22 აპრილს, „ნოვაია გაზეტა. ევროპამ“ გამოაქვეყნა მასალა ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის მძიმე ავადმყოფობისა და მისი შესაძლო მემკვიდრის შესახებ. გამოცემა ამტკიცებს, რომ კადიროვს პანკრეონეკროზის - კუჭქვეშა ჯირკვლის ნეკროზის დიაგნოზი ჯერ კიდევ 2019 წელს დაუსვეს. წლებია, რამზან კადიროვი დროის ხანგრძლივი ინტერვალებით არ ჩნდება საზოგადოებაში და შემდეგ აქვეყნებს ვიდეოებს იმის დასამტკიცებლად, რომ ცოცხალი და ჯანმრთელია. ერთ-ერთი ასეთი ჩანაწერი, რომელშიც კადიროვი აჩვენებს თავის ფიზიკურ ძალას, გამოქვეყნდა 20 აპრილს YouTube-ზე წარწერით „უზარმაზარ ლოდს ვეწევი“.
რამზან კადიროვის ავადმყოფობის შესახებ „ნოვაია გაზეტას“ რეპორტაჟის შემდეგ, ჩეჩნეთის მეთაურის ოფიციალურ ტელეგრამის არხზე ისევ გამოჩნდა ახალი ვიდეოჩანაწერი, რომელშიც კადიროვი მართავს შეხვედრას ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის თემაზე. ვიდეოში ჩეჩნეთის ხელმძღვანელი უძღვება თათბირს, პრაქტიკულად არ მოძრაობს, მეტყველებს ძალიან ნელა და გაუგებრად.
პანკრეონეკროზი ესაა დაავადება, რომლის დროსაც პანკრეასის - კუჭქვეშა ჯირკვლის ნაწილი იწყებს კვდომას. გამოცემის თანახმად, 2019 წლიდან მოყოლებული კადიროვი „რეგულარულ, მათ შორის ქირურგიულ“ პროცედურებს წელიწადში, სულ ცოტა, ორჯერ მაინც იტარებს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში.
პანკრეასის ნეკროზი - მწვავე ქირურგიული პათოლოგია, მწვავე პანკრეატიტის გართულება, რომელიც ხასიათდება კუჭქვეშა ჯირკვლის (პანკრეასის) ქსოვილის განადგურებით, კუჭქვეშა ჯირკვლის ქსოვილების კვდომით და იწვევს სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოების ფუნქციონირების დარღვევას. სწრაფად და მნიშვნელოვნად აუარესებს პაციენტის მდგომარეობას და საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს.
პანკრეონეკროზი მწვავე პანკრეატიტის ყველაზე მძიმე გართულებაა, რომელიც უვითარდება პანკრეატიტით დაავადებულთა მეოთხედს. როგორც წესი, დაავადებულთა შორის ჭარბობენ საშუალო (შრომისუნარიანი) ასაკის ადამიანები. რუსული სამედიცინო საიტების ცნობით, ბოლო წლებში რუსეთის ფედერაციაში ამ პათოლოგიის შემთხვევები განუხრელად იზრდება.
დაავადების განვითარების საფუძველია ჯირკვლის დაცვის მექანიზმების დარღვევა, რაც ანადგურებს მის ცხიმოვან ქსოვილს და სისხლძარღვებს. შედეგად, დაშლის პროდუქტები აღწევენ სისხლში და ამ გზით ვრცელდებიან მთელ სხეულში, რაც იწვევს ორგანიზმის მწვავე მოწამვლას.
არსებობს პათოლოგიის სამი ტიპი:
ჰემორაგიული - პანკრეასის ჰემორაგიული ნეკროზი - ჩნდება ფერმენტ ელასტაზას გადაჭარბებული აქტივობისას, რაც ანგრევს სისხლძარღვების კედელს. დაზიანებულ ქსოვილებში წარმოიქმნება სპაზმი, რაც იწვევს პარენქიმის სწრაფ შეშუპებას. გარკვეული პერიოდის შემდეგ (რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე) ვითარდება დაზიანებული ძარღვების კედლების პარეზი, რაც აფართოებს ძარღვებს და მნიშვნელოვანად ანელებს სისხლის მიმოქცევას. იზრდება თრომბის, ქსოვილების იშემიისა და ნეკროზის წარმოქმნის რისკები. დაავადების ბოლო ეტაპზე ელასტაზა აზიანებს სხვა შინაგან ორგანოებსაც.
ცხიმოვანი - ჩნდება ფერმენტ ლიპაზის გადაჭარბებული აქტივობისას. ხასიათდება პანკრეასის ცხიმოვანი უჯრედების დაშლითა და კვდომის კერების შემდგომი წარმოქმნით როგორც ჯირკვალში, ასევე შინაგან ორგანოებში. დაავადება ხშირად იწვევს ქიმიურ პერიტონიტსა და შინაგანი ორგანოების უკმარისობას.
შერეული - ამ დროს ნადგურდება როგორც ცხიმოვანი ქსოვილი, ასევე პანკრეასის სისხლძარღვები. როგორც წესი, დაავადება მძიმე ფორმით მიმდინარეობს და ხშირად სიკვდილითაც მთავრდება.
კადიროვის "ავადმყოფობის ისტორია"
2019 წლის თებერვალში კადიროვმა რესპუბლიკის მართვა დროებით გადასცა პრემიერ-მინისტრ მუსლიმ ხუჩიევს. მაშინ ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ გრიპი სჭირდა და ორი დღის განმავლობაში წვეთოვანი ედგა.
2020 წლის იანვარში კადიროვმა კვლავ დათმო ჩეჩნეთის მეთაურის უფლებამოსილება „დროებით შრომისუუნარობის“ გამო.
„ნოვაია გაზეტა. ევროპა“ ირწმუნება, რომ 2020 წლის ზაფხულში, კადიროვმა მძიმედ გადაიტანა კორონავირუსი, რამაც მას „ენდოკრინული სისტემის სერიოზული პრობლემები“ დაუტოვა.
2022 წლის გაზაფხულზე, ჩეჩნეთის ხელმძღვანელის ჯანმრთელობა "ელვისებურად გაუარესდა". თირკმლების უკმარისობისა და ფილტვებში სითხის ჩადგომის შედეგად კადიროვს განუვითარდა ქოშინი, „ძლივს ლაპარაკობდა, სიარული უჭირდა და ჩეჩნური კლიმატისთვის ძალიან თბილად ეცვა“.
2023 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში, Telegram-არხებზე (კერძოდ, ოპოზიციურ ჩეჩნურ NIYSO-ზე) გაჩნდა ინფორმაცია კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომ ის, სავარაუდოდ, "კომაში ჩავარდა". გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთის ხელმძღვანელი მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს სუნთქვის მწვავე უკმარისობით, „რაც განვითარდა ტრანკვილიზატორ „დორმიკუმის“ გადაჭარბებული დოზის მიღების შედეგად“. სპეციალისტების განმარტებით, ეს პრეპარატი გამოიყენება "ოპერაციის წინ პაციენტების დასამშვიდებლად". პრეპარატი შეიცავს აქტიურ ნივთიერება მიდაზოლამს, რომელსაც „აქვს სედატიური და ჰიპნოტიკური ეფექტი". „ნოვაია გაზეტა. ევროპის“ ცნობით, კადიროვი, რომელსაც, სავარაუდოდ, ძლიერი ტკივილები, უძილობა და გაზრდილი შფოთვა აწუხებდა, რეგულარულად იღებდა ამ პრეპარატს, მისმა ხშირმა გამოყენებამ კი შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გართულება.
ასევე ნახეთ უფრო ცოცხალია, ვიდრე მკვდარი - რა ხდება რამზან კადიროვის თავს?რა წყაროებს ეყრდნობა გამოცემა? - ამ კითხვით მიმართა რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივი ძალისხმევით დაარსებულმა The Current Time-მა „ნოვაია გაზეტა. ევროპის“ მთავარ რედაქტორს, კირილ მარტინოვს.
„ჩვენ ვესაუბრეთ უამრავ წყაროს როგორც ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, ისე მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის რუსეთის ფედერაციის გარეთაც, - ამბობს კირილ მარტინოვი, - შევადარეთ კადიროვის საჯარო აქტიურობის დაქვეითება მიღებულ ინფორმაციაში დასახელებულ დროის მონაკვეთებს.
ერთი სახალისო ისტორიაა, რომელიც უკავშირდება მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში კადიროვის მისვლას, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თითქოსდა ბიძის მოსანახულებლად. თუმცა კადრში ჩანს, რომ ბიძა უფრო მხიარულად და ჯანმრთელად გამოიყურება, ვიდრე მასზე მზრუნველი ძმისშვილი.
ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობამ ახლაც, ჩვენი პუბლიკაციის გამოსვლის შემდეგ გამოაქვეყნა ახალი ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია კადიროვის თათბირის ამსახველი სამუშაო მომენტი. კამერა გაურბის ახლო ხედებს, აჩვენებს რამზან კადიროვს სხვადასხვა რაკურსით, ოღონდ არცერთ შემთხვევაში ახლო, მსხვილი ხედით. კადიროვი ლაპარაკობს ძალიან ნელა და აქვს დიქციასთან დაკავშირებული პრობლემები“.
გერმანული Bild-ის ცნობითაც, კადიროვი რეგულარულად სტუმრობდა აბუ-დაბის კერძო კლინიკის ნეფროლოგიურ განყოფილებას. გამოცემის თანახმად, სავარაუდოდ, ავადმყოფობის გამო, კადიროვი არ ესწრებოდა ვლადიმირ პუტინის ყოველწლიურ გამოსვლას ფედერალურ ასამბლეაში. ჩეჩნეთის მეთაურის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ჭორების გავრცელების ფონზე, ვლადიმირ პუტინი შეხვდა რამზანის უფროს შვილს, ახმატ კადიროვს.
2023 წლის 31 აგვისტოს ვიდეოში, რომელიც კადიროვმა ჩაწერა ტელეფონით და, რომელშიც იგი მოითხოვდა დედამისისთვის, აიმან კადიროვასთვის დაწესებული სანქციების მოხსნას, ჩეჩნეთის მეთაურს სახე ძალიან შეშუპებული ჰქონდა, გარდა ამისა, შესამჩნევი იყო დიქციასთან დაკავშირებული პრობლემებიც.
2023 წლის სექტემბერში ანონიმურ ჩეჩნურ ტელეგრამარხებზე გამოჩნდა ინფორმაცია რამზან კადიროვის კომაში ჩავარდნისა და გარდაცვალების შესახებ. ამ დროს ჩეჩნეთის ხელმძღვანელი იმყოფებოდა მოსკოვში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც ის მიერთებული იყო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, თუმცა პაციენტის სიცოცხლეს მაშინ პირდაპირი საფრთხე არ ემუქრებოდა.
კადიროვის შვილები, ცოლები, ნათესავები
რამზან კადიროვს დიდი ოჯახი ჰყავს: მეუღლე მედნი კადიროვა, სავარაუდო მეორე ცოლი ფატიმა ხაზუევა და სულ მცირე 15 შვილი, რომელთა ნაწილი ნაშვილებია. კადიროვმა უფროსი შვილები უკვე შეიყვანა დიდ პოლიტიკაში.
უფროსი ვაჟი ახმატი იკავებს მამის მრჩევლის თანამდებობას. ის ასევე უძღვება ჩეჩნეთში ახალგაზრდულ პოლიტიკას. რამზანის კიდევ ერთი ვაჟი ადამ კადიროვი 15 წლის ასაკში ჩაუდგა სათავეში რამზან კადიროვის უსაფრთხოების სამსახურს. თავის დროზე თვითონ რამზან კადიროვიც ასევე იყო მამის, ახმატ კადიროვის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.
ასევე ნახეთ რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერი გახდებაადამ კადიროვის სახელთან არის დაკავშირებული 2023 წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკანდალი, რომლის მიზანი, „ნოვაია გაზეტა. ევროპის“ რედაქტორის, კირილ მარტინოვის თქმით, შესაძლოა იყო ყურადღების გადატანა რამზან კადიროვის ჯანმრთელობის თემიდან:
„ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ცდილობდა კადიროვი გასული წლის განმავლობაში შეექმნა ახალი ინფორმაციული მიზეზები ყურადღების გადასატანად. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი იყო გროზნოს წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსებული ნიკიტა ჟურაველის დასჯა. მაშინ პატიმარს კამერების წინ სცემა კადიროვის თხუთმეტი წლის ვაჟმა ადამმა, რომელსაც შემდეგ ამ საქციელის გამო ხოტბას ასხამდნენ და აჯილდოებდნენ, რაც დიდ აჟიოტაჟს იწვევდა მედიასა და სოციალურ ქსელებში“.
ასევე ნახეთ კადიროვმა შეაქო თავისი შვილი, რომელმაც ყურანის დაწვაში ეჭვმიტანილ ნიკიტა ჟურაველს კაბინეტში სცემაკირილ მარტინოვის თქმით, ეს ყველაფერი და აპტი ალაუდინოვის რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა, იმაზე მეტყველებს, რომ მოსკოვში ემზადებიან იმ პერიოდისათვის, როცა კადიროვი ვერ შეძლებს შეასრულოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობები.
აპტი ალაუდინოვი, რომელიც კირილ მარტინოვმა ახსენა, ჩეჩნური სწრაფი რეაგირების სპეცდანიშნულების რაზმის "ახმატის" მეთაურია, რომელსაც გამოცემა კადიროვის ("ფადიშაჰის") შესაძლო მემკვიდრედ მიიჩნევს. ეჭვის საფუძველს აჩენს ალაუდინოვის მოულოდნელი დაწინაურება.
"ფადიშაჰის მემკვიდრე"
16 აპრილს ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამხედრო-პოლიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე აპტი ალაუდინოვის დანიშვნის შესახებ. ამ საკადრო გადაწყვეტილებამ რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური რედაქციის პროგრამის, Kavkaz.Realii-ს ანალიტიკოსები დაარწმუნა იმაში, რომ კრემლი სწორედ ალაუდინოვს განიხილავს კადიროვის მემკვიდრედ. მათივე თქმით, გარდა ამისა, ალაუდინოვის დანიშვნა შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ კრემლმა გადაწყვიტა ბოლო მოუღოს ჩეჩნეთის განსაკუთრებულ, გამორჩეულ მდგომარეობას:
„მათ არ აქვთ კარგი ურთიერთობა. მეტიც, ალაუდინოვი ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ იგი პრინციპში, სხვანაირი ადამიანია, მეტად „ცივილიზებული“, უფრო ინტეგრირებული, მაგალითად, თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, რასაც ახლა განსაკუთრებით გაესვა ხაზი შოიგუს აპარატში დანიშვნით. მოკლედ, ვსაუბრობთ კადიროვის მმართველობის ზოგიერთი ელემენტის შეზღუდვასა და ჩეჩნეთის რუსეთის ერთ-ერთ რიგით რეგიონად ქცევაზე.
კრემლში, ალბათ, მიაჩნიათ, რომ ომის, რეკორდული სამხედრო ხარჯებისა და ალაუდინოვის სამხედრო კარიერის ფონზე (ალაუდინოვს მიღებული აქვს რუსეთის გმირის წოდება ომში მონაწილეობისთვის) გაჩნდა შესაძლებლობის ფანჯარა: კადიროვის ცუდი ჯანმრთელობა აქციონ ერთგვარ შესაძლებლობად, რათა ხელახლა აღადგინონ „წესრიგი“ ჩეჩნეთში.
ყველამ იცის, რომ ძალოვნები, რომლებიც წარმოშობით არ არიან ჩეჩნეთიდან, ვერ იტანენ კადიროვს“.
რამზან კადიროვის ხალხს სავარაუდოდ შესთავაზებენ რაიმე სახის საპატიო პენსიას, ანუ აქტივების შენარჩუნებას, გავლენის შემცირების (როგორც ჩეჩნეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ) სანაცვლოდ.
2023 წლის 18 დეკემბერს, როცა მოსკოვში გაიმართა მმართველი პარტიის „ერთიანი რუსეთის“ 21-ე ყრილობა, რომელზეც დელეგატებმა მხარი დაუჭირეს ვლადიმირ პუტინის მეხუთე საპრეზიდენტო ვადით არჩევას, ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა აპტი ალაუდინოვიც, რომელიც „საზოგადოების წინაშე წარდგა ცივილიზებულ ჩეჩენ სამართალდამცავად“.
რუსული პროპაგანდისტული ჟურნალის, Daily Storm-ის დამფუძნებლის, ანასტასია კაშევაროვას თქმით, ალაუდინოვი ყოველთვის „რუსი ფედერალების“ მხარეზე იყო და ჩეჩნეთის ორივე ომში 20-ზე მეტი ნათესავი დაკარგა.
კაშევაროვა თავდაცვის სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე ალაუდინოვის დანიშვნას უწოდებს „რუსეთის გაერთიანებასთან დაკავშირებით პუტინის ლოგიკურ და თანმიმდევრულ გადაწყვეტილებას“.
- აპტი ალუდინოვი დაიბადა 1973 წელს სტავროპოლის მხარის ნოვოსელსკის რაიონში, ოფიცრის ოჯახში. 2001 წელს, როდესაც ჩეჩნეთში ჯერ კიდევ ბრძოლები მიმდინარეობდა, ალაუდინოვმა დაამთავრა ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, რის შემდეგაც მუშაობა დაიწყო პროკურატურაში. Kavkaz.Realii-ის წყაროების ცნობით, ერთი პერიოდი „ახმატის“ მომავალი მეთაური გროზნოს ბაზარში ვაჭრობითაც იყო დაკავებული.
- შს სამინისტროში მუშაობა დაიწყო 29 წლისამ და გაიარა გზა ოფიცრიდან ჯერ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის უფროსამდე, შემდეგ კი ჩეჩნეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემდე. სხვადასხვა წყაროს ცნობით, ალაუდინოვი მონაწილეობდა სამი ათეული დაკავებულის სიკვდილით დასჯაში, ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული არასასურველი ახალგაზრდებისა და ოპოზიციონერების ნათესავების ცემაში; ატერორებდა სოფელ დავიდენკოს მცხოვრებლებს; ემუქრებოდა კადიროვის კრიტიკოსებს როგორც საზღვარგარეთ, ასევე ჩეჩნეთში და მოითხოვდა თავისი ქვეშევრდომებისგან „რაც მოესურვებოდათ ის გაეკეთებინათ იმათთვის, ვინც ტერორისტებსა და ექსტრემისტებს ჰგავდნენ“.
- 2021 წელს აპტი ალაუდინოვი თანამდებობიდან გაათავისუფლეს რამზან კადიროვის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობის შესახებ გავრცელებული ხმების გამო.
- უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ალაუდინოვი 2022 წლის მარტიდან იმყოფება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. თავიდან იგი ხელმძღვანელობდა სწრაფი რეაგირების სპეციალურ ბატალიონ „ახმატს“, შემდეგ დაინიშნა ჩეჩნეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივნად, ბოლოს კი დაიკავა რუსეთის მიერ ანექსირებულ ლუგანსკში ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მეორე საარმიო კორპუსის მეთაურის მოადგილის თანამდებობა.