მამუკა კეკელიას ცხედრის გამოსვენება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
რომეო ფარულავას ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ ერთი ქართველი და დაღუპულია რამდენიმე უკრაინელი მებრძოლი.
მამუკა კეკელია უკრაინაში 2022 წლის აპრილში, ომის დაწყებიდან მალევე ჩავიდა. ის უკრაინის არმიის სახმელეთო ჯარების 49-ე ცალკეული ქვეითი ბატალიონის „კარპატსკი სიჩის“ რიგებს შეუერთდა:
„ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში დამიკავშირდა გერმანიიდან და მთხოვა, დავხმარებოდი უკრაინაში წასვლაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, იმის გათვალისწინებითაც, რომ ოჯახი დამიკავშირდა და მთხოვა, არ შემეწყო ხელი მამუკასთვის, რომ ომში წამოსულიყო, ყველანაირად ვეცადე, გადამერწმუნებინა. თუმცა, მაინც მოახერხა და უკვე აპრილში, ომის დაწყებიდან თითქმის ორი თვის თავზე, ის უკრაინაში, „კარპატსკი სიჩის“ რიგებს შეუერთდა.
სადაც კი ცხელი წერტილი იყო, ყველგან იბრძოდა. ბრძოლებში აქვს მონაწილეობა მიღებული - კონტაქტი 3 მეტრი. მტრის პირისპირ მუშაობდა“.
2022 წელს მამუკა კეკელია ერთ-ერთი ბრძოლისას დაიჭრა და უკრაინელი მეგობრების დახმარებით, საფრანგეთში გაიარა რეაბილიტაციის კურსი, თუმცა, ბოლომდე გამოჯანმრთელებული არ იყო, კვლავ უკრაინაში დაბრუნდა:
„საკმაოდ რთული სიტუაცია ჰქონდა მარჯვენა ფეხზე, შეექმნა ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც. თუმცა ვერც იქიდან ისვენებდა. რეაბილიტაციის გავლის შემდეგ, ისევ უკრაინაში დაბრუნდა და შეუერთდა ერთ-ერთ უკრაინულ ბრიგადაში შემავალ ქართულ დაჯგუფებას, „შერეკილებს“, ავთო ქაჯაიას მეთაურობით. სწორედ მათ რიგებში იბრძოდა ახლაც“, - უყვება რომეო ფარულავა რადიო თავისუფლებას.
მამუკა კეკელია აფხაზეთიდან დევნილია. ის იყო აფხაზეთის ომის ვეტერანი. როგორც რომეო ფარულავა უყვება რადიო თავისუფლებას, აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ, ის პარტიზანულ მოძრაობას შეუერთდა და მოგვიანებით ტყვედ ჩავარდა. რომეო ფარულავას თქმით, მან დრანდის ციხეში, ტყვეობაში გაატარა რამდენიმე წელი. აფხაზეთის ომში დაიღუპა მამუკა კეკელიას დედა:
„დაახლოებით სამ წლამდე გაატარა ტყვეობაში. სხვადასხვა ორგანიზაცია იყო ჩართული მისი გათავისუფლების პროცესში, მათ შორის, სახალხო მოლაპარაკებებისა თუ სხვა ოფიციალური ფორმატების ფარგლებში. საბოლოოდ, მამუკა წითელი ჯვრის ძალისხმევით გაათავისუფლეს ტყვეობიდან და ამის შემდეგ უკვე ცხოვრობდა ტყიბულში, ოჯახთან ერთად.
აფხაზეთის ომში დაეღუპა დედა. მამუკა კეკელია იყო ყველა ჩვენგანის, განსაკუთრებით ახალგაზრდების მაგალითი. ის იყო ერთ-ერთი, ვისი გმირობის მაგალითებზე პირადად მე გავიზარდე. თავის განსაკუთრებულ პროფესიონალიზმს ავლენდა უკრაინაშიც და ამას აკეთებდა ერთადერთი მიზნით, დაბრუნებულიყო აფხაზეთში, დაბრუნებულიყო სოხუმში. გამუდმებით იმეორებდა, ჩემი ოცნებაა, სოხუმში, მინისტრთა საბჭოს შენობის თავზე, აფრიალებული ვნახო ქართული დროშა, მაშინ დავმშვიდდებიო“, - იხსენებს რომეო ფარულავა.
უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან რამდენიმე ასეული (არაოფიციალური ინფორმაციით, 2000-მდე) ქართველი მოხალისე იბრძვის. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე.
ასევე ნახეთ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები - 2022-2024ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 70-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს 2022 წლის 24 თებერვლიდან აწარმოებს. ფრონტის ხაზი დღეისთვის 1000 კილომეტრზე მეტია.