Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბის ცნობით, აღმოსავლეთში მოიგერიეს რუსეთის 39 შეტევა


ქალაქი ბახმუტი, რომლისთვისაც უკრაინის გენშტაბის თანახმად, ყველაზე მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს
ქალაქი ბახმუტი, რომლისთვისაც უკრაინის გენშტაბის თანახმად, ყველაზე მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 3 სარაკეტო და 13 საავიაციო დარტყმა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, 49-ჯერ დაცხრილეს თავდაცვის ძალების პოზიციები და დასახლებული პუნქტები.

გენშტაბის ინფორმაციით, 3 სარაკეტო დარტყმიდან 2 იყო ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის ცენტრზე, სადაც მოწინააღმდეგემ С-300 ტიპის რაკეტებით დაანგრია მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობა. გენერალური შტაბის თანახმად, მუზეუმის მახლობლად არცერთი სამხედრო ობიექტი არ მდებარეობს. ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, 25 აპრილს კუპიანსკის ცენტრზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა მუზეუმის 2 თანამშრომელი ქალი.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს შეტევებზე აღმოსავლეთში - ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში მოგერიებულია 39 შეტევა. გენერალური შტაბის ინფორმაციით, ყველაზე მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს ბახმუტისა და მარინკისთვის.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) მონაცემებით, რუსეთის ჯარები განაგრძობენ სახმელეთო შეტევას ქალაქ ბახმუტსა და მის შემოგარენში. ცენტრის თანახმად, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ძალებმა მცირედით წინ წაიწიეს ბახმუტის დასავლეთ ნაწილში მდებარე რკინიგზის სადგურ ბახმუტი-2-დან სამხრეთ-დასავლეთით.

ამერიკელი ანალიტიკოსების მონაცემებით, უკრაინელმა სამხედროებმა თავიანთი მომარაგებისთვის მნიშვნელოვან მონაკვეთზე მოწინააღმდეგის ზეწოლის შესასუსტებლად კონტრშეტევა განახორციელეს ბახმუტიდან ჩრდილო-დასავლეთში.

  • რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" 2022 წლის მეორე ნახევრიდან ცდილობენ დაიპყრონ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი, რომლის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია.
  • ომის დაწყებამდე ბახმუტში 72 000 ადამიანი ცხოვრობდა.
XS
SM
MD
LG