რატომ იბრძვიან ბათუმელები „რივიერას“ გადასარჩენად

ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებით, კომპანია „სილქ როუდ ჯგუფი“ ბათუმის სანაპიროზე კუთვნილ 6 ჰექტარ მიწაზე 5 ცათამბჯენის აშენებას გეგმავს. 55, 45 და 26 სართულიან შენობებში სასტუმრო და საცხოვრებელი აპარტამენტები უნდა განთავსდეს. ამ ტერიტორიას ბათუმელები რივიერას და ბათუმის კონცხს უწოდებენ.

16 ივლისს, მოქალაქეთა პროტესტის ფონზე, ბათუმის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა პროექტ „რივიერას“ განაშენიანების რეგულირების გეგმის დასამტკიცებლად საქმის წარმოების დაწყებას.

რატომ ეწინააღმდეგებიან ბათუმელები „რივიერას ჩაბეტონებას?“

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე იმყოფებოდნენ სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც მოითხოვდნენ, რომ საკრებულოს მხარი არ დაეჭირა „რივიერას“ განაშენიანების რეგულირების გეგმის დასამტკიცებლად საქმის წარმოების დაწყებისთვის.

აქტივისტები

„ეს არის ისტორიული ბათუმის ნაწილი. ეს არის ბათუმელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი. ერთადერთი დარჩენილი ღია, მწვანე სივრცე, საიდანაც ზღვასთან კავშირი გვაქვს. აქედან ხდება ქალაქის განიავება, აქედან მოგვეწოდება ჟანგბადი. გარდა ამისა, არ არსებობს დასკვნები გეოლოგიურ სიმყარეზე, რამდენად უსაფრთხოა ეს ადგილი ასეთი სახის მშენებლობისთვის. წლების განმავლობაში ჩვენ გვესმოდა, რომ ეს ტერიტორია არამდგრადია და მასზე რაიმეს აგება იყო დაუშვებელი“- განაცხადა ბათუმელმა აქტივისტმა თეონა დიასამიძემ.

„რივიერას“ დასაცავად ბათუმში საპროტესტო აქციები იგეგმება. „მონური მორჩილებით საკრებულომ ერთ წამში გადაწყვიტა ქალაქის ბედი მოქალაქეების მოთხოვნის საპირისპიროდ. ჩვენ არ გავჩერდებით! ეს აქციები იქნება ძალიან კატეგორიული“ - ამბობს ზეინაბ დიასამიძე.

„რივიერა,“ როგორც ისტორიული დანიშნულების ადგილი

ბათუმის „რივიერა“ ზღვის მხარეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ბულვარს ესაზღვრება, ქალაქის მხრიდან კი გარშემო აკრავს ბათუმის ძველი უბნები. ისტორიულად „რივიერა“ ქალაქის სტრატეგიული ადგილი იყო. ოსმალეთის იმპერიის, შემდეგ კი მეფის რუსეთის მმართველობისას ამ ადგილს სამხედრო დანიშნულება ჰქონდა. ოსმალეთის იმპერიის დროს აქ ციხე-სიმაგრე „ბურუნ ტაბიე“ მდებარეობდა, მეფის რუსეთის დროს კი „მიხეილის ფორტი.“ მეცნიერების შეფასებით, ეს ციხე საქართველოსთვის უნიკალურ საფორტიფიკაციო ნაგებობას წარმოადგენდა. ციხე-სიმაგრიდან შემორჩენილ ნანგრევებს ძეგლის სტატუსი 2018 წელს მოუხსნეს, იმ მოტივით, რომ ძლიერი დაზიანების შედეგად მახასიათებლები მთლიანად წაშლილია.

„რივიერას“ განაშენიანებით ბათუმი პრაქტიკულად კარგავს ზღვისპირა ქალაქის იდენტობას

ბათუმის „რივიერა“ ისტორიული ქალაქის ნაწილია და სპეციალისტები აუცილებლად მიიჩნევენ ამ ადგილის სწორად განვითარებას. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ბათუმის ზღვის სანაპირო მრავალსართულიანი განაშენიანებით პრაქტიკულად, უკვე მთლიანად ჩაიკეტა. დარჩენილია მხოლოდ „რივიერა.“

„მისი მნიშვნელობა ძალიან დიდია. ფუნქციურადაც საინტერესოა. ბათუმის რუკას რომ დავხედავთ, მივხვდებით - გვაქვს პორტი, გვაქვს ბულვარი და ეს პოსტმილიტარისტული არეალი, რომელმაც სივრცე დაგვიტოვა ქალაქში. ასეთ ადგილებს მსოფლიოში როგორც რეკრეაციულ, საჯარო და გახსნილ სივრცეებს ისე იყენებენ. ეს გახსნილობა ისედაც მნიშვნელოვანია და როდესაც ბულვარში სივრცე უკვე ჩაკეტილია, სასიცოცხლო მნიშვნელობასაც იძენს. თუ ჩვენ არ გავუფრთხილდებით ამ ადგილს, რეალურად ისტორიული ბათუმი ზღვისპირა ქალაქის იდენტობას მთლიანად დაკარგავს. ეს იქნება ცათამბჯენებით შემოსაზღვრული ურბანული ქსოვილი, მაშინ როცა ეს უნდა იყოს ზღვის სანაპიროთი გარშემორტყმული ქსოვილი“ - ამბობს ICOMOS-საქართველოს წარმომადგენელი ნატო ცინცაბაძე.

პროექტი

კიდევ რისი ეშინიათ ბათუმელებს?

ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა მირიან მეტრეველმა 16 ივლისს, საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ პროექტ „რივიერას“ განხორცილებას არ სჭირდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში. ხუთი ცათამბჯენის გარდა, პროექტი ითვალისწინებს ამ ტერიტორიაზე ხელოვნური წყალსაცავისა და ყურის მოწყობას. საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელმა ნინო ინაიშვილმა საკრებულოს სხდომაზე თქვა, რომ ქალაქის თვითმმართველობა არ ითვალისწინებს მეცნიერების კვლევებს და ამაზე საზოგადოება პასუხს მოთხოვს. „მოგიწოდებთ, ნახოთ მთავრობის მიერ 2013 წელს გაკეთებული აჭარის კლიმატის ცვლილების სტრატეგია. ეს არის სამთავრობო დოკუმენტი, სადაც შავით თეთრზე წერია - დიდ საფრთხეებთანაა დაკავშირებული ბათუმის კონცხის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა, რომელთა სიმძიმეს შეიძლება ვერ გაუძლოს ნაპირთან ახლოს მდებარე წყალქვეშა კანიონის სათავეებში მეწყრის ზეგავლენით დასუსტებულმა სანაპირო ზოლმა“ - განაცხადა ნინო ინაიშვილმა.

რა პოზიცია აქვს ბათუმის მერს?

ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ არ უპასუხა მოქალაქეების შეკითხვებს მეცნიერული კვლევების, „რივიერას,“ როგორც ისტორიული ქალაქის ნაწილის შესაბამის განვითარებასა და ტერიტორიის გეოლოგიურ სიმყარეზე. ლაშა კომახიძემ თქვა, რომ „რივიერა“ მართლაც ისტორიული ქალაქის ნაწილია, პროექტის უსაფრთხოებაზე კი ენდობა ინვესტორს, რომელიც კვლევებს საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით ჩაატარებს. ბათუმის მერმა „რივიერას“ ინვესტორს ქალაქის გულშემატკივარი უწოდა და თქვა რომ ეს იქნება მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი, რომელიც ბათუმს სჭირდება.

ლაშა კომახიძე

„როგორც ქალაქის მერი, როგორც მრავალი თაობის ბათუმელი, რომელსაც არავისზე ნაკლებად არ უყვარს ეს ქალაქი, რომელსაც არავისზე ნაკლები პასუხისმგებლობის აღების უნარი აქვს მომავალი თაობებისადმი, ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ სწორ არქიტექტურულ გადაწყვეტილებაში, რომელიც საბოლოოდ არ გვაქვს წარმოდგენილი. ეს პროექტი ერთ ერთი ღირშესანიშნავი და თვალსაჩინო ობიექტი გახდება, რომელიც ქალაქს გადაიყვანს გაცილებით უფრო მაღალ და ძლიერი განვითარების ეტაპზე“ - განაცხადა ლაშა კომახიძემ.

ბათუმის მერის გადაწყვეტილებით, 2018 წელს „რივიერა“ ისტორიული ბათუმის სპეციალური დაცვის ზონიდან დაუსაბუთებლად ამოიღეს. ეს ზონა სახელმწიფოს დაკვეთით, მეცნიერული კვლევის საფუძველზე 2007 წელს განსაზღვრა კომპანია „გეოგრაფიკმა.“ დოკუმენტის შარშან შეცვლილი ვარიანტი ბათუმიდან დასამტკიცებლად გაიგზავნა საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, რომელმაც დოკუმენტი შეცვლილი საზღვრების გამო დაიწუნა და ბათუმის მერიას შენიშვნებით დაუბრუნა.

ბათუმელების და სპეციალისტების ნაწილი მოითხოვს ბათუმის ისტორიული დაცვის ზონის სასწრაფოდ დამტკიცებას ძველი საზღვრებით, სადაც „რივიერაც“ შედის. კვლევის თანახმად, „რივიერას“ ტერიტორია ბათუმის ზღვისპირა სახის მოწესრიგების ყველაზე რთულ ამოცანას წარმოადგენს და მასზე საბინაო მშენებლობის გაშლა მიუღებელია, აქ არსებული ყოფილი მიხეილის ფორტი კი მართალია, დაზიანებულია, მაგრამ საქართველოს პირობებში უნიკალურ საფორტიფიკაციო ნაგებობას წარმოადგენს და იმსახურებს არქიტექტურული ძეგლის სტატუსს. სპეციალისტების რეკომენდაციაა, რომ „რივიერას“ ზონაში მშენებლობის საკითხი საერთაშორისო კონკურსის შედეგად გადაწყდეს.

ბათუმის მერიის გადაწყვეტილება ისტორიული დაცვის ზონიდან „რივიერას“ ამოღების შესახებ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ სასამართლოში გაასაჩივრა. იურისტი ანა მდინარაძე ამბობს, რომ ორგანიზაცია მეორე სარჩელსაც მოამზადეს იმ გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომელიც „რივიერას“ ტერიტორიაზე მასშტაბური პროექტის განხორციელებას ეხება, რადგან ბათუმის ისტორიული უბნების საზღვრები სწორედ დამტკიცების პროცესშია.

„ეს ორი საკითხი გადაჯაჭვულია. ჩვენ ჩავატრეთ ალტერნატიული ექსპერტიზა და ექსპერტმა ცალსახად და გადაჭრით გვითხრა, რომ რივიერას ტერიტორია უნდა შედიოდეს სპეცილური დაცვის ზონაში. თბილისში კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე დარგის 15-მა სპეცილისტმა თქვა, რომ რივიერა ისტორიული ბათუმის საზღვრებში უნდა შედიოდეს და ბათუმის თვითმმართველობას მისცა რეკომენდაცია, რომ იხელმძღვანელოს „გეოგრაფიკის“ მიერ ჩატარებული კვლევით“ - ამბობს ანა მდინარაძე.