საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა და მთავარმა მწვრთნელმა რუსეთის დროშის ფერებში შეკერილი მაისურები მოირგეს. ფოტო, რომელიც „რადიო თავისუფლებას“ ახლახან მიაწოდეს, სოციალურ ქსელში სწრაფად ვრცელდება. ფოტოზე ქართველი და რუსი მოჭიდავეები ერთად დგანან.
მსოფლიოს ჩემპიონებს გენო პეტრიაშვილსა და ზურაბ იაკობიშვილს და ნაკრების თავკაც გიორგი იანტბელიძეს ერთნაირი მაისურები აცვიათ, რომელზეც რუსეთის დროშის ფონზე გამოსახულია ძამბოლატ თედეევის ფოტო.
თედეევი რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ჩრდილო ოსეთის პარლამენტის დეპუტატია.
შესწორება: მასალის თავდაპირველ ვერსიაში აღნიშნული იყო, რომ ძამბოლატ თედეევი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტის წევრია. ის რუსეთის ფედერაციაში შემავალი სუბიექტის, ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტარია. რადიო თავისუფლება ბოდიშს იხდის შეცდომის გამო.