ორბელიანების სასახლესთან მიმდინარე აქციის მონაწილეები პრეზიდენტისგან მოითხოვენ 8-9 მარტის აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას. „ლაზარე არავის დაუვიწყებია და დროა ვიმოქმედოთ", - თქვა შეკრების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სანდრო ქინქლაძემ. მისი აზრით, ლაზარე, ვიდრე ციხეშია, მანამდე გამარჯვებაზე საუბარი ნაადრევია.
„სანამ ეს რუსული რეჟიმი ერთი ბრალდებით დაიჭერს ადამიანს და მეორეს მიუსჯის, მანამდე ამ ქვეყანაში არც სასამართლო დალაგდება და არც ჩვენ ვიქნებით უსაფრთხოდ", - თქვა აქტივისტმა.
აქციის ზოგი მონაწილე დარწმუნებულია, რომ ბოლოდროინდელი ქმედებებიდან გამომდინარე, პრეზიდენტი ზურაბიშვილი ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს.
„რეალურად არის დაჭერილი იმისთვის, რომ იბრძოდა საქართველოს ევროპული მომავლისთვის", - თქვა ნიკოლოზ ხოსროშვილმა, აქციის მონაწილემ.
25 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ნაჭყებიამ განაჩენი გამოიტანა საქმეზე, რომელშიც 2023 წლის მარტის აქციების მონაწილეს, ლაზარე გრიგორიადისს, ბრალად ედებოდა მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრა ცივი იარაღით და მისი მანქანის დაზიანება. სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო 2021 წელს მომხდარ ფაქტზე და წელიწადნახევრიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ლაზარე გირგორიადისს ამ საქმეზე, განაჩენის გამოტანამდე, გირაო ჰქონდა შეფარდებული. მან პირველივე სასამართლო სხდომაზე დანაშაული აღიარა. რაც შეეხება დაზარალებულ ბექა გრიგორიადისს, მას საქმის განხილვისას პრეტენზია არ ჰქონია ბრალდებულის მიმართ და სასამართლოსგან მის დასჯას არ ითხოვდა. სხდომაზე ლაზარე გრიგორიადისის მამამ სასამართლო დარბაზიდან განაცხადა, რომ ინციდენტისას "ძალიან მთვრალი იყო და ბავშვი არაფერ შუაში იყო". მოსამართლემ ის წესრიგის დარღვევის გამო სხდომათა დარბაზიდან გააძევა.
როგორც ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი ლიკა ბითაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სასამართლოს განაჩენი განპირობებულია ამავე სასამართლოში მიმდინარე სხვა სისხლის სამართლის საქმის წარმოებით, რომლის ფარგლებშიც გამოძიება 21 წლის გრიგორიადისს ე.წ. „აგენტების შესახებ" კანონის მიღების საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმას და სამართალდამცველების ავტომობილის დაწვას ედავება. ბითაძე მიიჩნევს, რომ ლაზარე გრიგორიადისის პატიმრობით მოხსნეს რისკი, რომ მას განაჩენის გამოტანამდე მოუწევდა ციხის დატოვება, თუკი ამ საქმის განხილვა სასამართლოში არ დასრულდებოდა 9 თვეში, რაც აღკვეთის ღონისძების ფარგლებში პატიმრობაში ყოფნის მაქსიმალური ვადაა.
ლაზარე გრიგორიადისისთვის 2021 წელს წარდგენილ ბრალდებას, დაკავების შემდეგ, პირველ დღეებში, მის საწინააღმდეგო მტკიცებულებად იყენებდა ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი მედია, ისევე როგორც პროკურატურა - საქმის განხილვისას სასამართლოში.
გრიგორიადისი პოლიციამ მარტის აქციებზე დანაშაულის ჩადენის ბრალდებით 29 მარტს დააკავა. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მაქსიმალური ვადა მას წლის ბოლოს, 29 დეკემბერს, ეწურებოდა.