გიორგი ავალიშვილის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების მიხედვით იმ საღამოს, როცა მან ლაზარე გრიგორიადისი დააკავა, მასთან ერთად იყო მისი ორი კოლეგა - დეტექტივებს ჯერ სასამართლოსთვის ჩვენება არ მიუციათ. გამომძიებელის მტკიცებით, გრიგორიადისი მან სასამართლო განჩინების საფუძველზე დააკავება, დაკავებისას აჩვენა ეს განჩინება, განუმარტა მისი უფლებები, არ მიუყენებია სიტყვიერი შეურაცხყოფა და ძალა, რომელიც მისი დაკავებისას გამოიყენეს პოლიციელებმა იყო პროპორციული იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული წინააღმდეგობას სწევდა დაკავებისას და "ყვიროდა მიტაცებენო." ავალიშვილს დაკავების და ჩხრეკის ოქმები პოლიციის ავტომობილში აქვს შედგენილი - აქვე ამოიღეს გამომძიებლებმა გრიგორიადისის პირადი ნივთები, საბანკო ბარათები, მობილური ტელეფონი, ჯიბის ფული. პოლიციელის თქმით, გრიგორიადისი წინააღმდეგობას სწევდა მობილური ტელეფონის ამოღებისასაც, თუმცა მან საბოლოოდ ხელი მოაწერა როგორც ჩხრეკის, ისე დაკავების ოქმებზე.
"ჩემთან არანაირი პრეტენზია არ დაუფიქსირებია" - უთხრა გამომძიებელმა სასამართლოს.
ავალიშვილის დაკითხვამდე სასამართლოს ჩვენება მისცეს მისმა კოლეგებმაც - გამომძიებლები, რომლებიც ამ საქმეში იყვნენ ჩართულები ამტკიცებენ რომ გრიგორიადისს, რომელიც ადვოკატის გარეშე აქვს მიცემული პირველი ჩვენება პოლიციელებისთვის, როგორც დაკავებისას, ისე პოლიციის განყოფილებაში ყოფნისას მკაფიოდ და ნათლად განემარტა მისი უფლებები. გრიგორიადისის და მისი ადვოკატების კითხვები კი სასამართლოს მიანიშნებს, რომ 21 წლის ახალგაზრდას შეეზღუდა ადვოკატის ყოლის და ერთი ზარის განხორციელების უფლება, გარემო მის მიმართ პოლიციის განყოფილებაში იყო არამეგობრული და იმ დროს, როცა ჩვენებას იღებდა მისგან გამოძიება, პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს მისი მეგობარი, რასაც შესაძლოა ზეწოლის ეფექტი ჰქონოდა.
გიორგი ავალიშვილის ჩვენებაში გრიგორიადისის ადვოკატებმა საეჭვოდ მიიჩნიეს ის გარემოება, რომ პოლიციის მხრიდან მისი სასამართლო განჩინების წარდგენის მიუხედავად გრიგორიადისი წინააღმდეგობას სწევდა და ყვიროდა "მიტაცებენო." მათ პოლიციელს ჰკითხეს, ნამდვილად აჩვენა ბრალდებულს განჩინება თუ მხოლოდ სიტყვიერად უთხრეს, რომ ასეთი დოკუმენტი არსებობდა.
არადამაჯერებლად ჟღერს ადვოკატებისთვის ისიც, რომ გრიგორიადისს, რომელიც წინააღმდეგობას უწევდა პოლიციელებს და რომლის დასაკავებლადაც ძალის გამოყენება გახდა საჭირო, დაკავებისა და ჩხრეკისას ნათლად განემარტა მისი უფლებები.
"იმ ჯიკაობის დროს უმარტავდით უფლებებს?" - იკითხა დღეს სასამართლოში გრიგორიადისის ერთ-ერთმა ადვოკატმა.
საეჭვო გარემოებად მიიჩნევს გრიგორიადისის დაცვის მხარე იმასაც, რომ ლაზარეს ტელეფონი ჩხრეკისას დაზიანებული იყო. გრიგორიადისი ამტკიცებს რომ ის პოლიციელებმა ამოღებისას გატეხეს, ავალიშვილმა სასამართლოს რამდენჯერმე მკაფიოდ განუმარტა რომ როცა შეხედა ტელეფონს, ის დაზიანებული იყო.
"მანქანაში რო ვიჯექით, თქვი თუ არა ასე, როცა ტელეფონი წამართვეს და გატყდა, გადმოხედე თუ არა პოლიციელებს და თქვი, ეს ახლა არ გატეხილა, მიდი და დაგვიმტკიცე, თუ ასე არ იყოო?"
"ჩემი ტელეფონის კოდი როგორ გაიგეთ, რომ გაგეხსნათ?"
"ჩემს მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას თუ ქონდა ადგილი?"
ეს კითხვები ლაზარე გრიგორიადისმა დაუსვა პოლიციელს. მან თქვა რომ არც შეურაცხყოფა მიუყენებია მისთვის არავის, არც ტელეფონის კოდი გაუგია და არც ის იცის, სად და როგორ დაზიანდა ტელეფონი.
ლაზარე გრიგორიადისი დაკავების შემდეგ სამართალდამცველებთან მარტო, ადვოკატის გარეშე რამდენიმე საათის განმავლობაში იყო - ის მეგობრის ბინასთან აიყვანეს უკვე ბრალდებულის სტატუსით და ადვოკატის ნახვის უფლება პირველად წინასწარი დაკავების იზოლატორში მიეცა. ამ დროს ჩვენება მისგან პოლიციას უკვე მიღებული ჰქოდნა.
მოსამართლე ამ საქმეზე გადაწყვეტილების გამოსატანად გასვლას 17 ნოემბერს გეგმავს - შესაბამისად, საქმე სასამართლოში თითქმის ფინალურ ეტაპზეა გადასული. დარჩენილია რამდენიმე მოწმის გამოკითხვა.
მომდევნო სხდომები ჩანიშნულია 7,9, 15 და 17 ნოემბერს.