Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის დანაკარგები უკრაინისაზე სამჯერ მეტია - გენერალი სირსკი


უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ოლექსანდრ სირსკი
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ოლექსანდრ სირსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის არმიის დანაკარგები სამჯერ აღემატება უკრაინისას, ხოლო ფრონტის ცალკეულ უბნებზე ეს სხვაობა კიდევ უფრო დიდია.

"მათი დაღუპულთა რაოდენობა გაცილებით მაღალია", - ამბობს უკრაინელი გენერალი ბრიტანულ გამოცემა “გარდიანთან” 24 ივლისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში.

თებერვალში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომში 2022 წლიდან 31 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. ინტერვიუში სირსკი არ ასახელებს დანაკარგების შესახებ ახალ მონაცემებს, რადგან მიიჩნევს, რომ ინფორმაცია "მგრძნობიარეა" და ეს არის თემა, რომლის გამოყენებაც მოსკოვს შეუძლია.

უკრაინის მთავარსარდლის თქმით, ბრძოლის ველზე უკრაინის შეიარაღებული ძალების ტაქტიკა განსხვავდება რუსეთის ტაქტიკისგან - მისი თქმით, რუსეთი "100-200 მეტრი" ტერიტორიის დასაკავებლად დიდი რაოდენობის ქვეითებს ისვრის წინა ხაზზე.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მებრძოლების სიცოცხლის შენარჩუნება. ჩვენ არ ვიცავთ ნანგრევებს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. არ ვესწრაფვით მიზნის მიღწევას ნებისმიერ ფასად", - აცხადებს სირსკი და დასძენს, რომ ზოგჯერ ჯარები უკან იხევენ უფრო "ხელსაყრელ პოზიციებზე" გადასვლის მიზნით.

  • რუსეთი და უკრაინა თითქმის არ ავრცელებენ ინფორმაციას ომში თავიანთი დანაკარგების შესახებ. მოსკოვმა ოფიციალურად ბოლოს 2022 წლის სექტემბერში განაცხადა 5 937 ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, კიევიც დიდი ხანი ასაიდუმლოებდა სამხედრო დანაკარგის შესახებ სტატისტიკას და აცხადებდა, რომ ასეთ მონაცემებს მხოლოდ ომის შემდეგ გაასაჯაროებს.
  • 2024 წლის 25 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან პირველად გამოაცხადა დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობა - 31 ათასი. ამავე დროს, ზელენსკიმ თქვა, რომ ვერ გაამჟღავნებს რამდენი უკრაინელი სამხედროა დაჭრილი და უგზო-უკვლოდ დაკარგული.
  • ზელენსკის თანახმად, რუსეთის დანაკარგები მოკლულის სახით შეადგენს 180 ათას ჯარისკაცს, ხოლო დაჭრილებისა და დაღუპულების რაოდენობა ჯამში დაახლოებით 500 ათასს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG