დიდი ომის 1000 დღე რიცხვებში

2024 წლის 19 ნოემბერი რუსეთსა და უკრაინას შორის დიდი ომის დაწყებიდან მე-1000 დღეა.

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან 1000 დღეში უკრაინამ აჩვენა არნახული მედეგობა მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

დიდმა ომმა აჩვენა უკრაინელების უნარი, დაიცვან თავიანთი ტერიტორია, გადავიდნენ კონტრშეტევაზე, ბრძოლით დაიბრუნონ დაკარგული, სწრაფად შეეგუონ ახალ რეალობას, იცხოვრონ და იმუშაონ მუდმივი სარაკეტო და საავიაციო იერიშების ქვეშ. მიუხედავად როგორც სამხედრო მოსამსახურეების, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის მრავალრიცხოვანი დანაკარგებისა, უკრაინული საზოგადოება გაერთიანდა ფრონტის მხარდამჭერ ძლიერ ძალად, რომელიც მნიშვნელოვან ფინანსურ და სხვა სახის დახმარებას უწევს საკუთარ არმიას.

ასევე ნახეთ საქართველოში დევნილი უკრაინელების ისტორიები - ომის 1000 დღე

უკრაინამ ასევე შეძლო მოეპოვებინა დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელიც ეხმარება კიევს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში, რუსული დაბომბვებით განადგურებული ენერგეტიკული სექტორის აღდგენასა და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში.

რადიო თავისუფლების უკრაინულმა სამსახურმა თავი მოუყარა მნიშვნელოვან მაჩვენებლებს. ეს რიცხვები თვალსაჩინოდ აღწერენ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის 1000 დღეს, რომელიც 2024 წლის 19 ნოემბერს შესრულდა.

დაკარგული და გათავისუფლებული ტერიტორიები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ 2024 წლის 15 ნოემბრის მდგომარეობით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან (2022 წლის 24 თებერვლიდან), რუსეთის არმიამ დაიკავა უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 66,9 ათასი კმ², რაც ქვეყნის მთლიანი ფართობის 11%-ია.

ასევე ნახეთ შეცვლის თუ არა უკრაინის ომში ძალთა ბალანსს ამერიკული რაკეტებით რუსეთის ტერიტორიის დაბომბვა?

უკრაინის ტერიტორიები, რომლებიც ამ დროს განთავისუფლდა, შეადგენს დაახლოებით 42,5 ათას კმ2-ს, რაც უკრაინის მთლიანი ფართობის 7%-ია.

რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის იმ ტერიტორიის ფართობი, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ იმყოფება, დაახლოებით 1000 კვ.კმ-ია.

რუსეთის დანაკარგები

რუსეთი არ იძლევა ოფიციალურ მონაცემებს ომის დანაკარგების შესახებ. მოსკოვმა დაღუპულთა რაოდენობის შესახებ მონაცემები ბოლოს 2022 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა - მაშინ საუბარი იყო 5937 დაღუპულზე. ბრიტანულმა დაზვერვამ 2024 წლის 17 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის დანაკარგები (დაღუპულებისა და დაჭრილების სახით) 610 ათასს აღემატება. 2024 წლის 17 სექტემბერს The Wall Street Journal-მა დასავლური დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა რუსული არმიის ჯამური დანაკარგების (დაღუპულთა და დაჭრილთა) რიცხვი - 600 ათასი.

ასევე ნახეთ ჟურნალისტებმა ომში დაღუპული 78 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცის ვინაობა დაადგინეს

უკრაინის დანაკარგები

ოფიციალურად, უკრაინა, მოსკოვის მსგავსად, თითქმის არ აქვეყნებს ინფორმაციას სამხედრო დანაკარგების შესახებ და ამბობს, რომ ეს მონაცემები ომის შემდეგ გახდება საჯარო. 2024 წლის 25 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველად სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დაასახელა დაღუპული უკრაინელი სამხედროების რაოდენობა - 31 ათასი. 2024 წლის 27 თებერვალს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ უკრაინის არმიის დანაკარგებმა (დაღუპულებისა და დაჭრილების სახით) შეადგინა 444 000 ადამიანი.

დანაკარგები უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაში

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ დიდი ომის 1000 დღის განმავლობაში დაღუპულთა და დაჭრილთა გარდა, საგამოძიებო ორგანოებმა ასევე დააფიქსირეს უკრაინის მოქალაქეების გატაცებისა და რუსული საოკუპაციო ადმინისტრაციების მიერ უკრაინელთათვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის 15 059 შემთხვევა.

ასევე ნახეთ სინამდვილეში რა გეგმები ჰქონდა პუტინს უკრაინაში შეჭრისას

იმის გათვალისწინებით, რომ ფართომასშტაბიანი ომისა და ოკუპირებული ტერიტორიების არსებობის პირობებში, რთული ან სულაც შეუძლებელია საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება და ინფორმაციის შეგროვება, მსხვერპლისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რაოდენობა, სავარაუდოდ, გაცილებით მეტია.

უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, აგრესორი ქვეყნის ქმედებების შედეგად ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა შემდეგ ოლქებში: დონეცკი - 598, ხარკოვი - 459, ხერსონი - 187, დნეპროპეტროვსკი - 190, კიევი - 133, ზაპოროჟიე - 154, ნიკოლაევი - 117.

ტყვეები

სამხედრო ტყვეთა მიმართვის საკოორდინაციო შტაბის ოფიციალური ინფორმაციით, ტყვეობიდან გათავისუფლებულ 3767 ადამიანს შორის 168 მშვიდობიანი მოქალაქეა (125 მამაკაცი და 43 ქალი). უკრაინის ხელისუფლება არ უპასუხებს კითხვაზე, სულ რამდენი უკრაინელი ტყვე (სამხედრო და სამოქალაქო) შეიძლება იყოს როგორც რუსეთში, ასევე უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ლტოლვილები და ადგილნაცვალი პირები

ევროსტატის მონაცემებით, 2024 წლის სექტემბრის ბოლოს მხოლოდ ევროპაში 4,2 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი იყო. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ოქტომბრის ანგარიშში განაცხადა, რომ 4,294 მილიონი უკრაინელი დაბრუნდა საზღვარგარეთიდან. ამ ანგარიშის მიხედვით, უკრაინის შიგნით ადგილნაცვალ პირად ითვლება 3,5 მილიონი მოქალაქე.

დონაცია უკრაინისთვის

ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ფონდმა United 24-მა 2022 წლის თებერვლიდან 2024 წლის 12 ნოემბრამდე მიიღო $747,260,935; ამავე პერიოდში ფონდმა „პოვერნის ჟივიმ“ ("Come Back Alive") - $378,654,849, ხოლო სერგეი პრიტულას ფონდმა - $186,974,987 (2022 წლის თებერვლიდან 2024 წლის 24 ოქტომბრამდე).

მთლიან თანხაში არ არის გათვალისწინებული ათობით მცირე ფონდისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების კონკრეტული ქვედანაყოფებისათვის უკრაინის მოქალაქეების მიერ გაღებული შემოწირულებები.

უკრაინის ეროვნული ბანკის სპეციალურ ანგარიშზე ჩარიცხული თანხის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

საკონსულტაციო და აუდიტორული კომპანია Deloitte-ის ბოლო კვლევაში ნათქვამია, რომ უკრაინელების 92% ფულად დახმარებას უწევს როგორც უკრაინის არმიას, ასევე ომის შედეგად დაზარალებულ თანამემამულეებს, რაც 2 პროცენტული პუნქტით მეტია 2022 წელთან შედარებით.

დასავლეთის დახმარება

როგორც უკრაინის ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს რადიო თავისუფლებას, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, ევროკავშირმა უკრაინას რეკორდული ოდენობის პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერა აღმოუჩინა - დაახლოებით 38 მილიარდი ევრო (40,5 მილიარდი აშშ დოლარი), ხოლო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის ბიუჯეტისთვის გამოყო 28,2 მილიარდი დოლარი.

მთლიანობაში, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მონაცემებით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან გარე საბიუჯეტო მხარდაჭერამ 100 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა:

  • 31,1 მილიარდი აშშ დოლარი 2022 წელს;
  • 42,5 მილიარდი აშშ დოლარი 2023 წელს;
  • 27,2 მილიარდი აშშ დოლარი 2024 წელს (14 ნოემბრის მდგომარეობით).

ამ პერიოდის განმავლობაში საბიუჯეტო დახმარების უმსხვილესი მიმწოდებლები არიან:

  • ევროკავშირი – 40,5 მილიარდი აშშ დოლარი;
  • აშშ – 28,2 მილიარდი აშშ დოლარი;
  • IMF (საერთაშორისო სავალუტო ფონდი) – 11,4 მილიარდი აშშ დოლარი;
  • იაპონია – 6,3 მილიარდი აშშ დოლარი;
  • კანადა – 5,4 მილიარდი აშშ დოლარი.

ფინანსური მხარდაჭერის თვალსაზრისით ხუთმა უმსხვილესმა პარტნიორმა ერთად უზრუნველყო მიზიდული თანხის 90%-ზე მეტი.

33,7 მილიარდი აშშ დოლარი ანუ მთლიანი მოცულობის 33%-ზე მეტი უკრაინის ფინანსთა სამინისტრომ სახელმწიფო ბიუჯეტში მიიზიდა გრანტის სახით, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტნიორებმა უკრაინას ყოველი მესამე დოლარი ფაქტობრივად საჩუქრად გადასცეს. ამან შესაძლებელი გახადა ბიუჯეტის ლიკვიდურობის შენარჩუნება ვალის ტვირთის გაზრდის გარეშე.

ამერიკა ყველაზე მეტად ეხმარება

უკრაინამ გრანტების სახით ყველაზე მეტი თანხა მიიღო შეერთებული შტატებისგან. ევროკავშირი 2,3 მილიარდი აშშ დოლარით მეორე დონორია საგრანტო სახსრების მხრივ. ასევე, მნიშვნელოვანი უსასყიდლო მხარდაჭერა გაუწიეს უკრაინას ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა გერმანია (1,4 მლრდ აშშ დოლარი), იაპონია (955 მლნ აშშ დოლარი), ნორვეგია (506 მლნ აშშ დოლარი).

საგარეო დაფინანსების კიდევ ერთი ნაწილია შეღავათიანი სესხები (კრედიტები), რომლებიც უკრაინას გადაეცა.

მთლიანობაში, როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა 2024 წლის აგვისტოში განაცხადა, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, ევროკავშირმა უკრაინას 108 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გაუწია.

ასევე ნახეთ რას ნიშნავს ტრამპის გამარჯვება უკრაინისა და მისი ფრონტისთვის?

უკრაინის სამხედრო დახმარების ყველაზე დიდი დონორი შეერთებული შტატებია.

აშშ-ის მთავრობის ანგარიშის თანახმად, 2022 წლის თებერვლიდან კონგრესმა, რუსეთის შესაკავებლად და ომზე რეაგირებისთვის, მინიმუმ 182,99 მილიარდი დოლარი გამოყო. კერძოდ, 131,6 მილიარდი უსაფრთხოებაზე, მათ შორის 46,5 მილიარდი ევროპაში აშშ-ის სამხედრო აქტივობის გაზრდისთვის და 45,78 მილიარდი უკრაინის შეიარაღებული ძალებისათვის მიწოდებული იარაღისა და საბრძოლო მასალის შესავსებად. 43,84 მილიარდი გამოიყო მართვისა და განვითარების პროგრამებზე, ამ თანხების ნახევარზე მეტი მიმართული იქნა უკრაინელი საჯარო მოხელეების ხელფასებზე. გარდა ამისა, 40,08 მილიარდი დოლარი გამოიყო ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

ასევე ნახეთ ტრამპის საგარეო პოლიტიკის გუნდის კონტურები იკვეთება - რას ველოდოთ?