ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის თანახმად, პირველი სისტემები უკრაინაში უკვე 17 იანვარს ჩაიტანეს, ხოლო ბრიტანელი ინსტრუქტორების მცირე ჯგუფი, ახალი იარაღის ასათვისებლად, მოკლე „საწვრთნელ კურსს ჩაუტარებს“ უკრაინელ სამხედროებს.
მიუხედავად იმისა, რომ ამჯერადაც ლაპარაკია თავდაცვითი შეიარაღების სისტემებზე, ნატოს კიდევ ერთი ქვეყნის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარებას „სახიფათოდ“ მიიჩნევს მოსკოვი, რომელსაც 2014 წლიდან ანექსირებული აქვს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და, დასავლეთის სადაზვერვო სტრუქტურების ცნობებით, ამჟამად აქტიურად ემზადება უკრაინის წინააღმდეგ მორიგი სამხედრო აგრესიისთვის.
ასევე ნახეთ აშშ: აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთი შესაძლო პროვოკაციას ამზადებსამერიკული „ჯაველინიდან“ შვედურ NLAW-მდე
ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს „ჯაველინის“ შემდეგ, 17 იანვრიდან, უკრაინის არმიას უკვე ბრიტანეთისგან მიღებული ტანკსაწინააღმდეგო იარაღიც აქვს.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება უკრაინისათვის მსუბუქი თავდაცვითი სისტემის მიწოდების შესახებ. ეს არ არის სტრატეგიული შეიარაღება და არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის. ეს შეიარაღება მხოლოდ თავდაცვისთვის გამოიყენება“, - განაცხადა ბრიტანეთის პარლამენტში გამოსვლის დროს თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი და რა კლასის ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიეწოდება უკრაინას ბრიტანეთიდან, რომელსაც შეიარაღებაში ამ ტიპის რამდენიმე ყუმბარსატყორცნი აქვს.
ბრიტანული „გარდიანის“ ცნობით, ტექნიკა, რომელიც უკრაინას მიეწოდება, უნდა წარმოადგენდეს მსუბუქ, გადასატან ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებას, რომელიც ტანკების წინააღმდეგ საკმაოდ ახლო მანძილზე, დაახლოებით, 100 მეტრის რადიუსში, ბრძოლისთვის არის განკუთვნილი.
ბრიტანეთის არმიას კი ასეთი კატეგორიის რამდენიმე ტანკსაწინააღმდეგო სისტემა აქვს შეიარაღებაში. ცნობილი „ჯაველინების“ გარდა, რომელიც არ განეკუთვნება „მსუბუქ სისტემას“, რადიო თავისუფლების უკრაინულ საიტ „დონბას რეალიის“ მიერ მოპოვებული ცნობების თანახმად, ესენია:
- MATADOR-MP
- AT4
- NLAW
აქედან პირველი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი გერმანული წარმოებისაა, დანარჩენი ორი - შვედური.
ბრიტანელი ექსპერტები ყველაზე უფრო სავარაუდოდ მიიჩნევენ, რომ ლონდონს კიევისათვის სწორედ შვედური წარმოების ხელის გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო სისტემის (NLAW) მიწოდება უნდა დაეწყო. ამ მოსაზრების სასარგებლოდ ლაპარაკობს ის, რომ შვედურ კონცერნ SAAB-ის მიერ გამოშვებული მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა 10 ქვეყნის შეიარაღებაშია და თანაც მისი მოქმედების პრინციპი ძალიან ჰგავს „ჯაველინისას“, რომელიც უკრაინელმა სამხედროებმა აშშ-ისგან ბოლოს შარშან მიიღეს და უკვე საკმაოდ კარგადაც აითვისეს მისი გამოყენება.
ასევე ნახეთ პენტაგონმა რადიო თავისუფლებას დაუდასტურა უკრაინისთვის 30 ტანკსაწინააღმდეგო „ჯაველინის“ გადაცემა
შეიარაღებული ძალების თავდაცვითი პოტენციალის გასაძლიერებლად, დახმარების სახით აშშ-მა „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსის პირველი პარტია უკრაინას 2018 წელს გადასცა.
ასევე ნახეთ უკრაინამ გამოსცადა ამერიკული "ჯაველინები"
2021 წლის ბოლოს აშშ-ის სამხედრო უწყების წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას დაუდასტურა უკრაინისთვის რამდენიმე ათეული ტანკსაწინააღმდეგო კომპლექს „ჯაველინისა“ და შესაბამისი საბრძოლო მასალის გადაცემის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.
გარდა ამისა, 2021 წლის ბოლოს აშშ-მა უკრაინისათვის 200 მილიონი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების პაკეტს დაუჭირა მხარი. ტელეკომპანია CNN-ი ოთხ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ახალი დახმარების პაკეტი მოიცავს უპირეტესად თავდაცვით აღჭურვილობას - ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას, დაფარული კავშირის უზრუნველყოფისთვის საჭირო რადიოსადგურებს, სამედიცინო მოწყობილობასა და სხვადასხვა სახის სათადარიგო ნაწილებს.
ასევე ნახეთ CNN: აშშ განიხილავს უკრაინისთვის დამატებითი შეიარაღების გადაცემას
შესაბამისად, აშშ-ის სამხედრო აღჭურვილობის შემდეგ, ბრიტანული ტანკსაწინააღმდეგო დანადგარების მიღებას უკრაინისთვის მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას უწოდებენ უკრაინელი ექსპერტები.
„თუ გასული წლის შემოდგომაზე, უკრაინამ მიიღო ტანკსაწინააღმდეგო „ჯაველინები“, სულ რაღაც გუშინ უკრაინამ ბრიტანეთისგან ახლო ბრძოლისათვის განსაზღვრული ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსტყორცნები მიიღო.
ანუ სხვადასხვა ტიპის თავდაცვითი შეიარაღებით მუდმივად ივსება უკრაინის არმიის არსენალები. და ამ კონტექსტში არანაკლები მნიშვნელობის კომპონენტებია უკრაინის საჰაერო სივრცეში ნატოს სადაზვერვო თვითმფრინავების მუდმივი ფრენები, რაც კიევს აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია რუსეთის სამხედრო აქტიურობის თაობაზე“, - უთხრა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს ევჰენ მაგდამ, კიევის „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა.
„მუდამ უკმაყოფილო“ რუსეთი
დიდი ბრიტანეთის მიერ უკრაინისათვის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნების გადაცემის ცნობა ემთხვევა დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარე დაპირისპირებას, რაც რუსეთის მიერ დამატებითი სამხედრო ძალების უკრაინის საზღვრის მახლობლად განლაგებამ გამოიწვია.
აშშ და მისი მოკავშირეები ვარაუდობენ, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტისთვის ემზადება.
რუსეთი კვლავინდებურად უარყოფს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის სამზადისს და კოლექტიური დასავლეთისგან წერილობით ითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს. მოსკოვს სურს, რომ ნატომ და აშშ-მა უარი თქვან ალიანსის რიგებში ახალი წევრების, მათ შორის, უკრაინისა და საქართველოს მიღებაზე, შეწყვიტოს მათთან სამხედრო ურთიერთობა და გაიყვანოს 1997 წლის შემდეგ ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში შეყვანილი დამატებითი სამხედრო ძალა და ტექნიკა, რაც საფრთხეს უქმნის რუსეთის უშიშროებას.
ასევე ნახეთ პუტინის ულტიმატუმი დასავლეთს: „ეს თქვენ უნდა მოგვცეთ გარანტიები, თანაც დაუყოვნებლად!“14 იანვარს გამართულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გამოქვეყნებულ წინადადებებზე პასუხს დასავლელი პარტნიორებისგან მოსკოვი ერთი კვირის განმავლობაში დაელოდება.
ამ ფონზე მოსკოვმა სახიფათო უწოდა დიდი ბრიტანეთის მხრიდან უკრაინისათვის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნების გადაცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
„ეს ყველაფერი უკავშირდება ჩვენს შეშფოთებას იმით, რომ სხვადასხვა მომწოდებელი ითვისებს უკრაინის ტერიტორიას, მათ შორის ისეთი იარაღით, რომლებიც არა მხოლოდ თავდაცვითი, არამედ, მეტწილად, შეტევითია“, - განაცხადა ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილების კომენტირებისას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა.
უკრაინასთან სამხედრო თანამშრომლობის გამო მუდმივად უკმაყოფილო მოსკოვის სიტყვიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, დასავლეთის ქვეყნები განაგრძობენ უკრაინის არმიის თავდაცვითი პოტენციალის გაძლიერების პროცესს. 18 იანვარს ცნობილი გახდა, რომ კანადამ უკრაინაში ელიტური შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების (CSOR) მცირე ქვედანაყოფი გაგზავნა.
ასევე ნახეთ კანადამ უკრაინაში ელიტური სპეცრაზმი გაგზავნაამის შესახებ რამდენიმე დასავლური გამოცემა კანადის ხელისუფლების ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. კანადელი სპეცრაზმელების ყოფნა უკრაინაში - ეს არის ნატოს მცდელობის ნაწილი, რომელიც რუსეთის შესაძლო აგრესიის შეკავებასა და უკრაინის ხელისუფლებისთვის დახმარების გზების გამოძებნას ისახავს მიზნად.
გავრცელებული ცნობით, სხვა საკითხებთან ერთად, კანადურმა ქვედანაყოფმა მიიღო დავალება, შეიმუშაოს კანადელი დიპლომატებისა და მათი ოჯახების წევრების ევაკუაციის გეგმა რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის შემთხვევაში.
შეერთებული შტატები და მისი დასავლელი მოკავშირეები აცხადებენ, რომ თუკი რუსეთი, რომელმაც უკრაინის საზღვართან ათიათასობით ჯარისკაცს მოუყარა თავი, თავისი მეზობლის წინააღმდეგ სამხედრო იერიშს დაიწყებს, ამას მოსკოვისთვის სერიოზული შედეგები მოჰყვება.