მარნეულში, სოფელ შულავერის ცენტრში მიმდებარე სოფლებიდან შეკრებილი მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან მოყვანილი პროდუქტის რეალიზაციას და გზის გახსნას მოითხოვდა, რადგან, მათი თქმით, სათანადოდ ვერ ხდებოდა მოწეული მოსავლის მარნეულიდან გატანა.
აქციაზე პარტია "ევროპული საქართველოს" წევრ ახმედ იმამყულიევს და ქვემო ქართლის რწმუნებულ შოთა რეხვიაშვილს შელაპარაკება მოუვიდათ. რეხვიაშვილი ამბობდა, რომ აქცია პოლიტიკურად მართულია.
ადგილზე მივიდა რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელი სოზარ სუბარიც.
"ამ დღეებში არ ყოფილა არცერთი დღე, როცა პროდუქტის გატანას შეექმნა საფრთხე. იყო ლოგისტიკური პრობლემები და ასევე ფასის საკითხი, ზოგიერთი, ვინც შარშანდელ და შარშანწინდელ ფასს არის მიჩვეული, ითხოვდნენ იგივე ფასს, თუმცა ასე ვერ იქნება, რადგან მსოფლიო კრიზისმა დაღი დაასვა ყველას და ყველაფერს. ასევე იყო პოლიტიკური ფაქტორი, იყვნენ მოსული ადამიანები, რომლებიც ლაპარაკობდნენ არა პროდუქციის გაყიდვაზე, არამედ არჩევნებზე, რადგან მათ აქვთ თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
აქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც მარნეულის მერისგან მიიღეს დაპირება, რომ უკვე დაიწყება პროდუქციის გატანა და ყველას ექნება თავიანთი მოსავლის რეალიზაციის საშუალება. ტერიტორიაზე აღდგენილია მანქანების მოძრაობაც.