„სადღაც ხარკოვის ოლქში ბრძოლაში გაანადგურეს ილდარ დადინი, ყოფილი რუსი ოპი, რომელიც მტრების მხარეზე საბრძოლველად წავიდა. ჯოჯოხეთში იუდებს ცალკე მიღება ელოდებათ“, - წერს ტელეგრამში ცნობილი რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი.
პირველი შეტყობინება დადინის დაღუპვის შესახებ ჟურნალისტმა ქსენია ლარინამ გაავრცელა. დადინის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია გამოცემა The Insider-ს "სვობოდა როსიის" (რუსეთის თავისუფლება) ლეგიონში დაუდასტურეს. სწორედ ამ ქვედანაყოფში იბრძოდა 41 წლის ილდარ დადინი, პუტინის რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე უშიშარი და შეურიგებელი პოლიტპატიმარი, რომელსაც მისმა თანამოაზრეებმა "განდი" შეარქვეს.
„ღრმა მწუხარებით უნდა გაუწყოთ, რომ ილდარ დადინი-განდი წუხელ, ხარკოვის ოლქისათვის ბრძოლებში დაიღუპა. განდი ვერ მოესწრო ჩვენს გამარჯვებას, მაგრამ მწამს, რომ გაუქმდება სისხლის სამართლის ის მუხლი, რომელიც მის სახელს ატარებს, სამაგიეროდ, რუსეთის ქალაქებში ილდარ დადინის სახელობის ქუჩები გამოჩნდება“, - წერდა 6 ოქტომბერს, ტელეგრამის არხში უკრაინაში მცხოვრები რუსი ოპოზიციონერი, ილია პონომარიოვი.
აქ ვიხსენებთ, თუ როგორ ებრძოდა პუტინის რეჟიმს რუსეთში და რუსულ აგრესიას უკრაინაში ილდარ დადინი.
ბორის ნემცოვის პრემიის ლაურეატი
2017 წლის 17 ივნისს გერმანიის ქალაქ ბონში ბორის ნემცოვის სახელობის პრემიით დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. იმ წელს ბორის ნემცოვის ფონდმა პრემიაზე რუსი სამოქალაქო აქტივისტი ილდარ დადინი წარადგინა. ის რუსეთის პირველი მოქალაქე იყო, რომელიც ხელისუფლებასთან შეუთანხმებელ აქციებზე განმეორებით მონაწილეობისათვის დააპატიმრეს.
2016 წლის მარტში, მას ამ საქმეზე ორწელიწად-ნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, სასჯელის კოლონიაში მოხდით. მუხლს, რომლითაც აქტივისტი გაასამართლეს, მას მერე "დადინის" მუხლს უწოდებენ.
„მის სახელს ატარებს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ცნობილი „დადინის მუხლი“ (212.1-ე მუხლი), რომელიც მოქალაქეებს "საჯარო ღონისძიებების ჩატარების წესების არაერთგზის დარღვევისთვის“, ანუ შეკრების შესახებ საკონსტიტუციო უფლების რეალიზებისთვის სჯის. ამ მუხლით ციხეში მოხვედრის შემდეგ, დადინმა იქაც გამოავლინა თავი, როგორც მამაცმა, მტკიცე და პატიოსანმა ადამიანმა, რომელიც არანაირ ვითარებაში არ ეგუება ძალადობას. პატიმრობაში ადამიანის უფლებათა დარღვევების გაპროტესტების გამო ნაწამები, იგი არათუ გატყდა, არამედ გაახმაურა მისი ცემისა და წამების ფაქტი, რასაც დიდი სკანდალი მოჰყვა“, - წერს გარი კასპაროვი, თავისუფალი რუსეთის ფორუმის საბჭოს ხელმძღვანელი.
ამ სკანდალის შემდეგ 2017 წლის თებერვალში, რუსეთის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა დადინისთვის გამოტანილი განაჩენი - 2,5 წლით პატიმრობა - და მიიღო გადაწყვეტილება პოლიტპატიმრის გათავისუფლების შესახებ.
„ბუნებრივია, გავაგრძელებ ბრძოლას პუტინის ფაშისტურ რეჟიმთან, ამ მატყუარა, ჩეკისტ, ცუდ ნაძირალასთან - არ მინდა გინებაზე გადავიდე. ვიბრძოლებ იმისათვის, რომ ადამიანის უფლებები რუსეთში დაცულ იქნეს და ჩვენთანაც იყოს ისე, როგორც სხვაგან, ცივილიზებულ სამყაროში“, - განაცხადა ილდარ დადინმა კოლონიიდან გათავისუფლების შემდეგ.
და განაგრძო კიდეც. ჯერ როგორც აქტივისტმა, შემდეგ კი როგორც მოხალისე მეომარმა.
„როცა შეიძლებოდა ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლა მშვიდობიანი საშუალებებით, იგი დაჟინებით ეწეოდა ამ ბრძოლას. პუტინის რეჟიმის მიერ გაჩაღებული აგრესიული ომის დაწყების შემდეგ, მან არ ისურვა „ანტისაომარ კომიტეტებსა“ და დაუსრულებელ ემიგრანტულ კინკლაობაში დროის ხარჯვა... დადინმა იარაღს მოჰკიდა ხელი. ეს იყო არა მარტო გაბედული, არამედ უწინარესად ბუნებრივი და რაციონალური საქციელი“, - წერს ინტერნეტის სოციოლოგიის სპეციალისტი იგორ ეიდმანი, ბორის ნემცოვის ბიძაშვილი.
უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის (კრემლი მას სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებს - რედ.) დაწყებისთანავე ილდარ დადინი გაემგზავრა პოლონეთში, იქიდან კი ჩავიდა უკრაინაში, სადაც ყოფილმა აქტივისტმა ხელში იარაღი აიღო და უკრაინის დასაცავად მოხალისეთა დანაყოფების შემადგენლობაში იბრძოდა.
"გმირი, რომლის სახელიც უკვდავყოფილი იქნება"
უცნობია, თუ რა ვითარებაში დაიღუპა 5 ოქტომბერს ხარკოვის ოლქში ილდარ დადინი. ბოლო ორი თვის განმავლობაში რუსეთის არმია თითქმის ყოველდღიურად ბომბავს ქალაქ ხარკოვსა და ხარკოვის ოლქის სხვადასხვა დასახლებულ პუნქტს.
ცნობილია, რომ ილდარ დადინი თავდაპირველად იბრძოდა "სიბირსკი ბატალიონის" (ციმბირის ბატალიონის) შემადგენლობაში. თუმცა, როგორც ილია პონომარიოვი ამტკიცებს, გასული წლის დეკემბერში, დადინი "სვობოდა როსიის" (რუსეთის თავისუფლება) ლეგიონში გადავიდა.
შეიარაღებული ჯგუფები - „რუსეთის თავისუფლება“, „რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ და „ციმბირის ბატალიონი“, საკუთარ თავს „რუსეთის განმათავისუფლებელი ძალების“ ნაწილად წარმოადგენენ. სწორედ ეს სამხედრო ჯგუფები შეიჭრნენ მიმდინარე წლის მარტში უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის ბელგოროდისა და კურსკის ტერიტორიაზე.
„მალე ჩვენ წავალთ სხვა ქალაქებშიც. მოვუწოდებთ რუსებს ყველა ქვეყანაში, ნებისმიერი სხვა ეროვნების ადამიანებს - შემოგვიერთდნენ და ერთად ვიბრძოლოთ პუტინის დიქტატურის წინააღმდეგ. მხოლოდ იარაღით ხელში და ერთად ყოფნით, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და შევქმნით ახალ რუსეთს - ძლიერ, მშვიდობიან და პატივსაცემ ქვეყანას, რომლის მოქალაქეობაც სამარცხვინო არ არის. ჩვენი ბრძოლა გრძელდება. იქნება ახალი გამარჯვებები“, - ნათქვამი იყო 20 მარტს რუს მოხალისეთა შენაერთების ერთობლივ განცხადებაში.
რუსეთის ხელისუფლება მაშინ აცხადებდა, რომ „უკრაინელმა ტერორისტებმა“ რუსეთის ტერიტორიაზე შეღწევა ვერ მოახერხეს.
რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის (ФСБ) კოლეგიაზე გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ „ჩავარდა [რუსეთის ტერიტორიაზე] შეჭრის ყველა მცდელობა“, რასაც ცდილობდნენ უკრაინის რეგულარული ნაწილებისგან და უცხოელი დაქირავებულებისგან შემდგარი ჯგუფები.
მან ახსენა „მოღალატეებიც“ და სპეციალურ სამსახურებს დაავალა - „გამოავლინონ თითოეულის სახელი“ და დასჯის პირობა დადო - „სადაც არ უნდა იყვნენ ისინი“.
უცნობია, მონაწილეობდა თუ არა მარტის თვეში ილდარ დადინი ბელგოროდის რეიდში, მაგრამ როდესაც უკრაინისათვის მებრძოლი კრემლის ოპონენტის დაღუპვის ამბავი გავრცელდა, კრემლის პროპაგანდისტებმა გაიხსენეს, რომ იგი სწორედ "ციმბირის ბატალიონთან" ერთად ებრძოდა თანამემამულეებს.
„კიდევ ერთი რუსი, ილდარ დადინი, გაანადგურეს სპეციალური ოპერაციის ზონაში. 2023 წელს მან დატოვა რუსეთი და შეუერთდა ე.წ. ციმბირის ბატალიონს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის ხარკოვის მიმართულებით იქნა ლიკვიდირებული. მოღალატის ცხოვრების ბუნებრივი დასასრულია“, - წერს რუსი სამხედრო კორესპონდენტი, კრემლის პროპაგანდისტი ევგენი პოდდუბნი. დადინი "მოღალატედ" მოიხსენიეს სხვა ცნობილმა რუსმა პროპაგანდისტებმა - მარგარიტა სიმონიანმა და ანდრეი მედვედევმა.
კრემლის ოპონენტები კი დარწმუნებულნი არიან, რომ ილდარ დადინი არის გმირი, რომლის სახელი უკრაინის გარდა, რუსეთის ისტორიაშიც იქნება უკვდავყოფილი.
„სამწუხაროდ, ომი უმსხვერპლოდ შეუძლებელია. ილდარ დადინი დაიღუპა თავისი მოვალეობის შესრულებისას ისე, როგორც თავად ესმოდა - იცავდა უკრაინასა და მის მოსახლეობას სამხედრო აგრესიისგან. ის გმირივით ცხოვრობდა და გმირულად დაეცა, სამუდამოდ ჩაწერა თავისი სახელი ისტორიაში. მას გაიხსენებენ უკრაინის დამცველად და, ამავე დროს, რუსეთის ანტიპუტინური წინააღმდეგობის გმირად. დროთა განმავლობაში, მომავალში თავისუფალ რუსეთში, მისი სახელი უკვდავყოფილი იქნება და მისი გვარი ცნობილი არ იქნება მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის მუხლის გამო, რომელსაც პუტინიზმის დამხობის შემდეგ გავაუქმებთ“, - წერს გარი კასპაროვი.
- რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს 2022 წლის 24 თებერვლიდან აწარმოებს. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სიტყვებით, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ თავდაპირველი მიზანი იყო უკრაინის „დენაციფიკაცია“, „დემილიტარიზაცია“ და ასევე უკრაინის უარი ნატოში გაწევრიანებაზე.
- ფრონტის ხაზი დღეს 1000 კილომეტრზე მეტია.
- 2024 წლის აგვისტოს დასაწყისში უკრაინა საპასუხოდ რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში შეიჭრა. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აქვს რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვების გეგმა და კურსკის ოპერაცია ამ გეგმის ერთ-ერთი პუნქტია.
- მოკავშირეებს გამარჯვების გეგმას ვოლოდიმირ ზელენსკი 12 ოქტომბერს, აშშ-ის რამშტაინის (გერმანიის) სამხედრო ბაზაზე გააცნობს.
ფორუმი