საქართველოს საპოლიციო რაზმების ქცევამ მოქალაქეებს და სოციალური ქსელების ბევრ მომხმარებელს გაუჩინა ეჭვი, რომ ე.წ. რობოკოპებსა და შავნიღბიანებს შორის იმყოფებიან უცხოეთიდან (რუსეთი, ჩრდილოეთი კავკასია) ჩამოყვანილი ან გარკვეული ნივთიერებების, დასახელდა მეტამფეტამინიც, ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირები.
"ქართული ოცნების" ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს ამ ინფორმაციას, რომლის დამადასტურებელი ფაქტი ამ დრომდე არც არსებობს.
"ქართველები, რა თქმა უნდა, არ ელოდნენ, რომ მათი მშობლიური (როგორც ეგონათ) პოლიცია გამოავლენდა ამდენ სადიზმსა და ნაძირალობას" - ამბობს ცნობილი რუსი ჟურნალისტი, ალექსანდრ ნევზოროვი, თავის იუტუბარხზე გამოქვეყნებულ ვლოგში. ნევზოროვი, რომელსაც სამხედრო და ე.წ. ძალოვან უწყებებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, დარწმუნებულია, რომ ქართული სპეციალური დანიშნულების რაზმი, რუსული „სპეცნაზისა“ და „ომონის“ მეთოდით მოქმედებს, რაც, მისი ინფორმაციით, მოსკოველი ინსტრუქტორების ხუთთვიანი მუშაობის დამსახურება უნდა იყოს:
"არ გაითვალისწინეს, რომ მათ კოპებს [პოლიციელებს] მეხუთე თვეა წვრთნიან მოსკოველი სპეციალისტები და, რომ ყველა პროტესტი იმართება სწორედ რუსული მეთოდიკით - წესებით, რომელიც ითვალისწინებს უკიდურეს სისასტიკეს, სახისა და თავის არეში მძიმე ტრავმების მიყენებას, მათ შორის ქალებისთვის; ითვალისწინებს დაკავებულთა ჯგუფურ, სასტიკ ცემას. სწორედ ასეთია რუსული სტილი და ხელწერა. თანაც უნდა გვესმოდეს, რომ რუსული დარბევა ეფექტიანია მხოლოდ უიარაღოების წინააღმდეგ. 2012-2014 წლების რუსული საპროტესტო მოძრაობაც უკიდურესად კანონმორჩილი იყო. ადამიანები მიდიოდნენ ცხვრებივით, რომლებიც აღშფოთებული იყვნენ ხორცკომბინატში შექმნილი მდგომარეობით. რა თქმა უნდა, ამ ცხვრებს არბევდნენ, იჭერდნენ, სცემდნენ, ასახიჩრებდნენ და ციხეებში ყრიდნენ“.
როგორც სპეციალისტები მიუთითებენ, რუსული „სპეცნაზის“ მეთოდიკით მოქმედებდნენ ჯერ უკრაინის უშიშროების რაზმები 2014 წელს, შემდეგ კი ბელარუსის პოლიციის განსაკუთრებული დანიშნულების რაზმის წევრები 2020 წელს.
2020 წლის აგვისტოში მთელი მსოფლიო შოკირებული იყო ბელარუსის უსაფრთხოების ძალების უპრეცედენტო სისასტიკით. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციების პირველ სამ დღეში ხელისუფლებამ მშვიდობიანი და უიარაღო დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენა წყლის ჭავლი, სპეციალური ყუმბარები და რეზინის ტყვიები. შედეგად ბევრი დემონსტრანტი დახეიბრდა, იყვნენ დაღუპულებიც. უშიშროების ძალები განსაკუთრებით მკაცრად ეპყრობოდნენ დაკავებულებს. როგორც რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური წერდა, საპროტესტო გამოსვლების განმავლობაში ბელარუსის ქუჩებში ძალადობის დონე იშვიათად და ისიც მცირე ხნით თუ იკლებდა, თუმცა პოლიციის წინააღმდეგ არცერთი სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა ძალადობისა და წამების ბრალდებებით.
ბელარუსის უშიშროების ძალები 2020 წლამდეც (2006 და 2010 წლებში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროსაც) ძალადობდნენ, თუმცა, როგორც „გერმანული ტალღისათვის“ (DW) მიცემულ ინტერვიუში ბელარუსის გენერალური პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა, ანდრეი სიტკომ თქვა, ასეთი უპრეცედენტო სისასტიკე ბელარუსში არ მომხდარა გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ:
„ძალოვნებს მიცემული აქვთ კარტ-ბლანში ძალადობაზე. მათზე ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა. ისინი მოწყვეტილი არიან ალტერნატიულ საინფორმაციო ნაკადებს, მათ შეგნებულად უმძაფრებენ ზიზღს, არწმუნებენ, რომ სინამდვილეში თავიანთი სასტიკი ქცევით იცავენ ქვეყანას და, პირველ რიგში, საკუთარ თავებს, ოჯახებს, ცოლ-შვილს გარედან მართული ძალებისგან. არწმუნებენ მათ, რომ არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების ან ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, სწორედ მათ მიმართ იქნება გამოყენებული ყველაზე მკაცრი ზომები: დასჯა-დაპატიმრება, ქვეყნიდან გაძევება და ა.შ."- ამბობდა სიტკო.
ასევე ნახეთ რით ემსგავსება საქართველო ბელარუსს და რა მოხდა იქ?ექსპერტები მიუთითებენ იმასაც, რომ საქართველოს ხელისუფლების განცხადებებიც, რომ საპროტესტო აქციებზე გამოსული ადამიანები უცხოეთიდან იმართებიან, „რუსული მეთოდიკის“ ნაწილია.
ირაკლი კობახიძემ 2 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აქვს ვარაუდი და მტკიცებულებები, რომ პროტესტის მონაწილეებს აქციის ორგანიზებასა და მართვაში ბრიტანელი ინსტრუქტორები ეხმარებიან. მან ასევე მადლობა გადაუხადა შსს-ს, შს მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს.
"მიუხედავად უმძიმესი სისტემური ძალადობისა, რომელსაც გუშინ ძალადობრივი დაჯგუფებები და მათი უცხოელი ინსტრუქტორები მიმართავდნენ, პოლიციამ ამერიკულსა და ევროპულზე მაღალი სტანდარტით იმოქმედა და წარმატებით დაიცვა სახელმწიფო კონსტიტუციური წყობილების ხელყოფის მორიგი მცდელობისაგან“, - თქვა კობახიძემ.
აგრესია და დაუსჯელობა
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ბელარუსული სპეცრაზმელები საპროტესტო აქციების დროს დაკავებულებს უკიდურესად სასტიკად ექცეოდნენ: სცემდნენ, ასფალტზე ათრევდნენ, მუხლებზე აყენებენ, აძახებინებენ „მე მიყვარს ომონი“ და ა.შ. ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიტერორისტული დანაყოფის „ალმასის“ საბრძოლო ჯგუფის (ეს სტრუქტურა ჩართული იყო დემონსტრანტების დარბევაში) მეთაურის ყოფილი მოადგილის, იგორ მაკარის თქმით, პოლიციელები სისასტიკეს ზოგჯერ ხელმძღვანელების მითითებით სჩადიოდნენ, ზოგჯერ კი თვითონ პოლიციელები იჩენდნენ ინიციატივას ხელისუფლების საამებლად.
სპეციალისტები პოლიციური ძალების აგრესიის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დაუსჯელობას ასახელებენ, რაც, მათი თქმით, „რუსული მეთოდიკის“ ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. 2020 წლის სასტიკი დარბევების დროს ბელარუსში მოძალადე პოლიციელების წინააღმდეგ ერთი სისხლის სამართლის საქმეც კი არ აღძრულა.
საქართველოში გამოძიება მხოლოდ ფორმალურად ტარდება.
„დაუსჯელობა იწვევს განუკითხაობას, სისასტიკეს, - აღნიშნავს სიტკო, - და კიდევ, იციან, რომ მათი ყველა დანაშაული დაფიქსირებულია და, რომ რეჟიმის შეცვლის შემთხვევაში, არავინ დარჩება დაუსჯელი, ამის გამო ბოლომდე კბილებით იცავენ მოქმედ ხელისუფლებას“.
ანდრეი სიტკოს თქმით, ბევრს შეცდომით ჰგონია, რომ სამართალდამცავ უწყებებში სადისტები ან სხვა რამე გადახრების მქონე პირები მუშაობენ:
„ასეთებს მალევე უშვებენ სამსახურიდან. მნიშვნელოვანი კრიტერიუმია მზადყოფნა, ბრმად შეასრულო უფროსების ბრძანებები. პრიორიტეტს ანიჭებენ იმას, ვინც ნაკლებს ფილოსოფოსობს“.
ფსიქოლოგებიც შენიშნავენ, რომ სისასტიკე და აგრესია დამახასიათებელია ადამიანისათვის და, რომ ადამიანს ძალადობისთვის არ სჭირდება რამე განსაკუთრებული ნივთიერებების მიღება. უკონტროლო, შეუზღუდავი ძალაუფლება, ადამიანს ბუნებრივად უბიძგებს აგრესიისა და სისასტიკისკენ.
სპეციალისტები განმარტავდნენ, რომ რუსი და ბელარუსი სპეცრაზმელების სასტიკად იქცევიან მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთნაირად მოქცევის უფლება აქვთ. დემოკრატიულ ქვეყნებში პოლიციელის ქცევა შეზღუდულია პასუხისმგებლობით, სამართლებრივი მექანიზმებით, რომლებიც შექმნილია ძალადობის ბოროტად გამოყენების აღსაკვეთად.
ასევე ნახეთ ცემა, დაკავება, ზიზღი, ლოდინი სასამართლოში - "დაგვცინიან"ქართველი პოლიციელების ძალადობის გასამართლებლად ხელისუფლებას ხშირად დემოკრატიული ქვეყნების მაგალითსმოჰყავს. 2 დეკემბერს მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე, ირაკლი კობახიძემ გაიმეორა, რომ „პოლიცია ამერიკულსა და ევროპულზე ბევრად უფრო მაღალი სტანდარტით რეაგირებდა კანონდარღვევებზეო“.
კობახიძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ხშირად ახსენებენ საფრანგეთს, სადაც ასევე ხშირად იმართება საპროტესტო გამოსვლები და, როგორც მმართველი პარტიის წევრები ამბობენ, პოლიცია ბევრად ხისტად უსწორდება დემონსტრანტებს.
წლებია საფრანგეთში ცხოვრობს და მეცნიერულ საქმიანობას ეწევა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, თორნიკე გორდაძე, რომლის თქმითაც, საქართველოს ხელისუფლება სპეციალურად შერჩევით იღებს მაგალითებს იმ საპროტესტო გამოსვლებიდან, რომელთა მონაწილეები კანონის უხეში დამრღვევები და მოძალადეები არიან.
„მაგრამ მე შევსწრებივარ უზარმაზარ, ასიათასიან აქციებს (მაგალითად, ჟურნალ „შარლი ებდოს“ მხარდასაჭერი აქცია), რომლის დროსაც ქუჩაში იდგა უამრავი ადამიანი და პოლიციის მხრიდან არანაირი ძალადობა არ ყოფილა გამოვლენილი. ასე ხდება, როცა მშვიდობიანი აქციაა. საქართველოში მიმდინარე აქციებიც მშვიდობიანია, რადგან ისე მიმდინარეობს, რომ ხიდან ფოთოლიც კი არ ვარდება ხოლმე. ასეთ დროს [საფრანგეთში] პოლიცია არავის არ აკავებს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თორნიკე გორდაძე, რომლის თქმითაც, საფრანგეთში ასევე არიან რადიკალური ჯგუფები - ახალგაზრდების, ანარქისტების, ულტრამემარცხენეების, რომლებსაც რევოლუციური დღის წესრიგი აქვთ და ხშირად, როცა სხვადასხვა საპროტესტო გამოსვლებია, ეს ჯგუფები უერთდებიან ამ პროტესტს და ცდილობენ სიტუაციის არევას, რადიკალიზებას:
ასევე ნახეთ საფრანგეთში გრძელდება მასობრივი არეულობები„ითხოვენ რევოლუციას, რომელიც, მათი თქმით, ძალადობის გარეშე არ მოხდება. არის ასეთი დაჯგუფება Black bloc, რომლის წევრები ამსხვრევენ საჯარო დაწესებულებებს, ავტობუსის გაჩერებებს, ჯიხურებს, ვიტრინებს, რათა გამოიწვიონ პოლიციის საპასუხო რეაქცია. კი, ამ დროს პოლიცია იყენებს ძალას, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ პოლიციას ხშირად უწევს ჯარიმის გადახდა, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის მიღება და ა.შ. საქართველოში ასეთი რამე არ ხდება. საქართველოში ვერ გაიგებ, პოლიციის ფორმა ვის აცვია - ძველ ბიჭს, ოცნების აქტივისტს თუ პოლიციელს - ყველანაირი ზღვარი წაშლილია პარტიასა და სახელმწიფოს შორის. ასეთი რამ გამორიცხულია საფრანგეთში“.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს ყოფილი უფროსის, გოგა ხატიაშვილის თქმით კი, რადგან საპოლიციო ღონისძიებები ყოველ ჯერზე ინდივიდუალურად გამოიყენება, სხვა ქვეყნების მაგალითების მოყვანა იზოლირებულად და კონტექსტის გაუთვალისწინებლად, მანიპულაციური და საზოგადოების შეცდომაში შემყვანია:
„საპოლიციო ძალის გამოყენების მართლზომიერება უნდა შევადაროთ საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებს, რომლებიც სავალდებულოა ჩვენი ქვეყნისთვის. ყოველივე ამის გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სტანდარტები საქართველოში ირღვევა. გაუგებარია, რატომ უნდა შეადარო ასეთი აქტიური ფიზიკური ძალადობის გამოყენება, რასაც ჩვენ ვხედავთ ამ დღეებში თბილისში, სხვა ქვეყნების გამოცდილებებს. და თუ მაინც შედარებაზე მიდგა საქმე, მაშინ ისიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში ამას მოჰყვება ხოლმე ადეკვატური და სათანადო პასუხი“.
გოგა ხატიაშვილის თქმით, სხვა ქვეყნების პოლიციელები არ არიან წახალისებული დაუსჯელობის სინდრომით, რის გამოც, როცა მათი მხრიდან ადგილი აქვს ძალის არაპროპორციულ გამოყენებას, აუცილებლად მოჰყვება სათანადო რეაგირება.
ასევე ნახეთ ჟურნალისტ გურამ როგავას სახის ძვლები და კისრის მალა აქვს მოტეხილი„გარდა ამისა, სხვა ქვეყნებში, როცა პოლიციელებს უკეთიათ ნიღბები, მათ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ სპეციალური მაიდენტიფიცირებელი კოდები, რომელთა ამოცნობა იოლადაა შესაძლებელი. ჩვენთან ასე არ არის. საქართველოს შს მინისტრის მოადგილემ ერთ-ერთ ბოლო ბრიფინგზე განაცხადა, კანონმდებლობით ჩვენ არ გვევალება პოლიციელებისთვის მაიდენტიფიცირებელი კოდის მინიჭებაო, რაც ასე არ არის. უნდა გავიხსენოთ საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სავალდებულოა. საქმეში „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ არსებობს ვალდებულება, სამართალდამცავებს ჰქონდეთ ამოსაცნობი ნიშნები, მათ შორის სპეციალური კოდები“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გოგა ხატიაშვილმა.
საქმეზე "ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" გადაწყვეტილება 2024 წლის 7 მაისს გამოქვეყნდა.
სტრასბურგის სასამართლომ, 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებულ სარჩელზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) უფლების დარღვევა დაადგინა. სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ არ ჩაატარა ეფექტიანი გამოძიება, რის გამოც მთავრობას გამოძიების ჩატარება დაავალა.
გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ: „სახელმწიფოს ვალდებულებაა, მსგავსი ფართომასშტაბიანი საპოლიციო ოპერაციის დროს დარწმუნდეს, რომ სამართალდამცავები, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ძალადობაში, ამოცნობადნი იყვნენ [...] სამართალდამცავები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მართლწესრიგის დაცვასა და დაკავებაზე, ვალდებულნი არიან ატარონ განმასხვავებელი ნიშანი, მაგალითად, შესაბამისი კოდი“.
საპროტესტო აქციის დაშლაში მონაწილე ქართველი სპეცრაზმელის ამოცნობა, მაიდენტიფიცირებელი კოდის არარსებობის გამო, შეუძლებელია, - რაც, გოგა ხატიაშვილის თქმით, ერთი მხრივ, ძალადობისთვის მწვანე შუქის ანთებაა (რომ იძალადონ დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე), მეორე მხრივ კი, აჩენს დანაშაულისგან თავის დაღწევის შესაძლებლობას, რადგან შემდეგ, როცა სპეციალური საგამოძიებო სამსახური დაიწყებს გამოძიებას, იტყვიან, ეს პოლიციელები იდენტიფიცირებადი არ არიან და, შესაბამისად, ვერც ვერავინ დაისჯებაო.
„ეს იწვევს პოლიციელებში კიდევ უფრო მძიმე ძალადობის წახალისებას“, - ამბობს ხატიაშვილი.
ასევე ნახეთ "უწყვეტი ცემის შემდეგ მიკროავტობუსში სისხლი იდგა" - ადვოკატების თქმით, დაკავებულებს არაადამიანურად ეპყრობიანსაპროტესტო აქციების დარბევის რუსული მეთოდიკა, რომლის შესახებაც რუსი ჟურნალისტი ალექსანდრ ნევზოროვი თავის იუტუბარხზე საუბრობს, იდეალურად მუშაობს, როცა სპეცრაზმი დაუსჯელობითაა წახალისებული ხელისუფლებისგან და, როცა მშვიდობიან, უიარაღო დემონსტრანტებს უპირისპირდება:
„თუ დემონსტრანტებიც აგრესიულები არიან, პოლიციელები ძალიან კარგად გრძნობენ მასების ამ განწყობას და იწყებენ ფარების დაყრას, მუზარადების მოხდას და აქციის მონაწილეებთან დამეგობრებას. პოლიციის გონზე მოყვანის სხვა არანაირი საშუალება არ არსებობს. დასარბევად გამოყვანილ რუსული ყაიდის პოლიციაზე არ მოქმედებს არანაირი შეგონება, დამუნათება, ქადაგება, შერცხვენა...“- აბობს ნევზოროვი.
ნაცემთა და დაკავებულთა ისტორიები
რადიო თავისუფლებამ დაიწყო პროევროპული აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება:
„გადარჩენილი ვარ“ - ახალგაზრდა, რომლის ცემის კადრებმა აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გაიყვანა
„რამდენმა პოლიციელმაც დამინახა, ყველამ დამარტყა“ - როგორ ასამართლებენ აქციაზე დაკავებულებს
„რამდენჯერაც თავი ავწიე, იმდენი მუშტი მომხვდა“ - როგორ მოხვდა დაკავებული თორნიკე ბერაძე კლინიკაში
„კედელზე მიმანარცხა და მერე თავში მირტყა“ - სალომე ზანდუკელის ცემის ამბავი
„ფეხსაცმლის ლანჩებით მწიხლავდნენ. შემთხვევით გადავრჩი“ - გია ჯვარშეიშვილის ცემის ამბავი
ხელებშეკრულს მირტყამდნენ მუშტებს სახეში: ზვიად რატიანის ცემისა და დაკავების ამბავი