მოკლეს რუსი გენერალი, რომელიც თავისიანებსაც ხოცავდა და აწამებდა

პაველ კლიმენკო, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი

უკრაინაში მოკლეს კიდევ ერთი (მერვე) რუსი გენერალი. პაველ კლიმენკოზე იყო ცნობები, რომ წამების ბანაკი ჰქონდა მოწყობილი და ხელქვეითებს ფულს სძალავდა.

რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი კლიმენკო მეთაურობდა ალექსანდრ ზახარჩენკოს სახელობის მე-5 ცალკეულ მოტომსროლელ ბრიგადას.

47 წლის კლიმენკოს გარდაცვალების შესახებ პირველად ინფორმაცია გაავრცელეს ომის მომხრე რუსულმა საჯარო გვერდებმა და ბლოგერებმა.

გამოცემა „ვაჟნიე ისტორიიმ“ („მნიშვნელოვანი ისტორიები“) შეძლო დაედგინა მოკლული გენერლის დების ვინაობა, რომლებმაც სოციალურ ქსელებში დაადასტურეს ძმის დაღუპვის ცნობა.

კლიმენკო მერვე რუსი გენერალია, რომლის სიკვდილი დაადასტურეს დამოუკიდებელმა მკვლევრებმა თუ ჟურნალისტებმა. ერთ-ერთი დაღუპული, გენერალ-მაიორი კანამატ ბოტაშევი, გადამდგარი იყო და, სავარაუდოდ, იბრძოდა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ შემადგენლობაში.

საგამოძიებო გამოცემა Astra-ს მიხედვით, კლიმენკოს მოწყობილი ჰქონდა წამების საკონცენტრაციო ბანაკი დონეცკის ერთ-ერთი მიტოვებული მაღაროს ტერიტორიაზე, სადაც სამხედროებს სძალავდნენ ფულს და აიძულებდნენ მოიერიშე ჯგუფებში მონაწილეობას.

პაველ კლიმენკოს დამთავრებული ჰქონდა სანქტ-პეტერბურგის უმაღლესი სამეთაურო სკოლა. იყო საზღვაო ქვეითი, იბრძოდა ჩეჩნეთში (1999 წ.), სადაც მიიღო პირველი ჯილდო, მამაცობის ორდენი და მიენიჭა ლეიტენანტის წოდება. მისი ქვედანაყოფი დისლოცირებული იყო სევასტოპოლში. გენერლის წოდება მიენიჭა 2024 წლის მაისში. ღია წყაროების მიხედვით, მისი უმაღლესი ჯილდო იყო "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირის" წოდება, რომელიც პრორუსმა სეპარატისტებმა მას მიანიჭეს დონეცკში, ვიდრე მოსკოვი უკრაინის რეგიონის ანექსიას გამოაცხადებდა.

2024 წლის მაისში კლიმენკოს ბრიგადის მებრძოლებმა წამებით მოკლეს აშშ-ის მოქალაქე, RT-ის სტრინგერი და დონბასში ომის ყოფილი მონაწილე, "ტეხასელი კოვბოი" , რასელ ბენტლი. მკვლელობის შემდეგ მისი გვამი კვალის დაფარვის მიზნით ტროტილის შეკვრით ააფეთქეს.

2024 წლის სექტემბერში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოთხ რუს სამხედრო მოსამსახურეს, ვიტალი ვანსიატსკის, ვლადისლავ აგალცევს, ვლადიმირ ბაჟინსა და ანდრეი იორდანოვს ბრალი წაუყენეს ბენტლის წამებასა და მკვლელობაში. ბრალდების თანახმად, მკვლელობის შემდეგ, ვანსიატსკიმ და აგალცევმა ტროტილით ააფეთქეს ავტომობილი VAZ 2115, რომელშიც კვალის დაფარვის მიზნით წინასწარ ჰყავდათ მოთავსებული მოკლულის გვამი.

გამოძიებას მიზეზების შესახებ არაფერი უთქვამს.

ასევე ნახეთ ოკუპირებულ დონეცკში რუსმა სამხედროებმა აწამეს და მოკლეს ამერიკელი რასელ ბენტლი

როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, პეტროვსკაიას მაღაროში რუს ჯარისკაცებს აწამებდნენ სასიკვდილო იერიშებზე უარის თქმისა და ხელფასების გამოძალვის მიზნით.

გამოცემა ASTRA-ს გამოძიების მიხედვით, ყოფილა შემთხვევები, როცა ბრიგადის ოფიცრები, ხელქვეითებს თვითონ აყენებდნენ ჭრილობებს ცეცხლსასროლი იარაღიდან.

უფლებადამცველების თქმით, მე-5 ბრიგადის სარდლობა ასევე აფორმებდა მინდობილობებს „თავისიანებზე“ და ამ გზით ისაკუთრებდა რიგითი მებრძოლების კუთვნილ თანხებს, მათ შორის - დაღუპვის კომპენსაციებსაც კი. ასევე მძიმედ დაჭრილ სამხედროებს აიძულებდნენ მწყობრში ჩადგომას და იერიშებში მონაწილეობას

„პეტროვსკაიას მაღაროში სამხედროები მიჰყავთ თავებზე ჩამოცმული ტომრებით. არ აჭმევენ. ტუალეტში გაყვანის ნაცვლად, ადგილზე ასაქმებინებენ. ჯაჭვებით დაბმულებს, ხელებითა და ფეხებით გვკიდებდნენ ჭერზე“, - იხსენებდა ჯერ კიდევ გენერლის სიცოცხლეში მეხუთე ბრიგადის ერთ-ერთი ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, რომლის თქმითაც, მეთაურები, ცემის წინ, თავიანთ ქვეშევრდომებს ზედ აშარდავდნენ.

2024 წლის აპრილში კლიმენკოს მებრძოლებმა აწამეს უკანონოდ მობილიზებული მუსიკის მასწავლებელი ვლადიმირ ფროლოვი, რომელსაც მესამე ჯგუფის ინვალიდობა ჰქონდა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დემობილიზებას ითხოვდა.

2014 წელს ვლადიმირ ფროლოვი, რომელიც მაშინ 19 წლის იყო, დაიჭრა პრორუს სეპარატისტებსა და უკრაინელ სამხედროებს შორის მომხდარი შეტაკების დროს: ერთი ტყვია მუცელში მოხვდა, მეორე ბარძაყში, მესამე კი საზარდულის არეში.

2022 წელს ფროლოვი მუშაობდა მუსიკის მასწავლებლად, თუმცა მაინც გაიწვიეს (მობილიზაციით) უკრაინასთან ომში. როგორც ფროლოვის ოჯახის წევრები ამბობენ, უარის შემთხვევაში თითების მოკვეთით დაემუქრნენ. ფრონტზე მიღებული მძიმე ჭრილობის შემდეგ სევერომორსკის საავადმყოფოში გაუკეთდა რთული ოპერაცია, თუმცა მალევე, ფაქტობრივად ყავარჯნებით, კვლავ გააგზავნეს ფრონტზე.

„ჯერ ორმოში ჰყავდათ, შემდეგ სარდაფში. როგორც კი შეიტყვეს, რომ მკურნალობა სჭირდებოდა, მაშინვე მოიერიშე რაზმის რიგებში შეაგდეს, მოკლეს, ნელი სიკვდილისთვის გაიმეტეს, თავისიანები მტერზე უარესად მოექცნენ“, - ციტირებდა გამოცემა ASTRA ფროლოვის ახლობლებს. გარდაცვალების მოწმობაში ნათქვამია, რომ ფროლოვი იერიშის დროს გარდაიცვალა, თუმცა მოკლულის ახლობლებმა განაცხადეს, რომ იძულებული იყვნენ დაეკრძალათ დახურული კუბოთი, რადგან ცხედარი წამებით იყო დასახიჩრებული.

გენერალ პაველ კლიმენკოს დაღუპვის შესახებ გამოქვეყნებული პოსტის ქვეშ რუსი ჯარისკაცების ახლობლები წერენ, რომ სწორედ კლიმენკოა მათი ნათესავებისა და ოჯახის წევრების მკვლელი.

„ჩემი შვილი, სასიკვდილო დიაგნოზით, ამ ნაძირალამ გაუშვა იერიშზე, როგორც კი გაიგო, რომ ბავშვმა დოკუმენტები წარუდგინა სამხედრო სამედიცინო ექსპერტიზას. პირუტყვივით სარდაფში ჰყავდათ ჩაკეტილი, ტელეფონი წაართვეს, იარაღის ქვეშ გაჰყავდათ ტუალეტში“, - ნათქვამია ერთ-ერთ კომენტარში.

ასევე ნახეთ რას ნიშნავს ტრამპის გამარჯვება უკრაინისა და მისი ფრონტისთვის?

სხვა დაღუპული გენერლები

პაველ კლიმენკო მერვე რუსი გენერალია, რომელიც დაიღუპა 2022 წლის თებერვლის (უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის) შემდეგ.

ომის პირველ თვეებში დაიღუპა ოთხი რუსი გენერალი - ანდრეი სუხოვეცკი, ვლადიმირ ფროლოვი, კანამატ ბოტაშევი და რომან კუტუზოვი. მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, უმაღლესი რანგის რუსი ოფიცრების შემადგენლობაში დანაკარგები არ ყოფილა.

რუს გენერლებს შორის ახალი დანაკარგები გაჩნდა 2023 წლის ივნისიდან - მას შემდეგ, რაც დაიწყო უკრაინის კონტრშეტევა: დაიღუპნენ რუსეთის 35-ე გაერთიანებული არმიის შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი სერგეი გორიაჩევი და სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ოლეგ ცოკოვი.

2023 წლის ნოემბერში დაიღუპა მე-14 არმიის კორპუსის მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ზავადსკი.

გარდა ამისა, ომის დაწყების შემდეგ უკრაინული წყაროები იტყობინებოდნენ კიდევ შვიდი რუსი გენერლის დაღუპვის შესახებ¸ თუმცა სულ მცირე სამი მათგანი - მაგომედ თუშაევი, ვიტალი გერასიმოვი და ანდრეი მორდვიჩევი - ცოცხალი აღმოჩნდა. როგორც BBC-ის რუსული რედაქცია წერს, სამივე ეს გენერალი პერიოდულად ჩნდება სოციალურ ქსლებში და აგრძელებს უკრაინასთან ომში ბრძოლას.

„თუმცა რვა გენერალიც კი მნიშვნელოვანი დანაკარგია, - წერს „მედიაზონა“, - გენერლების სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი შესაძლოა დაკავშირებული იყოს რუსული არმიის სტრუქტურის თავისებურებებთან. მაგალითად, იმასთან, რომ შეჭრის პირველ ფაზაში, უსაფრთხო საკომუნიკაციო არხებისა და ლოგისტიკური პრობლემების გამო, გენერლებს პირადად უწევდათ ყოფნა ფრონტის ხაზის მახლობლად, რათა თვალყური ედევნებინათ ვითარებისათვის და სწრაფად გაეცათ ბრძანებები შეცვლილი პირობების შესაბამისად, რაც ერთიორად ზრდიდა მათი განადგურების შანსებს“.

ასევე ნახეთ რუსეთმა დაადასტურა უკრაინაში გენერალ ზავადსკის სიკვდილი

მოგვიანებით რამდენიმე რუსი გენერალი ასევე დაიღუპა დასავლელი პარტნიორების მიერ უკრაინისათვის მიწოდებული შორეული მოქმედების საარტილერიო სისტემების ზუსტი დარტყმების გამო.

ცოცხალი ძალის დანაკარგები

2024 წლის ოქტომბრისათვის, ღია მონაცემებზე დაყრდნობით, ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიამ და გამოცემა „მედიაზონამ“ დაადგინეს 70 000-ზე მეტი იმ რუსი სამხედრო მოსამსახურის ვინაობა, რომლებიც დაიღუპნენ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს.

ომში დაღუპული რუსი სამხედროების ყველაზე მრავალრიცხოვან კატეგორიას მიეკუთვნებიან ე.წ. მოხალისეები - კონტრაქტით აყვანილი ჯარისკაცები, რომლებიც ომამდე მრავალი წლის განმავლობაში საქმიანობდნენ სამოქალაქო სექტორში და მხოლოდ ფრონტზე გაგზავნის წინ გაიარეს ხანმოკლე (სამიდან ათ დღემდე) სამხედრო მომზადება.

ასევე ნახეთ რუსეთის დანაკარგები უკრაინისაზე სამჯერ მეტია - გენერალი სირსკი

რვა გენერლის გარდა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთმა დაკარგა 4104 ოფიცერი, მათ შორის, 458 ვიცე-პოლკოვნიკზე მაღალი ჩინისა.

როგორც სამხედრო ანალიტიკოსები შენიშნავენ, დაღუპულ ოფიცრებს შორისაა ელიტარული სამეთაურო რგოლის 1142 სპეციალისტი (საჰაერო სადესანტო ძალების, საზღვაო ქვეითების, სპეცრაზმის, რუსეთის გვარდიის განსაკუთრებული რაზმისა და სამხედრო მფრინავების რიგებიდან).

ექსპერტთა შეფასებითვე, უკრაინასთან ომში რუსეთის დანაკარგები გაცილებით მეტია, ვიდრე ეს შეიძლება დადგინდეს ღია წყაროებიდან. მათი ვარაუდით, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ რუსეთმა, სავარაუდოდ, მოკლულების სახით დაკარგა 108 ათასიდან 156 ათასამდე ადამიანი.

ასევე ნახეთ რადიო თავისუფლებამ გამოავლინა რუსეთის ეთნიკურ უმცირესობათა რეგიონებიდან ომში დაღუპულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა