Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია ეხმაურება საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის შემოღებულ საკანონმდებლო ზომებს


ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას აქვეყნებს ახლად მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომლის თანახმად, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში (როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლისსამართლებრივი) პირს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის კოდექსში ასახულ სასჯელი არაპროპორციულია იმ შემთხვევებისთვის, როდესაც რეჟიმის დარღვევას მნიშვნელოვანი ზიანი არ გამოუწვევია. შესაბამისად, როგორც საია აღნიშნავს, აუცილებელი იყო საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის მეტად პროპორციული სასჯელის დაწესება, ხოლო თუ რეჟიმის დარღვევას მოჰყვა მნიშვნელოვანი ზიანი, ამ შემთხვევაში, მკაცრი პასუხიმგებლობის გამოყენება.

„ყურადღებიდან არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ ამ ქმედებაზე სასჯელის სახით ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, მას მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში აქცევს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში ის არ უნდა ჩაითვალოს მძიმე კატეგორიის დანაშაულად, რადგან პრეზიდენტის დეკრეტით მხოლოდ სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთაა სასჯელის სახით გათვალისწინებული. შესაბამისად, არ შეიძლება გამოყენებულ იქნას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული საპროცესო მოქმედებები, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე (მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებები)”, - ნათქვამია განცხადებაში.

საია უარყოფითად აფასებს აღნიშული საკანონმდებლო ცვლილების პროცესის დახურულად, დაინტერესებული პირების ჩართულობის გარეშე წარმართვას და მიიჩნევს, რომ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების ნაწილი ბუნდოვანია, ხოლო ნაწილი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ და განმტკიცებულ ადამიანის უფლებების სტანდარტებს.

XS
SM
MD
LG