7-8 მარტის საპროტესტო აქციებზე პოლიციამ ჯამში 132 ადამიანი დააკავა - ძირითადად ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის. ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც გამოძიება სისხლის სამართლის ორ დანაშაულს, პოლიციელის მანქანის დაწვას და მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავება, აქციების დასრულებიდან სამ კვირაში - 29 მარტს დააკავეს.
“მე ეს ახალგაზრდა თვალთახედვის არეალიდან არ მიმიტოვებია, ვუყურებდი. მას ეცვა მომწვანო ფერის ქურთუკი, კაპიუშონიც ჰქონდა წამოფარებული და დავიძარი მე ამ პიროვნებისკენ, რომ დამეკავებინა იგი. რომ დავიძარი, ისეთი სიტუაცია იყო ხალხის მასის გამო, თან აგრესიულები იყვნენ და ყველა ისროდა რაღაცას და ვერ მივედი. რომ მივუახლოვდი, დავინახე, რომ პირბადე ჰქონდა ჩამოწეული, მისი სახე დავინახე. რო ვერ მოვახერხე მისი დაკავება, რო ვერ მივუახლოვდი, გაერია ხალხის მასაში და მერე შეუძლებელი გახდა მისი დაკავება”, - უთხრა 10 ოქტომბრის სხდომაზე სასამართლოს ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა დეტექტივმა რობერტ ბზიშვილმა. პროკურატურის მოწმე დეტექტივი ბზიშვილი ამტკიცებს, რომ სწორედ მან დაინახა, როგორ ისროლა ახალგაზრდა კაცმა სპეცდანიშნულების რაზმის მიმართულებით ორი მოლოტოვის კოქტეილი. ბზიშვილს მონაწილეობა აქვს მიღებული ლაზარე გრიგორიადისის ამოცნობის პროცედურაშიც - მან ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო ის ახალგაზრდა, რომლის დაკავებასაც, მისივე თქმით, აქციაზე უშედეგოდ ეცადა.
ბზიშვილის მონათხრობით, 8 მარტის საღამოს ის კოლეგებთან ერთად სპეცდანიშნულების რაზმის მიერ გაკეთებული კორდონის უკან, პარლამენტის შენობის მეორე მხარეს 9 აპრილის ქუჩაზე იდგა. მოწმე ზუსტად ვერც იმ ადგილს უთითებს, საიდანაც დაინახა მოლოტოვის კოქტეილის გასროლა და ვერ იმ დროს იხსენებს, როცა ეს მოხდა. ბზიშვილმა არც იმ პოლიციელის ვინაობა იცის, ვისაც "მოლოტოვის კოქტეილის” ბოთლი მოხვდა და ცეცხლი წაეკიდა.
ლაზარე გრიგორიადისმა დღეს პროკურატურის მოწმე პოლიციელს ჰკითხა, რის შემდეგ გახდა მშვიდობიანი აქცია ძალადობრივი. პოლიციელმა ვერ გაიხსენა, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წევრები მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეის და წყლის ჭავლს იყენებდნენ მანამ, სანამ აქციის რამდენიმე მონაწილე 9 აპრილის ქუჩაზე პირველ მოლოტოვის კოქტეილს გაისროდა.
“როგორც შეგვეძლო, ისე ვიცავდით ჩვენს საზოგადოებრივ წესრიგს”
“აქცია თავიდან მიმდინარეობდა წყნარ და მშვიდ გარემოში, რამდენიმე ხნის შემდეგ აქციის მონაწილეები გახდნენ აგრესიულები, ისროდნენ პოლიციის მიმართულებით ტყვიებს და სხვადასხვა საგნებს, მოლოტოვის კოქტეილებს და ა.შ. ჩვენ ვიდექით ფეხით სასიარულო ნაწილზე, რა დროსაც დავინახე, რომ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ისროლა “მოლოტოვის კოქტეილი”. ვინ ისროლა, უფრო სწორად, თავიდან ვერ დავინახე. ნასროლი “მოლოტოვის კოქტეილი” დავინახე და საიდანაც იყო გამოსროლილი, იქით მხარეს გავიხედე და დავინახე, ჩემთვის უცნობი აქციის მონაწილე ახალგაზრდა იყო მოხრილ მდგომარეობაში და ანთებდა, ცეცხლს უკიდებდა რაღაცას. ამ დროს წამოდგა და ისროლა პოლიციის მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილი, რომელიც დავარდა განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის თანამშრომლებთან, სადღაც მესამე თუ მეორე რიგის შუაში და წაეკიდა ერთ-ერთ თანამშრომელს ტანსაცმელზე ცეცხლი”, - ასე გაიხსენა დეტექტივმა 8 მარტის საღამო. მან თქვა, რომ ლაზარე გრიგორიადისის სახის არეალი დაახლოებით 5-7 მეტრის მანძილიდან იმ დროს დაიმახსოვრა, როცა მან პირბადე ნიკაპზე ჩამოიწია და სახე მოიწმინდა.
თათია მანეჟაშვილი, ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი: სხვადასხვა სახის საგნებს და მოლოტოვის კოქტეილებს ისროდა არაერთი პიროვნება, მიდასტურებთ ამ ფაქტს?
რობერტ ბზიშვილი, პოლიციელი: კი, ბატონო…
თათია მანეჟაშვილი: თქვენ განაცხადეთ გამოკითხვისას, რომ მამაკაცი, რომელმაც ისროლა მოლოტოვის კოქტეილი, თქვენგან იყო ძალიან ახლოს, ასეა?
პროკურორი: ბატონო მოსამართლე, ძალიან ახლოს, ასეთი ფრაზა არ უთქვამს.
თათია მანეჟაშვილი: გამოკითხვის ოქმში წერია: “ეს ყველაფერი მოხდა დროის მცირე მონაკვეთში, პოლიციის წარმომადგენლებმა მისი ძალებით ძლივს შეძლო ცეცხლის ჩაქრობა, როცა კოქტეილი ისროლეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი მე დავინახე და ეს მამაკაცი ჩემთან ახლოს იყო, ადგილზე არსებული ვითარებისა და ხალხის მასის გამო, ვერ მივედი ზემოთ ხსენებულ მამაკაცთან და ვერ მოვახერხე მისი დაკავება, თუმცა იგი თვალთახედვის არეალიდან არ დამიკარგავს”. რამდენად ახლოს იყო, ახლოში რა იგულისხმეთ?
რობერტ ბზიშვილი: თავიდან, რო ისროდა, დაახლოებით 20 მეტრი იყო, რო დავიძარი, მერე ხო შემცირდა მანძილი, ჩვენს შორის კიდევ ხალხი იყო და მაგიტომ ვერ მოვახერხეთ მისი დაკავება.
თათია მანეჟაშვილი: თქვენ რატომ დაიძარით, რა იყო თქვენი მიზანი? რომ დაგეკავებინათ დანაშაულის ჩამდენი პირი და აღგეკვეთათ დანაშაული, რამ შეგიშალათ ხელი?
რობერტ ბზიშვილი: ხალხის მასამ…
თათია მანეჟაშვილი: შემთხვევის ადგილზე რომ იმყოფებოდით, სამსახურებრივი რაცია თუ გქონდათ?
რობერტ ბზიშვილი: მე არ მქონდა...
თათია მანეჟაშვილი: ამ ფაქტის შემდეგ რა რეაგირება მოახდინეთ, როცა დაინახეთ დანაშაულის ჩამდენი და ვერ მოახერხეთ მისი დაკავება. რა იყო თქვენი შემდგომი რეაგირება, როგორც პოლიციელის?
რობერტ ბზიშვილი: ჩვენ არც ვიცოდით ვინ იყო, სახელი, გვარი ხომ არ ვიცოდით. ჩავატარეთ რაც ჩვენს სამსახურებრივ მოვალეობაში შედის, პროცედურა, ყველაფერი, მაგრამ ჩვენს მიერ მოხერხდა მისი პოვნა და დაკავება.
ადვოკატი, ლიკა ბითაძე: მე მაქვს ასეთი შეკითხვა. თქვენ იქ იყავით იმისთვის, რომ დაგეცვათ წესრიგი. ხომ მაგისთვის იყავით გაგზავნილები? ხომ იცოდით, რომ ისედაც ამდენი ხალხი იყო ამ აქციაზე და თუ იცოდით, რომ ვერავის დააკავებდით იმიტომ რომ ხალხი შეგიშლიდათ ხელს, რატო წახვედით საერთოდ?
რობერტ ბზიშვილი: როგორც შეგვეძლო, ისე ვიცავდით ჩვენს საზოგადოებრივ წესრიგს და ჩვენს სამსახურებრივ მოვალეობას ისე ვასრულებდით, როგორც შეგვეძლო.
ლიკა ბითაძე: გავიგე, მაგრამ რას ეძახით შესრულებას? რითი ასრულებდით? ვერავინ ვერ დააკავეთ, ამის ასრულებდით?
რობერტ ბზიშვილი: არა, იქ დაკავებულები იყვნენ…
პოლიციელის ამ ფრაზას დარბაზში, სადაც 8 მარტს დაკავებული “გირჩი - მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძეც იჯდა, სიცილი მოჰყვა. პროკურორებმა მოსამართლეს მოუწოდეს, გაეფრთხილებინათ დამსწრე პირები, თავი შეეკავებინათ სიცილისგან.
“რადგან ხალხი იყო აგრესიული, დაკავება ვერ მოხერხდა”
10 ოქტომბერს სასამართლომ კიდევ ერთი პოლიციელი, გაიოზ გაგნიძე დაკითხა. მან სასამართლოს უთხრა, რომ ხედავდა 9 მარტს, როგორ წვავდა აქციის მონაწილე პოლიციის კუთვნილ ავტომობილს, რომელიც რუსთაველის გამზირზე, ამოტრიალებული ეგდო მაშინ, როცა ცეცხლი წაუკიდეს. ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა მასაც ჰკითხა, რატომ ვერ მოახერხა სამართალდამრღვევის დაკავება შემთხვევის ადგილას, თუკი ხედავდა დანაშაულის ჩადენის ფაქტს. მანაც, რობერტ ბზიშვილის მსგავსად თქვა, რომ დანაშაულის ჩადენის ფაქტს დაახლოებით 15 მეტრის დისტანციიდან ხედავდა და დამნაშავის დაკავებაში ხელი “აგრესიული ხალხის მასამ” შეუშალა.
“პოლიციელების მიმართ დაიწყეს ქვების და სხვადასხვა ნივთების სროლა, პოლიციელების მანქანების დაზიანება. შემდეგ სხვადასხვა ლოკაციაზე გადადიოდნენ, ასევე ჩვენც სხვადასხვა ლოკაციაზე გადავდიოდით უსაფრთხოების მიზნით. 9 მარტს საღამოს პერიოდში ვიმყოფებოდი ჭანტურიას ქუჩის და რუსთაველის ქუჩის კვეთაზე, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა ტოიოტას ფირმის მანქანა ამოატრიალეს და ამოაბრუნეს. რამდენიმე ხნის მანძილზე შემოვიდა პიროვნება, რომელსაც ეცვა შავი ფერის ზედა, შავი ფერის შარვალი და თეთრი ფერის სპორტული ფეხსაცმელი და რომელმაც სავარაუდოდ ასანთის საშუალებით მოუკიდა ცეცხლი. რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ უკან წავიდა, მოიხსნა ნიღაბი და სახე მოიწმინდა. შემდგომ ჩემს თანამშრომლებთან ერთად ნელ-ნელა ვუახლოვდებოდი ამ პიროვნებას, რადგან გვინდოდა დაკავება. შემდგომ, რადგან ხალხი იყო აგრესიული და მასა თვითონ დიდი იყო, შესაბამისად, დაკავება ვერ მოხერხდა”, - უთხრა სასამართლოს დეტექტივმა გაიოზ გაგნიძემ. მან, რობერტ ბზიშვილის მსგავსად, თქვა, რომ აქციაზე სამსახურებრივი რაციის გარეშე იყო წასული.
ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი, დიმიტრი ნოზაძე: ცეცხლი რომ მოუკიდა მანქანას, მერე სად წავიდა? რა მიმართულებით წავიდა?
პოლიციელი, გაიოზ გაგნიძე: ხალხის მასისკენ წავიდა.
დიმიტრი ნოზაძე: თქვენც დაიძარით მისკენ?
გაიოზ გაგნიძე: კი, ბატონო
დიმიტრი ნოზაძე: ამ დროს რამეს ისროდნენ თქვენი მიმართულებით?
გაიოზ გაგნიძე: ქვებს ისროდნენ, ზუსტად ჩემი მიმართულებით ისროდნენ, უსაფრთხოების მიზნით სწრაფად ვერ ვივლიდი...
დიმიტრი ნოზაძე: ქვებს რომ გესროდნენ, ბუნებრივი რეაქცია გქონდათ და თავზე ხელს იფარებდით ან რაღაც, რომ ქვა არ მოგხვედროდათ?
გაიოზ გაგნიძე: კი, ბატონო!
დიმიტრი ნოზაძე: ანუ თავი დახრილი გქონდათ გარკვეული პერიოდი?
გაიოზ გაგნიძე: ხან დახრილი მექნებოდა, ხან ხელები მქონდა მიფარებული, ბუნებრივია…
დიმიტრი ნოზაძე: ეს პიროვნება რამდენი ხანი იმყოფებოდა თქვენი თვალთახედვის არეალში?
გაიოზ გაგნიძე: დროს ვერ გეტყვით...
დიმიტრი ნოზაძე: დაშორება რამდენი იყო, როცა ეს პიროვნება დაინახეთ?
გაიოზ გაგნიძე: დაახლოებით 10 მეტრი.
დიმიტრი ნოზაძე: რა ადგილას იდგა ეს ადამიანი?
გაიოზ გაგნიძე: ხალხის მასისკენ იდგა, ერთ ადგილას არ მდგარა, გადიოდა და გამოდიოდა. გადაადგილდებოდა.
დიმიტრი ნოზაძე: პირბადე მოიხსნაო და მთლიანად მოიხსნა თუ ნაწილობრივ?
გაიოზ გაგნიძე: მთლიანად მოიხსნა. კარგად დავინახე.
დიმიტრი ნოზაძე: თქვენ თქვით, რომ ხალხი გიშლიდათ ხელს და ამიტომ ვერ მოახერხეთ მისი დაკავება
გაიოზ გაგნიძე: კი, ბატონო, რადგან აგრესიული იყო ხალხი და უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე. თან ხალხის მასაში რომ შეერია, მერე უკვე დავკარგეთ თვალთახედვიდან და ვეღარ მოხერხდა მისი დაკავება
დიმიტრი ნოზაძე: რამდენი ხანი ეძებდით?
გაიოზ გაგნიძე: სანამ აქცია მორჩებოდა.
დიმიტრი ნოზაძე: რა ადგილას გადაადგილდებოდით? თქვენი ძებნის არეალი რა იყო?
გაიოზ გაგნიძე: ზუსტ ადგილს ვერ გეტყვით. ხან მარჯვენა მხარეს ვიყავით, ხან მარცხენა მხარეს. როგორც სიტუაცია მოითხოვდა.
10 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე დაიკითხა პროკურატურის კიდევ ერთი მოწმე, დეტექტივი ელიზბარ აწკარუნაშვილი. ესაა ადამიანი, რომელმაც სოციალურ ქსელში გავრცელებული აქციის კადრებში იპოვა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლისა და მანქანის დაწვის კადრები და ხელმძღვანელებს პატაკით მოახსენა დანაშაულის ფაქტების შესახებ. სავარაუდოდ, სწორედ ესაა ის კადრები, რომლებიც პროკურატურას გრიგორიადისის წინააღმდეგ მტკიცებულებად აქვს გამოყენებული. აწკარუნაშვილის გამოკითხვა სასამართლოში სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა.
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მომდევნო სასამართლო 17 ოქტომბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.