რუსულენოვანი ტელეგრამარხი „აფხაზეთის კომპასი“ („Компас Абхазии“), თავის წყაროებზე დაყრდნობით, წერს მძიმე საუბარზე, რომელიც ასლან ბჟანიას ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აფხაზეთში კრემლის გეგმების შეფერხების გამო. აფხაზეთში არც ის გამოჰპარვიათ, რომ პუტინმა, დამკვიდრებული ტრადიციის საწინააღმდეგოდ, არ მიულოცა სოხუმს აღიარების მორიგი წლისთავი.
აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში პოლიტიკის მთავარი თემა დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიასა და მოსკოვის ურთიერთობაა. აფხაზური ტელეგრამარხები რუსეთ-აფხაზური „სამთავრობათაშორისო კომისიის“ სხდომის ჩაშლასა და რუსული დოტაციების გაყინვის შესახებაც წერენ. Telegram-არხი „აფხაზეთის კომპასი“ წერს:
„როგორც ჩვენთვის ცნობილია, ბჟანიამ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კურატორებისგან მოისმინა მისი საქმიანობის ლაკონიური აღწერა: ჩავარდნა. ზუსტადაც რომ ასე, ყოველგვარი ცერემონიის გარეშე, დაახასიათეს მოსკოვში ბჟანიას მოღვაწეობა პრეზიდენტობის განმავლობაში. საუბარი ხისტი იყო, იმედგაცრუება კი - აშკარა. კრემლში, როგორც ჩანს, საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ბჟანიასთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება, სამწუხაროდ, მას არ მოეწონება. რუსეთი დაიღალა ტყუილებით, ცარიელი დაპირებებით. ყველა დიდი ხანია ხედავს შეუსაბამობას მოხსენებებსა და არსებულ სინამდვილეს შორის“.
Telegram-არხის წყაროს ინფორმაციით, სწორედ რუსული მხარის გადაწყვეტილებით აღარ გაიმართა ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის სამთავრობათაშორისო კომისიის მორიგი შეხვედრა.
„რუსეთის დელეგაციას (რომელიც 19-კაციანია), რომელსაც ვიცე-პრემიერი, ალექსანდრ ნოვაკი ხელმძღვანელობს, ხელზე ჰქონდა როგორც ბილეთები, ასევე სასტუმროს ჯავშნები სოხუმში... მაგრამ გააუქმეს 26 აგვისტოსთვის დაგეგმილი შეხვედრა, მოსკოვში დარჩნენ“, - ამბობს არხის წყარო, რომლის მიხედვითაც, რუსულ მხარეს არც კი განუხილავს მომავალი შეხვედრის თარიღი.
როგორც რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამა „ეხო კავკაზა“ იტყობინება, სოციალური ქსელების აფხაზ მომხმარებლებსა და ჟურნალისტებს აინტერესებთ, რამდენად შეესაბამება სინამდვილეს აღწერილი სურათი.
„რუს კურატორებსა და აფხაზეთის ხელმძღვანელობის შორის უთანხმოებაზე, სამთავრობათაშორისო შეხვედრის გაუქმების გარდა, ასევე მიუთითებს უკვე დამკვიდრებული ტრადიციის (დამოუკიდებლობის დღის მილოცვის) დარღვევა: წელს არა თუ ვლადიმირ პუტინმა, არამედ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც კი არ გაავრცელა მილოცვა. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს შეეხება, სამინისტროს წარმომადგენელი, მარია ზახაროვა აწერს ხელს“, - წერს „ეხო კავკაზა“.
ერთადერთი რუსი პოლიტიკოსი, ვინც ასლან ბჟანიას „26 აგვისტო“ მიულოცა, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დმიტრი მედვედევია, რომლის მილოცვის ტექსტი „აფხაზეთში რუსეთის საელჩოს“ საიტზე იძებნება.
რა ვერ აამა კრემლს აფხაზმა ლიდერმა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა სცადა კიდევ ერთმა ტელეგრამარხმა, „სოხუმის ლამპარმა“ („Сухумский светильник“), რომელიც, მოსკოვსა და სოხუმში მაღალ თანამდებობებზე მყოფ ადამიანებთან საუბრის შემდეგ, ასეთ დასკვნამდე მივიდა:
„რუსები არაერთხელ მიანიშნებდნენ და ღიად ამბობდნენ კიდეც, რომ უკმაყოფილო არიან, რბილად რომ ვთქვათ, მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებებისადმი დამოკიდებულებით, რასაც აფხაზეთის რესპუბლიკის ხელისუფლება ავლენს. ახლა კი ამ უკმაყოფილებამ დუღილის ტემპერატურას მიაღწია. ფაქტობრივად, რუსული მხარე იძულებული გახდა, სოხუმისთვის ულტიმატუმი წაეყენებინა: ან აღებული ვალდებულებები შეასრულონ (ნებაყოფლობით), ან მოსკოვი შეწყვეტს დაფინანსებას. 2024 წლის 1 აგვისტოდან რუსეთის ფედერაციამ უკვე შეაჩერა აფხაზეთის საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთათვის 170 მლნ რუბლის ოდენობის ანაზღაურების ყოველთვიური პროგრამის თანადაფინანსება. თუ ვითარება არ შეიცვლება, მაშინ შემდეგი ნაბიჯი იქნება აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებისთვის საჭირო დოტაციის გაუქმება“.
არხი ჩამოთვლის ვალდებულებებს, რომლებიც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ აიღო მოსკოვის წინაშე:
- კანონი უცხოელი ინვესტორების შესახებ
- კანონი ე.წ. აპარტამენტების შესახებ
- კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“
Telegram-არხის ავტორები არ იზიარებენ "აფხაზეთის ხელისუფლების" პოზიციას, რომ ჩამოთვლილი კანონების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს პოლიტიკური კრიზისი. მათ ასევე არ სჯერათ იმის, რომ კრემლის დღის წესრიგის გატარებას აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატები ეღობებიან.
„მოსკოვში მართებულად მიიჩნევენ, რომ თავის ასეთი მართლება სასაცილოა. პრეზიდენტს და მთავრობის მეთაურს აქვთ საკმარისი პოლიტიკური და ადმინისტრაციული წონა, რათა გადაიტანონ საჭირო გადაწყვეტილებები პარლამენტში. ჩვენი წყაროების თანახმად, მოსკოვს კარგად ესმის რესპუბლიკაში არსებული შიდა სიტუაცია და ესმის, რომ კანონების მიღება არ გამოიწვევს რაიმე კატასტროფულ შედეგს, რაზეც ოპოზიცია და პროდასავლური ბლოგერები ყვირიან. პირიქით, კანონების სწრაფი იმპლემენტაცია მოგვცემს ხელშესახებ შედეგებს, რაც დადებითად აისახება აფხაზეთის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე“, - წერს Telegram-არხი „სოხუმის ლამპარი“.
ასევე ნახეთ "ოდესღაც იყო აფხაზეთის რესპუბლიკა" - დე ფაქტო ხელისუფლებამ "აპარტამენტების კანონი" დააბრუნა
„ეხო კავკაზას“ ავტორის, დემის პოლანდოვის თქმით, „ლამპრის“ ავტორები არაფერს ამბობენ იმაზე, თუ რა არის რუსეთის მხრიდან ასეთი აჩქარების მიზეზები.
„ბოლოს და ბოლოს, ასლან ბჟანიას ნამდვილად აქვს გაკეთებული ისეთი რამ, რაც შეიძლება წარმატებად წარუდგინოს კრემლს. ექვს თვეზე ცოტა მეტი გავიდა ე.წ. აფხაზეთის პარლამენტის მიერ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკისა და მიმდებარე ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირების შემდეგ. ახლა კი რატომღაც, ისე, რომ ზაფხულის საპარლამენტო არდადეგების დასრულებას არ დალოდებიან, პირდაპირ ზეწოლაზე გადავიდნენ. საკითხავია, რატომ?“, - კითხულობს „ეხო კავკაზას“ ავტორი, რომლის თქმითაც, შესაძლოა, სოხუმთან ურთიერთობის გაცივების მიზეზი საქართველოში მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება.
აფხაზური გამოცემის, „ჩეგემსკაია პრავდას“ რედაქტორი ინალ ხაშიგი, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობის დღეს მოსკოვის დუმილის გაანალიზებას ცდილობს, ვარაუდობს, რომ კრემლს უბრალოდ არ სურს განცხადებების გაკეთება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, რათა საარჩევნო კამპანიაში ჩაბმულ „ქართულ ოცნებას“ არ „გაუფუჭოს სურათი“:
„პრეზიდენტმა პუტინმა არ მიულოცა არც აფხაზეთს და არც სამხრეთ ოსეთს. არ შეიძლება ითქვას, რომ მას დაავიწყდა, ხოლო პროტოკოლის სამსახურს მხედველობიდან გამორჩა ორი რესპუბლიკის აღიარების დღესასწაული. სიტუაციიდან გამომდინარე ასეც იყო დაგეგმილი: საპარლამენტო არჩევნების წინ არ აწყენინონ ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“.
იმაზე, რომ საქართველოს არჩევნების თემა შეიძლება მართლაც იყოს მნიშვნელოვანი რუსეთ-აფხაზეთის დღევანდელ ურთიერთობებში, შეიძლება მიუთითებდეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას მიერ აგვისტოს ომის წლისთავის კომენტარში გამოყენებული ფორმულირება:
„რუსეთი მზადაა გააგრძელოს ურთიერთობა მათთან, ვინც, განსაზღვრებით არ შეიძლება იყოს გულგრილი სამხრეთ კავკასიის ბედის მიმართ, მათ შორის, გაუწიოს ყოვლისმომცველი დახმარება თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს დიალოგის განვითარებაში, რათა დამყარდეს ხანგრძლივი მშვიდობა და გადაიჭრას სხვა დაგროვილი პრობლემები მათთვის საერთო რეგიონში".
ამასთან, წინასაარჩევნო პერიოდში ბიძინა ივანიშვილისთვის "კოჭის გაგორების" ვერსია არანაირად არ ეწინააღმდეგება კრემლსა და ასლან ბჟანიას შორის ურთიერთობების შესაძლო გაცივებას. დემის პოლანდოვის თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ შეიძლება საკმარისი არ იყოს მოსკოვის ოფიციალური პირების მხოლოდ დუმილი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით:
„შეიძლება გავიხსენოთ მაგალითები, როდესაც კრემლის სურვილების დასაკმაყოფილებლად, ენგურზე ახალ გამშვებ პუნქტებს ხსნიდნენ და ქართველ პოლიტიკოსებსაც კი იღებდნენ (ხატით). თითქმის ყოველთვის ასეთი ნაბიჯები აფხაზეთის მოქმედ ხელისუფლებას დიდ პოლიტიკურ ფასად უჯდებოდა. სავსებით შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ კრემლმა ახლაც შეიძლება მოითხოვოს სოხუმისგან უფრო ხელშესახები ჟესტების გაკეთება თბილისის მიმართ. ასლან ბჟანიასთვის, რომელსაც კარზე საპრეზიდენტო არჩევნები აქვს მომდგარი, ასეთი ჟესტები, პოლიტიკური თვალსაზრისით, შეიძლება უკიდურესად პრობლემური აღმოჩნდეს, თუ არა ფატალური“.
ასევე ნახეთ ბჟანია: „ჩვენი სურვილი იქნებოდა საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობა გვქონოდა“„რუსეთიც იყენებს არჩევნების თემას და მიანიშნებს ბჟანიას, რომ შეიძლება მის ადგილზე მოვიდეს ისეთი ვინმე, ვინც მარტივად მიიღებს მოსკოვისთვის სასურველ გადაწყვეტილებებს. 26 აგვისტოს არმილოცვაც და კოზაკთან შეხვედრის პროტოკოლის გამოქვეყნებაც ამაზე მიუთითებს“ - ამბობს შმაგი სამხარაძე, საზოგადოებრივი მოძრაობის „სამოქალაქო თანხმობის“ დამფუძნებელი. მისი თქმით ასლან ბჟანია მართლაც ორ ცეცხლშუა არის მოქცეული, რუსეთის ხელისუფლება სულ უფრო აძლიერებს ზეწოლას სოხუმზე მისთვის სასურველი გადაწყვეტილებების მისაღებად, რისთვისაც იყენებს როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ (ფინანსურ) ბერკეტებს. ამის დასტურია 29 აგვისტოს სოციალურ ქსელებში გავრცელებული ასლან ბჟანიასა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, დმიტრი კოზაკის შეხვედრის სკანდალური ოქმი, რომელიც 19 აგვისტოს მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ შედგა. ამ ოქმში, რომლის ავთენტიკურობის დადადასტურება რადიო თავისუფლებას დამოუკიდებლად არ შეუძლია, მოსკოვის მიერ სოხუმისთვის წაყენებული ოთხპუნქტიან ულტიმატუმია გაწერილი:
I - რუსეთი შეწყვეტს დახმარებას აფხაზეთისთვის, ვიდრე აფხაზეთი არ შეასრულებს შემდეგ ვალდებულებებს: ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ შეთანხმებების რატიფიცირება; რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელებისა და აპარტამენტების შესახებ კანონების მიღება.
ეს ვალდებულებები 2020 წლის ნოემბერში აიღეს ასლან ბჟანიამ და დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ანქვაბმა, რომლებმაც ხელი მოაწერეს საერთო რუსულ-აფხაზური ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამას.
II - აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება შემოდგომა-ზამთრის პერიოდში გამონაკლისის გარეშე განხორციელდება კომერციულ ფასად.
III - ასლან ბჟანიამ, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე კოზაკთან შეხვედრისას, აიღო ვალდებულება, 2024 წლის 20 სექტემბრამდე მიაწოდოს ინფორმაცია აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის იმ დეპუტატებისა და ოპოზიციის ლიდერების შესახებ, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ე.წ. აპარტამენტების შესახებ კანონის მიღებას, მათთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზნით. დეპუტატების ეს ქმედება ოქმში შეფასებულია, როგორც რუსეთის ფედერაციის ინტერესებისა და რუსეთ-აფხაზური ურთიერთობების დამაზიანებელი.
IV - მინიმუმამდე შემცირდება კონტაქტები რუს და აფხაზ დეპუტატებს შორის.
ვალერი ბგანბა, აფხაზი პოლიტიკოსი: კოზაკმა უხეშად დაარღვია აფხაზეთის სუვერენიტეტი. ასეთი ურთიერთობა არ უნდა იყოს პარტნიორებს შორის. ეს შანტაჟი და ზეწოლაა.
ადგურ არძინბა, აფხაზეთის სახალხო მოძრაობის ლიდერი: „რუსეთის პასპორტი ჩვენს მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას გავიდნენ აფხაზეთიდან და მიიღონ სამედიცინო მომსახურება, განათლება და ა.შ. სამწუხაროდ, ჩვენს აფხაზურ პასპორტებს არ ცნობს მსოფლიო თანამეგობრობა. სამხრეთ ოსეთში სამ დეპუტატს ჩამოართვეს რუსეთის მოქალაქეობა. ჩვენთან ასეთი რამ არ მომხდარა. თუ მოხდება, ამას ექნება გარკვეული შედეგები. არ ვისურვებდი, რომ აფხაზეთის მოსახლეობის პასიონარულმა ნაწილმა დაიწყოს გარკვეული შესაძლებლობების ძებნა“.
შმაგი სამხარაძის თქმით, ბევრს შეცდომით ჰგონია, რომ აფხაზეთში ოპოზიცია ანტირუსულია:
„სინამდვილეში პირიქითაა. სინამდვილეში ოპოზიცია თამაშობს, რათა ბჟანია გაჭედოს, აფხაზეთის ინტერესების დათმობაში დაადანაშაულოს. თუ თვითონ მოვლენ ხელისუფლებაში, უფრო პრორუსულები იქნებიან და ბევრ რამეს უფრო სწრაფად გააკეთებენ“.
რაც შეეხება თბილისთან ურთიერთობას (რომლის ნაწილადაც იქნა განხილული ქართველი ფეხბურთელისა და სოხუმის „დინამოს“ ყოფილი წევრის, გელა ინალიშვილის მასპინძლობა სოხუმში), შმაგი სამხარაძის თქმით, ეს საკითხი ყოველთვის აქტუალურდება, როცა არჩევნები ახლოვდება ან რამე მნიშვნელოვანი ხდება.
ასევე ნახეთ ვეტერანი ფეხბურთელის, გელა ინალიშვილის ოკუპირებულ სოხუმში ჩასვლას სოციალურ ქსელში განხილვა მოჰყვა„რუსეთთან სავაჭროდ ყოველთვის იწყებდნენ ქართული საკითხით თამაშს... მაგრამ ახლა ამას იყენებს ოპოზიციაც, რომელიც ბჟანიას ერთდროულად აკრიტიკებს როგორც რუსეთთან დათმობების, ასევე პროქართული პოლიტიკის გამო. ოპოზიცია ასე იწერს ქულებს. ბჟანია კი ცდილობს, თბილისთან ურთიერთობის საკითხი გამოიყენოს რუსეთთან სავაჭროდ, მაგრამ მოქმედების არეალი მეტად შემცირებული აქვს. ძალიან ცოტა კოზირი დარჩა. თუ ყველაფერს დაუთმობს მოსკოვს, მაშინ ოპოზიცია აუგორებს პიარს, რომ ანტიაფხაზურ პოლიტიკას ატარებს და, რომ მარიონეტია. რუსეთის ზეწოლის შესამცირებლად, თუ ქართული თემით დაიწყებს ვაჭრობას, ოპოზიცია ახლა პროქართული პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულებს... ცხადია, ეს ყველაფერი კავშირშია საპრეზიდენტო არჩევნებთან, რომელიც აფხაზეთში გაისად უნდა გაიმართოს. ბჟანიას დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევს, რადგან მის წინააღმდეგაა გაერთიანებული მთელი პოლიტიკური სპექტრი და სამოქალაქო სექტორი“, - უთხრა შმაგი სამხარაძემ რადიო თავისუფლებას.