2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს უახლეს ისტორიაში მეთერთმეტე საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
მკვეთრი ცვლილებები, რაც 1990-იანი წლებიდან დაწყებული ქვეყანამ განიცადა, პირდაპირ აისახებოდა თამაშის წესებზე და, შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის შემადგენლობაზე - თითქმის 35 წლის განმავლობაში, არაერთხელ შეიცვალა გამსვლელი ბარიერი, პარლამენტის წევრთა რაოდენობა და მთლიანად, საარჩევნო სისტემაც.
გარდა ამისა, იცვლებოდა წინასაარჩევნო თუ საარჩევნო ეკოსისტემა - შედეგებით უკმაყოფილება საპროტესტო ტალღებს და საპარლამენტო ბოიკოტებს იწვევდა, ერთ დროს წამყვანი, და ზოგჯერ მმართველი პოლიტიკური ძალებიც კი, უკვალოდ ქრებოდნენ.
2024 წელს, ქვეყნის ისტორიაში პირველად, საქართველო აღარ ირჩევს მაჟორიტარ დეპუტატებს და ხმას მხოლოდ პარტიულ სიებს აძლევს. ამოქმედდება 5%-იანი ბარიერიც, რომელიც ბოლო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გაუქმებული იყო.
რადიო თავისუფლებამ უკვე დაიწყო წამზომის ათვლა - დღევანდელი, 8 აგვისტოს მდგომარეობით, არჩევნები 79 დღეში ჩატარდება. იქამდე კი ერთად გადავავლოთ თვალი, ვის და როგორ ირჩევდა ქართველი ამომრჩეველი დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტში.
აქ მხოლოდ რიცხვებზე ვწერთ, დეტალურად კი საპარლამენტო არჩევნების თანამედროვე ისტორია ამ გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ.
1990: პირველი თავისუფალი არჩევნები
მაშ ასე - პირველი გაჩერება 1990 წლის არჩევნებია, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში გაიმართა. მწვავე პოლიტიკური კრიზისისა და ეროვნული მოძრაობების წინააღმდეგობის ფონზე, კომუნისტები დათანხმდნენ, გაემართათ თავისუფალი არჩევნები, რომელშიც ბუნებრივია, თავადაც მიიღებდნენ მონაწილეობას.
არჩევნები შერეული - პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით გაიმართა. საკანონმდებლო ორგანო, უზენაესი საბჭო, 250 წევრისგან შედგებოდა, საიდანაც ნახევარი პროპორციული წესით აირჩიეს, ნახევარი კი - ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქებიდან.
არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2 307 480-მა ადამიანმა, რაც ამომრჩევლების 67% იყო.
დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ბლოკმა „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, რომელსაც ზვიად გამსახურდია ედგა სათავეში.
4%-იანი ბარიერი გამარჯვებული ბლოკის გარდა მხოლოდ ქართულმა კომპარტიამ გადალახა. მესამე ძალა კი 1990 წლის პარლამენტში „სახალხო ფრონტი“ იყო, რომელმაც პროპორციული წესით ხმების მხოლოდ 1.89% მიიღო, თუმცა 12 მაჟორიტარი გაიყვანა.
43 მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვა „მრგვალმა მაგიდამ“, 17 ოლქში კომუნისტებმა, 11-ში სახალხო ფრონტმა, ორში ბლოკმა „დემოკრატიულმა საქართველომ“ და ერთში - შოთა რუსთაველის საზოგადოებამ. დანარჩენ ოლქებში დამოუკიდებელმა კანდიდატებმა მოიგეს.
1992: ყველაზე მრავალპარტიული პარლამენტი
წინა არჩევნებიდან სულ რაღაც ორი წელი იყო გასული, თუმცა იქამდე ყველაფერი თავდაყირა დადგა. 1992 წლის საპარლამენტო არჩევნები პირველი იყო სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, რომელსაც ლეგიტიმაცია უნდა მიენიჭებინა ახალი ხელისუფლებისთვის.
ხელისუფლების სათავეში ქვეყანაში ახლად დაბრუნებული ყოფილი კომუნისტი მაღალჩინოსანი, ედუარდ შევარდნაძე მოვიდა, რომელიც თითქმის 98%-ით აირჩიეს სახელმწიფოს მეთაურად.
მეორე მოწვევის პარლამენტს საქართველოს ახალი კონსტიტუცია უნდა მიეღო, ამიტომაც არჩევნები ჩატარდა სისტემით, რომელიც უზრუნველყოფდა ფართო წარმომადგენლობას.
პარლამენტში 235 წევრი უნდა შესულიყო, აქედან 150 - პროპორციული წესით. ბარიერი კი მხოლოდ 2% იქნებოდა.
ეს იყო საქართველოს ისტორიაში ერთადერთი არჩევნები, რომელიც პრეფერენციული სისტემით ჩატარდა - თითოეულ ამომრჩეველს სამი ხმა ჰქონდა.
შედეგად, საქართველომ ჯერჯერობით ისტორიაში ყველაზე მრავალპარტიული პარლამენტი მიიღო - არჩევნებში მონაწილე 36 პოლიტიკური სუბიექტიდან, 24-მა გადალახა ბარიერი.
არჩევნებზე 2 575 197 ადამიანი მივიდა - ამომრჩევლების 74%.
1995: გაფანტული ხმების რეკორდი
1995 წელს საქართველომ ახალი კონსტიტუცია მიიღო, მალევე ახალი სისტემით ჩატარდა საპარლამენტო არჩევნებიც.
პარლამენტში კვლავ 235 წევრი იყო, პროპორციული წესით ისევ 150 ირჩეოდა.
თუმცა, 1992 წლისგან განსხვავებით, პროპორციული სიით გამსვლელი ბარიერი 5%-მდე გაიზარდა. ამან უპრეცედენტო სიტუაცია შექმნა - ბარიერის გადალახვა მხოლოდ სამმა პარტიამ შეძლო, რის გამოც ხმების 61.5% მიიღეს პარტიებმა, რომლებიც ბარიერს ქვემოთ დარჩნენ.
19 მაჟორიტარულ ოლქში „მოქალაქეთა კავშირმა“ გაიმარჯვა. ექვს ოლქში მოიგო „აღორძინებამ“, ოთხ-ოთხ ოლქში მოიგეს სოციალისტურმა პარტიამ და ბლოკმა „პროგრესმა“, სამ-სამში ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ და ბლოკმა „თანადგომამ“, ორ-ორში ტრადიციონალისტთა კავშირმა და „ეროვნულმა თანხმობამ“, ერთში კი რესპუბლიკურმა პარტიამ.
დანარჩენ მაჟორიტარებად დამოუკიდებელი კანდიდატები გავიდნენ.
ხმა მისცა 2 127 946-მა ადამიანმა - ამომრჩეველთა 68%-მა.
1999: მოქალაქეთა კავშირი პოზიციებს იმყარებს
მომდევნო არჩევნებზე ბარიერი 7%-მდე გაიზარდა, რაც 2008 წლამდე აღარ შეცვლილა.
1995 წლის მსგავსად, ბარიერი კვლავ სამმა პარტიამ გადალახა - მათ შორის ისევ იყო შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირი“ და ასლან აბაშიძის „აღორძინება“, ხოლო ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ახალმა ძალამ, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ჩაანაცვლა, რომელსაც ბიზნესმენი გოგი თოფაძე ედგა სათავეში.
„მოქალაქეთა კავშირმა“ ამჯერად 46 მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვა, „აღორძინებამ“ შვიდში, „ლეიბორისტებმა“ ორში, „მრეწველებმა“ კი - ერთში.
17 ოლქში დამოუკიდებელმა კანდიდატმა მოიგო.
აქტივობა წინა არჩევნების მსგავსად 68% იყო - არჩევნებზე მივიდა 2 133 878 ადამიანი.
2003 და 2004: რევოლუციამდე და რევოლუციის შემდეგ
2003 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას ვარდების რევოლუცია მოჰყვა. 2004 წლის იანვარში, ედუარდ შევარდნაძის გადადგომის შემდეგ, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილმა ხმების 97% მიიღო.
2003 წელს ჩატარებული არჩევნების შედეგები კი მხოლოდ პროპორციულ ნაწილში გაუქმდა - როცა 2004 წელს საპარლამენტო არჩევნები ხელახლა ჩატარდა, ის მაჟორიტარებს არ შეხებიათ.
2003 წლის მაჟორიტარულ არჩევნებზე შევარდნაძის ბლოკმა „ახალი საქართველოსთვის“ 19 ოლქში მოიგო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ათში, „აღორძინებამ“ - ექვსში.
ოთხ-ოთხ ოლქში მოიგეს „ბურჯანაძე-დემოკრატებმა“, „ახალმა მემარჯვენეებმა“ და „მრეწველებმა“. სამ ოლქში მოიგეს „ლეიბორისტებმა“, დანარჩენებში კი - დამოუკიდებელმა კანდიდატებმა.
პროპორციულ ნაწილში 7%-იანი ბარიერი ამჯერად მხოლოდ ორმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა - „ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატებმა“ (2003 წლისგან განსხვავებით, სააკაშვილი, ჟვანია და ბურჯანაძე ამჯერად საერთო სიით გამოვიდნენ) და „მემარჯვენე ოპოზიციამ“, რომელიც აერთიანებდა „ახალ მემარჯვენეებსა“ და „მრეწველებს“.
2004 წელს არჩევნებზე 1 498 012 ადამიანი მივიდა, ანუ ამომრჩევლების 64%.
2008: ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო უმრავლესობას ინარჩუნებს
2008 წლის დასაწყისში მიხეილ სააკაშვილმა მეორედ გაიმარჯვა ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 2007 წლის ნოემბრის პოლიტიკური კრიზისის შემდეგ დანიშნა - მისი 2004 წელს მიღებული 97% იანვარში 55%-მდე შემცირდა, მაგრამ გაზაფხულზე ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალებს“ არ გასჭირვებიათ კომფორტული უმრავლესობის შენარჩუნება.
პროპორციულ ნაწილში, მმართველი ძალის გარდა, ბარიერის გადალახვა „გაერთიანებულმა ოპოზიციამ“, ჟურნალისტ გიორგი თარგამაძის ახალმა ძალამ - „ქრისტიან-დემოკრატებმა“ და შალვა ნათელაშვილის „ლეიბორისტებმა“ შეძლეს - ოპოზიციურ პარტიებს საქმე იმანაც გაუმარტივა, რომ ბარიერი ამჯერად კვლავ 5%-მდე შემცირდა.
ამასთან, 2008 წლის არჩევნები პირველი იყო, როცა 2004 წლის პლებისციტის საფუძველზე, პარლამენტის წევრთა რაოდენობა 150-მდე შემცირდა. აქედან 75 პროპორციული წესით ირჩეოდა, 75 - მაჟორიტარულით.
74 მაჟორიტარული ოლქიდან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 71-ში გაიმარჯვა. ორ-ორში მოიგეს გაერთიანებულმა ოპოზიციამ და „რესპუბლიკელებმა“.
ამგვარად, მმართველმა ძალამ ხმების 60%-ით მანდატების 80% მიიღო, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის საკმარისზე მეტი იყო.
არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 850 407-მა ადამიანმა - ამომრჩეველთა 53%-მა.
2012: ხელისუფლების ცვლილება
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს კონსტიტუციური ცვლილებები უსწრებდა წინ - საქართველო საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მოწყობაზე გადავიდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლების ბედი გადაწყდებოდა.
არჩევნებში, რომელიც 2008 წლის სისტემით გაიმართა, ბიძინა ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ დაამარცხა „ნაციონალური მოძრაობა“ - ოპოზიციურმა ბლოკმა მიიღო პროპორციული ხმების 55% და 73 მაჟორიტარული ოლქიდან 41-ში გაიმარჯვა.
პოლიტიკური და საზოგადოებრივი პოლარიზების ფონზე, 5%-იან ბარიერს სხვა ვერცერთი პარტია ვერ მიუახლოვდა.
2012 წლის არჩევნებზე 2 150 197 ადამიანი მივიდა - ამომრჩეველთა 59%.
2016: „ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღო
„ქართული ოცნების“ 2012 წლის წინასაარჩევნო პროგრამაში ეწერა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, საქართველო სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდოდა. 2016 წლის არჩევნებზე კარგად გამოჩნდა, რატომ არ შეასრულა „ოცნებამ“ ეს პირობა.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ბევრი რამით 2008 წლისას ჰგავდა - მაშინდელის მსგავსად, მმართველმა პარტიამ მეორე ვადით გაინაღდა ხელისუფლება, მაჟორიტარული სისტემის დახმარებით კი ხმების შედარებით მცირე ნაწილით საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღო.
თანაც, ამჯერად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების ნახევარზე ნაკლები - 48% მიიღო, მაგრამ ერთის გარდა ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების ხარჯზე 114 მანდატი შეხვდა, ანუ 76%.
მმართველი ძალის გარდა, ბარიერი ორმა პარტიამ გადალახა - მეორე ადგილზე გასულმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „პატრიოტთა ალიანსმა“, რომელმაც 5.01% მიიღო და პირველად მოხვდა პარლამენტში.
ბარიერს მიღმა დარჩენილი პარტიების ხმების ჯამმა პროპორციულ ნაწილში 14%-ზე მეტი შეადგინა.
ხმა მისცა 1 825 054-მა ადამიანმა, რაც ამომრჩეველთა 52% იყო. საპარლამენტო არჩევნებზე ასეთი დაბალი აქტივობა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არასდროს ყოფილა.
2020: „ოცნების“ მესამე ვადა
2019 წლის ზაფხულში, „გავრილოვის ღამის“ შემდგომი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ გასცა დაპირება, რომ მომდევნო წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდებოდა.
შემოდგომაზე პროპორციულ წესზე გადასვლის კანონპროექტი თავად „ოცნების“ დეპუტატებმა ჩააგდეს, რასაც კვლავ პროტესტი მოჰყვა. საბოლოოდ, მმართველი და ოპოზიციური პარტიები კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმდნენ - მაჟორიტარები ამჯერად შენარჩუნდებოდა, მაგრამ მათი რაოდენობა 73-დან 30-მდე შემცირდებოდა.
პროპორციულ ნაწილში ბარიერი 1%-მდე შემცირდა.
საბოლოოდ, „ქართულმა ოცნებამ“ კვლავ ხმების ნახევარზე ნაკლები მიიღო, თუმცა ოცდაათსავე მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებით 90 მანდატი - 60% მოიპოვა.
ამჯერად, მმართველმა პარტიამ დაკარგა საკონსტიტუციო უმრავლესობა, თუმცა საკმარისზე მეტი მანდატი მიიღო მთავრობის დასაკომპლექტებლად.
ხმა მისცა 1 992 891-მა ადამიანმა - ამომრჩევლების 56%-მა.