ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ შეშფოთებულია „კროკუს სიტი ჰოლზე“ მომხდარი ტერაქტის შემდეგ რუსი ნაციონალისტების მიერ გაკეთებული შოვინისტური ხასიათის განცხადებების გამო.
თავის ტელეგრამის არხში გამოქვეყნებულ მიმართვაში, კადიროვმა დაადანაშაულა "რუსეთის ზოგიერთი მტერი", რომლებიც ეროვნული საკითხის გამოყენებით "შიგნიდან არყევენ ვითარებას“.
ზემოხსენებულ "მტრებს“ კადიროვმა დასავლური სპეცსამსახურების „ნებაყოფლობითი მარიონეტები“ უწოდა და აღნიშნა, რომ " რუსეთი იყო და იქნება მრავალეროვნული“.
კადიროვი თავის ტელეგრამის პოსტს ასრულებს მუქარით, რომ "ეთნიკური წმენდის წამქეზებლებთან საუბარი მოკლე იქნება", მაგრამ რუსეთის კანონის ფარგლებში.
„ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ ვარაუდობს, რომ ჩეჩნეთის ხელმძღვანელის მუქარის ადრესატები არიან რუსი ნაციონალისტები, რომლებიც „კროკუს სიტი ჰოლზე“ 22 მარტს მომხდარ სისხლიან თავდასხმას რუსეთში ეთნიკური უმცირესობებისა და მიგრანტების მიმართ მტრული დამოკიდებულების გამოსახატავად იყენებენ.
22 მარტს, საღამოს, ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლში“. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. დაიღუპა სულ მცირე 137 ადამიანი და 180-ზე მეტი დაშავდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულმა „ისლამურმა სახელმწიფომ“. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანახმად, დაკავებულია 11 პირი, მათ შორის თავდასხმის 4 უშუალო მონაწილე.
კრემლმა განაცხადა, რომ რადგან ჯერ გამოძიება გრძელდება, არ გააკეთებს კომენტარს „ისლამური სახელმწიფოს“ განცხადებაზე, რომ ის კისრულობს პასუხისმგებლობას „კროკუს სიტი ჰოლზე“თავდასხმისთვის.
„ხორასანი“ ისტორიული რეგიონია, რომელიც მოიცავს პაკისტანის, ირანის, ავღანეთისა და თურქმენეთის ტერიტორიებს.
„ისლამური სახელმწიფო-ხორასანი“ კი 2015 წელს ავღანეთში შეიქმნა და მალევე ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ და დაუნდობელ დაჯგუფებად ჩამოყალიბდა.
მხოლოდ ბოლო რამდენიმე წელიწადში მათ ასეულობით ადამიანის მკვლელობაზე აიღეს პასუხისმგებლობა. მაგალითად, იანვარში ირანში მომხდარ ტერაქტზე, რომელსაც ასზე მეტი ადამიანი შეეწირა.