სამხედრო ექსპერტების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ბელგოროდში აფეთქება უკრაინულ დრონს ნამდვილად არ გამოუწვევია, რადგან ის 20-მეტრიან კვალს ვერ დატოვებდა.
პარალელურად, უკრაინა მასშტაბური კონტრშეტევისთვის მზადებას განაგრძობს, მხარდამჭერი ქვეყნების კოალიციის მნიშვნელოვან დახმარებას „რამშტაინის" მორიგი რაუნდის შემდეგაც მოელის და გამარჯვების იმედიც აქვს.
რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 20 პრილს, უკრაინაში პირველად ჩავიდა ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, რაც უკრაინაში, კონტრშეტევის წინ, მნიშვნელოვან გამხნევებად აღიქვეს.
მოსკოვის დროით 22:15-ზე
„როდემდე უნდა ვითმინოთ ეს“, „მეგონა, რომ ჩემი კორპუსი დაინგრა“, „უძლიერესი აფეთქება იყო“, „ზოგმა ხმა გაიგო, ზოგმა ვერა“, - ჰყვებიან აფეთქების ადგილთან ახლოს მცხოვრები ადამიანები სოციალურ ქსელებში. ზოგს სჯერა, რომ მათი ქალაქის ცენტრალური ნაწილი უკრაინელებმა დრონით დაბომბეს.
თავდაპირველად ითქვა, რომ უკრაინელებმა TY-141-ის («Стриж») მოდერნიზებული ვარიანტი გამოიყენეს, ისევე, როგორც, მაგალითად, 2022 წლის დეკემბერში, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, ქალაქ ენგელსში სტრატეგიული ავიაციის აეროდრომზე შეტევისას. მაგრამ ამჯერად, აფეთქების შედეგად დატოვებული კვალი ამ ვერსიის საწინააღმდეგოდ მეტყველებს.
ასევე ნახეთ რუსულ სუ-34-ს ბელგოროდში ბომბი "ჩამოუვარდა"სოციალურ ქსელებში უკრაინელები წერენ, რომ „ძალიან მოსწონთ“ რუსეთის ხელისუფლების მიერ ოფიციალურად დადასტურებული ვერსია, რომ „რუსულ ბელგოროდში რუსულ თვითმფრინავს რუსული ბომბი ჩაუვარდა“. „ალბათ, ვაშინგტონისკენ თუ მიფრინავდა დასაბომბად“, „ბერლინისკენ აიღო გეზი და ბელგოროდში მოხვდა“, „ვთხოვოთ პილოტს, რომ მალე მოსკოვის თავზეც სცადოს იგივე“, - წერენ უკრაინელები ტელეგრამისა და იუტუბარხების კომენტარებში.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო- და ფოტომასალები საკმაოდ მძიმე სურათს ასახავს, აფეთქების ადგილზე დაახლოებით 20 მეტრი დიამეტრის ორმო დარჩა და ირგვლივ მიმოიფანტა ბორდიურების მძიმე, 2-3-მეტრიანი ნაწილები. ადგილობრივი მედიასაშუალებები იტყობინებიან, რომ აფეთქების დარტყმის ძალით, ერთ-ერთი მსუბუქი ავტომობილი იქვე მდებარე შენობის, სუპერმარკეტ "Пятёрочка"-ს სახურავზე აღმოჩნდა. ავტომობილი მაშველებმა, 21 აპრილს, ამწეს გამოყენებით ჩამოიტანეს.
„მადლობა ღმერთს, არ არის მსხვერპლი“, - დაწერა ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა ტელეგრამარხზე, 21 აპრილს. მისი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, დაზიანდა არაერთი ავტომობილი და დაინგრა არაერთი ბინა. მოწმდება მაღალსართულიანი შენობები და შესაძლებელია, რომ, მზიდი კედლების დაზიანების გამო, ისინი საცხოვრებლად აღარ იყოს ვარგისი.
„გუშინ საღამოს, მაინც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თავის დაზღვევის მიზნით, მოგვეხდინა 9-სართულიანი კორპუსის სამი სადარბაზოს მცხოვრებთა სრული ევაკუაცია. ვინც ახლობლებთან და ნათესავებთან ვერ წავიდა, სასტუმროში დავასახლეთ“, - წერს ბელგოროდის გუბერნატორი.
უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქისთვის აფეთქება და ხანძრები საკმაოდ ხშირ მოვლენად იქცა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქალაქი ბელგოროდი დაიბომბა და ისიც თავად რუსეთის მიერ.
სამხედრო ექსპერტები თვლიან, რომ 20 აპრილს ბელგოროდელებს უბრალოდ ძალიან გაუმართლათ, რადგან ბომბი, რომელიც ცენტრალურ გამზირზე ჩავარდა, სავარაუდოდ, ძალიან მარტივად გაანადგურებდა მრავალსართულიან შენობას.
რა ჩავარდა?
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ აკონკრეტებს ბელგოროდში ჩამოვარდნილი ბომბის სახეობას.
ინტერნეტსივრცეში 21 აპრილს გამოქვეყნებული ვიდეოჩანაწერის მიხედვით, ბომბი ჩამოვარდნის შემდეგ, დაახლოებით 12-15 წამის შემდეგ აფეთქდა, რაც, ექსპერტებისთვის, შენელებული მოქმედების სპეციალურ საბრძოლო პროგრამაზე მიუთითებს.
უკრაინელი ექსპერტი, მფრინავ-ინსტრუქტორი, უკრაინის შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, რომან სვიტანი დარწმუნებულია, რომ რუსულმა სუ-34-მა ბელგოროდში ჩამოაგდო 500-კილოგრამიანი ბომბი, „რომლის მსგავსიც რუსებსაც და უკრაინელებსაც ათასობით შემორჩათ, საბჭოთა კავშირის დროიდან“. მან დაასახელა „არასაშტატო ჩამოვარდნის“ შესაძლო მიზეზიც.
„რუსები თვითმფრინავებით ვეღარ ახერხებენ ფრონტის ხაზზე გასვლას, რადგან ჩვენი ანტისაჰაერო სისტემა ძალიან მძლავრია და ახლოს არ ვუშვებთ მათ [რუსულ თვითმფრინავებს]. ამიტომ რუსები ძველი, საბჭოთა ბომბების მართვად ბომბებად გადაკეთებას ცდილობენ. ეს ბომბები ეკიდება თვითმფრინავს და აქვს მართვადი სისტემა... შესაძლოა, ბომბს საკიდი ფრთები მოძვრეს და ჩავარდეს, რაც რამდენიმე კვირის წინ ქალაქ დონეცკშიც მოხდა. ვნახეთ, რომ ეს ფრთები ცალკე ეყარა და მათ ფოტოებსაც უღებდნენ“, - განმარტავს სვიტანი უკრაინულ მედიასთან და ასევე შესაძლებლად თვლის, რომ ბომბი გაუშვეს [უკრაინისკენ], მაგრამ ტექნიკური გაუმართაობის გამო „კურსიდან გადაუხვია“.
ექსპერტი ხსნის, რომ ასეთ გადაკეთებულ ბომბებს რუსი სამხედროები ყრიან, როგორც წესი, ფრონტის ხაზამდე 30-40 კილომეტრში და მართვის სისტემის დახმარებით უშვებენ სამიზნისკენ. „ამ ბომბებს შეუძლიათ 70 კილომეტრის დაფარვაც, ჩაგდების სიჩქარის, სიმაღლისა და კალიბრის გათვალისწინებით“, - ამბობს რომან სვიტანი.
ასევე ნახეთ რუსეთის ქალაქ ბელგოროდის აეროპორტს დრონით შეუტიესგენერალ-მაიორი, გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ვახტანგ კაპანაძე ასევე ფიქრობს, რომ ბელგოროდში 500-კილოგრამიანი ბომბი ჩავარდა.
„ტექნიკური გაუმართაობით გამოწვეული ეს ინციდენტი აშკარად მეტყველებს, თუ რა მდგომარეობაშია ახლა რუსეთის შეიარაღებული ძალები და საერთოდ არ მიკვირს ეს ფაქტი. ძველი ბომბების პლანირებად, მართვად ბომბებად გადაკეთებას ცდილობენ და ეს თანამედროვე, ზუსტი, ტექნოლოგიურად მოწინავე იარაღის ნაკლებობაზე მეტყველებს“, - ეუბნება ვახტანგ კაპანაძე რადიო თავისუფლებას. ექსპერტი გამორიცხავს, რომ უკრაინულ დრონებს ასეთი მასშტაბის აფეთქება გამოეწვიათ.
როგორც უკრაინის რადის დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო თავის იუტუბარხზე იტყობინება, აფეთქებამდე 20 წუთით ადრე „რუსული Z-ტელეგრამარხები“ წერდნენ, რომ მალე დაიბომბებოდა უკრაინა „მეგაბომბებით“. „დაწერეს - ახლა დავბომბავთო, თვითმფრინავი აფრინდა და... დაბომბა თავად ბელგოროდი“, - ამბობს გონჩარენკო და ცინიკურად მოუწოდებს ბელგოროდის ოლქს სასწრაფოდ გამოეყოს რუსეთის ფედერაციას.
კონტრშეტევის მოლოდინში
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო აფეთქებას რუსეთი ოფიციალურად უკრაინას არ მიაწერს, ექსპერტები თვლიან, რომ ყოველი ასეთი ფაქტი აძლიერებს რუსეთის მოქალაქეების შიშს, რომ „ომი მათაც მისწვდება“.
სამხედრო ექსპერტი, ოლეგ ჟდანოვი ამბობს, რომ უკრაინის მასშტაბურ კონტრშეტევასთან დაკავშირებული მოლოდინი, რასაც საინფორმაციო ომიც ეხმარება, ძლიერი ფსიქოლოგიური წნეხია და „ახლა რუსეთში საფრთხეს ყველა მხრიდან მოელიან“.
ასევე ნახეთ უკრაინის სამხედრო დახმარების თაობაზე "რამშტაინის" შეხვედრის მორიგი რაუნდი მიმდინარეობსჟდანოვი ლაპარაკობს იმ მოლოდინზეც, რომ „რამშტაინის“ საკონტაქტო ჯგუფის მორიგი, მე-11 შეხვედრა, რომელიც 21 აპრილს გაიმართა, „სარაკეტო-საავიაციო“ იქნება და შესაძლოა, უახლოეს პერიოდში უკრაინას მოკავშირეებმა დასავლური სისტემების საბრძოლო თვითმფრინავები გადასცენ. მანამდე, 11 აპრილს, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინაში მოხალისეებად ჩასვლისკენ მოუწოდა უცხოელ მფრინავებს, რომლებმაც F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მართვა იციან.
21 აპრილს, „რამშტაინის“ მორიგი რაუნდის დაწყების წინ, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა ტვიტერზე დაწერა, რომ „შარშან უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის წევრებმა უკრაინა უზრუნველყვეს უზარმაზარი შესაძლებლობებით“ და, რომ დახმარება გაგრძელდება, „რამდენ ხანსაც ეს იქნება საჭირო“.
ასევე ნახეთ "უკრაინის მომავალი ნატოშია" - იენს სტოლტენბერგი
20 აპრილს, უკრაინაში ჩავიდა ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, რის შესახებაც წინასწარ არაფერი იყო ცნობილი. უკრაინაში ეს მისი პირველი ვიზიტია, რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან.
პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ზაფხულში, ნატოს ვილნიუსის სამიტზე განხილული იქნება უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი; თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის მიიღებს კიევი ალიანსში გაწევრიანების მიწვევას.
ასევე, ნატოს გენერალურმა მდივანმა კვლავ გაიმეორა, რომ ახლა მოკავშირეთა მთავარი მიზანი უნდა იყოს ომში უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფა და არა ალიანსში მისი წევრობა.