ახალი სასჯელი დაუმორჩილებლობისთვის: ვის ემუქრება 6 წლამდე პატიმრობა

6 წლამდე ვადის საპატიმრო სასჯელი საგანგებო და საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის - პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით დამტკიცებულმა ამ ნორმამ მრავალი შეკითხვა და ეჭვი გააჩინა. „ქართული ოცნების“ უმრავლესობა ამტკიცებს, რომ საპატიმრო სასჯელის ვადის ზრდა არ უკავშირდება დღეს მოქმედ საგანგებო მდგომარეობას და სამომავლოდაც მხოლოდ კონკრეტული გარემოებებისთვის არის გამიზნული.

არის თუ არა დაზუსტებული - კონკრეტულად რის გამო დააპატიმრებენ ადამიანს 6წლამდე ვადით? შეეხება თუ არა სასჯელი მხოლოდ პანდემიებს? რატომ გახდა საჭირო ცვლილებების მიღება დაჩქარებული წესით?

რა ჩაიწერა სისხლის სამართლის კოდექსში?

სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი სადავო ცვლილება პარლამენტმა 23 აპრილს, საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში დაამტკიცა და ის 2 მაისიდან ამოქმედდება.

სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე პრიმა მუხლის ახალი ჩანაწერის თანახმად, 6 წლამდე პატიმრობა მაქსიმალურ ზომას წარმოადგენს:

  • 6 წლამდე სასჯელი ემუქრება პირს, რომელიც განმეორებით დაარღვევს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმს (მათ შორის - იზოლაციის ან/და კარანტინის წესებს, საგანგებო მდგომარეობის პირობებში);
  • 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა შესაძლოა მიესაჯოს ფიზიკურ პირს, რომელიც ასეთი ქმედების ჩადენისათვის უკვე იყო გასამართლებული ადმინისტრაციული ანდა სისხლის სამართლის წესით;
  • 6 წლამდე პატიმრობა შესაძლოა გამოყენებულ იქნას იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

პრეზიდენტის დეკრეტით, რომელსაც ამჟამად მოქმედი საგანგებო მდგომარეობა ეფუძნება, განმეორებითი დანაშაულისთვის მაქსიმალურ საპატიმრო ვადად 3 წელია განსაზღვრული.

როგორ განმარტავენ ავტორები?

6 წლამდე პატიმრობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას საზოგადოების გარკვეული ნაწილის მწვავე კრიტიკა მოჰყვა, მათ შორის - სოციალურ ქსელებშიც. გამოითქვა მოსაზრებები, რომ - ხელისუფლება საზოგადოების დაშინებას ცდილობს, უარს ამბობს დემოკრატიულ პრინციპებზე და დიქტატურის გზით მიდის.

კრიტიკის მიღმა ჩასაფრებულ ოპონენტებს ხედავს საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთი ავტორი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე. 24 აპრილს განცხადება მან ფეისბუკზეც გამოაქვეყნა.

მდინარაძე განმარტავს, რომ ცვლილება არ შეეხება ამჟამად მოქმედ საგანგებო მდგომარეობას, ზოგადად კი:

  • საგანგებო მდგომარეობის დროს „აუცილებელი ხდება ისეთი მოქმედებების სწრაფი და მკაცრი პრევენცია, რომელიც ჩვეულებრივ სიტუაციაში შეიძლება მარტივ გადაცდომადაც კი არ ითვლებოდეს, არა თუ დანაშაულად“.
  • ბევრი მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი, როდესაც 6 წლამდე პატიმრობა „ძალიან მსუბუქ სასჯელადაც კი იქნას მიჩნეული ქმედების უკიდურესად მძიმე შედეგებიდან გამომდინარე“.

კრიტიკის საპასუხო განმარტებები გააკეთა საკანონმდებლო ცვლილებების კიდევ ერთმა ავტორმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმაც.

მან კონკრეტული მაგალითების მოყვანაც სცადა:

„ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ თუკი პირი განზრახ გადასდებს ვინმეს დაავადებას, თუკი ამ ქმედებას ჩაიდენს ორგანიზებული ჯგუფი, თუკი დაავადებული პირი განახორციელებს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევას, ან პირი დაარღვევს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმს, რაც გამოიწვევს ძალიან მძიმე შედეგებს, რასაც შესაძლებელია მოჰყვეს ადამიანის სიცოცხლის მოსპობაც კი, ამ შემთხვევაში გამოიყენება მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა 6 წლამდე“.

რა ჩანს და არ ჩანს კანონში?

ჩანს თუ არა სადავო მუხლში, რომ ცვლილებები მძიმე შედეგებს და, მაგალითად - ინფექციური დაავადების განზრახ გადადების სავარაუდო შემთხვევებს შეეხება?

იურისტებისა და უფლებადამცველების მოკლე პასუხია - არა.

როგორც „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) მართლმსაჯულების პროგრამის ხელმძღვანელმა, გურამ იმნაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, პრობლემა სწორედ ის არის, რომ 359-ე პრიმა მუხლის ჩანაწერი ძალიან ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

  • „სისხლის სამართლის კოდექსში საშიში ინფექციების განზრახ გავრცელება კიდევ ცალკე მუხლით ისჯება“...
  • „ამ შემთხვევაში კი, კანონი ლაპარაკობს არა მხოლოდ დეკრეტში ასახულ შეზღუდვებზე, არამედ დეკრეტის საფუძველზე მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებზეც“...
  • „დღევანდელი მოცემულობით რომ ვიმსჯელოთ, ეს სანქცია შეეხებოდა, მაგალითად - კომენდანტის საათის ორჯერ დამრღვევ პირებს ანდა მათაც, ვინც განმეორებით დაჯდება ავტომანქანის წინა სავარძელზე, მძღოლის გვერდით, რადგან ეს ახლა აკრძალულია“.

მართალია, 6 წლამდე პატიმრობა მაქსიმალურ სასჯელს წარმოადგენს და კანონის ჩანაწერი სასჯელის დანაშაულის მიხედვით გრადაციის საშუალებას იძლევა, მაგრამ ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული „მოსამართლეების კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმზე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელმა, ლიკა საჯაიამ.

„აქ თავისთავად პრობლემაა ჩვენი სასამართლო სისტემა და ის, თუ რამდენად სამართლიანად გამოიყენებენ ისინი სასჯელის ამ ზომებს“.

ასევე ნახეთ დასრულდა აქცია მარნეულში

ხალხის მღელვარების წინააღმდეგ?

23 აპრილს დაჩქარებული წესით დამტკიცებული ცვლილებების მიღმა ხალხის მღელვარებასთან დაკავშირებული თადარიგის დაჭერას ხედავს უფლებადამცველი, ადვოკატი ლია მუხაშავრია.

როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, თუკი პანდემიასთან დაკავშირებული კრიზისი გაიწელება და ზამთრამდე ვაქცინა თუ მედიკამენტი არ გამოჩნდება, შესაძლოა ვითარება დაიძაბოს და ხელისუფლებასაც უფრო ძლიერი ბერკეტები დასჭირდეს

„იმ შემთხვევაში, როდესაც ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება - ფინანსურად და სოციალურად, როდესაც ნერვული ატმოსფერო კიდევ უფრო მაღალ ტემპერატურაზე ავა, შესაძლოა საჭირო გახდეს უფრო მძიმე ღონისძიებების გამოყენება ხალხის შესაჩერებლად... ვხედავთ, რომ საზოგადოებაში პროტესტი უკვე გაჩნდა - შეიძლება ინსპირირებული, შეიძლება ორგანიზებული, შეიძლება ბუნებრივი... მაგრამ ჩვენ ამას ვხედავთ და მეჩვენება, რომ გაუარესების პერსპექტივაც აქეთკენ მიდის“.

ამ საკითხს ლია მუხაშავრია მომავალ არჩევნებსაც უკავშირებს:

  • არავინ იცის, რა მოხდება - საგანგებო ვითარება შეიძლება გაგრძელდეს განუსაზღვრელი ვადით;
  • ამ ვითარებაში შესაძლოა არჩევნებზე ლაპარაკიც ზედმეტი იყოს და ხელისუფლებას გაუგრძელდეს თავისი ვადა;
  • ასეთ პირობებში ვითარება პოლიტიკური თვალსაზრისითაც კიდევ უფრო გამწვავდება, რადგან მომავალი არჩევნები ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ასევე ნახეთ ზურა ჯაფარიძე და 14 აქტივისტი 3 ათასი ლარით დაჯარიმდა

რის გამო შეიძლება გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა?

კანონის თანახმად, საგანგებო მდგომარეობა პრეზიდენტმა (პრემიერის წარდგინებით) შესაძლოა გამოაცხადოს არაერთი საფუძვლით და ამ ჩამონათვალში ეპიდემიას სულ ბოლო ადგილას ვხვდებით.

ჩამონათვალშია:

  • მასობრივი არეულობა,
  • ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა,
  • სამხედრო გადატრიალება,
  • შეიარაღებული ამბოხი,
  • ტერორისტული აქტი,
  • ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფა,
  • ეპიდემია ან სხვა შემთხვევები.

ვიდრე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ 21 მარტს გამოცემულ დეკრეტში 3-წლიანი პატიმრობის შესაძლებლობა აისახებოდა, საქართველოს კანონმდებლობაში ასეთი ჩანაწერი არ იყო.

იურისტების აზრით, აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ სამომავლოდ, ეპიდემიისა თუ სხვა მიზეზებით გამოცემულ ახალ დეკრეტებში 6 წლამდე პატიმრობაც ვიხილოთ, რადგან იმ დროისთვის კანონმდებლობაში უკვე იქნება ეს ახალი ჩანაწერი.

თუმცა თუკი სამომავლოდ, მოქმედი ან მომავალი პრეზიდენტი პატიმრობის უფრო ხანმოკლე ვადას მიუთითებს, მისი დეკრეტი კანონზე მაღლა დადგება.

არასაჯარო... ბუნდოვანი... კონსტიტუციასთან შეუსაბამო...

23 აპრილს დამტკიცებულ საკანონმდებლო ცვლილებებს უარყოფითად აფასებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

6 წლამდე საპატიმრო სასჯელთან დაკავშირებით საია განმარტავს, რომ:

  • „ის არაპროპორციულია იმ შემთხვევებისთვის, როდესაც რეჟიმის დარღვევას მნიშვნელოვანი ზიანი არ გამოუწვევია“;
  • „შესაბამისად, აუცილებელი იყო საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის მეტად პროპორციული სასჯელის დაწესება“.

24 აპრილს საია-მ ასევე განაცხადა, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობის პროცესი გასაიდუმლოებული იყო და დამტკიცებულ მთელ რიგ ნორმებში - ბუნდოვანებასთან ერთად, კონსტიტუციასთან შეუსაბამობაც იკვეთება.