიებია არც ირპენი და არც ბუჩა. ესეც ჩემს გარკვეულ მობილიზებას იწვევს, ვინაიდან ბოროტება უნდა დაისაჯოს. ასე არ შეიძლება“, - ამბობს ვიქტორი.
გასული წლის სექტემბერში რუსეთის სამხედრო დანაყოფებმა უკრაინის არმიის საცეცხლე ზემოქმედების შედეგად მთლიანად დატოვეს სევეროდონეცკის ახლოს მდებარე ქალაქი კრემენაია. მაშინ ამის შესახებ ცნობა ლუგანსკის ადმინისტრაციული ოლქის ხელმძღვანელმა, სერჰი ჰაიდაიმ დაადასტურა, რადიო თავისუფლების სატელევიზიო მაუწყებელთან, Current Time-თან ინტერვიუში.
„კრემენაია მთლიანად დაცლილია - არც პოლიცია, არც პროკურატურა, არც კომენდატურა, არავინ არ არის, ყველანი წავიდნენ“, - განაცხადა ჰაიდაიმ. ამასთან, მისივე ცნობით, ქალაქში, რომელიც 2022 წლის აპრილიდან იყო ოკუპირებული რუსეთის არმიის მიერ, არც უკრაინის არმია შესულა.
ასევე ნახეთ ჰაიდაი ლუგანსკის ოლქში არსებულ ვითარებაზე საუბრობსღია წყაროების თანახმად, კონტრშეტევითი ოპერაციის ფარგლებში გასული წლის ოქტომბრიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წამოიწყეს ბრძოლა კრემენაიას გასათავისუფლებლად.
ტყეებით დაფარულ უკრაინის ვრცელ ტერიტორიაზე საბრძოლო ოპერაცია სპეციფიკური საბრძოლო გამოცდილებაა და დიდ სიფრთხილეს მოითხოვს.
„ისინი (რუსები) კარგა ხანია ცდილობენ ტყეში შეღწევას, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ. ჩვენ მათ გარკვეულ მანძილზე შემოვუშვებთ ხოლმე, მაგრამ შემდგომ „ჩაკეტავთ“ და მორჩა“, - ჰყვებიან მოწინააღმდეგეთა ძალთა ბალანსზე საუბრისას უკრაინელი სამხედროები.
„ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის“ თანახმად, კრემენაიას რაიონში ფრონტის ხაზზე რუსეთის არმიის ელიტური დანაყოფების გამოცდილი მებრძოლები იბრძვიან. ამას ადასტურებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების 63-ე ბრიგადის სამხედროები.
„ისინი [რუსები] ფრთხილი, ჭკვიანი მებრძოლები არიან. თითქმის მთლიანად ახდენენ ჩვენი ტაქტიკური ქმედებების დუბლირებას, მაგრამ ერთი მინუსი აქვთ: ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ და ისინი კი არა“, - აღნიშნავენ უკრაინელი მებრძოლები, რომლებიც თავიანთი სარდლობისგან ახლა მთავარი ბრძანების მიღებას ელოდებიან.
„ახლა ჩვენ უბრალოდ ველოდებით, თუ როდის მოგვცემენ ბრძანებას კონტრშეტევის დასაწყებად. ჩვენი ბიჭები ყველანი მზად არიან, დამუხტულები ვართ. ასე რომ, მეტი სეირი გველოდება“, - ხუმრობით ამბობენ ფრონტის ხაზზე მყოფი უკრაინელი სამხედროები.
"ეს არის მთელი ფრონტის თავდაცვის სტაბილურობის გასაღები"
პროფესიონალი სამხედროებისა და ანალიტიკოსების აზრით, კრემენაიასთან კონტრშეტევის წარმატებით განხორციელება დიდ გავლენას მოახდენს ქალაქ ბახმუტთან მიმდინარე ბრძოლებზე, რომელიც რუსეთის არმიამ იანვრის შუა რიცხვებში ახალი ძალებით წამოიწყო, მისი ჩანაფიქრი სავსებით ნათელია.
„პირველ ყოვლისა, მათ სურთ უკრაინის თავდაცვის გარღვევა სამ უბანზე: სამხრეთ ფლანგზე დონეცკთან ახლოს, მარინკაში ან ავდეევკაში, ჩრდილოეთით კრემენაიას რაიონში და ცენტრში, ბახმუტის აღებით. მეორე მხრივ, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან განხორციელებული ინტენსიური დარტყმებით ალყაში მოაქციონ ლიმან-სლავიანსკ-კრამატორსკ-მარინკის ხაზზე განლაგებული უკრაინის შეიარაღებული ძალები და მესამე: წამოიწყონ შეტევა ბახმუტიდან სლავიანსკის ან კრამატორსკის მიმართულებით და რამდენიმე ნაწილად დაქსაქსონ უკრაინული დაჯგუფება. ეს ჩანაფიქრი [რუსეთის] ჩაიფუშა. ვერც კრემენაიასთან და ვერც დონეცკთან რუსეთის ჯარებმა ვერ შეძლეს მნიშვნელოვანი წინსვლა და ვერც ბახმუტი აიღეს. შესაბამისად, რუსეთის ხელმძღვანელობას მოუწევს, რომ დაივიწყოს დონეცკის ოლქის საზღვრამდე გასვლა“, - ამბობს სამხედრო პოლიტიკის მკვლევარი იური ფიოდოროვი.
ბახმუტისთვის ბრძოლას უწოდებენ ყველაზე ხანგრძლივ და, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, რუსეთ-უკრაინის ომის ყველაზე სისხლიან ბრძოლას. იგი თითქმის 10 თვის განმავლობაში მიმდინარეობს და რუსული ჯარების დანაკარგები ამ ქალაქისთვის ბრძოლებში მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში, დასავლეთის შეფასებით, დაახლოებით 20-დან 30 ათას ჯარისკაცსა და ოფიცერს შეადგენს.
„იმავე ნატოს ექსპერტების აზრით, ეს რიცხვი ხუთჯერ მეტია, ვიდრე უკრაინული ჯარების დანაკარგები. თუმცა, დღეს, ბახმუტში სიტუაცია უკიდურესად რთულია უკრაინისთვის, არ არსებობს იმედი, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები შეძლებენ ქალაქის შენარჩუნებას. ამ ფონზე, დასავლეთის სამხედრო წრეებში გამოითქმის ეჭვები ამ ქალაქის შემდგომი დაცვის მიზანშეწონილობის შესახებ, რისთვისაც უკრაინა ხარჯავს ძალიან ბევრ ძვირადღირებულ საბრძოლო მასალას და განიცდის სრულიად ზედმეტ დანაკარგებს“, - ამბობს იური ფიოდოროვი.
- რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" 2022 წლის მეორე ნახევრიდან ცდილობენ დაიპყრონ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი, რომლის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია.
- ომის დაწყებამდე ბახმუტში 72 000 ადამიანი ცხოვრობდა
თუმცა, უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობა და სამხედრო სარდლობა ბახმუტის დაცვას ფუნდამენტურად მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. „ამ მიმართულებით თავდაცვითი ოპერაცია ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული მნიშვნელობისაა მტრის შეკავებისთვის“, - განაცხადა ერთი თვის წინ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ და დასძინა, რომ ბახმუტი „ეს არის მთელი ფრონტის თავდაცვის სტაბილურობის გასაღები“.
ამ მოსაზრებას იზიარებს ბახმუტის დაცვაში მონაწილე, ატამან ივან სირკოს სახელობის 92-ე ცალკეული ბრიგადის მოიერიშე დრონების ასეულ „აქილევსის“ მეთაური, იური ფედერენკო. იგი აკრიტიკებს იმ დასავლელი ანალიტიკოსებისა და ზოგიერთი მოქმედი სამხედროს მიერ ბახმუტის თაობაზე გამოთქმულ კატეგორიულ დასკვნებს და აცხადებს, რომ უკრაინის არმიამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დატოვოს ბახმუტი, რაც მოწინააღმდეგეს მისცემს შესაძლებლობას, რომ მთელი გამოთავისუფლებული საშტურმო-მოიერიშე პოტენციალი გადაისროლოს სხვა მიმართულებაზე არსებული თავისი დაჯგუფების გასაძლიერებლად. „ან მარინკის, ან სვატოვსკის, ან ლიმანსკის მიმართულებაზე. მაშინ ჩვენ მივიღებთ იმავეს, რაც ამჟამად ბახმუტში ხდება“, - ამბობს იური ფედერენკო.
უკრაინის ელიტური დანაყოფის მეთაური დარწმუნებულია, რომ ამჟამინდელი რთული საბრძოლო ვითარების მიუხედავად ქალაქი ბახმუტი უნდა შეინარჩუნონ.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ ინიციატივის სრულად ხელში აღებას და ქალაქის შენარჩუნებას. ხოლო, როცა საკმაო ძალა და საშუალებები გვექნება, მოწინააღმდეგის საკმაოდ უხიფათო მანძილზე შევიწროებას და თავდაცვისათვის უფრო ხელსაყრელი პოზიციების დაკავებას შევძლებთ“, - ამბობს უკრაინელი ოფიცერი.