გადაპარსული თმა, შიმშილობა, გაჭიანურებული პროცესი, ხელისუფლების თავდასხმები - როგორია ლაზარეს პატიმრობა

ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი სტენსილი თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე

ბოლო პროცესი, რომელიც 26 თებერვალს უნდა გამართულიყო, სხდომამდე 4 დღით ადრე მოულოდნელად გადაიდო. მოსამართლე შვებულებაში გავიდა. ამ პროცესზე მხარეებს დასკვნითი სიტყვები უნდა ეთქვათ და მოსამართლის ვერდიქტს დალოდებოდნენ.

ლაზარე გრიგორიადისი ძალადობის ბრალდებით თითქმის ერთი წლის წინ დააკავეს. ის იმ ათასობით დემონსტრანტს შორის იყო, ვინც თბილისის ქუჩებში “რუსული კანონის” წინააღმდეგ გამოვიდა.

საქალაქო სასამართლოს განრიგის მიხედვით, მოსამართლე ზვიად შარაძემ შვებულებაში გასვლამდე ბოლო სხდომა 22 თებერვალს გამართა. როდის უბრუნდება ის სამსახურს, სასამართლოს საიტზე გამოქვეყნებული განრიგიდან არ ჩანს.

თებერვლის ბოლო დღეებში და მარტის თვეში ზვიად შარაძეს ამ დროისთვის არცერთი სასამართლო სხდომა არ აქვს ჩანიშნული მიმდინარე საქმეების განრიგში

სანამ საბოლოო სხდომის თარიღი ჩაინიშნება და მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს, ვიხსენებთ, როგორია ლაზარე გრიგორიადისის პატიმრობა.

ის მარტის აქციების მონაწილე ერთადერთი დემონსტრანტია, რომელსაც გამოძიება სისხლის სამართლის დანაშაულების ჩადენას ედავება. 7-9 მარტის აქციებზე პოლიციამ 130-ზე მეტი ადამიანი დააკავა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის. ლაზარე გრიგორიადისი აქციებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, მარტის ბოლოს დააკავეს. გამოძიება ამბობს, რომ მან დაწვა პოლიციის მანქანა და აქციაზე “მოლოტოვის კოქტეილი” ისროლა. სისხლის სამართლის ეს დანაშაულები, ჯამში, 7-დან 11 წლამდე პატიმრობით ისჯება.

საქმის სასამართლოში განხილვას წინ უსწრებდა ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, რომლებშიც ისინი ბრალდებულის დისკრედიტაციას ცდილობდნენ.

21 წლის დემონსტრანტის დაკავებიდან მალევე “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ლაზარეს “გზას აცდენილი კაცი” უწოდა და თქვა, რომ მას “ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული”.

პარალელურად, პროსახელისუფლებო მედია ავრცელებდა ფოტოს ლაზარეს აწეული შუათითით და ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იგი წარსულშიც ნასამართლევი იყო პოლიციელის დაუმორჩილებლობისა და მამაზე ძალადობისთვის.

ლაზარე გრიგორიადისი ერთ-ერთ აქციაზე, 2018 წელი

აქციაში მონაწილე ახალგაზრდებზე ილაპარაკა პრემიერ-მინისტრმაც. ირაკლი ღარიბაშვილმა ისინი აღწერა როგორც ექსტრემისტული დაჯგუფება, ანარქისტები, პროვოკატორები, სატანის ფორმიანები, რომელთა მიზანი “მუდმივი დესტაბილიზაციის შენარჩუნებაა”.

ასევე ნახეთ საია ლაზარე გრიგორიადისის უფლებების შესაძლო დარღვევაზე საუბრობს

დღეს ირაკლი კობახიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრია, ირაკლი ღარიბაშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, სასამართლომ კი სამჯერ თქვა უარი მიეღო წარმოებაში ლაზარე გრიგორიადისის სარჩელი, რომლითაც ის ხელისუფლების წარმომადგენლებს პატივისა და ღირსების შეურაცხყოფისთვის უჩიოდა და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სიმბოლურ, 15-15 ლარის ოდენობის კომპენსაციას სთხოვდა.

ლაზარე გრიგორიადისი 2023 წლის 11 ივლისის სასამართლო სხდომაზე

ლაზარე გრიგორიადისს ციხეში ყოფნის პირველსავე კვირას აიძულეს თმა გადაეპარსა - ქერად შეღებილი თმა და თვალებზე ტატუები მისი იდენტობის ნაწილია. მართალია პენიტენციური სამსახური ამტკიცებდა, რომ ეს იძულება კი არ ყოფილა - პატიმარმა ციხეში დალაქის მომსახურებით ისარგებლა, მაგრამ საიას ინტერპრეტაციით თმის გადაპარსვა ამ შემთხვევაში არასათანადო მოპყრობის ნაწილი იყო.

ციხის პირობები და საკვების დეფიციტი მაღაზიაში მომდევნო თვეებში არაერთხელ გახდება ლაზარე გრიგორიადისის პროტესტის მიზეზი - ის პატიმრობის არასრული ერთი წლის განმავლობაში რამდენჯერმე იშიმშილებს და სხეულს დაიზიანებს.

მაღაზიას ჰქონდა პრობლემები. 5 პროდუქტი რომ დაგეწერა, უმეტესწილად 1 ან 2 რაღაც ამოდიოდა, შეიძლება არაფერი ამოსულიყო. ისეთს არაფერს ვწერდი, რაც მაღაზიას არ შემოქონდა.

3 კვირის განმავლობაში ვითხოვდი მაგალითად ელემენტებს. ელემენტებზე მომუშავე რადიოს ყიდიან და ელემენტები ვერ შემოქონდათ. ბოლოს სათვალთვალო კამერა დავწვი და 6-თვიანი საყვედური შედგა მაგაზე. მერე თვითდაზიანებებზე გადავედი. შეამჩნევდით კვალს მარცხენა ხელზე.

კედლებზე ვხატავდი მარკერით და აღარ მაძლევენ მარკერების ყიდვის უფლებას. დირექტორის მოადგილემ დეესკალაციაში ჩაგიყვან, ადექი, ჩაიცვიო. ჩემი ნებით უნდოდა ჩავეყვანე : ) მეორედ, ისევ რომ მემუქრებოდა დეესკალაციის საკანში მოთავსებით, მეთქი კედლები ხომ არის დეესკალაციაში. მერეო? ტვინის შერყევით ამომიყვან იქიდან მეთქი” - წერდა რადიო თავისუფლებას ლაზარე გრიგორიადისი 2023 წლის ნოემბერში გლდანის პენიტენციური დაწესებულებიდან.

ასევე ნახეთ ინტერვიუ ლაზარე გრიგორიადისთან: საბოლოო ჯამში, მჩაგვრელთა მჩაგვრელი ვარ

მაღაზიაში საკვების ყიდვა ახლაც პრობლემაა, ამას ისიც დაემატა, რომ მკაცრად დაიწყეს იმ წიგნების კონტროლი, რომელსაც ოჯახის წევრები ლაზარე გრიგორიადისს უგზავნიან. 2023 წლის დეკემბერში პენიტენციურმა სამსახურმა უკან გამოატანა ლაზარეს დედას “ინდიგოს” გამოცემა საპროტესტო მოძრაობების შესახებ.

ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი ნახატები თბილისის ქუჩებში მისი დაკავებიდან მალევე გამოჩნდა

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატები ჩივიან გაჭიანურებულ მართლმსაჯულებაზე - ბრალდებულის პროცესები იშვიათად გრძელდებოდა ერთ საათზე დიდხანს და თითქმის არასოდეს გამოუკითხავთ ერთ მოწმეზე მეტი.

განხილვის დასაჩქარებლად 2023 წლის 21 დეკემბერს ადვოკატებმა უდავოდ გახადეს 12 მოწმის ჩვენება, რათა საჭირო აღარ გამხდარიყო მათი გამოკითხვა სასამართლოში. უკვე გამოკითხულ მოწმეთა ნაწილის ჩვენებები სასამართლოში რამდენიმეწუთიანი იყო.

პროკურატურის მოწმეები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტიზის სამსახურის თანამშრომლები და პოლიციელები. სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესი ისე დასრულდა, რომ ბრალდების მხარეს არ წარუდგენია პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც გრიგორიადისის ბრალეულობას დაამტკიცებდა.

კანონით საქართველოში წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური ვადა 9 თვეა - თუკი სასამართლო ამ ვადაში ვერ ასრულებს სისხლის სამართლის დანაშაულის განხილვას, ბრალდებულმა უნდა დატოვოს საპატიმრო დაწესებულება განაჩენის დადგომამდე.

ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა 9 თვეში ვერ დასრულდა, თუმცა ის ციხეში რჩება იმის გამო, რომ ამ საქმის განხილვის პარალელურად სასამართლომ განიხილა 3 წლის წინ მომხდარი ამბავი და გრიგორიადისს მამასთან ჩხუბის გამო 1,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა პატიმრობის მეექვსე თვეს, 2023 წლის 25 სექტემბერს.

ლაზარე გრიგორიადისი ამ დროისთვის ბოლო, 2024 წლის 15 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზე

გრიგორიადისის ოჯახს ეჩქარება მარტის აქციების საქმეზე განაჩენის გამოტანა - იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე ლაზარეს დამნაშავედ ცნობს, მათ აქვთ იმედი, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეიწყალებს “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციების მონაწილეს. სალომე ზურაბიშვილს პატიმრების შეწყალების უფლება 2024 წლის ბოლომდე ექნება - 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ახალი პრეზიდენტი ეყოლება.

სახელმწიფო თავს იზღვევს პრეზიდენტის შეწყალების მექანიზმის გამოყენებისგანაც - 2023 წლის 22 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა პოლიციელების განცხადება, რომლითაც ისინი სალომე ზურაბიშვილს სთხოვენ, არ შეიწყალოს ლაზარე გრიგორიადისი.

"[მარტის აქციებისას] დაზარალებული პოლიციელები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის მიერ მათზე თავდამსხმელი პირის შეწყალება საზოგადოებაში გააჩენს განცდას, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველებზე თავდასხმა დაუსჯელი დარჩება", - წერია ამ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ არა ლაზარე გრიგორიადისის საქმის მოწმე პოლიციელები, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლები.

სისხლის სამართლის საქმის მიხედვით, აქციაზე დაშავებული პოლიციელები, რომლებსაც სხეული დაეწვათ, სავარაუდოდ, "მოლოტოვის კოქტეილით", არიან ზურაბ ლურსმანაშვილი და გიორგი ჭოველიძე.

ასევე ნახეთ "წყლის ჭავლი მომიშვეს მე, როცა ცეცხლი მომეკიდა" - რა უთხრა სასამართლოს 8 მარტის აქციაზე დაშავებულმა პოლიციელმა

გიორგი ჭოველიძემ სასამართლოში ჩვენების მიცემისას თქვა, რომ არ შეუძლია გაიხსენოს, ვინ ისროლა აალებული საგანი, რამაც ის დააზიანა. ზურაბ ლურსმანაშვილის შესახებ კი მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ზურაბ გრიგოლაშვილმა 17 ნოემბერს სასამართლოს უთხრა, რომ პოლიციელის სხეულის დამწვრობა იყო ნაკლებად მძიმე.

ასევე ნახეთ “ამსხვრევდნენ და ანგრევდნენ იქაურობას” - სასამართლომ გრიგორიადისის საქმეზე კიდევ ერთი დაზარალებული პოლიციელი გამოკითხა

ლაზარე გრიგორიადისის საქმეს 8-9 მარტის აქციებისას ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების შესახებ, მოსამართლე ზვიად შარაძე განიხილავს.

მოსამართლე შარაძე 2019 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოში უვადო მოსამართლედ დანიშნეს და ამ დროის განმავლობაში რამდენიმე გახმაურებული საქმე განიხილა. მათ შორის იყო “კარტოგრაფების საქმეც” - შარაძემ ამ საქმის განხილვისას უარი თქვა ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე. ასევე, მან უარი უთხრა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადვოკატებს სასამართლოში ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვაზე.

მოსამართლე ზვიად შარაძე ლაზარე გრიგორიადისის ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე

ზვიად შარაძის გარდა, ლაზარე გრიგორიადისის მართლმსაჯულებაში ჩართული იყვნენ სხვა მოსამართლეებიც - დაკავების შემდეგ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა, ეს გადაწყვეტილება კი 1 მაისს ძალაში დატოვა მოსამართლე ნატო ხუჯაძემ.

მეორე საქმეს, სადაც გრიგორიადისი ოჯახურ ძალადობაშია ბრალდებული, განიხილავდა მოსამართლე ნინო ნაჭყებია. ის ერთ-ერთია იმ 5 მოსამართლიდან, რომლებმაც 2022 წლის მაისში უარი თქვეს აშშ-ში გაცვლით პროგრამაში მონაწილეობაზე მას შემდეგ, რაც ამ პროგრამიდან გამოირიცხა ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძე. ნინო ნაჭყებია განიხილავს “კარტოგრაფების საქმესაც” მას შემდეგ, რაც ამ საქმის მოსამართლე, დალი მეტრეველი ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.