Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი ზელენსკი მეორე ვადით კენჭისყრას აპირებს


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

თუ 2024 წელს უკრაინაში, საომარი მდგომარეობის პირობებში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, ვოლოდიმირ ზელენსკი კენჭს მეორე ვადით იყრის. მან ეს დაადასტურა პორტუგალიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან RTP-სთან ინტერვიუში. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, საკუთარ ქვეყანას არ მიატოვებს. 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ზელენსკი აცხადებდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, მეორე ვადით კენჭს აღარ იყრიდა.

უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით, მორიგი საპარლამენტო არჩევნები 2023 წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს, ხოლო საპრეზიდენტო - 2024 წლის მარტში. თუმცა, ქვეყნის კანონმდებლობით, საომარი მდგომარეობის დროს არჩევნები არ ტარდება. უკრაინა საომარ მდგომარეობაშია 2022 წლის 24 თებერვალს, ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ RTP-სთან ინტერვიუში ილაპარაკა ომის დროს არჩევნების ჩატარების სირთულეებსა და პირობებზე. მისი განცხადებით, საომარ მდგომარეობაში არჩევნების ჩატარებას სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები და დამატებითი დაფინანსება. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლების მონიტორინგით არჩევნები უნდა ჩატარდეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის იმ სამხედროების მონაწილეობით, რომლებიც დღეს ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან და არჩევნებში ხმა უნდა მისცენ უკრაინის იმ მოქალაქეებმაც, რომლებიც ომის გამო ლტოლვილებად იქცნენ და სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებიან. უზრუნველყოფილი უნდა იყოს კენჭისყრის პროცესის უსაფრთხოებაც.

მსახიობი და შოუმენი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი გახდა 2019 წლის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შედეგად. მან ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაამარცხა. ზელენსკის ინაუგურაცია 2019 წლის 20 მაისს გაიმართა.

XS
SM
MD
LG