Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰაიდაი ლუგანსკის ოლქში არსებულ ვითარებაზე საუბრობს


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის არმიის ტანკი ლუგანსკის ოლქში. 21 ივნისი, 2022 წელი
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის არმიის ტანკი ლუგანსკის ოლქში. 21 ივნისი, 2022 წელი

ლუგანსკის ადმინისტრაციული ოლქის ხელმძღვანელი სერჰი ჰაიდაი რადიო თავისუფლების სატელევიზიო მაუწყებელთან, „Current Time“-თან ინტერვიუში ლუგანსკის ოლქში ამჟამად მიმდინარე პროცესებზე საუბრობს.

ჰაიდაის სიტყვებით, რუსეთის სამხედრო დანაყოფებმა მთლიანად დატოვეს სევეროდონეცკის ახლოს მდებარე ქალაქი კრემენნაია.

კრემენნაია მთლიანად დაცლილია - არც პოლიცია, არც პროკურატურა, არც კომენდატურა, არავინ არ არის, ყველანი წავიდნენ“, - განაცხადა ჰაიდაიმ.

მისი სიტყვებით, „მესამე დღეა კრემენნაიას ადმინისტრაციის შენობაზე უკრაინის დროშა ფრიალებს, არავის ჩამოუხსნია, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მათი სამხედროებიდან იქ არავინაა დარჩენილი“.

ამასთან, ჰაიდაის განმარტებით, კრემენნაიაში ჯერ არ შესულა უკრაინის არმია. ქალაქი აპრილის შემდეგ რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

ლუგანსკის ოლქის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ „თითქმის ცარიელია“ სტარობელსკი - რუსეთის საზღვრიდან დაახლოებით 100 კილომეტრით დაშორებული ქალაქი.

ჰაიდაის თქმით, ახლა უკრაინელი სამხედროების ძალისხმევა ქალაქ ლიმანისთვის ბრძოლებზეა მიმართული. ლუგანსკისა და დონეცკის საზღვარზე მდებარე ამ ქალაქზე უკრაინამ კონტროლი მაისის ბოლოს დაკარგა.

„ყველა ლიმანის მიმართულებაზეა კონცენტრირებული, - დააზუსტა ჰაიდაიმ, – ვხედავთ, რომ იქ რუსული არმია ჯარების დარჩენილ ნაწილს გზავნის. მთავარი დარტყმა იქ იქნება და იქიდან დაიწყება ლუგანსკის ოლქის დეოკუპაცია“, - მიიჩნევს ჰაიდაი.

ლიმანისთვის ბრძოლაზე დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა დენის პუშილინმაც განაცხადა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ რეგიონში არსებულ ვითარებაზე კომენტარი არ გაუკეთებია, ასევე არ უცნობებია ქალაქ კრემენნაიას დატოვების თაობაზე.

ჯერ კიდევ ივლისში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს აცნობა, რომ რუსულმა ჯარებმა მთლიანად "გაათავისუფლეს" ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ტერიტორია და ამ ერთეულის ხელისუფლება და რუსეთს ექვემდებარება.

უკრაინის შეიარაღებული ძალები სექტემბრის დასაწყისიდან გადავიდნენ ინტენსიურ კონტრშეტევაზე ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში. გასულ ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სექტემბრის პირველი რიცხვებიდან უკრაინელმა სამხედროებმა გაათავისუფლეს 6 ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია და წინსვლას განაგრძობენ.

XS
SM
MD
LG