21 წლის ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო ფინალურ ეტაპზე გადადის. 7-9 მარტის აქციების მონაწილის წინააღმდეგ ბრალდებას 12 მოწმის დაკითხვა აქვს დარჩენილი, დაცვის მხარეს - 3. ამ საქმეში პროკურატურა ცდილობს დაამტკიცოს, რომ ლაზარე გრიგორიადისმა აქციებისას სამართალდამცველებს „მოლოტოვის კოქტეილი” ესროლა და პოლიციის მანქანა დაწვა. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში მას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პატიმრობის მეშვიდე თვეს, ოქტომბრის ბოლოს რადიო თავისუფლებამ ლაზარე გრიგორიადისს გლდანის ციხეში 15 კითხვა გაუგზავნა. ორმხრივად ნაწერი 4 მწვანე ფურცელი - პასუხები მისგან 15 ნოემბერს მივიღეთ.
ეს ლაზარეს პირველი ვრცელი ინტერვიუა, სადაც ის ლაპარაკობს პროტესტზე, ბავშვობაზე, ციხეში ცხოვრებასა და იქ წაკითხულ წიგნებზე, თვითდაზიანების მცდელობებზე, ამ დღეების საუნდტრეკებად გამოსადეგ მუსიკაზე და ცხადია, პოლიტიკაზეც.
სტილი პასუხებში სრულად არის დაცული.
ლაზარე, ბოლო სასამართლოზე შევამჩნიე, თითებზე სანტავიკები გქონდა დაკრული, რამე მოგივიდა?
დიდი არაფერი. ნუნებს ვიძრობ ხოლმე და მისისხლიანდება თითები. ნერვული ტიკები დამიბრუნდა.
ყველაზე რთული რა არის საპატიმროში? რა გენატრება, რა გიჭირს? როგორ ერთობი?
ჩემი ცხოვრების სტილის მქონე მოძრავ და აქტიურ ადამიანებს თავიდან ძალიან გაუჭირდებათ, მით უმეტეს, ღამის ცხოვრების სტილით თუ ცხოვრობ.
ესე ყველაზე რთული რა არის, რთული სათქმელი იქნება, მაგრამ თუ „აძინოჩკაში”, სამარტოო საკანში მოგათავსეს, კომუნიკაცია გარე სამყაროსთან აკრძალული გაქვს და ბევრი პრობლემები გიჩნდება. მე მაგალითად დავკომპლექსდი, თუ რაღაც მაგდაგვარი. ძალიან გადავეჩვიე სხვა ხალხთან საუბარს. ჩემ თავს ვებაზრები სულ. სასამართლოებზე რომ გამოვდივარ, შფოთვა მეწყება. ეგეთი შეგრძნება ხალხის დანახვაზე არასოდეს მქონია. ძაღლი რომ დიდი ხნის უნახავ პატრონს დაინახავს და არ იცის თავი სად წაიღოს, რაღაც მაგდაგვარი ხდება ჩემს შიგნით.
ბუნება მენატრება, მეგობრები, ნორმალური საკვები, ცხოველები, სეირნობა, ყველაფერი საერთოდ.
გაჭირვებით არაფერი მიჭირს. ციხეში იყო თავიდან რაღაც პრობლემები, მაგრამ ბრძოლამ შედეგი გამოიღო. მაღაზიას ჰქონდა პრობლემები. 5 პროდუქტი რომ დაგეწერა, უმეტესწილად 1 ან 2 რაღაც ამოდიოდა, შეიძლება არაფერი ამოსულიყო. ისეთს არაფერს ვწერდი, რაც მაღაზიას არ შემოქონდა.
3 კვირის განმავლობაში ვითხოვდი მაგალითად ელემენტებს. ელემენტებზე მომუშავე რადიოს ყიდიან და ელემენტები ვერ შემოქონდათ. ბოლოს სათვალთვალო კამერა დავწვი და 6-თვიანი საყვედური შედგა მაგაზე. მერე თვითდაზიანებებზე გადავედი. შეამჩნევდით კვალს მარცხენა ხელზე.
ახლა კარგად მუშაობს [მაღაზია], ყველაფერი ამოდის, მაგრამ დირექტორის მოადგილეს ჩემი აზრით უფლება არ უნდა ჰქონდეს პროდუქციის შეზღუდვის.
კედლებზე ვხატავდი მარკერით და აღარ მაძლევენ მარკერების ყიდვის უფლებას. დირექტორის მოადგილემ დეესკალაციაში ჩაგიყვან, ადექი, ჩაიცვიო. ჩემი ნებით უნდოდა ჩავეყვანე : ) მეორედ, ისევ რომ მემუქრებოდა დეესკალაციის საკანში მოთავსებით, მეთქი კედლები ხომ არის დეესკალაციაში. მერეო? ტვინის შერყევით ამომიყვან იქიდან მეთქი.
დეესკალაციის ოთახი გამოიყენება იმ შემთხვევებისთვის, თუკი საკანში მყოფი ბრალდებული/ მსჯავრდებული საფრთხეს უქმნის საკუთარ ან სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. დეესკალაციის ოთახში ადამიანის გადასაყვანად უნდა არსებობდეს სამედიცინო პერსონალის რეკომენდაცია ან/და საპატიმრო დაწესებულების თანამშრომლის პატაკის საფუძველზე გამოცემული დირექტორის ბრძანება. დეესკალაციის ოთახი უნდა იყოს სათანადოდ აღჭურვილი ლეიბით, სათვალთვალო კამერით, დისტანციურად მართვადი, დაზიანებისადმი მედეგი ღია ტიპის ტუალეტით, ონკანით, განათებითა და სათანადო ვენტილაციით. დეესკალაციის ოთახში განთავსებულ ადამიანს უწყვეტ მეთვალყურეობას უნდა უწევდეს სამედიცინო პერსონალი. |
გართობით დიდად ვერ ვერთობი. მახის დაგება ვისწავლე და სარკმელში ჩიტები დავიჭირე. 3 ბეღურიდან 2 გამიფრინდა, 1 მომიკვდა მესამე დღეს, გული დამწყდა და მაგის მერე აღარ მიცდია.
ერთი „სმენაა”, კამერები არ მინდობენ, ადმინისტრაციას ურეკავენ ყველაფერზე უაზროდ, მაღიზიანებენ. მე კიდე ისეთი რაღაცების კეთება დავიწყე, რაც შიდა დებულებას არ ეწინააღმდეგება, მაგრამ ვიცოდი, რომ რეაქცია ექნებოდათ, თან არგუმენტებსაც ვერ მეუბნებიან ხოლმე, რატო არ უნდა გავაკეთო რაღაც და ესე, კატათაგვობანას ვეთამაშები მაგ „სმენას”.
შენს თითქმის ყველა სასამართლო პროცესს დავესწარი და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მოგწონს და შეიძლება ცოტა ამაყობ კიდეც იმით, რომ მარტის აქციებზე იქ იყავი და შენს უფლებებს იცავდი. რომელი იყო შენი პირველი აქცია, სადაც მონაწილეობდი და რა მოგწონს პროტესტში ყველაზე მეტად?
მე ყველა ჩვენი წინააღმდეგობის აქტები მომწონს და მეამაყება. მით უმეტეს, როდესაც შენზე ბევრად მეტი შესაძლებლობების მქონე პირის ან ჯგუფის წინააღმდეგაა. პირველი საპროტესტო აქცია არ მახსოვს, მაგრამ პირველად პროტესტები ოჯახში დავიწყე.
პირველი წინააღმდეგობა, რაც მახსოვს, მამაჩემთან მქონდა. მაღაზიაში მაგზავნიდა ხოლმე სიგარეტის საყიდლად. ერთხელ, მე Play Station 2-ის თამაში მქონდა ახალი დაწყებული და [როცა მითხრა მაღაზიაში ჩადიო] უარი ვუთხარი და ბოლომდე მივყევი, ისე რომ იმ მომენტში ყველაზე ღირებულიც დავთმე ჩემი პოზიციის დასაცავად. Play Station-ი ფანჯრიდან გაფრინდა : ) საბოლოოდ მაღაზიაშიც თვითონ ჩაცუნცულდა და Play Station-იც გააკეთა.
პირველი გავლენა „ბასიანის” დარბევამ მოახდინა. მახსოვს მაშინ ტელევიზორს ვუყურებდი და ძალიან მინდოდა, რომ იქ ვყოფილიყავი. ბევრი რამაა, რასაც ხელისუფლება აკეთებს და არ ვეგუები. თავში აქვთ ავარდნილი ძალიან. გონიათ, რომ ხალხი ყველაფერს გაუტარებს. თავის ადგილზე დასმა ჭირდებათ ხშირად და მომწონს, როდესაც ხალხი ღირებულებების დასაცავად ერთიანდება.
15 ნოემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ზვიად შარაძემ თქვა, რომ მომდევნო სხდომები დეკემბრის თვეში გაიმართება. ოქტომბრის ბოლოს შედგენილი გრაფიკის მიხედვით, სასამართლო ამ საქმეზე სათათბიროდ 17 ნოემბერს უნდა გასულიყო - ამ გეგმის მიხედვით საქმის განხილვა ვერ მოესწრო დიდწილად იმის გამო, რომ ბრალდების მხარეს სხდომებზე თითქმის არასოდეს მოუყვანია სამზე მეტი მოწმე. ამ მომენტამდე პროკურატურამ სასამართლოში ვერ წარადგინა პირდაპირი მტკიცებულებები, რაც გრიგორიადისის დანაშაულს დაამტკიცებდა. მარტის აქციების საქმის განხილვის პარალელურად, ლაზარე გრიგორიადისს სასჯელად 1,5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა 2 წლის წინ მამაზე ძალადობის გამო. ამ საქმის განხილვა სასამართლოს წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში ჰქონდა შეჩერებული. |
ბაბუაშენისგან ვიცი, რომ ხშირად სთხოვ წიგნების შემოგზავნას - რას კითხულობ, რანაირი წიგნები გაინტერესებს?
იაპონური კულტურა მომწონს ძალიან. წიგნებზე მეტად ყურება მომწონს. ანიმეებს ვუყურებდი, მაგრამ ტრანსპორტში მანგებს ვკითხულობდი ხოლმე.
რაც შემომიგზავნეს, იქიდან ყველაზე მეტად ჰარუკი მურაკამის „კაფკა პლაჟზე” მომეწონა და ლაშა ბუღაძის „პატარა ქვეყანა”. საყვარელი ქართული რომანი „საღეჭი განთიადებია” ზურა ჯიშკარიანის. ჩემი ცხოვრების სტილთან ყველაზე ახლოსაა და საერთოდ, „კაია კატასაც“ მაგიტომ ვუსმენ, რომ ყველაზე ნაცნობია და ახლოა ჩემთვის ეგ კულტურა. ძალიან მაგრები არიან. Love 'em! [მიყვარს ისინი].
ისიც ბაბუაშენისგან ვიცი, რომ მუსიკა ძალიან გიყვარს, „კაია კატას“ სიმღერიდან ნაწყვეტიც მახსოვს, სასამართლოზე რომ აჩვენე, არჩევანი-არადანზე. რა არის შენი ამ წინასწარი პატიმრობის საუნდტრეკი? სასამართლო სხდომების და აქციებისთვისაც ხო არ გაქვს საუნდტრეკები?
Damnn, კარგი კითხვაა.
წინასწარი პატიმრობის იყოს The Prodigy-ს Firestarter და gta san andreas-ის [ვიდეოთამაში როკსტარებზე Grand Theft Auto: San Andreas] რადიოში ვუსმენდი ხოლმე Cult Of Personality-ს, ვისია არ მახსოვს.
სასამართლო სხდომებისთვის: Skepta-ს Hypocrisy და Ten Outta Ten.
აქციებისთვის: Lil' Wayne - Drop The World (Dirty Version), Jay-Z & Kanye West - No Church In The Wild, Zillakami - ACAB, ერეკლე დეისაძის „სისტემა უნდა დაინგრეს” და „კაია კატა“ - „ქართა ველი”.
ბევრჯერ და ბევრმა თქვა, რომ შენ ხარ კარგად შერჩეული მსხვერპლი სახასიათო გარეგნობის, ტატუების, გვარის და წარსულში ნასამართლეობის გამო - შენ თუ გიფიქრია მაგაზე?
ნასამართლეობა კარგი საბაბია. ნუ, მე რომ მდომოდა ბრძოლა, დღეს ნასამართლევი არ ვიქნებოდი, მაგრამ მამაჩემს არ ვგავარ.
დიდად არ მიფიქრია მაგაზე, მაგრამ ღარიბაშვილის და კობახიძის დამოკიდებულება ყველაფერს ხსნის. თან პროკურორმა აშკარად „ჭამა” კობახიძის ნარატივი, შევატყვე სასამართლოზე.
რადგან სასამართლო ახარვეზებს ჩვენს სარჩელს ღარიბაშვილის და კობახიძის წინააღმდეგ, მე მინდა გავცე ორივეს პასუხი: ვიცი, რომ აგეწვათ ყველას მარტში თქვენი მიღებული კანონის უკან გაწვევა რომ მოგიწიათ. ისიც ვიცი, რა დამოკიდებულება გაქვთ უმცირესობის წარმომადგენელი ჯგუფების მიმართ. თქვენ არ იცავთ მათ უფლებებს, გამოხატვის თავისუფლებას… ირაკლი, დიდი ალბათობით ჩემზე გინდოდა გეთქვა განსხვავებული ორიენტაციის მქონე, ჰომოსექსუალი, გეი ან ბისექსუალიაო და თან ამით რეპუტაციული ზიანის მოყენება გინდოდა. ფორმულირება „ორიენტაცია არეული“ არის შეურაცხმყოფელი, პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადება. Ამით მხოლოდ მე კი არ მაყენებ შეურაცხყოფას, არამედ თითოეულ განსხვავებული ორიენტაციის მქონე პირს. არეული არავინ არის. ყველა ჩამოყალიბებულია. არც ის არის სწორი, მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ეძებდე კრიმინალურ ქმედებას და სექსუალურ ორიენტაციას შორის.
„ამ ადამიანს აქვს ყველანაირი ორიენტაცია არეული და ეს არის რეალობა” - ამაზე პრიმიტიული განცხადება ჯერ არ მსმენია. ორიენტაცია თითქმის ყველაფერში არსებობს, პოლიტიკური, გემოვნების… მე შენ იმის ახსნას ვერ დაგიწყებ, ინდივიდი რას ნიშნავს. წესით ეგ უნდა იცოდე და აჯობებს შენს განცხადებებსაც თუ შეეტყობა რა იცი. უდანაშაულობის პრეზუმფციის ხელყოფის ფაქტზე არ ვისაუბრებ, მეზარება.
„[პოლიციელების] ცოცხლად დაწვა გადაწყვიტა ვიღაც ბინძურმა” - მოქმედებით ვარ ბინძური ირაკლი თუ ჰიგიენის თემაში?
ლაზარე გრიგორიადისის დაკავებიდან მეორე დღეს, 30 მარტს „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ლაზარე იყო „გზას აცდენილი კაცი”, რომელსაც „ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული”. კობახიძე საქმის სასამართლოში განხილვის დაწყებამდე ერთი დღით ადრე საუბრობდა იმაზეც, რომ „ორიენტაციაარეული ადამიანების ქმედებები უნდა იყოს სათანადოდ შეფასებული როგორც სამართლებრივად, ასევე საზოგადოების მიერ”. პარალელურად, პროსახელისუფლებო მედია ავრცელებდა ფოტოს ლაზარეს აწეული შუა თითით და ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იგი წარსულშიც ნასამართლევი იყო პოლიციელის დაუმორჩილებლობისა და მამაზე ძალადობისთვის. ირაკლი კობახიძის განცხადებას წინ უსწრებდა პრემიერ-მინისტრის ინტერვიუები, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა აქციებში მონაწილე ახალგაზრდები აღწერა, როგორც „ექსტრემისტული დაჯგუფება, ანარქისტები, პროვოკატორები, სატანის ფორმიანები“, მათ მიზნად კი „მუდმივი დესტაბილიზაციის შენარჩუნება” დაასახელა. „შეიძლებოდა რამდენიმე ახალგაზრდა მოეკლათ თავადვე“, - თქვა მან „იმედთან” ინტერვიუში 12 მარტს. გრიგორიადისის ადვოკატებმა ირაკლი კობახიძის და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ სარჩელით სამჯერ მიმართეს სასამართლოს - ისინი მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ მაღალი რანგის მოხელეებისგან. სასამართლომ ამ სარჩელის მიღებაზე უკვე სამჯერ თქვა უარი სხვადასხვა მიზეზით. |
აქციაზე გადაღებულ იმ კადრებში, რაც ნანახი გვაქვს, არაერთი „მოლოტოვის კოქტეილი“ და დამწვარი მანქანა ჩანს, მაგრამ ამ აქციებიდან 6 თვის შემდეგ მარტო შენ ხარ დაკავებული ძალადობისთვის - როგორ ხსნი იმას, რომ სახელმწიფომ აღარ დაიწყო სხვების ძებნა?
მოხარული ვარ, რომ მთავრობისთვისაც ერთადერთი ვარ : ). ძალადობრივი აქტები თუ ხდება აქციაზე, ისევ მათი მიდგომების ბრალია. ჩვენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციით გვაქვს მონიჭებული. ტიპები კიდევ ჩვენს დასარბევად გამოყავთ. მშვიდობიან პროტესტებს არბევენ.
პოპულისტური ხოდი მისცეს, რაღაც ამდაგვარი „ჩვენ ამჯერად გაგიტარებთ, თვალს დავხუჭავთ, მაგრამ შემდგომში არ დაგინახოთ”.
ერთი კაცის დაჭერა იმხელა აჟიოტაჟს არ გამოიწვევდა, როგორსაც ბევრი რომ დაეჭირათ. მასშტაბური აქციები აირიდეს თავიდან. ერთი კაციც რომ არ დაეჭირათ, შსს-ს ელახებოდა რეპუტაცია, ეგ კიდე არ აწყობდათ. ყველაზე კაი ვარიანტი 1 კაცის დაჭერა იყო.
ფიქრობ იმაზე, რომ სასამართლომ შეიძლება გამამტყუნებელი განაჩენი გამოგიტანოს და შემდეგი წლების გატარება ციხეში მოგიწიოს?
მაგ მაინდსეტით შემოვედი აქ, მაგრამ ისეთი ცხოვრება მქონდა ბავშვობიდან, სტოიციზმი მიდუღს ვენებში და დიდად არ მაღელვებს [გამამტყუნებელი განაჩენი თუ იქნება]. Როგორც ეს 7 თვე გავიდა, ისე გავა წლებიც.
შენი აზრით, მართლა ეშინია ხელისუფლებას ახალგაზრდების?
არ მეგონა ესე თუ დაშინდებოდნენ. აი თურმე რისი ეშინია მთავრობას: ისე არ მოიქცეს ხალხი, როგორც ისინი იქცევიან.
ახლაც მაგის გაგრძელებაა, როცა ხელოვანებს სუს-ში იბარებენ თითქოს რევოლუციის პრევენცია უნდათ. პარანოიაა ეგ ბატონებო, პარანოია. ეგრე ვერც იმას დააშინებთ, ვისაც თქვენი აზრით რევოლუციის მოწყობა უნდა ქვეყანაში. ნუ ჩაიძირეთ აბსურდში!
რა განგასხვავებთ შენ და შენს თაობას თუნდაც თქვენზე 10-15 წლით უფროსებისგან, ვინც არასოდეს ყოფილა მანამდე აქციაზე, სადაც „მოლოტოვებს“ ისროდნენ? უფრო ყოჩაღები ხართ თუ ასაკია ეგეთი, როცა უფრო ადვილად მიდიხარ რისკზე?
We lit! [ჩვენ ვიწვით]
მოდი, გადავხედოთ ჩვენს ისტორიას. სულ გვჩაგრავს მთავრობა. თაობები იჩაგრება. ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებთ. ხშირად უნდა დავუსვათ კითხვები ჩვენს თავებს: მთავრობა ჩვენ გვიწესებს წითელ ხაზებს და ერთადერთი წითელი ხაზი, რაზეც სულ გვაქვს რეაქცია, არის რუსული, რუსეთისკენ მიმავალი ნაბიჯები, მაგრამ რად გინდა? ფრენები მაინც გახსნეს რუსეთთან.
ნიჰილიზმს ჩვენ ვუწყობთ ხელს ჩაგრულთა როლის მორგებით. ძალიან მაინტერესებს ეს რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს და როდის იტყვის ხალხი, რომ კმარა!
მაქსს [მაქს მაჩაიძე, მუსიკოსი - რ.თ.] მოუსმინეთ:
„დღეები loop-ია,
loop-ები უნდა დატეხო,
შიგნით ცოდნის ზარდახშა გაქვს,
უნდა გატეხო“.
ასაკი, რა თქმა უნდა, თავისას შვრება. სხვადასხვა კულტურების გავლენაცაა, რასაც ეთანხმები და მოგწონს.
წარმოიდგინეთ სიტუაცია; ორ ადამიანს უთანხმოება აქვს, ერთი წელში გამართული მოძრაობს, მეორე მოხრილი. წელში გამართული პრობლემებს არგუმენტირებული მსჯელობით, ცივილიზებული და ჰუმანური მიდგომებით აგვარებს. წელში მოხრილი მუქარით, ფსიქოლოგიური ტერორით. პრობლემის მოგვარების პროცესში წელში გამართული გამოდის, ჰაერს ელაპარაკება, მოხრილი კიდე წელს ქვემოთ ირტყმევინება. ყოველ ჯერზე ასეა.
ჩვენი თაობის შეფასება თქვენთვის მომინდვია.
რა არ მოგწონს ყველაზე მეტად ამ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობ? რა იწვევდა შენში ყველაზე მეტ პროტესტს?
მთელი დღე შემიძლია ამაზე ვისაუბრო, მაგრამ ძალიან მოკლედ გეტყვი. ის რომ პრორუსული მთავრობა გვყავს, რომელსაც მაგრად ვკიდივართ და ის, რომ საზოგადოებას ადეკვატური რეაგირება აღარ გვაქვს. მეტი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ. ჩემს თავსაც მოვიაზრებ, მეც პასიური ვიყავი. რეკომენდაციას გავცემ ერთ ვიდეოზე, Rat race ქვია, უყურეთ რას გიშვრებათ თქვენი ყოველდღიურობა. ესენი 9 დათქმის შემსრულებლები არ არიან, ასე რომ ჩვენ უნდა ვაიძულოთ.
რის თქმას აპირებ სასამართლოსთვის, სანამ განაჩენის გამოსატანად გავა? რისი თქმა გინდა საზოგადოებისთვის? მეტ მხარდაჭერას არ ელოდი ხალხისგან? პირველ სხდომაზე ძალიან ბევრი შენი ასაკის ადამიანი იყო, მერე ნელ-ნელა იკლო მათმა რიცხვმა. მნიშვნელოვანი იყო შენთვის, რო გენახა ისინი სხვა სხდომებზეც?
არ მიფიქრია მაგაზე ბევრი. შეიძლება საერთოდ არაფერი ვთქვა სასამართლოზე.
საზოგადოებას ვეტყვი, რომ იბრძოლონ უკეთესი მომავლისთვის. ჩვენს თაობას მემკვიდრეობით გადმოგვეცა მთავრობა და სხვადასხვა პრობლემები, რომლებიც წინა თაობებმა ვერ მოაგვარეს. წრე შეგვიძლია ჩვენ გავარღვიოთ. როდემდე უნდა გაგრძელდეს პრობლემებისგან თავის არიდება. ჩვენ თუ არ მოვაგვარეთ, ჩვენ მომავალ თაობას მოუწევს. უფროსებმა მაქსიმალურად შეუწყვეთ ხელი თაობას. მე მაგალითად ეგ მაკლდა. ერთად ყველანაირ მიზანს მივაღწევთ, რაც მოგვინდება.
რა სტატუსიც არ უნდა ქონდეს ადამიანს, როგორი ხელისუფლებაც არ უნდა გვყავდეს, არავის მისცეთ თქვენში ბრძოლისუნარიანობის მოკვლის უფლება. გარეთ რომ ვიყავი, ბევრი პრობლემა მქონდა, სახე მძვრებოდა. ახლა ეს კიდე, მაგრამ მაინც არ ვნებდები.
არავისგან არაფერს არ ველი საერთოდ, ვცდილობ მოლოდინები არ შევიქმნა სხვა ადამიანებთან დაკავშირებით. ჩემთვის მთავარია ყველამ კარგად იგრძნონ თავები სადაც არ უნდა იყვნენ და რასაც არ უნდა აკეთებდნენ და თუ არ გრძნობენ თავს კარგად, ახსოვდეთ, რომ ყველაფერი დროებითია. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მხარს მიჭერს. 9 ნოემბერს ძალიან ემოციური სასამართლო სხდომა იყო ჩემთვის.
Love you Guys! <3 [მიყვარხართ ხალხნო]
სასამართლო პროცესებზე თუ სწორად გავიგე, არ ხარ კმაყოფილი იმით, როგორც მოგექცნენ პოლიციელები დაკავებისას, ადვოკატის ყოლის უფლების შეზღუდვაზე ლაპარაკობდი - შეგიძლია უფრო კარგად მოგვიყვე, როგორ დაგაკავეს და მიიღეს შენგან ჩვენება?
Nuhhh! [არააა!]
ეგენი პოლიციელები არ იყვნენ, მენტურა გამოაგზავნეს. აი „ჩემი ცოლის დაქალებში” ზვერაძე რომ არის, ეგ ხოდი ქონდათ, ოღონდ უფრო „ლაითები” იყვნენ. კმაყოფილი არ ვარ ჩემი თავით, თავიდანვე უნდა მივმხვდარიყავი, როგორ უნდა მივდგომოდი.
სანამ დამაკავებდნენ, მანამდე, სადღაც მარტის შუა რიცხვებში ერთმა ჩემმა ნაცნობმა მითხრა, შენი გვარი და სახელი გავიგე პოლიციის სამმართველოშიო. მერე მოხდა ასეთი ფაქტი: ჩემს მეგობართან მივდიოდი, გამოვიძახე ტაქსი და მძღოლი დამხვდა პოლიციის ფორმაში. გზაში ფოტოები გადავუღე და მეგობრების საერთო ჩათში ჩავაგდე, მითხრა, თანამშრომელი ვარ, იანდექსზეც ვმუშაობ დამატებითი ფინანსებისთვისო. მოკლედ, ვიცოდი რომ მითვალთვალებდნენ, იმის მიუხედავად, რომ სასამართლოზე პოლიციელები ამტკიცებენ, თითქოს ჩემი ადგილმდებარეობის დადგენა შეუძლებელი იყო და ამიტომ არ დამიბარეს ამოცნობაზე და ამიტომ არ უცდიათ ჩემი ოჯახის წევრებთან დაკავშირება.
იმ დღეს, როცა დამაკავეს, მეგობართან ვიყავი და ველოდებოდი, როდის მოვიდოდა სამსახურიდან, მერე სხვა მეგობარმა მომწერა ჩვენთან გამოდი, ბავშვები ვართო. გარეთ რო გავედი, აღმართზე ასვლისას შევამჩნიე კიას მარკის შავი ფერის მანქანა, რომელშიც ერთ-ერთი [პოლიციის] თანამშრომელი იჯდა და ჩემ დანახვაზე ნერვულად დაიწყო ტელეფონში ჩახედვა, მერე ჩემკენ ამოხედვა - რამდენჯერმე ქნა ეს, სანამ გავცდი.
მერე გზაზე გადავედი და ტელეფონს დავხედე, რომ ტაქსის მარშრუტი შემემოწმებინა - წამებში ჩემს მოპირდაპირედ გაჩნდა პოლიციის მანქანა და იქიდან გადმოსულმა ორმა ადამიანმა დაიწყო მანქანაში ჩატენა ისე, რომ მათი სახეების დანახვაც ვერ მოვასწარი. არაფერი აუხსნიათ, ყვიროდნენ ჩაჯექი მანქანაშიო. არ ვჯდებოდი და კიდევ ერთი კაცი დაემატათ. ამ დროს წინ ავტობუსმა გააჩერა და დავიწყე ყვირილი, მიტაცებენ, მომეხმარეთ-თქო, მარა რეაქცია არავის ქონია. მივხვდი, რომ ტყუილად ვუძალიანდებოდი და ჩავჯექი მანქანაში.
ძალიან დაბნეულები იყვნენ, გავარდნენ და მერე აღმართზე გააჩერეს მანქანა, სადაც ხალხი არ დადიოდა. ვინ ხარ-თქო, ვკითხე ჩემ გვერდით მჯდომს. ქაჯი ხარ, რა გაყვირებსო, მეუბნებოდა ხმამაღალი ტონით. რა ვინ ვარ, შენ არ იყავი მოლოტოვებით რომ დაბომბე ბიჭები პარლამენტთან, კიდევ მე ვინ ვარო? კანონს არღვევთ, არ მიხსნით რაზე მაკავებთ, ეს გატაცება უფროა, ვიდრე დაკავება-მეთქი.
წინ ვინც იჯდა, მძღოლის გვერდით, ის ტელეფონზე ელაპარაკებოდა ვიღაცას. მერე სხვა ჩაჯდა მის ადგილას, ოქმი უნდა შევადგინოო. მე ტელეფონი ამოვიღე და მარცხნივ მჯდომ თანამშრომელს მომენტალური რეაგირება ქონდა, ტელეფონს მოკიდა ხელი, მეც არ ვუშვებდი და ვწევდით ასე, აქეთ-იქით. მერე დაბზარვის ხმა გავიგე და დავუყვირე, დაიმსხვრა, ხელი გაუშვი მეთქი. თვითონ მიყვიროდა, შენ ამტვრევო. ჩემი მეგობრისგან მქონდა ეს ტელეფონი ნათხოვარი, იმის სამსახურის ტელეფონი იყო, მთხოვა გაუფრთხილდიო და ოქმს ვინც ადგენდა, იმას ვკითხე, ნორმალურია ტელეფონი რომ დამიმტვრია ამან-თქო? იმან გამოხედა [პოლიციელს] შენ გატეხე ტელეფონიო? იმან არაო, მეორეს კითხა, შენ დაინახე რომ ამან გატეხა ტელეფონიო, იმანაც არაო, მეც არ დამინახავს შენი ტელეფონის გატეხვა, სამი კაცი ვართ და ვიძახით, რომ გატეხილი იყო ეგ შენი ტელეფონი და მიდი და დაგვიმტკიცე რომ აქ გაგიტეხეთო.
ოქმის შედგენის მერე გამჩხრიკეს და მერე მომაწოდეს ეს ჩემი ტელეფონი, აჰა, დარეკე ადვოკატთანო, მითხრა ერთმა, მადლობა მეთქი. მარტივი პინი მქონდა, გავხსენი და მომენტალურად გამომგლიჯა ხელიდან ტელეფონი. მერე ოქმზე მომაწერინეს ხელი, არაფერი არ არის, რომ გაკავებთ, მაგის ოქმიაო და წამიყვანეს მთავარ სამმართველოში, სადაც რამდენიმე ფოტო გადამიღეს და მერე შემიყვანეს ერთ კაბინეტში, სადაც ყველამ მოიყარა თავი და რაღაც უაზრობებს მეუბნებოდნენ. კაცს რომ გამოთხარეს თქვენებმა თვალი, ეგ თუ დააკავეთ მეთქი, მაგას თვალში ქვა მოხვდა და ეგეც თქვენი ნასროლი იყოო.
მარტის აქციებისას, 8 მარტს, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, თვალი დაკარგა. 55 წლის ზაზა ბიღიაშვილს 7 მარტს აქციაზე ჩიტაძის ქუჩაზე სპეცრაზმელის ნასროლი, სავარაუდოდ, მხუთავი აირის ბალონი მოხვდა თავში. ოპერაცია გაუკეთდა, თუმცა ექიმებმა ვერ შეძლეს მარჯვენა თვალში მისთვის მხედველობის შენარჩუნება. |
ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დამიწყო იმაზე საუბარი, რომ აღიარებითი ჩვენება უნდა მიმეცა, თორემ ჩემ მეგობარს დაიჭერდნენ. თქვი, რომ მოლოტოვი შენ ისროლე და მანქანა დაწვი და მარტო შენ დაგიჭერთ, შენი მეგობრები გადარჩებიანო. დავთანხმდი და სხვა კაბინეტში გადამიყვანეს, სადაც 2 გოგო და ერთი მამაკაცი იყო. სასამართლოზე გოგოებმა თქვეს, მხოლოდ ჩვენ ვიყავით ლაზარეს დაკითხვისასო.
იმ ოთახში სულ 5-6 ადამიანი ვიყავით, კაბინეტში ჩემგან მოშორებით მჯდომი ქალი თანამშრომელი ტანსაცმელს ლუქავდა, მეორემ ჩემი უფლებები განმიმარტა, ზარის განხორციელება და ადვოკატის ყოლის უფლება თუ მაქვს, ორივეს გამოვიყენებ-თქო.
კართან ის მაღალჩინოსანი იდგა, აღიარებაზე ვინც მესაუბრა და გამაფრთხილა ადვოკატის გარეშე მიცემ ჩვენებასო. მაგან რომ გაიგო ჩემი პასუხი, ამ გოგოს დაუძახა, მოდიო. შეშფოთებული სახით დაბრუნდა იქიდან, აშკარად არ მოეწონა რაც უთხრეს, უბრალოდ სასამართლოზე ვერ გაბედა სიმართლის თქმა, რომ მითხრა, ამჯერად უადვოკატოდ დავწეროთ და მერე ადვოკატთან ერთად ჩავასწოროთო. დაკითხვას რომ მოვრჩით, მერე ფეხსაცმელები მომაწოდა გიორგიმ [ლაზარე გრიგორიადისის მეგობარი - რ.თ.], ისიც ალბათ დასაკითხად ყავდათ მოყვანილი.
დაკითხვის მერე ვინც დამაპატიმრა, მაგან გამიყვანა მაღალჩინოსნის კაბინეტში, სიგარეტის მოწევა ხომ გინდოდაო. მომაწევინა, თავი კომფორტულად რომ მეგრძნო და მეკითხება: ლაზარე, სატანისტი ხარ? გამეცინა. არ მომატყუო, ხომ იცი მე ყველანაირ ადამიანებთან მიწევს ურთიერთობაო.
რამეს ნანობ?
არა, არაფერს არ ვნანობ. გაანალიზებული მაქვს უმეტესწილად ჩემი ქმედებები რას ემსახურება, რა შედეგებს მომიტანს…. რამდენად პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, თავისუფლების განცდა აქ უფრო მაქვს, ვიდრე გარეთ მქონდა.
რა გინდა იცოდნენ შენზე გარდა იმისა, რომ ხარ მარტის აქციებზე დაკავებული ერთადერთი ადამიანი?
არ მიყვარს უსამართლობა, თითოეული ადამიანი იმსახურებს თანაბარ უფლებებს. ვებრძვი სტატუსებს, თუ ადამიანი თავის სტატუსს არგუმენტად იყენებს. დიდი მოთმინების მქონე ადამიანი ვარ, მაგრამ საბოლოოდ მჩაგვრელთა მჩაგვრელი ვარ. არ მიყვარს დიდი ეგოს მქონე ადამიანები ბევრს რომ flex-აობენ [კუნთებს ათამაშებენ], იმიტომ რომ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ბუშტებივით იჩუტებიან უმეტესობა. სარკის ეფექტი მაქვს ურთიერთობებში, რამეს თუ მივქარავ, ბოდიშს არ ვიხდი, ქმედებებით ვცდილობ გამოვასწორო, ვცდილობ ყოველთვის ნაკლები ვილაპარაკო და მეტი ვაკეთო.
მულტიფუნქციური ადამიანი ვარ, არ მომწონს, როდესაც მხოლოდ ერთი რამით ვარ დაკავებული და არც ის მინდა, რომ მხოლოდ ერთი კონკრეტული პროფესია მქონდეს. სგ მშობლებისთვის ცოტა გაუგებარია, გონიათ რომ ყველა ნაცრისფერი ცხოვრებით უნდა ცხოვრობდეს, „რაღაც უნდა გამოხვიდე!”
სანამ ზონაზე გადავალ, ბავშვებს მინდა ვუთხრა, რომ გამომიარონ. 1 თვე გავჩერდები კიდე #8-ში განაჩენის დადგომის შემდეგ.