საფრანგეთის მთავრობამ 40 000-მდე გაზარდა პოლიციელის მიერ მოზარდის მკვლელობით გამოწვეული საპროტესტო აქციებისა და მასობრივი არეულობების გამო მობილიზებული სამართალდამცავების რიცხვი. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ეს ოთხჯერ მეტია საპროტესტო აქციების დაწყებიდან პირველ ორ დღეში მობილიზებულ პოლიციელებზე.
პარიზში, მარსელში, ლიონში, ტულუზაში, ლილსა და სხვა ქალაქებში მასობრივი არეულობები და უსაფრთხოების ძალებთან შეტაკებები 27 ივნისიდან გრძელდება. საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები საფრანგეთის პოლიციას ძალადობასა და რასიზმში ადანაშაულებენ. ტელეკომპანია BFMTV-ის ინფორმაციით, გასულ ღამით დააკავეს კიდევ 255 პირი. დაკავებულთა საერთო რიცხვი 600-ს აჭარბებს.
პოლიციელის მიერ 17 წლის ბიჭის მკვლელობის გამო დაწყებული საპროტესტო აქციები მასობრივ არეულობასა და სამართალდამცავებთან დაპირისპირებაში მალევე გადაიზარდა. სამი დღის განმავლობაში საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში დაწვეს ასეულობით ავტომანქანა, აალებადი სითხის შემცველ საგნებს ესროდნენ პოლიციის ოფისებს, ბანკებს და სხვა შენობებს. დალეწილია და გაძარცვულია მაღაზიები. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ 27 ივნისს პოლიციელმა მოკლა წარმოშობით ალჟირელი 17 წლის ბიჭი, სახელად ნაელი, რომელიც ავტომობილს მართავდა და არ დაემორჩილა მოთხოვნას გაჩერების შესახებ. მას პარიზის გარეუბან ნანტერში საპატრულო ეკიპაჟი დაედევნა.
პოლიციელი, რომელმაც გასროლის შედეგად მოზარდს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, დაკავებულია. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიზანი იყო არა ბიჭის მკვლელობა, არამედ შეჩერება და ქუჩაში შექმნილი საფრთხის აღკვეთა.