ცემა და დაკავება მხოლოდ დასაწყისია - დაკავებულებს, მათ ოჯახებსა და ადვოკატებს ელით უსასრულო ლოდინი სასამართლო დარბაზების კართან, აუხსნელად გადადებული სხდომები, დაცვის გარეშე დარჩენის საფრთხე.
"სასამართლოს დარბაზის კართან უნდა იდგე", "ამ დროს შეიძლება მეორე დაკავებულის საქმის განხილვა სხვა მოსამართლემ გადაწყვიტოს", "დაცინვაა" - ეუბნებიან რადიო თავისუფლებას 28 ნოემბერს დაწყებულ საპროტესტო აქციებზე დაკავებულები, მათი ახლობლები და ადვოკატები.
ძალადობის კვალი და სასჯელი
27 წლის ნიკა დანელია ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა 29 ნოემბერს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე - „ცისფერ გალერეასთან“ დააკავეს, შეათრიეს კორდონის უკან და ჯგუფურად სცემეს. ნიკა ამბობს, რომ დაკავების დროს მშვიდად იდგნენ, მეგობარი დროშას აფრიალებდა.
„დაახლოებით 15 ადამიანი ერთდროულად მირტყამდა. ძირს დაცემულსაც წიხლებით შემდგნენ. დიდი ზიზღი და აგრესია იყო ჩემს მიმართ, ჩემი განსხვავებული გარეგნობის გამო. ფიზიკურთან ერთად, იყო ისეთი სიტყვიერი შეურაცხყოფა, რომ ვერ აღგიწერთ. ასეთი ზიზღი არასოდეს მიგრძნია. რაღაც უსულო ადამიანებს ჰგავდნენ, რობოტებს“, - გვითხრა ნიკა დანელია. ახალგაზრდა კაცს დაზიანების კვალი სახეზე, განსაკუთრებით თვალის არეში ეტყობა, ამბობს რომ წიხლების კვალი დარჩა სხეულზეც.
სასამართლო პროცესს, რომელზეც დანელიას საქმე განიხილებოდა, რადიო თავისუფლება 30 ნოემბერს დაესწრო, თბილისის საქალაქო სასამართლოში. ახალგაზრდას 2500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. საქმეს მოსამართლე კობა ჩაგუნავა განიხილავდა.
30 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი რიგი დადგა. აქციაზე დაკავებულების ყველა საქმე მოსამართლეებს - კობა ჩაგუნავასა და ზვიად ცეკვავას დაეწერათ. ყველა ამ ორ მოსამართლეს ელოდებოდა.
დაკავებულების უმრავლესობას - ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი - პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, სიტყვიერი შეურაცხყოფა ან სხვა სახის ქმედება.
სასჯელია 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ჯარიმა, ანდა ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
ნიკა დანელია ჰყვება, რომ გაუმართლა და იზოლატორში გადაყვანისას და თვითონ იზოლატორში მასზე აღარავის უძალადია, მაგრამ არავინ დაინტერესებულა - სად და რა პირობებში მიიღო დაზიანებები. ამბობს, რომ გახეთქილი წარბი ბეტადინით დაუმუშავეს.
ნიკასთან ერთად დააკავეს მისი მეგობარი - 27 წლის გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილი, რომელიც ასევე ნაცემია. მისი ოჯახი და გულშემატკივრები სასამართლო პროცესს 30 ნოემბერს მთელი დღის განმავლობაში ელოდებოდნენ. ბოლოს სხდომა თითქოს შუაღამის 2 საათისთვის დანიშნეს, დარბაზის კარიც გააღეს, ხალხი შეუშვეს, მაგრამ მოსამართლე ცეკვავამ, მალევე, ჯერ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა და შემდეგ, პროცესი 1 დეკემბრისთვის გადადო. 1 დეკემბერს ბაგრატიონ-დავითაშვილების ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილებას ისევ მთელი დღის განმავლობაში ელოდებოდა.
„ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ გიორგი დგას პირველი სკოლის წინ, გაჩერებაზე, დროშით ხელში. მიდის მასთან ორი პირი და აკავებს. მერე გადაჰყავთ გამოფენის მხარეს, მიჰყავთ იმ რაღაც ჯგუფში [სპეცრაზმელების] და სცემენ, თავის მეგობართან ერთად. დაზიანება თავზე აქვს, შუბლისა და საფეთქლის მიდამოში და სხეულზე. მუშტებს ურტყამდნენ “, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გიორგის ადვოკატი დავით დადიანი.
ნიკას, გიორგისა და კიდევ მრავალი დაკავებულის მონათხრობი ერთმანეთს ემთხვევა - ე.წ. ძალადობის დერეფანში გატარება და ჯგუფური ფიზიკური ანგარიშსწორება.
28/29 ნოემბერს, აქციაზე, ფიზიკურად იძალადეს ძმებზე ლევან და ირაკლი წულაიებზე, რომელთა საქმეც ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილებოდა. როგორც სასამართლო სხდომაზე თქვა - ლევანი დაკავებამდე ორი წუთით ადრე მივიდა აქციაზე და შეესწრო ფაქტს, რომ ძირს დაგდებულ მის ძმას ნიღბიანები ჯგუფურად სცემდნენ. მიეშველა, მაგრამ ისიც სცემეს - ურტყამდნენ თავში.
“7-მა სპეცნაზელმა გამიტაცა. მირტყეს უმოწყალოდ, ჩემი ძმა გადამეფარა და შემდეგ ჩემ ძმაზე გადაერთნენ, შეგვაგდეს მანქანაში და იქაც მაგრად გვირტყეს, 48 საათი გავატარეთ დროებით იზოლატორში, არ წამიყვანეს საავადმყოფოში”, - ასე აღწერს ირაკლი წულაია დაკავებასა და იზოლატორში ყოფნას.
ძმების საქმეს სხვადასხვა მოსამართლე განიხილავდა.
მოსამართლე ჩაგუნავამ ლევანს 2500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა და სასამართლოს დარბაზიდან გაუშვა, ხოლო ირაკლის, სასამართლო პროცესის ლოდინში, დაკავების 48-საათიანი ვადა ამოეწურა - მოსამართლე ცეკვავამ ის დარბაზიდან გაუშვა, მაგრამ სამშაბათისთვის დაიბარა ახალ პროცესზე, როცა სავარაუდოდ, გაზაფხულის აქციებში მონაწილეობასა და დაკავებას გაუხსენებენ. ადვოკატი გიორგი ტაბატაძე ბრალის დამძიმებას მოელის.
ლევანმა სასამართლო სხდომაზე არ უარყო, რომ ეხმარებოდა ძმას, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ამას სამედიცინო ცნობაც ადასტურებს. „თქვენ როგორ მოიქცეოდით ჩემს ადგილას?“ - სასამართლო სხდომაზე, ლევანის რიტორიკულ შეკითხვებს მოწმე პოლიციელმა არ უპასუხა.
პოლიციელმა თქვა, რომ ლევანი სამართალდამცველებს ადამიანის დაკავების საშუალებას არ აძლევდა - ძიძგილაობა, ჯაჯგური იყოო.
- „რამდენი ხანი გრძელდებოდა ეს ?“ - შეეკითხა ლევანი მოწმე პოლიციელს.
- „დაახლოებით 5 წუთი“ - იყო პასუხი.
- „ანუ 5 წუთი მე გდდ-ს ვეჭიდავებოდი - მართლა მაგას ამბობთ?!“ - ლევან წულაიას ამ შეკითხვას დარბაზში სიცილი მოჰყვა.
7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს 34 წლის გიორგი კვიჭიძეს, რომელიც, ადვოკატის თქმით - ასევე სპეცრაზმელებმა სცემეს. დაზიანებები მასაც სახის არეში აღენიშნება.
„სპეცრაზმმა ურტყა ხელებით, ფეხებით - დაზიანებები აქვს. ეს [მოწმე] პოლიციელები დაკავებისას საერთოდ არ ყოფილან იქ. სპეცრაზმმა სცემა და მერე მიუყვანა ამ ადამიანებს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ადვოკატი გიორგი ტაბატაძე , „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) წარმომადგენელი.
სასამართლოს სხდომაზე კვიჭიძემ არ უარყო, რომ ნასვამი იყო და ცოტა გაბრაზებული გამოვიდა ქუჩაში - "გასანიავებლად". მაგრამ ამბობს, რომ რუსთაველის გამზირზე იმ დღეს დაუგეგმავად აღმოჩნდა, არა აქციაზე მონაწილეობის მიზნით, რაც მოსამართლე ჩაგუნავამ მას არ დაუჯერა, მაგრამ განმარტა - რომ ამას საქმისთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს.
მოწმე პოლიციელები კვიჭიძეს აგრესიასა და მათი მოწოდებების მიმართ დაუმორჩილებლობაში სდებენ ბრალს. დაკავებული კი ამბობს, რომ არაფერი ესმოდა, ყურსასმენების გამო და ეს ყურსასმენები, ოდნავ მოგვიანებით, სახის არეში ცემის დროს დაკარგა.
2300-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა 19 წლის ილია ოხანაშვილს, რომელსაც შსს შეურაცხყოფასა და პოლიციის მოწოდებების მიმართ დაუმორჩილებლობას ედავებოდა, თუმცა პატიმრობის შეფარდება არ მოუთხოვია.
მოწმე პოლიციელმა თქვა, რომ ილია დაკავებამდეც რამდენჯერმე შენიშნა, როცა „აქცია მშვიდობიან სახეს ატარებდა“-ო და ბოლოს ისიც გდდ-ს დახმარებით დააკავეს, დილის 7 საათისთვის, „ქაშვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე“.
„დაინახეთ, რომ რამდენიმე სპეცრაზმელი მას წიხლებს და მუშტებს ურტყამდა?“ - ჰკითხა ადვოკატმა მოწმე პოლიციელს.
არაო, მოშორებით ვიდექიო - უპასუხა პოლიციელმა.
შემდეგ, მანქანაში ან იზოლატორში თუ დაინტერესდით - რატომ ჰქონდა დაზიანებებიო?
„დაკავების მომენტში წავიქეცი“ - ასე ახსნაო, თქვა პოლიციელმა.
ჯარიმა ზოგისთვის პატიმრობაზე სასურველი სასჯელია, მაგრამ არა ყველასთვის.
რადიო თავისუფლება თბილისის საქალაქო სასამართლოში შეხვდა მშობლებს, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილებასთან შეგუებას არ აპირებენ და გასაჩივრებას გეგმავენ.
„რატომ უნდა გადავიხადოთ 2000-3000 ლარი. რატომ? როცა ასეთი ნაცემია ჩემი შვილი. იქით უნდა გადაგვიხადოს სახელმწიფომ., დაგვაზარალა.. არ გადავიხდი ამ ჯარიმას, თუკი ასეთი გადაწყვეტილება იქნება“, - უთხრა ერთ-ერთი დაკავებულის მშობელმა რადიო თავისუფლებას.
ლოდინი და დაცვის უფლება
სასამართლოს დარბაზების კართან ხალხი ერთიანად არის მიმწყდარი. აქ არიან დაკავებულის ოჯახის წევრები, მეგობრები და ადვოკატებიც.
კართან უწევთ დგომა, ვიდრე გვარებს გამოაცხადებენ და გაარკვევენ, ვისი პროცესი უნდა გაიმართოს. გვარებს უშუალოდ დარბაზში შეშვების წინ აცხადებენ. ამიტომ ყველა სტარტზეა - თუ დარბაზში შესვლა დროულად ვერ მოახერხე და ადგილები შეივსო, მანდატური აღარ შეგიშვებს. მერე პროცესს უხმოდ, სარკმლიდან თუ უყურებ. მაგრამ სარკმელი პატარაა და ყველა ვერ სარგებლობს ამ შესაძლებლობით.
გარეთ დარჩენილები ერთმანეთს ეკითხებიან - „ხომ არ მთავრდება?“, "რას ამბობენ?"- პასუხი არავინ იცის.
შეიძლება გაგიმართლოს, შეხვიდე სხდომათა დარბაზში და მალევე მოსამართლემ ტექნიკური შესვენება გამოაცხადოს. არავინ არასოდეს იცის - რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ტექნიკური შესვენება.
შესვენების დროს დარბაზში არავის ტოვებენ - გარეთ რომ გახვალ, ისევ რიგში უნდა ჩადგე, ისევ სტარტზე უნდა იყო, - შესაძლოა სხდომა ნებისმიერ წამს დაიწყოს და დარბაზში შესვლა ვეღარ მოასწრო.
მერე შეიძლება ისევ გაგიმართლოს და ისევ დროულად შეხვიდე დარბაზში, შესვენების შემდეგ, მაგრამ შეიძლება მოსამართლემ მალევე სხდომა გადადოს, ასევე - გაურკვეველი დროით; ან ერთი საათით, მაგრამ არასდროს იცი, ეს ერთი საათი რამდენ ხანს გაგრძელდება.
„დაგვცინიან“, „აბუჩად აგდებაა“, „გვტანჯავენ შეგნებულად ?!“ - ამბობენ დაკავებულების ოჯახის წევრები.
წინასწარ არც სხდომათა დარბაზის ნომერი იცი.
ადვოკატებს მუდმივად უწევთ შემოწმება - დარბაზიდან დარბაზში სირბილით. სიგარეტის მოსაწევად და ყავის დასალევადაც ვერ გადიან საათების მანძილზე, ისე უწევთ ლოდინი.
ადვოკატების ძირითადი ნაწილი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელია.
„მოსამართლე როდის დანიშნავს პროცესს, ამბობს მხოლოდ დაწყების წინ. აი, ამოიყვანს დაკავებულს და იტყვის - ახლა ამის საქმეს განვიხილავთ. სასამართლოს დარბაზის კართან უნდა იდგე. ამ დროს შეიძლება მეორე დაკავებულის საქმის განხილვა სხვა მოსამართლემ გადაწყვიტოს და ამ დროს შეიძლება მეორე დაკავებული ადვოკატის გარეშე დარჩეს. როდესაც დაკავებული სასამართლოში გადმოჰყავთ და დარბაზში შეჰყავთ, არავინ აცნობებს დაცვის მხარეს ამის შესახებ“, - გვითხრა ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა, ადვოკატმა ეკა ქობესაშვილმა, მორიგი დაკავებულის საქმის მოლოდინში.
სწორედ ასე დარჩა ადვოკატის გარეშე გიორგი კვიჭიძე, როცა მისი ადვოკატი სხვა პროცესზე აღმოჩნდა. ეკა ქობესაშვილი და გიორგი ტაბატაძე სახელდახელოდ შევიდნენ დარბაზში, თითქმის სრულად ცარიელ დარბაზში, ასე საღამოს 7 საათისთვის; სადაც კვიჭიძე მანამდე დილას - 10 საათისთვის ჰყავდათ მიყვანილი, მაგრამ პროცესი ლამის მთელი დღით გადაიდო.
საათებს, და ზოგჯერ დღეებს, პროცესის მოლოდინში ატარებენ დაკავებულებიც.
ისინი ერთად მოჰყავთ სასამართლოს შენობაში და როგორც ადვოკატები გვიყვებიან, დაკავებულები, სასამართლოს ქვედა სართულზე - საკნის ტიპის ოთახებში ჰყავთ. იმ ოთახებში ჩასვლის უფლება არც ოჯახის წევრებს აქვთ და არც მედიას.
ზედა სართულზე მშობლებს აიმედებენ, რომ დაკავებულებს საკვებს აწვდიან და როგორც რადიო თავისუფლებას ერთ-ერთმა მშობელმა უთხრა - თითქოს შეგზავნაც შეუძლიათ.
მაგრამ ნიკა დანელიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ - დილიდან, გვიან ღამემდე, ვიდრე სასამართლო პროცესი შედგებოდა - საერთოდ არაფერი უჭამია, რადგან საკვები მათთვის არავის მიუტანია.
"დაახლოებით დილის თერთმეტ საათზე მიგვიყვანეს საქალაქო სასამართლოში. მთელი დღე იმ იზოლატორში ვიყავით. ჯერ 3 საათზე აგვიყვანეს დარბაზში, მაგრამ სხდომა გადაიდო", - გვეუბნება ნიკა დანელია. მისი სასამართლო პროცესი შუაღამისას დასრულდა.
სხდომების გადადების გამო, პატიმრები პოლიციელებს ამ საკნებიდან აჰყავთ სასამართლოს დარბაზებში და შემდეგ უკან აბრუნებენ.
მოწმე პოლიციელები
სასამართლოში გამოძახებული მოწმეები ძირითადად პოლიციელები არიან და მათი თხრობა მსგავსია ყველა დაკავებულის შემთხვევაში. საუბარს იმით იწყებენ, რომ მიტინგი გასცდა კანონით დაშვებულ სახეს - მომიტინგეები აგრესიულობით გამოირჩევიან და მათი მისამართით ბოთლებს, ქვებსა და პიროტექნიკას ისვრიან, რის გამოც არაერთი პოლიციელი დაშავდა.
„ასეთი ქაოსი არასდროს მინახავს“, - თქვა მოწმე პოლიციელმა, ერთ-ერთ სხდომაზე.
მოწმე პოლიციელები განმარტავდნენ, რომ ქალის ხმით ჩაწერილი გაფრთხილების მოსმენის შემდეგ [მოქალაქენო, გთხოვთ დაიშალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში....] ადგილზე აღარავინ უნდა დარჩეს და ვინც დარჩება, უკვე კანონდამრღვევია, რადგან არ ემორჩილება კანონიერ მოწოდებას და ძალადობრივ აქციაში მონაწილეობს.
პოლიციელები ჩვენების მიცემამდე ფიცს დებენ - სამოქალაქო ან რელიგიური შინაარსისას.
პროცესებზე, რომლებსაც რადიო თავისუფლება დაესწრო - პოლიციელების დიდმა ნაწილმა რელიგიური ფიცი აირჩია - „ვფიცავ. ღმერთი იყოს ჩემი მფარველი“.
მაგრამ ადვოკატები მათ მონათხრობში რეალობისგან მრავალ აცდენას ხედავენ და ამის დადასტურებას დამატებითი შეკითხვებით ცდილობდნენ. ზოგჯერ ირკვევა, რომ თუკი ერთსა და იმავე დაკავებულზე ერთი მოწმე იტყვის, რომ - დაკავებული აგრესიულად იქცეოდა, იგინებოდა და ისროდა ბოთლებს. მეორე მოწმის მონათხრობში შესაძლოა ბოთლის სროლის ფაქტი საერთოდ არ იყოს. ასევე, მაგალითად, თუკი ერთი მოწმე იტყვის, რომ - დაკავებული მათ შეურაცხყოფას აყენებდა და კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდა; მეორემ შეიძლება მხოლოდ - შეურაცხყოფის ბრალდება გამოყოს და დაუმორჩილებლობა უარყოს.
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) ხელმძღვანელმა, ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა შეახსენა ერთ-ერთ ასეთ მოწმეს, რომ ცრუ ჩვენების მიცემა კანონით ისჯება და რომ ასეთი დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა 15 წელია.
მოწმე პოლიციელები ადგენდნენ ოქმებს, მაგრამ არ მონაწილეობდნენ დაკავების პროცესში.
მათი მონათხრობით, რადგან შესაბამისი აღჭურვილობა არ ჰქონდათ, კონკრეტულ პირებს ვერ აკავებდნენ და, უფროსების ჩართულობით, დახმარებისთვის გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტს [გდდ - სპეცრაზმი] მიმართავდნენ.
ადვოკატები კი აცხადებენ, რომ - გდდ ცემა-ცემით აკავებდა ხალხს და შემდეგ მანქანაში უსვამდა პოლიციელებს.
და დაინახეს თუ არა მოწმეებმა, რომ სპეცრაზმელები დაკავებულს სასტიკად უსწორდებოდნენ? პოლიციელების პასუხი ყოველ ჯერზე არის - არა. „დაკავების დროს იქ არ ვიყავი“, „მოშორებით ვიდექით, არ ჩანდა“ - ასეთია სტანდარტული პასუხები, რისიც ადვოკატებს არ სჯერათ.
ერთი დაკავებულის შემთხვევაში, სამმა პოლიციელმა განაცხადა, რომ ყველანი წავიდნენ - ავტომანქანის მისაყვანად, რომ დაკავებული ჩაესვათ და ამიტომ დაკავების პროცესი ვერ დაინახეს. და რა აუცილებლობა იყო, რომ სამივე წასულიყავით? - ადვოკატის ამ შეკითხვაზე ერთ-ერთი პასუხი იყო, რომ ჯგუფურად წასვლა დაძაბული ვითარების გამო გადაწყვიტეს.
მათ მიერ სასამართლოზე წარმოდგენილ ვიდეომასალებში, როლებსაც ადვოკატებს სასამართლო პროცესზე ძირითადად კომპიუტერში ანახებდნენ, ხოლო დამსწრეებს ნახვის საშუალება არ ჰქონდათ, ხშირ შემთხვევაში დაკავებული საერთოდ არ ჩანს.
„ვიდეო შუაღამის 2 საათზე იყო გადაღებული, ჩვენ კი დავასაბუთეთ, რომ ეს ადამიანი - აქციაზე გათენების 5 საათზე მივიდა“, - უთხრა ადვოკატმა ტაბატაძემ რადიო თავისუფლებას, გიორგი კვიჭიძის შემთხვევაში.
მოსამართლე ცეკვავას მიერ გამართულ ერთ-ერთ პროცესზე, ერთმა პოლიციელმა თქვა, რომ არ იცის - სად მდებარეობს პირველი სკოლა, რუსთაველის გამზირზე. გაკვირვების რეაქციების შემდეგ კი დაამატა - რატომ უნდა ვიცოდე, სად არისო.
უკვე მეოთხე ღამეა, რაც რუსთაველის გამზირზე, შსს-ს თანამშრომლები სპეციალური საშუალებებით არბევენ მომიტინგეებს, დასდევენ მათ ქუჩებში და ფიზიკურად უსწორდებიან. გავრცელებულ ვიდეომასალებში ჩანან დასისხლიანებული ადამიანები.
28/29 და 29/30 ნოემბერს, ჯამში, 153 ადამიანი დააკავეს. ათეულობით ადამიანი დააკავეს შემდეგ დღეებშიც.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 30 ნოემბრის ღამიდან 1 დეკემბრის დილამდე 44 ადამიანი დაშავდა. 1 დეკემბერს, დღის ორი საათისთვის გამოქვეყნებული ეს მონაცემები მოიცავს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც აქციიდან კლინიკებში გადაიყვანეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 44 დაშავებულიდან 27 აქციის მონაწილეა, 1 მედიასაშუალების წარმომადგენელი და 16 შსს-ს თანამშრომელი.
არჩევნების სადავო შედეგებთან დაკავშირებულმა საპროტესტო აქციებმა განსაკუთრებით მასშტაბური სახე მიიღო მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნის საკითხი, რაც აუცილებელი ეტაპია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისთვის.
ფორუმი