აშშ-ის ადმინისტრაცია განიხილავს უკრაინაში სამხედრო მრჩევლების და დამატებითი შეიარაღების გაგზავნის შესაძლებლობას, უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის საფრთხის გამო. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი იუწყება ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
წყაროთა თანახმად, აშშ-მა შესაძლოა, უკრაინას გადასცეს ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების, „ჯაველინის“ ახალი პარტია, გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები „სტინგერი“ და რუსული მი-17 ტიპის ვერტმფრენები, რომლებიც აშშ-მა ავღანეთის არმიისთვის შეიძინა, თუმცა, ამ ქვეყნიდან ამერიკელი სამხედროების გასვლის და ხელისუფლებაში თალიბების დაბრუნების შემდეგ, ავღანეთს აღარ გადასცა.
ამასთან, CNN-ის ცნობითვე, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის ზოგიერთი წარმომადგენელი შიშობს, რომ აშშ-ის ამგვარი ნაბიჯი რუსეთის მიერ განხილული იქნება სიტუაციის სერიოზულ ესკალაციად.
უკვე რამდენიმე კვირაა სხვადასხვა წყაროთი ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალებს ზრდის და სავარაუდოდ, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 21 ნოემბერს, უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა არ გამორიცხა, რომ რუსეთი ამ ოპერაციას დაიწყებს 2022 წლის იანვარში, ან თებერვალში.
22 ნოემბერს, სააგენტო "ბლუმბერგ"-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ აშშ-მა ნატოელ მოკავშირეებს გადასცა სადაზვერვო მონაცემები უკრაინის ტერიტორიასთან რუსი სამხედროების და შეიარაღების რაოდენობის გაზრდის შესახებ. სააგენტოს წყაროების თანახმად, რუსეთმა უკრაინაზე იერიში შესაძლოა, დაიწყოს ბელარუსის ტერიტორიიდან, ან ანექსირებული ყირიმიდან. ამ ინფორმაციას რუსეთის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის ნაწილი უწოდა პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა. რუსეთში აცხადებენ, რომ უკრაინა თავად ემზადება საბრძოლო მოქმედებების დასაწყებად.