Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლოში გამოჰკითხეს "კანვას საქართველოს" დირექტორი გიორგი მელაძე


გიორგი მელაძე, "კანვას საქართველოს" დირექტორი
გიორგი მელაძე, "კანვას საქართველოს" დირექტორი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიების ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოჰკითხეს "კანვას საქართველოს" დირექტორი გიორგი მელაძე. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ის, რაც სხდომაზე მოისმინა, საშიშია ადამიანის უფლებებისთვის.

"მინდა, ამ ყველაფრის წინააღმდეგ სასამართლოში საქმე დავიწყო. ამ ყველაფრის ასე გატარება არ შეიძლება - ადგა და გრიფი მიანიჭა, არ შეიძლება. მე მგონია, რომ საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს, რა ხდებოდა იქ. ჩემი შეფასებით, იქ ჩემს გამოკითხვაში არაფერი საიდუმლო არ იყო...

რაც ხდებოდა, ის იყო შეურაცხმყოფელი - კითხვები, რაც იყო ჩემ მიმართ დასმული, იყო შეურაცხმყოფელი პროფესიული და პიროვნული თვალსაზრისით... სახელმწიფომ თუ გადაწყვიტა ამ კითხვის დასმა, ეს უკვე არის დიდი პრობლემა, სახუმარო არაფერი არ არის. მე რაც მოვისმინე, იყო ძალიან საშიში ადამიანის უფლებებისთვის", - ამბობს გიორგი მელაძე.

გიორგი მელაძის საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაბარების შესახებ ცნობილი გახდა გუშინ, 4 ოქტომბერს.

საქმე ეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოებულ ე.წ. რევოლუციური სცენარის საქმეს, რომლის შესახებ ინფორმაცია სუსმა 2 ოქტომბერს გაავრცელა და რომლის თანახმად, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით თბილისში ჩატარებულ სწავლებაზე გადაამზადეს დიდი ჯგუფი, რომელმაც „გადამწყვეტი როლი“ უნდა შეასრულოს „ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში".

საერთაშორისო ორგანიზაცია USAID-ის პროგრამის ფარგლებში ტრენინგებს ატარებდნენ სერბეთის მოქალაქეები და "ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით ორგანიზაცია „კანვასი“ გამოიყენება".

„მოვიდა უწყება. გამოკითხვა დღეს იქნება სასამართლოში. დრო არ ვიცი. საბჭოთა ნომენკლატურამ სოროში თავი ვეღარ დამალა! ბრძოლა მიღებულია!“ – დაწერა გიორგი მელაძემ გუშინ 4 ოქტომებრს სოციალურ ქსელში.

საქმეზე უკვე გამოჰკითხეს „კანვას საქართველოს“ კონსულტანტი და ტრენერი ნინო გოგიბერიძე, ასევე სერბეთის სამი მოქალაქე: სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი. ამ უკანასკნელებს ადანაშაულებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ აქტივობების დაგეგმვაში აქტივისტების დატრენინგებაში. გამოკითხვიდან მეორე დღეს მათ ქვეყანა დატოვეს.

„[ისინი] წარმოადგენენ ორგანიზაცია „კანვასის“ მმართველ რგოლს, აგრეთვე, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი არიან ორგანიზაცია „ოტპორის“ ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია „კმარას“ ანალოგს", - ნათქვამია სუსის განცხადებაში.

USAID-ის შესახებ სუსის და საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირების განცხადებებს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში. განცხადებაში ნათქვამია, რომ მცდარია მისი მხარდაჭერილი ერთ-ერთი პროექტის შესახებ გამოთქმული ბრალდებები და არსებითად არასწორად ასახავს საქართველოსთვის აშშ-ის დახმარების მიზნებს.

„კანვას საქართველომ" ხელისუფლების მოქმედება ზეწოლად შეაფასა როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, ისე იმ აქტივისტებზე, რომლებიც „ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ, იღებენ განათლებას, ავრცელებენ ცოდნას სტრატეგიული არაძალადობრივი კამპანიების შესახებ".

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მცდარი უწოდა საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) მიმართ საქართველოს ხელისუფლების ბრალდებას.

XS
SM
MD
LG