მონაცემები, რომლებსაც ნაწილობრივ ადასტურებს BBC-ის რუსული სამსახურისა და მედიაზონის დამოუკიდებელი დათვლაც, იმის უახლესი მტკიცებულებაა, რომ კრემლის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის ტვირთი არაპროპორციულად ნაწილდება რუსეთის ისეთ რეგიონებზე, რომლებიც მდიდარი მოსახლეობით დასახლებული მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგისგან შორსაა.
ბოლოდროინდელი ზრდის მიზეზი გაურკვეველია, თუმცა ეს ხდება ორ წელიწადში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყანა გააოგნა „ნაწილობრივი“ მობილიზაციის გამოცხადებით, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით 300 000 კაცი გაიწვიეს საბრძოლველად.
საერთო ჯამში, რუსების მსხვერპლი - დაღუპული ან დაჭრილი - დასავლეთის შეფასებით 500 000-ს აღემატება, ბოლო 30 თვის განმავლობაში კი უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე 1980-იან წლებში ავღანეთში სსრკ-ის ჯარის ყოფნის მთელი ათწლეულის განმავლობაში.
ტვირთის დიდი წილი მოდის ისეთ რეგიონებზე, სადაც სხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ეთნიკურად რუსებს აღემატებიან, როგორიცაა ბაშკირეთი და თათრეთი.
„თათრეთი და ბაშკირეთი არაა ღარიბი რეგიონები", - თქვა დიმიტრი ტრეშჩანინმა, რუსულენოვანი ვებგვერდის, Mediazona-ს რედაქტორმა, რომელიც BBC-ის რუსულ სამსახურთან ერთად დამოუკიდებლად აგროვებს მონაცემებს რუსების მსხვერპლის შესახებ.
„კონკრეტულად თათრეთი ბევრ სხვა რეგიონს შურს. ვერ ვიტყოდით, რომ ამ ორ რესპუბლიკაში ხალხი ბრძოლის სურვილს რესურსების ან ფულის ნაკლებობის გამო გამოთქვამს", - განუცხადა მან რადიო თავისუფლებას. „ჩემი აზრით, ძალიან დიდია ადმინისტრაციული ზეწოლა და იქ ხალხი „ნებაყოფლობით-იძულებით“ იგზავნება”.
ამ ორი რეგიონიდან დაღუპულებთან დაკავშირებული სიტუაცია „ირაციონალური" ჩანს, თქვა მან.
„ომის დასაწყისში, დაღესტნიდან [ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონი] დაღუპულების რაოდენობა თვალშისაცემი იყო”, - თქვა ტრეშჩანინმა. „მაგრამ ახლა ჩვენ მუდმივად ვხედავთ თათრულ და ბაშკირულ სახელებს, როგორიცაა მარატი და მარსელი”.
სიკვდილი ვოლგაზე
2022 წლის თებერვლის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთის მთავრობა განთქმულია ომში დაღუპულების შესახებ სიტყვაძუნწობით. მისი ბოლო ოფიციალური მაჩვენებელი 2022 წლის სექტემბერში გამოიცა, რომლის თანახმადაც, 5,937რუსი ჯარისკაცი იყო დაღუპული. უკრაინული მხარის მაშინდელი მონაცემებით, რუსების დანაკარგები 10-ჯერ უფრო დიდი იყო.
ამან ჟურნალისტებს, ანალიტიკოსებსა და გარე დამკვირვებლებს გაურთულა მოსახლეობის კონკრეტულ ჯგუფებზე ომის სრული გავლენის შეფასება.
მიუხედავად ამისა, სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისიდანვე, ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ არაეთნიკური რუსები არაპროპორციულად იყვნენ წარმოდგენილნი ქვეყნის სამხედრო მსხვერპლთა შორის.
ბაშკირეთში, შუა ვოლგის რესპუბლიკაში 4 მილიონზე ოდნავ დიდი მოსახლეობით, რადიო თავისუფლების აღრიცხვის მიხედვით, რომელიც მონაცემების შესაგროვებლად სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ განცხადებებს, ნეკროლოგებსა და სხვა ღია წყაროებს იყენებდა, 26 სექტემბრის მდგომარეობით 3,026 დაღუპული დადასტურდა.
თათრეთში, სადაც მსგავსი ზომის მოსახლეობაა, რადიო თავისუფლებამ 2,740 გარდაცვალება აღრიცხა.
რუსული BBC-ის და Mediazona-ს ბოლო მონაცემებით, რომელიც მსგავს მეთოდოლოგიას იყენებდა, ბაშკირეთში 2,705 დადასტურებული სიკვდილი აღირიცხა, თათრეთში კი - 2,259.
უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნილი მობილიზებული ჯარისკაცების გარდა, მოსახლეობის სხვა ჯგუფები მოიცავს პატიმრებსა და კერძო სამხედრო კომპანიების მიერ დაქირავებულებს, ასევე „კონტრაქტნიკებს“ - მამაკაცებს, რომლებიც ნებაყოფლობით აწერენ ხელს საბრძოლო ხელშეკრულებებს, რასაც განაპირობებს გამორჩეულად მაღალი ხელფასები და ვეტერანთა შეღავათები, მათ შორის ქვრივებისთვის და ოჯახის გადარჩენილი წევრებისთვის.
“კონტრაქტნიკებს” შორის დადასტურებული გარდაცვლილების რაოდენობით რუსეთში ბაშკირეთი ლიდერობს - რადიო თავისუფლების მონაცემებით, ასეთია 965. მეორე ადგილზეა თათრეთი, სადაც 557 მოხალისე დაიღუპა.
შედარებისთვის, მოსკოვიდან, სადაც ოფიციალური მონაცემებით მოსახლეობა 13 მილიონს აღემატება, მხოლოდ 135 მოხალისის სიკვდილია დადასტურებული.
ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში რადიო თავისუფლებამ ამ ორი რეგიონიდან დაღუპული ჯარისკაცების სიას 575 სახელი დაუმატა, დღეში თითქმის 20.
დადასტურებული მაჩვენებლები, სავარაუდოდ, რეალურზე ნაკლებია, იმის გათვალისწინებით, რომ ოფიციალური უწყებების მიერ მონაცემების გასაიდუმლოების ფონზე დაღუპულთა იდენტიფიცირება სირთულეს წარმოადგენს.
ასევე გაურკვეველია, ზუსტად რამდენი კაცი გაიგზავნა ბაშკირეთიდან და თათრეთიდან უკრაინაში საბრძოლველად - „კონტრაქტნიკები”, ციხის პატიმრები, მობილიზებული ჯარისკაცები თუ სხვა.
სტატისტიკა თუ ტრაგედია?
მოსკოვი „განსაკუთრებულ ყურადღებას“ აქცევს ვოლგის რეგიონს, თქვა თათარმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა რუსლან აისინმა. მისი თქმით, კრემლი მიზანმიმართულად ცდილობს ე.წ. ეთნიკური რესპუბლიკების „პოლიტიკური სტატუსი გაურკვეველი გახადოს” - რუსეთის რეგიონების, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი არარუსული ეთნოსისაა.
მისი თქმით, პუტინის მთავრობა ცდილობს გააძლიეროს ომისადმი მხარდაჭერა, ან, როგორც მინიმუმ, შეამსუბუქოს უკმაყოფილება ეთნიკურ რუსებს შორის დიდ ქალაქებში, როგორიცაა მოსკოვი და სანქტ-პეტერბურგი, მათი მსხვერპლის მინიმუმამდე შემცირებით.
აისინის თქმით, ხელისუფლებისთვის, ყოველი სამხედრო სიკვდილი „უბრალოდ სტატისტიკაა".
„მაგრამ რესპუბლიკისთვის, ეთნიკური ჯგუფისთვის, ცალკეული ოჯახისთვის ეს დიდი ტრაგედიაა“, - განაცხადა მან. „ხელმძღვანელობასა და საშუალო მოქალაქეს შორის დიდი უფსკრულია”.
იანვარში ბაშკირეთში გამოჩნდა არაძალადობრივი საპროტესტო ტალღა მას შემდეგ, რაც ფაილ ალსინოვს, უმცირესობების უფლებებისა და ბაშკირული ენისა და კულტურის დიდი ხნის დამცველს, მიესაჯა ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა ეთნიკური შუღლის გაღვივებისთვის.
ანალიტიკოსების თქმით, პროტესტი ნაწილობრივ გამოიწვია რეგიონის მიერ უკრაინის ომის გამო გადახდილი ფასით უკმაყოფილებამ.
„დაღუპულთა უმეტესობა ახლა მოხალისეა"
20 სექტემბერს, რუსული BBC-ის და Mediazona-ს პროექტმა, რომელიც დაკრძალვის ცნობებისა და სხვა ღია წყაროების მონიტორინგის მეშვეობით ომში დაღუპულებს ითვლის, გამოაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით 70 ათასზე მეტი ჯარისკაცის სიკვდილი დასტურდებოდა.
პროექტის თანახმად, ომის ადრეულ ფაზაში, ომში დაღუპული საშუალო რუსი 20 წელს ოდნავ გადაცილებული საკონტრაქტო მოსამსახურე იყო.
თუმცა, ახლა ტიპური გარდაცვლილები არიან 40-ს, 50-სა და 60-ს წელს გადაცილებული მოხალისეებიც კი, „უმეტესწილად სამხედრო გამოცდილების და სპეციალიზებული წვრთნის გარეშე”.
ანგარიშის თანახმად, ყველაზე ხნიერი მსხვერპლი 71 წლის მოხალისე იყო.
ტრეშჩანინმა თქვა, რომ დაღუპული რუსი ჯარისკაცების დაახლოებით 12.7% 2022 წლის სექტემბრის სამობილიზაციო ბრძანებაში მოყვა. ოფიციალურად, დაახლოებით 300,000 კაცი იყო მობილიზებული, მაგრამ ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო.
მთლიანობაში, რუსული BBC-ის და Mediazona-ს შეფასებით, ქვეყნის მასშტაბით დაღუპულთა რაოდენობა 107 ათასიდან 155 ათასამდე მერყეობს.
დასავლური შეფასებებიც ამის მსგავსია.
მაისში საფრანგეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნმა განაცხადა, რომ დაახლოებით 150 000 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ივნისში თქვა, რომ სულ მცირე 300 000 რუსი ჯარისკაცი მოკლეს ან დაჭრეს და ამას უწოდა „ფასი, რომელიც რუსეთმა პუტინის იმპერიული ამბიციებისთვის გადაიხადა".
ტრეშჩანინმა თქვა, რომ მას და მის კოლეგებს კიდევ დაახლოებით 4,000 სახელი აქვთ, რომელთა დადასტურებასაც ცდილობენ.
მაგრამ, მისი თქმით, მთავარი ტენდენცია ახლა მოიცავს მოხალისეებს, რომლებიც ახლახან წავიდნენ საბრძოლველად.
„არც ისე იშვიათია, - თქვა ტრეშჩანინმა, - როდესაც ივლისში ომში წასული კაცის ნეკროლოგი უკვე აგვისტოში ქვეყნდება”.
თარგმანი: ელენე კობახიძე
ფორუმი