Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მე ყურითაც შემიძლია ამოვიცნო ადამიანი" - როგორ ამოიცნო ექსპერტმა ლაზარე გრიგორიადისი


ლაზარე გრიგორიადისი სასამართლო სხდომაზე
ლაზარე გრიგორიადისი სასამართლო სხდომაზე

„გარეთ იჩხუბეთ, იდავეთ, გაწეწეთ ერთმანეთი, თმებით ითრიეთ, რაც გინდათ ქენით, მიხედეთ თქვენს თავს, დარბაზში დაიცავით წესრიგი, ყველაფერს აქვს ზღვარი, დასვით კითხვები, მიიღეთ პასუხი, მოწმე მოიყვანეთ და კითხვა დაუსვით“, - ასე დაარიგა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ზვიად შარაძემ, 7-9 მარტის აქციების საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატები და პროკურორები, რომლებიც სხდომათა დარბაზში მოწმეთა დაკითხვის დროს ერთმანეთს ხმამაღლა დაუპირისპირდნენ და მოსამართლეს მათი დაშოშმინება მოუწია.

მანამდე, სხდომის დაწყებიდან 10 წუთში, მოსამართლემ რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ, დარბაზიდან გააძევა ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი, რომელიც მოწმის გამოკითხვას ხმამაღალი რეპლიკებით ეხმაურებოდა და მოსამართლის სიტყვებით, სხდომის მიმდინარეობას ხელს უშლიდა.

22 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეთორმეტე დარბაზში მოსამართლემ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ ოთხ მოწმეს მოუსმინა - შსს-ს ექსპერტებსა და დეტექტივებს. მათგან ორი მოწმის გამოკითხვა სულ 3-4 წუთს გაგრძელდა. ხანგრძლივი და ხმაურიანი გამოდგა პირველი და ბოლო მოწმეების გამოკითხვა.

ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო სხდომა, 22 სექტემბერი
ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო სხდომა, 22 სექტემბერი

20 წუთს გასტანა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო-ტექნიკური განყოფილების მთავარი ექსპერტის, გივი ჩიბირაშვილის გამოკითხვამ, რომელმაც, როგორც სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, ლაზარე გრიგორიადისის ფოტო და აქციის დროს გადაღებული ვიდეო, სადაც, ბრალდების თანახმად, ლაზარე გრიგორიადისია ასახული, ერთმანეთს შეადარა და დაასკვნა, რომ ვიდეოზე ასახული ახალგაზრდა ნამდვილად ლაზარე გრიგორიადისია.

გივი ჩიბირაშვილმა აღწერა ვიდეოში ასახული ახალგაზრდის ჩაცმულობაც. მომწვანო ქურთუკი, კეპი, კაპიუშონი, ნიკაპზე პირბადე:

„ჩვენ ერთიანი ბაზიდან ამოვიღეთ ლაზარე გრიგორიადისის ფოტო და შევადარეთ კვლევისთვის შერჩეული ვიდეოდან ამოღებულ ფოტოსურათს. მათი ურთიერთშედარებისას დადგენილია თანადამთხვევები, გარეგნობითი მახასიათებლების ცალკეული ელემენტებისა და საიდენტიფიკაციო ნიშნების არსებობით. ეს არის ნიკაპის ფორმა, ტუჩის ფორმა, მარცხენა ნესტოს ფორმა, ცხვირის ფორმა, მარცხენა წარბის ფორმა და მარცხენა თვალის ფორმა“.

გივი ჩიბირაშვილმა განაცხადა, რომ მისი დასკვნა ერთმნიშვნელოვნად „კატეგორიულია“. სწორედ ამ „კატეგორიული დასკვნის“ გამო გაიმართა ადვოკატებსა და პროკურორებს შორის ხმამაღალი დისკუსია.

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატებისთვის გაუგებარი აღმოჩნდა, როგორ დაწერა ექსპერტმა „კატეგორიული დასკვნა“ მაშინ, როდესაც ვიდეოზე აღბეჭდილ პირს თავზე ეფარა კაპიუშონი, ნახევარ სახეს კი პირბადე უფარავდა. ადვოკატები დაინტერესდნენ ექსპერტის გამოცდილებითაც.

გივი ჩიბირაშვილის თქმით, მისი საექსპერტო კარიერა ორ წელს ითვლის, რაც შეეხება პროფესიონალიზმს, ამის საილუსტრაციოდ მან ერთი მაგალითი მოიყვანა:

„მე შემიძლია, პიროვნებას მარტო ყური უჩანდეს და ამაზე დავწერო კატეგორიული დასკვნა. ყურს იმდენი ნიშანი აქვს, რომ მარტო ყურზე შეიძლება დაიწეროს დასკვნა, არის თუ არა ეს პიროვნება ის პიროვნება... ლაზარე გრიგორიადისს სანახევროდ ეკეთა პირბადე. მე ამ საქმის სპეციალისტი ვარ, ექსპერტი ვარ, გამოცდილი ვარ ამ საქმეში და შეიძლება ვიღაცისთვის, ეს კეპიც, ეს კაპიუშონიც და პირბადეც იყოს დამაბრკოლებელი გარემოება და ვერ მიიღოს გადაწყვეტილება, რომ იმ ვიდეოგრამაზე, საიდანაც ფოტოა ამოღებული და ლაზარე გრიგორიადისის ფოტო, ერთი და იგივე პიროვნებაა. იმასაც მინდა ხაზი გავუსვა, რომ დაბეჭდილ ფურცელზე ზოგადად ცუდად ჩანს ადამიანების სახე, ხოლო კომპიუტერსა და მონიტორში და ჩვენს ხელთ არსებულ სპეციალურ პროგრამულ საშუალებებში კარგად, ნათლად და გარკვევით ჩანს და არც პირბადე მიშლის ხელს და არც კეპი. ამ ფოტოზე მას ტუჩები უჩანს, ცხვირი უჩანს, ყვრიმალები“.

თითქმის 40 წუთს გაგრძელდა ლევან გუგუშვილის, ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების ოპერატიული სამმართველოს დეტექტივის გამოკითხვა. ის რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე თანამშრომელთან ერთად იცავდა მართლწესრიგს, უწევდა სხვადასხვა ტერიტორიაზე გადასვლა და როდესაც პარლამენტის გვერდით, 9 აპრილის ქუჩაზე მივიდა, დაინახა, „როგორ ისროდნენ მოქალაქეები პოლიციის კორდონის მიმართულებით ქვებს, ბოთლებს და სხვადასხვა ნივთებს, მათ შორის, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს“.

მისი სიტყვებით, სწორედ ამ დროს დაინახა მან ლაზარე გრიგორიადისიც, რომელმაც პოლიციელებისკენ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა:

ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო სხდომა, 22 სექტემბერი
ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო სხდომა, 22 სექტემბერი

„შემაღლებულ მხარეს გადავიწიე, საიდანაც კარგად ვხედავდი საგნებს, რასაც ხალხი ისროდა. ამ დროს ჩემი ყურადღება მიიქცია სამართალდამცავთან დაგდებულმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილმა. ამის შემდეგ ხალხის მასისკენ ვიყურებოდი და შევამჩნიე ერთ-ერთი მოქალაქე, რომელსაც ცეცხლმოკიდებული საგანი ეჭირა ხელში, რომელმაც რამდენიმე წამის შემდგომ მოახდინა გამოსროლა ჩვენი მიმართულებით, რასაც მოჰყვა პოლიციელის დაშავება. ამ პიროვნებისთვის თვალი არ მომიწყვეტია, ვუყურებდი, მისი ჩაცმულობაც ისეთი იყო, რომ ფიზიკურად ვერ დავკარგავდი არეალიდან და დაახლოებით 7-10 მეტრით მივუახლოვდი, ჩამოიწია პირბადე და მისი სახე კარგად დავინახე. რა დროსაც შეტრიალდა ხალხის მასაში, შეძვრა და მეც დავუბრუნდი ჩემს ადგილს, რადგან ხალხი აგრესიული იყო, გვესროდნენ ბლაგვ საგნებს“.

- და ვინ იყო ეს პიროვნება? - ჰკითხა დეტექტივს პროკურორმა.

- ეს პიროვნება იყო ლაზარე, - უპასუხა პროკურორს დეტექტივმა.

ლევან გუგუშვილმა სხდომათა დარბაზში ისიც თქვა, რომ მოგვიანებით ის იმყოფებოდა ამოცნობაზე, სადაც 20-დან 25 წლამდე 4 ახალგაზრდის ფოტოები აჩვენეს და მან ყოყმანის გარეშე ამოიცნო ლაზარე გრიგორიადისი:

„თვალები, ცხვირი, ტუჩები და ზოგადად, პოლიციის თანამშრომლები ვართ წლების განმავლობაში... რომ შევხედე, მაშინვე დავადე თითი ფოტოს, არც მიფიქრია“.

ლიკა ბითაძისთვის, ლაზარე გრიგორიადისის ერთ-ერთი ადვოკატისთვის, ყველა საფუძველსაა მოკლებული ბრალდების მხარის მოწმეების ის არგუმენტები, რითაც ისინი 22 სექტემბრის სასამართლოს სხდომაზე ამტკიცებდნენ, რომ 8 მარტს, რუსთაველის გამზირზე, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი სწორედ ლაზარე გრიგორიადისმა ისროლა:

ლიკა ბითაძე
ლიკა ბითაძე

„დაცვის მხარემ ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტს შეკითხვები დავუსვით, როდესაც დაცვის მხარეს ეკეთა პირბადე, კეპი, როგორ შეძლო მისი ამოცნობა, მისი პასუხი იყო, რომ მას ჰქონდა საკმაოდ დიდი გამოცდილება და ამ საკმაოდ დიდ გამოცდილებაში იგულისხმება ორწლიანი გამოცდილება. და თურმე, მას ადამიანის ამოცნობა მხოლოდ ყურის ნიჟარითაც კი შეუძლია და ამის საფუძველზე კატეგორიული დასკვნის დაწერა. რაც შეეხება ბოლო მოწმეს, მან პირდაპირ დაადო ხელი ლაზარეს და უთხრა, რომ მოლოტოვის კოქტეილი შენ ისროლეო. ამასთან დაკავშირებით, დაცვის მხარეს გაუჩნდა არაერთი შეკითხვა, როგორ ამოიცნო, როგორ დაინახა... ყველა კითხვაზე ჰქონდა პასუხი, არ ვიცი. მხოლოდ იმაზე ჰქონდა პასუხი, რომ კი, მოლოტოვის კოქტეილი ისროლა ლაზარემ. ჩვენთვის, დაცვის მხარისთვის, ბრალდების მიერ წარმოდგენილი მოწმეების არგუმენტები იყო არასარწმუნო“.

ლაზარე გრიგორიადისის საქმის მომდევნო სხდომა 10 ოქტომბერს, 12 საათზე დაინიშნა.

ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მიღების საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში 30 მარტს წარუდგინეს.

სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მას 31 მარტს შეუფარდა.

3 აპრილს, როცა 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო განხილვა ჯერ დაწყებულიც კი არ იყო, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დაკავებულია 7-9 მარტის აქციების დროს პოლიციელზე თავდამსხმელი.

„რამდენიმე დღის წინ პოლიციამ დააკავა პოლიციაზე თავდამსხმელი - გახსოვთ, ყველამ ნახა კადრები, ერთ-ერთმა ანარქისტმა როგორ ესროლა პოლიციას "მოლოტოვის კოქტეილი". ამ ადამიანს განზრახული ჰქონდა პოლიციელის ცოცხლად დაწვა“, - თქვა მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმა.

XS
SM
MD
LG