“მოვუწოდებ ევროპის ქვეყნებს, მიიწვიონ სალომე ზურაბიშვილი თავიანთ პარლამენტებში სიტყვით გამოსასვლელად, რათა ფარდა ახადოს იმას, რასაც ეს რეჟიმი სჩადის. აქ უკვე საუბარი აღარაა მხოლოდ ე.წ. რუსულ, უცხო აგენტების კანონზე. მათ გაცილებით უფრო შორს შეტოპეს. და, რაღა თქმა უნდა, აგრძელებენ ამ ორმაგ თამაშს. დიახ, მზად ვართ დიალოგისთვის! [ვინც გვაკრიტიკებს], იმათ ვიღაცები უხდიან! მეც დამდეს ბრალი, [რომ ვიღაც მიხდიდა], თქვეს, გამოვააშკარავებთ და ვიპოვით, ვინ გიხდისო. კი ბატონო - ევროპელი გადასახადების გადამხდელი იხდის ჩემს ხელფასს. და ძალიან მადლიერი ვარ მათი - და ჩემ მოვალეობებსაც ისე ვასრულებ, როგორც მათ დავპირდი: ჩემს ამომრჩეველს დავპირდი, რომ ვიმუშავებდი ევროკავშირში გაწევრების მოწადინე ქვეყნებთან, რათა ისინი წინ წასულიყვნენ ევროინტეგრაციის კუთხით. ასე რომ ჩემი მოვალეობაცაა, ვიბრძოდე ქართველი ხალხის [ევროპული] მისწრაფებებისთვის“- ეუბნება ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის წევრი, ლატვიელი ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი რადიო თავისუფლებას. კოლსი ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია იმ დასავლელ პოლიტიკოსებს შორის, ვინც ცდილობს საქართველოში იმ ვიზიტებს შეუშალოს ხელი, რომელთაც “ოცნების” ხელისუფლების ლეგიტიმაციის ხელშეწყობა შეუძლიათ. ასე იყო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის დაგეგმილი სტუმრობის შემთხვევაში. რიჰარდს კოლსს ვაჟა თავბერიძე ესაუბრა.
რადიო თავისუფლება: თქვენ ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდით ე.წ. პია კაუმას „საგაში“ - პირველმა თქვით ხმამაღლა, რომ მისი ვიზიტი „ქართული ოცნების“ მთავრობას ლეგიტიმაციას შესძენდა. საბოლოო ჯამში, ვიზიტი გაუქმდა - ან გაურკვეველი დროით გადაიდო. ფიქრობთ, სხვებისთვის ეს გაკვეთილად იქცევა?
რიჰარდს კოლსი: ვფიქრობ, რომ კი. თავად პია კაუმამაც მიიღო მკაფიო, არაორაზროვანი გზავნილი, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მისგან კარდინალურად განსხვავებული პოზიცია აქვს ამ საკითხში. კაუმა ფინელი პოლიტიკოსია, ფინეთის მმართველი კოალიციის წევრი და მისი ქმედებები ფინეთის პოზიციასთან წინააღმდეგობაში მოდის. ახლა შეიძლება თქვან, რომ როდესაც ვინმე ასეთ ორგანიზაციას ჩაუდგება სათავეში, ის ნეიტრალური და მიუკერძოებელი უნდა იყოს. ცხადია, არავინ დავობს, მაგრამ, როდესაც ფუნდამენტური უფლებების ასეთ აშკარა და უხეშ დარღვევას ვაწყდებით, ნეიტრალური ვეღარ იქნები - ნეიტრალურობა აქ უკვე დანაშაულში თანამონაწილეობას უდრის. მორალური თვალსაზრისითაც, ამ ეტაპზე მიუღებელი უნდა იყოს რაიმე სახის ჩართულობა საქართველოს ამჟამინდელ რეჟიმთან. ასე რომ, დიახ, ვფიქრობ, ასეთი ზეწოლა [საერთაშორისო] პოლიტიკოსებზე საჭიროა და მუშაობს - შეიძლება, სულაც არ ადარდებდეთ, ვინ რას იფიქრებს ან იტყვის მათზე საქართველოსა თუ ლატვიაში, მაგრამ მათთვის მნიშვნელოვანია, როგორ აღიქვამენ საკუთარ ქვეყნებში, როგორ შეფასდება მათი ქმედებები სახლში, სამშობლოში. ამიტომაც, მგონია, რომ ამაზე საჯაროდ საუბარი სწორი ნაბიჯი იყო.
რადიო თავისუფლება: ლეგიტიმაციის საკითხზე მინდა ჩაგეძიოთ - ჩვენთან ინტერვიუში პია კაუმამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლეგიტიმაცია გარედან არ უნდა მოდიოდეს - არცერთ გარე აქტორს არ უნდა ჰქონდეს უფლება, ლეგიტიმაცია განგისაზღვროს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ შიდა საკითხია. „ქართული ოცნების“ მთავრობაში, როგორც მოსალოდნელი იყო, ეს განცხადება აიტაცეს - ისინი ამბობენ, რომ საერთაშორისო კრიტიკა და მათი მთავრობის არაღიარების სულ უფრო მზარდი ტენდენცია ქვეყნის სუვერენიტეტზე თავდასხმის ტოლფასია. როგორ უპასუხებდით ამ ნარატივს?
რიჰარდს კოლსი: ძალიან მარტივად ვიტყვი: სავალალოა, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან ორგანიზაციებს სუსტი ლიდერები ჰყავთ, რადგან სუსტი ლიდერები პრობლემებს თავად ქმნიან ხოლმე, მათი გადაჭრის ნაცვლად. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას ძლიერი ხელმძღვანელობა სჭირდება, რომელიც ორგანიზაციის პრინციპებით არ ივაჭრებს. დიდი სიამოვნებით ვკითხავდი პია კაუმას: თქვენი ლოგიკით, რუსეთის არჩევნები ლეგიტიმურია? ბელარუსის არჩევნები ლეგიტიმურია? ასე რომ, ეგეთ „ბოდვას“ ნუ შემომტენით, თუ შეიძლება! უფრო და უფრო თვალშისაცემი ხდება, რომ ამგვარ ინსტიტუტებში საკვანძო პოზიციებზე კონფორმისტები ხვდებიან – ადამიანები, რომლებიც ორგანიზაციის პრინციპების დაცვის ნაცვლად, საკუთარ კომფორტზე ზრუნავენ. „ეუთოს აქვს სტატუსი, აქვს რეპუტაცია, მე კი დიდი ადამიანი ვარ, დიდ სკამზე“ – ასეთი დამოკიდებულებაა. და პირდაპირ ვიტყვი, გული მიწუხს, როცა ასეთ რამეს ვხედავ.
რადიო თავისუფლება: რამდენ ხანს შეიძლება გასტანოს ამ დიპლომატიურმა ბუნდოვანებამ და რა მოჰყვება მას საბოლოოდ?
რიჰარდს კოლსი: იცით, ვერ დაგეთანხმებით, მე არ დავარქმევდი ამას „დიპლომატიურ ბუნდოვანებას“, რადგან ვფიქრობ, რომ ეს ეტაპი უკვე გავიარეთ. ჩვენ ვხედავთ, რომ შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაადო მთავარ აქტორს „ქართული კოშმარის“ მიღმა - ვფიქრობ, ეს სახელი უფრო შეეფერებათ - იმ კაცს, რომელიც რეალურად „ამოძრავებს თოჯინებს“ ფარდის მიღმა. ვემხრობი იმას, რაც აშშ-მა უკვე გააკეთა, რასაც „ჰელსინკის კომისია“ აკეთებს და მინდა, იგივე ზომები ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმაც მიიღონ. ევროპარლამენტმა უკვე მიიღო რეზოლუცია, რომელიც არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.
რადიო თავისუფლება: ევროპარლამენტი გასაგებია, ერთგვარად მოსალოდნელიც იყო - მაგრამ რას უნდა ველოდოთ ევროპის დიდი დედაქალაქებისგან? ვის ჩამოართმევენ ისინი ხელს სამი თვის შემდეგ, თქვენი აზრით – „ქართულ ოცნებას“ თუ ოპოზიციას?
რიჰარდს კოლსი: საბედნიეროდ, ამჟამად ევროკავშირის პრეზიდენტობა პოლონეთის ხელში გადავიდა. და უკვე ვნახეთ, როგორ იმოქმედებს პოლონეთი – მათ უარი უთხრეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს COSAC-ის კონფერენციაში მონაწილეობაზე, რომელიც ვარშავაში გაიმართება ამ თვეში. ეს მიანიშნებს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ბრიუსელში საქართველოს თემა არ ჩაიკარგება, პირიქით, უფრო მაღლა და მაღლა აიწევს დღის წესრიგში. შემდეგ კვირას ევროპარლამენტის პლენარული სხდომა იქნება – არ გამოვრიცხავ, რომ განვიხილოთ ახალი რეზოლუციაც, რომელიც ევროპულ კომისიასა და საბჭოს რეალური ქმედებებისკენ მოუწოდებს. ეს იქნება კიდევ ერთი ლაკმუსის ტესტი, თუ სად დგანან ევროპელები ამ კონფრონტაციაში და რამდენად მტკიცედ უჭერენ მხარს ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს.
რადიო თავისუფლება: რაც შეეხება რეალურ ქმედებებს - სავარაუდო სანქციებზე მინდა გკითხოთ. ვიცით, რომ იგეგმება ქართული ოფიციოზის დიპლომატიური პასპორტებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება - თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ევროპაში ვეღარ შევლენ, რადგან ჩვეულებრივი პასპორტებით მოგზაურობა მაინც შეეძლებათ. ეს უფრო თითის დაქნევას ჰგავს, ვიდრე სანქციას - რამდენად ეფექტური ან ქმედითია მსგავსი ნაბიჯები?
რიჰარდს კოლსი: აქაც ვერ დაგეთანხმებით - მე ასე არ აღვწერდი ამ სიტუაციას. რა თქმა უნდა, მერჩივნა უფრო გადამწყვეტი ნაბიჯები მეხილა, მაგრამ ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ევროკავშირი რთული მექანიზმია. სანქციების ნებისმიერი პროცესი დროს მოითხოვს. მაგალითად, რუსეთს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ სანქციების 15 პაკეტი დავაკისრეთ - მე თუ მკითხავთ, ჯობდა ეს 15-ივე ერთ პაკეტად ყოფილიყო გაერთიანებული და თავიდანვე, ერთიანად მიგვეღო. მაგრამ ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს და გამოვრიცხოთ ეროვნული სანქციების შესაძლებლობაც. თუ მაგალითად „ქართული კოშმარის“ დიპლომატს ლატვია განუცხადებს, რომ შენგენის ვიზაზე უარს ეუბნება, ვერც დანარჩენი წევრი ქვეყნები მისცემენ შენგენის ვიზას ამ ინდივიდს, მხოლოდ ის შეუძლიათ, საკუთარი ვიზა მისცენ. ეს დამატებითი ზეწოლის მექანიზმია, რომელიც შესაძლოა „ქართული კოშმარის“ ოფიციოზის წინააღმდეგ გამოვიყენოთ. ანუ, თუ ვინმე „ქართულ კოშმარს“ უჭერს მხარს, უნდა ვუთხრათ: ევროკავშირის სანქციების შემდეგ ჩვენც დაგიწესებთ ჩვენს ეროვნულ სანქციებს, დამატებით, ბონუსად.