Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერი გახდება


აიშატ კადიროვა
აიშატ კადიროვა

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატი გახდება ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერი სოციალურ საკითხებში. ამ წინადადებით რესპუბლიკის ხელმძღვანელობის გაფართოებულ სხდომაზე გამოვიდა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარე მუსლიმ ხუჩიევი. რამზან კადიროვმა წინადადება დაამტკიცა.

აიშატ კადიროვა 21 წლის ასაკიდან ჩეჩნეთის კულტურის მინისტრის მოადგილე იყო, ერთი წლის შემდეგ კი მინისტრის პოსტი დაიკავა. მას მინიჭებული აქვს რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მუშაკის წოდება, ფლობს მედლებს და ორდენებს "სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის", "ადამიანის უფლებების დაცვისთვის", "ჩეჩნეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის". მას მინიჭებული აქვს ასევე ჩეჩნეთის უმაღლესი ჯილდო - კადიროვის ორდენი.

"ცალსახაა, რომ აიშატ კადიროვამ დიდი წვლილი შეიტანა კულტურის რეგიონული სამინისტროს მუშაობის გაუმჯობესებაში და დიდი გამოცდილება დააგროვა", - წერს რამზან კადიროვი ტელეგრამით.

ჩეჩნეთში მნიშვნელოვან სახელმწიფო თანამდებობებს რამზან კადიროვის ათობით ნათესავი იკავებს. 2018 წელს "ბიბისის" რუსულენოვანმა სამსახურმა დათვალა, რომ ჩეჩნეთის 158 მსხვილი ჩინოვნიკიდან 30 პროცენტი რეგიონის მეთაურის ნათესავებზე მოდიოდა.

აიშატ კადიროვას ქმარი ვისხან მაცუევი მიმდინარე წლის ივლისში გახდა რესპუბლიკის მთავრობის ვიცე-პრემიერი და სოფლის მეურნეობის მინისტრი.

XS
SM
MD
LG