Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"უკრაინის მომავალი ნატოშია" - იენს სტოლტენბერგი


ნატოს გენერალური მდივანი კიევში, ომში განადგურებული რუსული ტექნიკის გამოფენაზე
ნატოს გენერალური მდივანი კიევში, ომში განადგურებული რუსული ტექნიკის გამოფენაზე

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინის მომავალი ნატოშია და ამ მოსაზრებას ალიანსის წევრი სახელმწიფოებიც ეთანხმებიან. ამის შესახებ სტოლტენბერგმა 20 აპრილს განაცხადა, რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინაში თავისი პირველი ვიზიტისას, უკრაინის პრეზიდენტთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ.

სტოლტენბერგს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, მიიღებს თუ არა კიევი უახლოეს ხანში ალიანსში გაწევრიანების მოსაწვევს, მაგრამ დაადასტურა, რომ ნატოს ვილნიუსის სამიტზე ეს საკითხი განხილული იქნება.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სტოლტენბერგთან მოლაპარაკებებზე უკრაინისთვის დამატებითი შეიარაღების, მათ შორის საავიაციო ტექნიკის, შორ მანძილზე მოქმედი საარტილერიო დანადგარების და ჯავშანმანქანების მიწოდებაზე იმსჯელეს. ასევე განიხილეს ვილნიუსში ნატოს მომავალი სამიტი, რომელზეც უკრაინის პრეზიდენტი ალიანსში ქვეყნის ოფიციალურ მიწვევას ელოდება. ასევე, ზელენსკის თქმით, განიხილეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ნატოში გაწევრიანებამდე.

ნატოს გენერალურმა მდივანმა კვლავ გაიმეორა, რომ ახლა მოკავშირეთა მთავარი მიზანი უნდა იყოს ომში უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფა და არა კავშირში მისი წევრობა.

ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ალიანსი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, მიუხედავად ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ კრემლის მუქარისა. "რუსეთი ჩვენი უსაფრთხოებისთვის უშუალო საფრთხეა", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

  • 2023 წლის ივლისში ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში გაიმართება ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტი. სამიტზე მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელიც ნატოსგან ითხოვს რეალურ ნაბიჯებს ალიანსში უკრაინის მისაღებად.
  • ნატომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრები გახდებიან.
XS
SM
MD
LG