სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც სუფრას უსხედან ოკუპირებულ ცხინვალში მოქმედი “სახალხო პარტიისა“ და „ალანიის პატრიოტების“ ლიდერები. „სახალხო პარტია“ ე.წ. საპარლამენტო პარტიაა, ხოლო „ალანიის პატრიოტები“ რუსეთის მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელისა და ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის წევრის, ძამბოლატ თედეევის მიერაა დაფუძნებული. ძამბოლატ თედეევი არაერთი წელია, ცდილობს გახდეს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, თუმცა მას ამაში ხელს უშლის კონსტიტუციური ნორმა, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატს ცხინვალის რეგიონში ბინადრობის 10-წლიან ცენზს უწესებს.
ძამბოლატ თედეევი - გამოცდილი მოჭიდავე და კიდევ უფრო გამოცდილი მწვრთნელი, უკან დახევას არ აპირებს და არასტანდარტული „ილეთების“ გამოყენებით ცდილობს პრეზიდენტობისათვის ბრძოლაში ჯერ ჩაბმას, შემდეგ კი გამარჯვებას. ბევრი რამ გაირკვევა ე.წ. საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2024 წლის 9 ივნისს არის დანიშნული.
„ეხო კავკაზას“ ცხინვალელი ავტორი მოხედვით, პოლიტიკური ილეთი უკავშირდება მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში პარტიებს შორის ალიანსის გაფორმებას. ეს არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე პირველი პოლიტიკური განაცხადი მომავალი ე.წ. საარჩევნო კამპანიის მონაწილეებისგან.
შექმნილი ალიანსი გულისხმობს, რომ საპარლამენტო „სახალხო პარტია“ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ისარგებლებს ძამბოლატ თედეევის ელექტორალური რესურსით, ხოლო თედეევთან შეთანხმებული კანდიდატები - მისი „ალანიის პატრიოტების“ წევრები - მოხვდებიან „სახალხო პარტიის“ პარტიულ სიაში. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პარტიები პარლამენტში ერთიან პოზიციას წარმოადგენენ.
ფორმალური თვალსაზრისით, ეს არ არის გაერთიანება, რადგან საარჩევნო გაერთიანება აკრძალულია დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობით. ამ ნორმის მოთხოვნის თანახმად, ძამბოლატ თედეევის კანდიდატები ფორმალურად ვერ იქნებიან „ალანიის პატრიოტთა“ პარტიის წევრები. ეს უფრო საარჩევნო ღონისძიებაა - სიგნალი მხარდამჭერებისთვის, რომ მიღწეულია შეთანხმება.
ასევე ნახეთ ქართველმა მოჭიდავეებმა მხარი დაუჭირეს ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატსადგილობრივი მიმომხილველები ამტკიცებენ, რომ ალიანსის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება გარკვეულწილად ნაადრევიცაა, რადგან მას ჯერ არ ადასტურებს „სახალხო პარტიის“ პოლიტსაბჭო, რომელშიც შეიძლება იყვნენ მსგავსი გაერთიანების მოწინააღმდეგეები. უთანხმოება შეიძლება დაკავშირებული იყოს იმასთან, რომ კავშირი ამცირებს „ხალხოსნების“ რაოდენობას პარტიული სიის გამსვლელ ნაწილში, თუმცა, ამავდროულად, ძამბოლატ თედეევის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად ზრდის სიის „მეორე ეშელონში“ მყოფი კანდიდატების პარლამენტში მოხვედრის შანსებს.
სავარაუდოდ, გაერთიანების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღეს "სახალხო პარტიის" ლიდერებმა - პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ სერგეი ხარებოვმა და ამ პოსტზე მისმა წინამორბედმა, ალექსანდრე პლიევმა.
ადგილობრივები მოელიან ამ დღეებში ცხინვალში თავად ძამბოლატ თედეევი ჩასვლას საკითხის საბოლოოდ მოსაგვარებლად.
„სახალხო პარტია“ არ არის ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელთანაც თედეევი გაერთიანებას ცდილობდა - ყველა წინა მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.
ადგილობრივი მიმომხილველების თქმით, რეგიონში მოქმედ პარტიებს აშინებთ თედეევის დომინაცია.
„მასთან პარიტეტული, თანაბარი ურთიერთობების დამყარება უკიდურესად რთულია. ამიტომ, პარტიებმა, რომლებსაც საკუთარი პოლიტიკური გეგმები აქვთ, ვერ გაბედეს მასთან გაერთიანება, - ამბობს ინკოგნიტო წყარო ცხინვალიდან, - თავის მხრივ, ძამბოლატ თედეევისთვისაც პარტნიორების ძებნა იძულებითი ნაბიჯია, რადგან მის მიერ შექმნილ პარტიას, „ალანიის პატრიოტებს“, კანონის თანახმად, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს“.
- ძამბოლატ თედეევის პარტია დარეგისტრირდა 2024 წლის 1 თებერვალს, ხოლო „დეპუტატთა არჩევნების შესახებ“ კანონის თანახმად, თუ რეგისტრაციის მომენტიდან არ არის გასული ერთი წელი, პარტიას არ აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება,
- დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 9 ივნისს არის დანიშნული.
ცხინვალში ბევრი გაოცებას ვერ მალავს იმის გამო, რომ თედეევმა უფრო ადრე არ დაარეგისტრირა თავისი პარტია. მას ამისთვის საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა, რადგან თედეევმა რუსეთის მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი 2022 წლის ოქტომბერში დატოვა, არჩევნებში მონაწილეობისთვის პარტიის რეგისტრაციის ვადა კი 2023 წლის ივნისში იწურებოდა.
შესაძლოა, ამას ჰქონდეს გონივრული ახსნა.
ძამბოლატ თედეევი საპრეზიდენტო ამბიციებს არ მალავს. ჯერ კიდევ 2011 წელს მან ვერ დააკმაყოფილა კანონით გათვალისწინებული მუდმივი ბინადრობის მოთხოვნა.
ადგილობრივი მიმომხილველების თქმით, იმისათვის, რომ ვითარება შეიცვალოს და ძამბოლატ თედეევმა მონაწილეობა მიიღოს 2027 წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში, უნდა გაუქმდეს ბინადრობის 10-წლიანი მოთხოვნა, რაც ძალიან რთული იქნება იმის გათვალისწინებით, რომ ე.წ. კონსტიტუციაში ცვლილების შესატანად დეპუტატების ორი მესამედის მხარდაჭერაა საჭირო. მოქმედ დეპუტატებს შორის კი ბევრია ისეთი, რომელიც ეწინააღმდეგება ბინადრობის ცენზის გაუქმებას, რადგან ამ შეზღუდვის გარეშე მათ გაუჭირდებათ კონკურენციის გაწევა შესაძლებლობებით ბევრად აღმატებულ დიასპორის წარმომადგენლებთან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თედეევს სჭირდება თავისი წარმომადგენლები ე.წ. საკანონმდებლო ორგანოში, როგორც კანონმდებლობის ცვლილებების მთავარი ინიციატორები, შემდეგ კი იგი შეეცდება საპარლამენტო უმრავლესობის გადაბირებას, რათა დაარწმუნოს როგორც დეპუტატები, ისე ადგილობრივი საზოგადოება, ბინადრობის ათწლიანი ცენზის აბსურდულობაში.
ასევე ნახეთ გეგა გეგეშიძე: „თედეევი დაგვეხმარა ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაში“„ეს არის გრძელვადიანი, ძვირადღირებული და შრომატევადი პროექტი წარმატების გარანტიის გარეშე. სწრაფად ასეთი გადაწყვეტილებები არ მიიღება. შესაძლოა, სწორედ ამასთან იყოს დაკავშირებული თედეევის პარტიის, „ალანიის პატრიოტების“ რეგისტრაციის გაჭიანურება. ამ კონტექსტში საპარლამენტო „სახალხო პარტიასთან“ ალიანსი ლოგიკურია. „ხალხოსნებში“ ნაკლებად არიან შორსმიმავალი პოლიტიკური ამბიციების მქონე ადამიანები. მათთვის პარტიული მუშაობა და საპარლამენტო მანდატები ერთგვარი შესაძლებლობაა დაიცვან თავიანთი ინტერესები, რომლებიც პოლიტიკური საქმიანობის მიღმაა. მაგალითად, ბიზნესის დაცვა, როგორც „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარის, ბენზინგასამართი სადგურების მფლობელის სერგეი ხარებოვის შემთხვევაშია, ანდა ჯანდაცვის სექტორში კორპორაციული ინტერესების დაცვა - პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ალექსანდრე პლიევი რესპუბლიკური საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელია“, - წერს „ეხო კავკაზა“ ცხინვალელ ავტორზე დაყრდნობით, რომლის თქმითაც, მიუხედავად იმისა, რომ პლიევმა 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და პირველ ტურში შესანიშნავი შედეგიც (მე-3 ადგილი, ხმების 12.37%) აჩვენა, მაინც აშკარაა, რომ მისი მონაწილეობა არჩევნებში უფრო პოლიტიკური პოზიციების განმტკიცების სურვილით იყო განპირობებული, ვიდრე საპრეზიდენტო ამბიციებით. ამ ვარაუდის საფუძველს იძლევა ის გარემოება, რომ საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე მას არანაირი კონსულტაციები არ გაუვლია არც ადგილობრივ გავლენის ჯგუფებთან და არც ე.წ. მოსკოველ კურატორებთან.
ასევე ნახეთ თედეევი კოკოითის კონსტიტუციის დამრღვევს უწოდებს
ძამბოლატ თედეევთან ალიანსი არანაირად არ არღვევს ხელშეკრულების მონაწილე მხარეების სამომავლო გეგმებს: „ხალხოსნებისთვის“ პარლამენტში არჩევა საბოლოო მიზანია, თედეევისთვის კი მხოლოდ - შუალედური. თავად ამ გაერთიანების ფაქტი კი მიუთითებს იმაზე, რომ „ხალხოსნებმა“ დაკარგეს ე.წ. ექსპრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის მხარდაჭერა, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო წინა არჩევნებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, კოკოითის დიდი ხნის პოლიტიკურ ოპონენტთან ალიანსი შეუძლებელი იქნებოდა. ახლა, ექსპრეზიდენტის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი „ხალხოსნები“ ცდილობენ, ძამბოლატ თედეევის დახმარებით გადალახონ პარლამენტში მოხვედრისთვის საჭირო 7%-იანი ბარიერი. სხვა შემთხვევაში ორი პარტიის კავშირს აზრი არ ექნება, მით უმეტეს, რომ თედეევთან დაკავშირებით „ხალხოსნები“ იფუჭებენ ურთიერთობას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოქმედ პრეზიდენტთან.
21 მარტს ალან გაგლოევმა თანამდებობიდან გაათავისუფლა გეოლოგიის, ეკოლოგიისა და გარემოსდაცვითი მართვის კომიტეტის თავმჯდომარე ბალა ბესტაუთი, რომელიც წინა დღით თედეევის პარტია „ალანიის პატრიოტებში“ გაწევრიანდა. ყოფილმა თანამდებობის პირმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში დაადასტურა, რომ მისი გათავისუფლება უკავშირდება ძამბოლატ თედეევის პარტიაში გაწევრიანებას. ”მითხრეს, რომ მათვის გაუგებარია ჩემი გადაწყვეტილება”, - განმარტა ბალა ბესტაუთიმ.