რომელ გენერლებს აფრთხილებს ვოლოდიმირ ზელენსკი?

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი. კიევი, 28 ივლისი, 2022 წელი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აფრთხილებს გენერლებს, რომ სანამ სამხედრო სამსახურში იმყოფებიან, თავი შეიკავონ პოლიტიკაში ჩართვისგან, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ერთიანობას.

"თუ ომს აწარმოებთ იმ მოსაზრებით, რომ ხვალ პოლიტიკაში ან არჩევნებში ჩაერთვებით, მაშინ სიტყვებითაც და ფრონტის ხაზზეც თქვენ იმოქმედებთ პოლიტიკოსივით და არა სამხედროსავით. და ვფიქრობ, რომ ეს დიდი შეცდომაა", - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ტაბლოიდ „სანთან“ ინტერვიუში.

ამ ზოგადი გაფრთხილების კონტექსტში სუბორდინაციასა და „იერარქიის აბსოლუტურ გაგებაზე“ საუბრის დროს გენერალ ზალუჟნის ხსენებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ექსპერტების აზრით, გარკვეულწილად, დაადასტურა მას და უკრაინელ სარდლებს შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა რუსეთთან ომის წარმოების საკითხებში.

ასევე ნახეთ რუსეთი სამხედრო ტყვეთა გაცვლის პროცესს აფერხებს - რა ბედი ელის ქართველ ტყვეებს?


“ინტერვიუ ტაბლოიდ „სანთან“ მსგავსი მესიჯებით, ჩემი აზრით, ნამდვილად არის ვოლოდიმირ ზელენსკის შეცდომა. რადგან ნაცვლად იმისა, რომ შექმნას ერთიანობის ატმოსფერო, მისი გზავნილები შესაძლოა არაერთგვაროვნად იყოს გაგებული“, - ამბობს ევჰენ მაგდა, კიევში მდებარე „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი.

გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროში შეიარაღებული ძალების სამი სარდლის გადაყენება იგეგმება.

"დღეს უკრაინას ძალიან არ ჰყოფნის ერთი უბრალო მესიჯი: ჩვენ გავიმარჯვებთ!"



როდესაც გამოცემა „სანთან“ უკრაინის პრეზიდენტი თავის სამხედრო სარდლებთან დამოკიდებულების შესახებ საუბრობდა, გაიხსენა ის გენერლები, რომლებიც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, 2014 წლიდან, გამოჩნდნენ უკრაინის პოლიტიკაში.

"სხვადასხვა პოლიტიკური ძალა სამხედროებს პოლიტიკისკენ უბიძგებენ. ეს იყო 2014 წლის შემდეგ, როდესაც ყველა პოლიტიკურ პარტიას სურდა, რომ მისი წევრი გამხდარიყო სამხედრო, ომის ვარსკვლავი, რაც, ჩემი აზრით, ძალიან დიდი შეცდომა იყო", - მოჰყავს გამოცემას ზელენსკის სიტყვები.

უკრაინის პრეზიდენტმა იქვე დააზუსტა, რომ თუ სამხედრო გადაწყვეტს პოლიტიკაში ჩართვას, რაც მისი უფლებაა, - მაშინ ის უნდა წავიდეს პოლიტიკაში და ომთან აღარაფერი ესაქმება.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის არ დაუზუსტებია, თუ რომელი უკრაინელი გენერალი აპირებს პოლიტიკაში წასვლას და რა ფორმით. უკრაინის პრეზიდენტმა ზოგადად სუბორდინაციაზე დასმული შეკითხვის პასუხად ახსენა გენერალი ზალუჟნი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, რომელიც უშუალოდ ექვემდებარება ქვეყნის პრეზიდენტს, კონსტიტუციით უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალს.

ზელენსკის თქმით, პოლიტიკით დაკავებულ სამხედროებს მოუწევთ კონფლიქტში შესვლა სუბორდინაციასთან, რაც საფრთხეს შეუქმნის უკრაინის ერთიანობას.

ასევე ნახეთ ხალხი პროპაგანდასთან პირისპირ არ უნდა დავტოვოთ - ბომბსაფარში მოსმენილი უკრაინელი ჟურნალისტების ამბები

„გენერალ ზალუჟნისა და ბრძოლის ველზე მყოფი ყველა სარდლისადმი ჩემი პატივისცემის მიუხედავად, არსებობს იერარქიის აბსოლუტური გაგება. სულ ესაა. და შეუძლებელია არსებობდეს ორი, სამი, ოთხი, ხუთი (სარდლობა). კანონის თანახმად ის არის ერთი და ომის დროს ეს განხილვასაც კი არ ექვემდებარება“, - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინელი პოლიტოლოგებისა და ექსპერტების ერთ ნაწილს მიაჩნიათ, რომ ამ კონტექსტში გენერალ ზალუჟნის ხსენება იყო შეცდომა ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან, რომელიც როგორც პრეზიდენტი ერთიანობას თავად უნდა განასახიერებდეს.


“ომის დროს, ომში მყოფი სახელმწიფოს პრეზიდენტი უნდა ლაპარაკობდეს იმაზე, რაც აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად იქნება გაგებული. და დღეს უკრაინას ძალიან არ ჰყოფნის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის ერთიანი გამოსვლა, ერთი უბრალო მესიჯით: ჩვენ გავიმარჯვებთ! ჩვენ ეს გვჯერა! ხოლო ყველა ეს პუბლიკაცია, რომლებიც ციტატებად იშლება და თითოეული ადამიანის მიერ განსხვავებულად აღიქმება, - სამწუხაროდ, არ მუშაობს ჩვენი ერთიანობის გაძლიერებისა და ჩვენი საერთო გამარჯვებისთვის“, - ეუბნება ევჰენ მაგდა, კიევის „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი, რადიო თავისუფლებას.

პოლიტოლოგის თქმით, ეს მესიჯი დაბნეულობას იწვევს იმ სპეკულაციების ფონზე, თითქოს არსებობდეს უთანხმოება გენერალ ზალუჟნისა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის, რაზეც ბოლო ხანს ხშირად ამახვილებს ყურადღებას დასავლური მედია.

ნოემბრის დასაწყისში The Economist-ში გამოქვეყნდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის სვეტი, რომელშიც მან „ჩიხური“ უწოდა უკრაინის ფრონტის ხაზზე შექმნილ ვითარებას და აღნიშნა, რომ "არ არის მოსალოდნელი ღრმა და ლამაზი შეტევა".

ასევე ნახეთ ზალუჟნი ასახელებს 5 ამოცანას რუსეთთან ხანგრძლივი პოზიციური ომის თავიდან ასაცილებლად

მოგვიანებით ვოლოდიმირ ზელენსკი ირიბად შეეწინააღმდეგა გენერალს და თქვა: „ეს არ არის ჩიხი“, მაგრამ ამავე დროს აღიარა, რომ წარმატებული შეტევისთვის უკრაინას სჭირდება დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები, ასევე F-16 გამანადგურებლები.

ამ განცხადებებმა გამოიწვია სპეკულაციები ზალუჟნისა და ზელენსკის შორის არსებულ უთანხმოებაზე, რაც რადიო თავისუფლების პროგრამა „სვობოდა LIVE"-ის ეთერში უარყო უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა.

იქნება თუ არა ზალუჟნი ზელენსკის მეტოქე პოლიტიკურ ბრძოლაში?

უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი მომავალ წელს უკრაინაში არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს და კატეგორიულად აცხადებს, რომ საომარი მდგომარეობის პირობებში ეს უკანონოა, შეუძლებელია და ქვეყანას გაყოფს იმ დროს, როცა ხალხი რუსულ აგრესიასთან ბრძოლაზეა ორიენტირებული.

თუმცა უფრო ადრე, ზელენსკიმ არ გამორიცხა მეორე ვადით პრეზიდენტის არჩევნებში კენჭისყრა, თუ 2024 წელს უკრაინაში, საომარი მდგომარეობის პირობებში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდებოდა.ზელენსკიმ ეს დაადასტურა პორტუგალიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან RTP-სთან ინტერვიუში და აღნიშნა, რომ საკუთარ ქვეყანას არ მიატოვებს.

ასევე ნახეთ "უკრაინელები ვაიძულეთ, ცალი ხელით ეომათ" - გენერალი ჯონსი

2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ზელენსკი აცხადებდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, მეორე ვადით კენჭს აღარ იყრიდა.

ომის დროს უკრაინაში არჩევნების ჩატარება არათუ პოპულარობით არ სარგებლობს უკრაინის საზოგადოებაში, არამედ ამ საკითხის ფორსირებას "რუსულ ტექნოლოგიადაც" კი მიიჩნევს პოლიტოლოგი ევჰენ მაგდა.

"უნდა გვესმოდეს, რომ არჩევნების ჩატარების იდეის გათრევა საომარი მოქმედებების პირობებში, ეს არის რუსული, ხაზს ვუსვამ, რუსული ტექნოლოგია. რადგან არჩევნები ეს არის კონკურენცია, კონკურენცია სხვადასხვა პოლიტიკურ მოთამაშეს შორის, კონკურენცია, რომელიც მიმართულია საზოგადოების დაყოფაზე და საჭიროა, რომ ეს ძალიან ცხადად გვესმოდეს", - ამბობს მაგდა.

პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ ომის დროს უკრაინაში არჩევნების ჩატარება მაინც რომ გადაწყდეს, ვალერი ზალუჟნი არ იქნება ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის ოპონენტი.

„რაც შეეხება ზალუჟნის, ის დღეს უკრაინის ცხოვრებაში, ყოველ შემთხვევაში 1990-იან წლებში გამოცხადებული დამოუკიდებლობის განმავლობაში, ყველაზე მნიშვნელოვან ომს აწარმოებს. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ის არჩევნებში არ იქნება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად, ერთ ბიულეტენში, თუ ეს არჩევნები საბრძოლო მოქმედებების დროს გაიმართება", - ამბობს ევჰენ მაგდა.

  • უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით, მორიგი საპარლამენტო არჩევნები 2023 წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს, ხოლო საპრეზიდენტო - 2024 წლის მარტში. თუმცა, ქვეყნის კანონმდებლობით, საომარი მდგომარეობის დროს არჩევნები არ ტარდება.
  • უკრაინა საომარ მდგომარეობაშია 2022 წლის 24 თებერვალს, ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
  • უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 9 ნოემბერს ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საომარი მდგომარეობის და საყოველთაო მობილიზაციის 90 დღით გაგრძელებას ითვალისწინებს.
    ასევე ნახეთ პრეზიდენტი ზელენსკი მეორე ვადით კენჭისყრას აპირებს
  • მსახიობი და შოუმენი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი გახდა 2019 წლის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შედეგად. მან ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაამარცხა. ზელენსკის ინაუგურაცია 2019 წლის 20 მაისს გაიმართა.