რას ელის საფრთხე - ქვეყანას თუ ძალაუფლებას? - სახელმწიფო და პარტიული სტრუქტურები "მაიდნის სცენარსა" და კრიტიკოსთა მონაცემების ბაზაზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუსი) 8 მაისს, აგენტების კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების მესამე კვირას, მორიგ განცხადებას ავრცელებს "გარედან მართულ დესტაბილიზაციაზე".

თითქმის რვა თვის თავზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუსი) კვლავ იმეორებს 2023 წლის სექტემბერში ნათქვამს - საქართველოში მოსალოდნელ, გარედან მართულ „დესტაბილიზაციასა“ და ქვეყანაში უკრაინული „მაიდნის სცენარის“ გამეორებაზე.

8 მაისს გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში სუსი „90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირების მსგავსი მოვლენების პროვოცირების საფრთხეზეც“ წერს. მმართველი პარტია კი პარტიული სტრუქტურების დახმარებით იმ ადამიანთა მონაცემების ბაზას ქმნის, ვინც „ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს.“

ეს ხდება საქართველოში ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ მიმდინარე უწყვეტი მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე, რომლებიც სამი კვირის წინ დაიწყო და რომელშიც ათიათასობით ადამიანი მონაწილეობს როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვა ქალაქებში.

საპროტესტო აქციების ერთ-ერთი დღე, 3 მაისი, 2024

8 მაისის განცხადებაშიც, სუსი ამტკიცებს, რომ „გარკვეული ჯგუფები“ საქართველოს პარლამენტთან პროვოკაციების მოწყობას გეგმავენ, რომლის მიზანიც „ძალადობრივი სცენარების განვითარებაა“ და, რომ ეს პროცესი „უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით“ იმართება და

  • პროცესში ჩართულია უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი;
  • ისინი მზად არიან ჩამოვიდნენ საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში;
  • მათ გეგმაშია სამთავრობო შენობების ბლოკირება და პარალიზება;
  • სპეციალური დანიშნულების რაზმზე იერიშის მიტანა და სიტუაციის დაძაბვა;
  • რომ ორგანიზატორები ახალგაზრდებს ავალებენ, პარლამენტის წინ მიიტანონ ადვილად აალებადი ნივთიერებები - ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების დამზადების მიზნით;
  • რომ ისინი აქტიურად იყენებენ ორგანიზაცია CANVAS-ის და პიტერ აკერმანის მიერ ჩატარებული ძალადობრივი სწავლებების მეთოდებს;
  • და რომ მიზანი არის მიმდინარე პროცესების ე.წ. მაიდანიზაცია და ქვეყანაში 90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირების მსგავსი მოვლენების პროვოცირება და ა.შ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამ მოსაზრებების მტკიცებულებები არ მოუყვანია.

სრული განცხადება შეგიძლიათ იხილოთ აქ.

საფრთხეების ჩამოთვლის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საპროტესტო აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს მოუწოდებს არ აჰყვნენ პროვოკაციებს, ორგანიზატორებს კი „მყისიერი სამართლებრივი ღონისძიებების“ ჩატარებით აფრთხილებენ.

ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, პირველივე კითხვები, რომლებიც ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტის ქვეშ ხალხმა დასვა, ასეთი იყო:

  • თუ ეს ფაქტები რეალურია, რატომ არ აკავებენ კონკრეტულ დამნაშავეებს?
  • რატომ არ ასახელებენ კონკრეტულ გვარებს, ვინც ამ ყველაფერს გეგმავს?

თითქმის იდენტური განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2023 წლის სექტემბერშიც გაავრცელა - როცა ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მოლოდინში იყო, სუსი მოსალოდნელ „შემოდგომის შეთქმულებაზე“ ალაპარაკდა.

„მიმდინარე გამოძიებაზე“ დაყრდნობით, სუსმა ამ „შეთქმულების“ მონაწილეებად მაშინ უკრაინელი მაღალჩინოსნები და უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები დაასახელა.

მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები - მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე მიხეილ სააკაშვილის ახლო გარემოცვის წარმომადგენელი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი.

სუსი მაშინაც ამბობდა, რომ საქართველოში, „უცხო ქვეყნების დაფინანსებით“ სახელმწიფო გადატრიალება იგეგმებოდა.

მსგავსი არაფერი მომხდარა.

სახელმწიფო უწყებას არც მაშინ გამოუქვეყნებია რაიმე მტკიცებულება, რაც მისსავე განცხადებას გაამყარებდა.

არც იმ შემოდგომაზე და არც ადრე ზეპირად გაკეთებული არაერთი მსგავსი განცხადება „ანტისახელმწიფოებრივ შეთქმულებათა“ გამოძიების შესახებ, არასდროს დასრულებულა დამნაშავეთა დაკავებით და სასამართლო პროცესით.

ასევე ნახეთ ყურადღების გადატანა? - სუსი შემოდგომის „შეთქმულებასა“ და „მაიდნის სცენარზე“ იწყებს საუბარს

სუსმა ამ განცხადების შემდეგ CANVAS-ის ტრენინგების არაერთი მონაწილე გამოკითხვაზეც დაიბარა, თუმცა გამოძიების შედეგები დღემდე უცნობია.

ასევე ნახეთ სასამართლოში გამოჰკითხეს "კანვას საქართველოს" დირექტორი გიორგი მელაძე

სუსი, როგორც ხელისუფლების ინსტრუმენტი?

როდის შემოდის ხოლმე სუსი პოლიტიკურ სცენაზე გაფრთხილებებით?

„როცა ხელისუფლებას და ამ შემთხვევაში “ქართულ ოცნებას” ძალაუფლების შენარჩუნება უჭირს“, - ეუბნება პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წვერი, ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია რადიო თავისუფლებას.

მისი სიტყვებით, ზუსტად იგივე სურათი იყო შს ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის დროსაც, როცა ე.წ. საბურავების გადატრიალების საქმეზე კეთდებოდა განცხადებები.

2014 წელს ერთ-ერთ ასეთ დესტაბილიზაციაზე მოსახლეობას აფრთხილებდა მაშინდელი შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე და ამბობდა, რომ „ნაცმოძრაობამ“ დაიწყო საბურავების მომარაგება, რომ იგეგმებოდა ე.წ. ზონდერჯგუფების ჩამოყალიბება და წარსულში კრიმინალთან და მრავალ დანაშაულთან ასოცირებული პირების მობილიზება.

ასე იყო სუსის ბოლოდროინდელი ყველა სხვა - ხან “ბაკურიანის შეკრებებთან” და ხან ორგანიზაცია „კანვასთან“ დაკავშირებული განცხადებების შემთხვევაშიც.

თეონა აქუბარდია

„ეს ყველაფერი ემსახურებოდა "ქართული ოცნების" ძალაუფლების შენარჩუნებას და არა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესს. და როცა ამ განცხადებიდან ათ წუთში, შალვა პაპუაშვილი რეპრესიებს აანონსებს, ეს უკვე იმის მკაფიო მაგალითია, რომ მათ სურთ "გავრცელდა ინფორმაცია" გაყიდონ ჭეშმარიტებად“, - ამბობს თეონა აქუბარდია.

დეპუტატი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სუსი დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გავლენის ქვეშ არის და მის დავალებებს ასრულებს. ხოლო იმ პუნქტებით, რაც მათ ბოლო განცხადებაში მოხვდა, მტკიცდება, რომ ბიძინა ივანიშვილის ბოლო, 29 აპრილის საჯარო განცხადებებს „სუსის განცხადებით გამყარება სჭირდებოდა“.

8 მაისს შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ პარტიული სტრუქტურების მეშვეობით დაიწყება მონაცემთა ბაზის შექმნა, რომელშიც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ ადამიანის შესახებ, „რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს“. შალვა პაპუაშვილის თქმით, „ეს მონაცემთა ბაზა განთავსდება სპეციალურ ვებგვერდზე და იქნება საჯარო და გამჭვირვალე საქართველოს მოქალაქეებისთვის“.

ასევე ნახეთ "ქართული ოცნება" მუქარასა და შანტაჟში ჩართული პირების ბაზას შექმნის

ყველაფერი ერთი გეგმის ნაწილია, რომლის მიზანიც „ოცნების“ ხანგრძლივად ხელისუფლებაში ყოფნაა, - ეუბნება რადიო თავისუფლებას უსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე, - ამ გეგმის შესრულებაში კი ჩართულია მმართველი პარტია - სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად:

„ეს ნიშნავს, რომ დღეს საქართველოში ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის წაშლილია“, მაშინ, როცა ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის მიცემული არაერთი რეკომენდაცია სწორედ პარტიული და სახელმწიფო სტრუქტურების გამიჯვნას გულისხმობს.

ანდრო გოცირიძე

ანდრო გოცირიძის დაკვირვებითაც, სუსი მსგავს განცხადებას ავრცელებს მაშინ, როცა სამოქალაქო აქტივობა და პროტესტი პიკს აღწევს, მმართველი პარტია კი ხვდება, რომ მოვლენები მისთვის წამგებიანად შეიძლება განვითარდეს.

თუმცა არც მას ახსენდება ერთი შემთხვევაც კი, როცა მსგავს განცხადებასა თუ დაწყებულ გამოძიებას შედეგი მოჰყვა.

„ამ კონკრეტულ განცხადებაშიც, საუბარია შეიარაღებული გადატრიალებისთვის მზადებაზე, თუმცა გაურკვეველია, თუკი ამის მონაცემები არსებობს, რატომ არ არიან ეს ადამიანები პასუხისგებაში მიცემულები და რას შეცვლის ეს განცხადება, რომელსაც მერე პრევენციულ განცხადებას კი დაარქმევენ, მაგრამ ვიცით, რომ შეიარაღებულ გადატრიალებებს პრევეციული განცხადებები არ შველის“, - შენიშნავს ანდრო გოცირიძე.

უსაფრთხოების სპეციალისტი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ეს განცხადებაც და ხელისუფლების ყველა სხვა მოქმედებაც, მათ შორის - შალვა პაპუაშვილის დაანონსებული მონაცემთა ბაზის შექმნა, ბოლო დღეების სატელეფონო ზეწოლა, დისკრედიტაციული კამპანიები და სხვა, ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს - აქციების მუხტის დაგდებას და შიშის დათესვას ხალხში, ვინც დღეს საფრთხის ქვეშ მყოფი, საქართველოს ევროპული კურსის დასაცავად გაერთიანდა.

„ამას, რაც დღეს აქ ხდება, ჰქვია სუვერენული დემოკრატია, რომელიც კარგა ხანია რუსეთში ხარობს“, - ამბობს ანდრო გოცირიძე.

ასევე ნახეთ სუვერენული დემოკრატია ქართულად და რუსულად

აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქცია-მსვლელობა თბილისში

ძველი "სიმღერა"

მოსალოდნელ „რევოლუციასა და დესტაბილიზაციაზე“ „ქართული ოცნება“ 2018 წელსაც ლაპარაკობდა - მაგალითად, 2018 წლის ნოემბერში, კახა კალაძემ, რომელიც მაშინ დედაქალაქში სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობდა, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე თქვა, „ნაციონალური მოძრაობა“ „წითელ ხაზებს გადასცდა“ და მათი გეგმები უკავშირდება არა არჩევნებს, არამედ „რევოლუციურ სცენარს და ამ სცენარისთვის იგი ყველა ინსტრუმენტს იყენებს“-ო.

ასევე ნახეთ დაანონსებული დესტაბილიზაცია: სიმართლე თუ თამაში სტაბილურობის მოთხოვნილებისთვის?

„მოსალოდნელი პროვოკაცია“ ახსენა ორი წლით ადრე, 2016 წელს „ქართული ოცნების“ მაშინდელმა აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

ამის წინ კი იყო ზემოთ ნახსენები 2014 წელი, როცა ერთ-ერთ ასეთ დესტაბილიზაციაზე მოსახლეობას აფრთხილებდა მაშინდელი შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე.

„დაიწყო საბურავების მომარაგება, იგეგმებოდა ე.წ. ზონდერჯგუფების ჩამოყალიბება და წარსულში კრიმინალთან და მრავალ დანაშაულთან ასოცირებული პირების მობილიზება“, - ჭიკაიძის ამ სიტყვების ადრესატი მაშინაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო.

ასევე ნახეთ "ბაკურიანის ცნობილი შეხვედრა" - გადატრიალების დაგეგმვა თუ დემოკრატიის ანბანი?

ასევე ნახეთ "ჩემი შვილი „ფრანკლინის კლუბის“ წევრია" - ვის ეშინია „ფრანკლინელების“?